ბიძინა გეგიძე: ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ ერთი გარდამტეხი პერიოდი დგას - გზაპრესი

ბიძინა გეგიძე: ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ ერთი გარდამტეხი პერიოდი დგას

წარმატებული ბიზნესმენის, 2002-2006 წლების საკრებულოს წევრის, მორაგბის, "ქართული ოცნების" ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ბიძინა გეგიძის ცხოვრებას ქრონოლოგიურად გავყევით... არაორდინარულ ინტერვიუში ბიზნესის, თავისი ფესვების, ოჯახისა და განვლილი გზის შესახებ თავად დეპუტატობის კანდიდატი გვიამბობს...

საუბარი ბიზნესის სფეროში მისი მოღვაწეობით დავიწყეთ, თუმცა, როგორც გავარკვიეთ, უკვე წარმატებულმა ბიზნესმენმა ამ საქმიანობაზე უარი თქვა და მთელი თავისი რესურსი რაგბის განვითარებისკენ წარმართა... ქვეყნისათვის გადამწყვეტ მომენტში კი იქ იდგა, სადაც მის ქვეყანას ყველაზე მეტად უჭირდა...

- ბატონო ბიძინა, რაგბისთან თქვენი კავშირი ყველასათვის ცნობილია, მაგრამ ცოტა რამ იცის საზოგადოებამ თქვენზე, როგორც ბიზნესმენსა და წარმატებულ მენეჯერზე. თუ შეიძლება, გვიამბეთ, როგორ დაიწყო თქვენი ბიზნესკარიერა?

- 90-იან წლებში, როდესაც ე.წ. პერესტროიკისა და კოოპერატივების ეპოქა დადგა, გახსოვთ, რომ დიდი დაბნეულობა იყო ყველგან, რადგან საბჭოთა ეპოქა გამოვლილებს, არ გვქონდა გამოცდილება და შესაბამისი ცოდნა, თუ როგორ უნდა გაგვეკეთებინა ბიზნესი. ეს იყო დრო, როდესაც ახალი ცხოვრებისთვის უნდა აგვეწყო ფეხი. ინტუიციასა და საკუთარ ალღოზე დაყრდნობით ვიღებდით გადაწყვეტილებებს. ამ დროს წავედი მოსკოვში, სადაც რუსეთ-შვედეთის ერთობლივ საწარმოში - "ალტერნატივა" - ორ წელიწადზე მეტხანს ვმუშობდი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს წლები, მომეცა შესაძლებლობა, ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობითა და მათი გამოცდილების გაზიარებით მიმეღო ბიზნესსფეროში სრულიად ახალი ცოდნა და გამოცდილება. იქ ყოფნის დროს, მეგობრებთან ერთად საინტერესო პროექტები განვახორციელე, თუმცა, არ დაგიმალავთ და მოსკოვშიც კი რაგბით ვცხოვრობდი. სპორტის ეს სახეობა "გერის" როლში იყო. შეიძლება დაუჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ მოსკოვის ასპარეზიც იმისთვის მჭირდებოდა, რომ მოტივაცია მქონოდა - ფული რაგბის განვითარებისთვის მეშოვა... ჟარგონულად რომ ვთქვა, "ჟილკა" მქონდა და ამის გამო მე და ჩემს მეუღლეს კამათიც მოგვდიოდა ხოლმე...

- "ფილიპ მორისის" პარტნიორობაც ამ "ჟილკის" გამო მოახერხეთ?

- ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, ფილიპ მორისთან კონტრაქტი გავაფორმეთ და მომეცა შესაძლებლობა, რაგბისთვის მიმეხედა. თუმცა, ეს იყო პერიოდი, როცა თბილისში სამოქალაქო ომი ახალი დასრულებული იყო და აფხაზეთის ომი მძვინვარებდა. სწორედ ამ დროს ვუთხარი კომპანია "ალტერნატივის" პრეზიდენტს, რომ თბილისში ვბრუნდებოდი. ჩემი ძმა, მეგობრები, მორაგბეები, ყველანი წასულები იყვნენ ომში და ქაქუცას ბატალიონში იბრძოდნენ. მეგობრები დავკარგეთ გუმისთაზე. შემდეგ, ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების რეჟიმი გამოცხადდა, ამ დროს თბილისში დაბრუნებული, სტრესულ მდგომარეობაში მყოფი ბიჭები შევაგროვე, გუნდი შევქმენით და საფრანგეთში წარმატებული ტურნეს ჩატარებაც მოვახერხეთ. თუმცა, საბრძოლო მოქმედებები განახლდა და ახლა უკვე მთელი სამეგობრო, მათ შორის - მეც, ოჩამჩირეში ჩავედით. სანაპიროს ვიცავდით და სოხუმის დაცემამდე იქ ვიდექით... ძალიან მწარეა ჩემთვის ამ ყველაფრის გახსენება...

- მართალია, რომ აფხაზეთში, მებრძოლებისთვის ჯავშანჟილეტებს, მედიკამენტებსა და პირველადი საჭიროების ნივთებს საკუთარი სახსრებით გზავნიდით?

- არ მიყვარს ამაზე საუბარი... ყველას, რითიც შეგვეძლო, ერთმანეთისა და საკუთარი ქვეყნის გვერდით ვიდექით.

- ამის შემდეგ, თქვენ მაინც მოახერხეთ და კვლავ ბიზნესში ჩაერთეთ...

