ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური, სავარაუდოდ, ბოლნისში, ხარაგაულში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტსა და ახალციხეში გაიმართება - გზაპრესი

ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური, სავარაუდოდ, ბოლნისში, ხარაგაულში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტსა და ახალციხეში გაიმართება

გამგებლების არჩევნების მეორე ტურის ჩატარება, სავარაუდოდ, ხუთი თვითმმართველი ერთეულიდან, სამში იქნება საჭირო. გარდა ამისა, მეორე ტურის საჭიროება დგება ახალციხეშიც, სადაც ქალაქის მერს ირჩევენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ბოლნისში, გამგებლის პოსტზე "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი კანდიდატი დავით შერაზადაშვილი ხმათა 48.69%-ით ლიდერობს. მეორე ადგილზეა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ტრისტან ბერიძე, 30.72%-იანი შედეგით.

ხარაგაულში პირველ ადგილზეა "ქართული ოცნების" კანდიდატი ნიკოლოზ თოფურიძე, რომელმაც ხმების 49.87% მიიღო. მას "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი თამაზ ლომიძე მოჰყვება - ხმების 23.18%-ით.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კი, გამგებლის არჩევნები შესაძლოა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ბესიკ გაბელიამ მოიგოს, რომელმაც ხმების 45.28% მიიღო. "ქართული ოცნების" კანდიდატს ლაშა გოგოხიას ხმების 43.35% აქვს მიღებული.

ჭიათურაში "ქართული ოცნების" კანდიდატმა ზურაბ კუპატაძემ გაიმარჯვა. მან ხმათა 51%-ით საარჩევნო ბარიერი გადალახა.

გამგებლის არჩევნები მოიგო ასევე "ქართული ოცნების" კანდიდატმა ბესიკ ფარცხვანიამ წალენჯიხაში, რომელმაც ხმების 58.74% მიიღო.

რაც შეეხება ახალციხეში გამართულ მერის რიგგარეშე არჩევნებს, ცესკოს ინფორმაციით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ირაკლი ერეკლიშვილი ლიდერობს. მას მხარი ამომრჩეველთა 45.98 %-მა დაუჭირა. 36.99%-იანი მხარდაჭერა აქვს "ქართული ოცნების" კანდიდატს ვლადიმერ ზედგინიძეს.

8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, ახალციხეში - მერის, ხოლო ბოლნისის, ხარაგაულის, ჭიათურის, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში გამგებლების არჩევნები ჩატარდა.

საკრებულოს შუადელური არჩევნები გაიმართა თბილისის (კრწანისი, ისანი, გლდანი), წალკის, ჭიათურის, აბაშისა და ქალაქ ზუგდიდის საარჩევნო ოლქებში.

მერებისა და გამგებლების არჩევა 50%-იანი ბარიერის პირობებში ხდება, ხოლო საკრებულოს მაჟორიტარად არჩეულად ის კანდიდატი ითვლება, რომელიც სხვაზე მეტ ხმას მიიღებს.