ირაკლი აბუსერიძე: "ყველაფერს გავაკეთებ, ქვეყნისა და კონკრეტულად, ისნის რაიონის სწრაფ განვითარებაში წვლილი რომ შევიტანო" - გზაპრესი

ირაკლი აბუსერიძე: "ყველაფერს გავაკეთებ, ქვეყნისა და კონკრეტულად, ისნის რაიონის სწრაფ განვითარებაში წვლილი რომ შევიტანო"

"იგი გახლავთ თბილისის საკრებულოს ერთ-ერთი აქტიური წევრი, არის წარმატებული მორაგბე, წლების განმავლობაში ჩვენი ნაკრების კაპიტანი იყო. დარწმუნებული ვარ, ირაკლი ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს პარლამენტში ხალხის ინტერესების დასაცავად", - ამგვარად წარუდგინა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ამომრჩეველს ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი აბუსერიძე. ცნობილი სპორტსმენი აცხადებს, რომ გუნდისა და ამომრჩევლის იმედს გაამართლებს და ქვეყნის სწრაფ განვითარებაში საკუთარ წვლილს შეიტანს.

- ბატონო ირაკლი, ცნობილმა მორაგბემ, თავის დროზე პოლიტიკაში მოსვლა რატომ გადაწყვიტეთ და რატომ მაინცდამაინც "ქართული ოცნების" სიით?

- საქართველოში ალბათ, ცოტა თუ მოიძებნება ადამიანი, ვისაც პოლიტიკა არ აინტერესებს. გამონაკლისი არც მე ვარ და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ყოველთვის აქტიურად ვადევნებდი თვალყურს. ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე გადავწყვიტე, პასიური მაყურებლის პოზიციიდან გამოვსულიყავი და პროცესების აქტიური მონაწილე გავმხდარიყავი. ყველამ იცის, რომ წლების განმავლობაში ქვეყნის სამსახურში ვიყავი სპორტული კუთხით და გამიჩნდა სურვილი, ჩემს ქვეყანას და ჩემს ხალხს სხვა მხრივაც გამოვდგომოდი. რაც შეეხება "ქართულ ოცნებას" - ამ პოლიტიკურ ძალას ჰქონდა სწორედ ის ღირებულებები, რომელიც ჩემთვის მისაღები და ყველაზე ახლოს იყო. ჩვენი მიზნები ერთმანეთს დაემთხვა. "ქართული ოცნების" მთავარი ამოსავალი (ისევე, როგორც ჩემი), არის ადამიანი და ადამიანური ურთიერთობები.

- ბოლო 4 წლის განმავლობაში, თქვენი აზრით, "ქართული ოცნების" მთავარი მიღწევა რა არის?

- მთავარი მონაპოვარი არის სიტყვის თავისუფლება და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება. გაიზარდა სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი და ბიზნესს აღარ ატერორებს სახელმწიფო. მოსახლეობას არ ეშინია, თუნდაც, ხელისუფლების მიმართ კრიტიკული აზრის გამოხატვის. "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" მმართველობის პერიოდში, მთლიანად შეიცვალა ჯანდაცვის სისტემა და გახდა მოქალაქეზე ორიენტირებული. ადამიანებს აღარ უწევთ ოპერაციის გასაკეთებლად სახლ-კარის გაყიდვა ან სესხის აღება, რადგან ჯანდაცვა ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდა. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, - ადამიანი და თითოეულ მოქალაქეზე ზრუნვაა. დღესდღეობით უკვე გვაქვს ისეთი ჯანდაცვის სისტემა, სადაც სახელმწიფო ზრუნავს თავის მოქალაქეზე. ყველა ჩვენგანი ჩართულია საყოველთაო ჯადაცვის პროგრამაში. პირველად, ჩვენი მთავრობის პირობებში განხორციელდა ჩ ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამა. ქვეყანაში ამ ვირუსით დაავადებული ადამიანები უსახსრობის გამო აღარ კვდებიან. ჩ ჰეპატიტის პროგრამა სრულიად უფასოა. 2015 წლიდან მოყოლებული, მასში 8 ათასი ადამიანი ჩაერთო და 90% უკვე განკურნებულია. ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, რომ სახელმწიფო თითოეულ მოქალაქეზე ზრუნავს და მათ მხარში უდგას.

- გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, თქვენ თბილისის საკრებულოს ერთ-ერთი აქტიური წევრი იყავით. საკრებულოში თქვენს საქმიანობას როგორ შეაფასებთ?

