"პოლიტიკას გამოცდილება, ქვეყნის მიმართ კეთილსინდისიერი განწყობა და პატრიოტიზმი სჭირდება" - გზაპრესი

"პოლიტიკას გამოცდილება, ქვეყნის მიმართ კეთილსინდისიერი განწყობა და პატრიოტიზმი სჭირდება"

არჩევნები, პოლიტიკა, სოციუმი, პერსპექტივა - რეჟისორი ლაშა ონიანი "თვალსაზრისის" შეკითხვებს პასუხობს:

- წინ არჩევნებია, თუ აპირებთ საარჩევნო უბანზე მისვლას და თქვენი მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირებას?

- მიუხედავად იმისა, რომ 25 წელია გერმანიაში ვცხოვრობ, ხშირად და საკმაოდ მრავალი პროდუქციის თუ ღონისძიების ავტორი ვარ საქართველოში, ვარ ქართველი და პირველ რიგში, ჩემთვის ჩემი სამშობლოს წარმატება და მისი აღმავლობაა უმთავრესი. ამიტომ, არჩევნებზე, რა თქმა უნდა, წავალ და ჩემს მოქალაქეობრივ პოზიციას დავაფიქსირებ.

- თქვენი აზრით, ამჯერად რომელ პოლიტიკურ ძალას ხვდება წილად საპარლამენტო მანდატთა უმრავლესობა?

- რა გითხრათ, ცოტა რთულია წინასწარ რამის თქმა, მაგრამ ვფიქრობ, პროდასავლური ძალები საკმარისად არიან და პოლიტიკურ თამაშს ქვეყნის სასიკეთოდ გააწონასწორებენ.

- ხშირად გვესმის პრეტენზიები, რომ ქართულ პოლიტიკას ახალი, სუფთა წარსულის მქონე სახეები სჭირდება, რადგან ძველებმა საკუთარი შესაძლებლობები უკვე ამოწურეს და ელექტორატის დიდი ნაწილი მათით იმედგაცრუებულია, მრავალპარტიულობისა (საქართველოში 220-მდე პარტიაა რეგისტრირებული) და "უხვლიდერიანობის" მიუხედავად, რეალურად სასურველი არჩევანი, თითქოსდა, არა აქვთ. თქვენ რას ფიქრობთ არსებულ პოლიტელიტაზე, სხვადასხვა პარტიის ლიდერების ერთმანეთთან დამოკიდებულებასა და ხშირად, იმ არაკორექტულ განცხადებებზე, რასაც ერთმანეთის მისამართით აკეთებენ ხოლმე?

- პოლიტიკა, როგორც სხვა პროფესიები, დროს მოითხოვს, ათეულ წლებს... ასე რომ, ახალი სახე, სუფთა წარსულით და ა.შ. წარმოუდგენელია. დიდ ქვეყნებში არაა გამოცდილი პოლიტიკოსების რესურსი და ოთხმილიონიან საქართველოში ხომ საერთოდ. არაა საჭირო ვინმე ახალ სახედ "მონათლო", პოლიტიკას გამოცდილება, ქვეყნის მიმართ კეთილსინდისიერი განწყობა და პატრიოტიზმი სჭირდება. ვფიქრობ, მსგავსი ადამიანები მოიძებნება და სწორედ ეს იქნება პოლიტელიტა, რომელიც ქვეყნის მართვას შეძლებს (ზიზღისა და ბოღმის გარეშე).

- ბევრს მოგზაურობთ, არაერთი ქვეყანა გინახავთ, აღარაფერს ვამბობ, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეზე. ტურიზმი საქართველოშიც სწრაფი ნაბიჯებით იდგამს ფეხს. თქვენი აზრით, რეალურად რით გაუწევს ის კონკურენციას სხვა ქვეყნებს (თუნდაც რეგიონში არსებულ მეზობელ ქვეყნებს)?

- საქართველო პატარა ქვეყანაა და კარგად მოფიქრებული, დაგეგმილი ყველა მიმართულება გაამართლებს. ჩვენი მსგავსი ქვეყნებიდან, ბუნებრივ მონაცემებს ვგულისხმობ, მაგალითს ავსტრიიდან, შვეიცარიიდან ავიღებდი... რაც შეეხება ტურიზმს, ჩვენი ქვეყანა ძალზე ძველია, სანახავი და მოსასმენიც, შესაბამისად, უამრავი, ერთია მხოლოდ, ქვეყნის ყველა წერტილში ტრანსპორტირება უნდა იყოს შესაძლებელი, ასე რომ, პირველ რიგში, ინფრასტრუქტურის, იქ მისასვლელი გზების მოწესრიგებაა საჭირო.

- ცოტა ხნის წინ, საქართველო ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყნად დასახელდა, ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

- რა გითხრათ, მსგავს კვლევაში გერმანია მე-16 ადგილზეა (იცინის). ვფიქრობ, საქართველო ჯერ არ არის იმ სტაბილური ქვეყნების სიაში, სადაც გადაჭრით შეიძლება თქვა, უსაფრთხოება რა დონეზეა აყვანილი.

- როგორც რეჟისორი, როგორ შეაფასებთ თქვენი კოლეგის - გოგა ხაინდრავას ბოლო ნამუშევარს? მისი მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ ეს პოლიტიკური დაკვეთაა, თქვენც იზიარებთ ამ აზრს, თუ ფირზე ის რეალობაა ასახული, რაც ქართულ ციხეებში ხდებოდა?

- ალბათ ყველას აქვს ნანახი მხატვრული ფილმები თურქულ, ირანულ, ამერიკულ ან ევროპულ ციხეებზე... თემები გამოძიებისა და ექსპერტიზების დასკვნების საფუძველზეა აღებული, სხვა შემთხვევაში, ის ფილმისთვის შექმნილი ისტორიაა. საქართველოში კი სამწუხაროდ, ციხის ამბები 70-იანი წლებიდან დღემდე არ შეცვლილა.

- როგორ გამოიყურება ევროპიდან ევროინტეგრაციის გზაზე შემდგარი საქართველო?

- თქვენ წარმოიდგინეთ, რა გზაც საქართველომ გამოიარა - საბჭოეთი, სიბნელე, ჭაობი და ა.შ. ევროინტეგრაციის გზაზე ევროპიდან საკმაოდ მებრძოლად და ნორმალურად გამოიყურება. რა თქმა უნდა, წინ უამრავი სასიკეთო ცვლილება ელის ქვეყანას და ვინც ამ ყველაფრის რეალიზებას მოახერხებს, მე, როგორც ქართველს, მხოლოდ გამიხარდება! დღეს მთავარია ქვეყნისა და მომავალი თაობებისთვის წარმატებული ნაბიჯის გადადგმა და ვისაც ეს შეუძლია, არჩევნების გზით უნდა გამოიკვეთოს.

თამთა დადეშელი