- მიმაჩნია, რომ მაღალი პასუხისმგებლობა ჩემი ერთ-ერთი დადებითი თვისებაა. სერიოზულად ვეკიდები ნებისმიერ საქმეს, იქნება ეს სპორტი თუ პოლიტიკა. მე საკრებულოში ანგარიშვალდებული ვიყავი იმ ხალხის წინაშე, ვინც ამირჩია. მათ ამირჩიეს საკუთარი ინტერესების დასაცავად. ჩემს სახელს რა უკავშირდება, ჩემზე უკეთ მოსახლეობამ იცის. ყოველდღიურად ვშრომობდი, რომ მომეგვარებინა პრობლემები, რომელიც ვაზისუბნისა და მერვე ლეგიონის მოსახლეობას აწუხებდა. მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო გაზიფიცირების პრობლემის მოგვარება დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში. გარდა ამისა, დევნილებს სხვა უამრავი პრობლემაც ჰქონდა. მათ შორის, საკანალიზაციო სისტემის არარსებობა, რაც უკვე აღმოიფხვრა. მე-8 ლეგიონში არ არსებობდა საბავშვო ბაღი, ახლა უკვე აქვთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღი, სადაც სკოლამდელი განათლების მიღებას, უკვე თვის ბოლოდან, 500-მდე ბავშვი შეძლებს. არ შემიძლია არ აღვნიშნო ვაზისუბნისთვის უპრეცედენტო მოვლენა, მულტიფუნქციური სპორტული მოედნის მშენებლობის პროექტი. პირველად ჩვენს რაიონში, ბავშვები ევროპული სტანდარტების მულტიფუნქციურ სპორტულ მოედანზე შეძლებენ ვარჯიშს. ასევე, ჩემი შუამდგომლობით, ვაზისუბნის დასახლებაში გაკეთდა პირველი ჩოგბურთის მოედანიც.

- ამ ფონზე, საინტერესოა, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში რა მიმართულებით იმუშავებთ და კონკრეტულად, ისნის მოსახლეობისთვის რას გააკეთებთ?

- მიმაჩნია, რომ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში უკეთ შევძლებ მოსახლეობის ინტერესების დაცვას. არსებობს გარკვეული საკითხები, რომლებიც ამ ორი წლის მანძილზე, როცა საკრებულოს დეპუტატი ვიყავი, მოვისმინე და ვფიქრობ, საქართველოს პარლამენტის დეპუტატის მანდატი მომცემს ამ საკითხების უკეთ გადაწყვეტის საშუალებას. ჩემთვის ყველა რაიონი მნიშვნელოვანია. მზად ვარ, ნებისმიერ ადგილას დავიცვა ხალხის ინტერესები, ისნის რაიონი კი განსაკუთრებით მიყვარს. ორი წელი საკრებულოში მათი დეპუტატი ვიყავი და კარგად ვიცნობ მოსახლეობას, რაიონის საჭიროებებს. სარაგბო კარიერა ვაზისუბნიდან დავიწყე, ამან დიდი წარმატება მომიტანა. რაიონში ბევრი ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდა გვყავს. ისინი ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს სექტორს წარმოადგენენ. გვაქვს პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ სტიმულირებას. არავისთვის დასამალი არ არის, რომ ჩვენი მთავარი გამოწვევა და ძირითადი პრობლემა უმუშევრობაა. ისნის რაიონის მოსახლეობის ძირითადი პრობლემა და მთავარი გამოწვევაც დასაქმებაა.

ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ადამიანური რესურსის განვითარებაა. ჩვენ შრომის ბაზრის ეფექტური ფუნქციონირებისთვის აქტიური ნაბიჯების გადადგმას ვაპირებთ. თანამედროვე მეთოდოლოგიით მომზადდებიან შრომის ბაზარზე ორიენტირებული კადრები, იგეგმება საგანმანათლებლო პროცესში დამსაქმებლის ჩართულობა, ყოველივე ეს კი უზრუნველყოფს ქვეყანაში უმუშევრობის დონის შემცირებას. დღეს "ქართული ოცნების" გუნდმა მე ნდობა გამომიცხადა. გამარჯვების შემთხვევაში, გუნდისა და ამომრჩევლის იმედს გავამართლებ და ყველაფერს გავაკეთებ, ქვეყნისა და კონკრეტულად, ისნის რაიონის სწრაფ განვითარებაში ჩემი წვლილი რომ შევიტანო.