- დიახ, მაგრამ დიდი პაუზის შემდეგ... დრო დაგვჭირდა. ბიზნესი განვაგრძეთ. თხილის ქარხანა გვქონდა და ქართული თხილის ექსპორტზე გატანა დავიწყეთ. გავხდი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია "Gჭშ"-ის დამფუძნებელი, ქართული ღვინო ევროპის ბაზარზე გავიტანეთ, სწორედ ამ დროს, რაგბის კავშირის პრეზიდენტად ამირჩიეს.

- ალბათ ეს თქვენთვის ყველაზე კარგად გასახსენებელი პერიოდია...

- კი, ვინაიდან რაგბი ძალიან მიყვარს... თავის დროზე, სტუდენტობისას, მწვრთნელი მყავდა - გელა მიქაბერიძე, კარგი აღმზრდელი. იმ დროს მე და ჩემი ტოლი პირველკურსელი ბიჭები რაგბით რომ "მოვიწამლეთ", სწორედ ბატონი გელას დამსახურებაა. როდესაც რაგბის კავშირის პრეზიდენტად ამირჩიეს, საქართველოს რაგბის კავშირი უკვე იყო რაგბის ევროპის ფედერაციაში და მსოფლიო რაგბის საერთაშორისო საბჭოში გაწევრებული, თუმცა რაგბის განვითარებისთვის თბილისში ინფრასტრუქტურა არ არსებობდა. თუ რამე იყო მანამდე, ისიც სამოქალაქო ომმა და აფხაზეთის ომმა დაანგრია. რაგბი ურთულეს მდგომარეობაში იყო, რაგბის კავშირს თავისი ოფისიც კი არ ჰქონდა. სამუშაო ძალიან ბევრი იყო, ამიტომ ყველა ბიზნესს გამოვეთიშე და მთლიანად რაგბის განვითარებაზე გადავერთე.

ვთქვი, რომ ჩემი მიზანია, მსოფლიო თასზე გავიყვანო საქართველოს ეროვნული ნაკრები. ეს წარმოუდგენელი იყო და იდეაც არარეალურად მოინათლა... მახსენდება, იმ პერიოდში პირველად ეროვნულ სტადიონზე ჩავატარეთ მატჩი გერმანიის ნაკრებთან და მოვიგეთ. მერე იყო ჩეხეთის გუნდი და მერე ჩვენი მოწინააღმდეგე რუსეთი იყო. თან იქ უნდა ჩავსულიყავით და გვეთამაშა. სწორედ ამ დროს, მაროკოში, რაგბის კონგრესზე წავედი, წასვლისას კი განცხადება გავაკეთე, იქ იმიტომ მივდიოდით, რომ ეს თამაში თბილისში ჩატარებულიყო. მართლაც, ჩვენ ამას მივაღწიეთ, თბილისში ვითამაშეთ და მოვიგეთ. წარმოიდგინეთ, რა ხდებოდა მაშინ ქვეყანაში, აფხაზეთის იარა ღია იყო და იქიდან სისხლი წვეთავდა, ამ დროს რუსეთის გუნდის დამარცხებას ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. სხვათა შორის, სწორედ ამ თამაშის დროს მოხდა გულშემატკივრის მიერ რაგბის შეყვარება. ძალიან დიდი ემოციები იყო. ამის მერე აღმასვლა დავიწყეთ და პირველად საქართველოს სპორტის ისტორიაში, გავედით მსოფლიო თასზე.

დღეს კი ძალიან ამაყი ვარ, რომ მე, როგორც მენეჯერმა, ჩემი წვლილი შევიტანე რაგბის განვითარებაში.

- თქვენ ხალხს თავი დაამახსოვრეთ, როგორც ერთ-ერთმა აქტიურმა ოპოზიციონერმა, რომელიც საკრებულოს მაშინდელ თავმჯდომარეს, მიშა სააკაშვილს ღიად უპირისპირდებოდა...

- კი, ნამდვილად ასე იყო და სხვათა შორის, ჩემს ასეთ აქტიურობას არაერთგვაროვანი შეფასებები ახლდა. მე ვაკეთებდი იმას, რაც სწორად მიმაჩნდა და ვგრძნობდი, რომ მიშა სააკაშვილი ქვეყანას სწორი მიმართულებით ვერ წაიყვანდა...

- და ამას მოჰყვა ნოემბრის აქციები, "საკნები" რუსთაველზე, 7 ნოემბერი, 26 მაისი...

- ამაზე შეგნებულად არ შევჩერდები, ვინაიდან ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის... აღარ მინდა, კიდევ ერთხელ გავიხსენო ჩვენი თავგანწირული ბრძოლის მოვლენები...

- გვიამბეთ თქვენ შესახებ, საიდან მოდის ბიძინა გეგიძე?

- 1958 წლის 3 მარტს, გურიის ულამაზეს სოფელში - სამებაში დავიბადე. ჩემი მშობლები ექიმები იყვნენ და მათ ერთმანეთი სწორედ აქ გაიცნეს, ორივე მათგანი გურიაში იყო განაწილებული. 6 წლამდე გურიაში ვიზრდებოდი, შემდეგ კი მამა კვლავ თბილისში გადმოიყვანეს სამუშაოდ, ახლად გახსნილ, მე-8 საავადმყოფოში. მაშინ პრავდის ქუჩაზე, ნაძალადევში ვცხოვრობდით და მეც მე-5 სკოლაში მიმიყვანეს. ამ სკოლასთან უამრავი ემოციური მოგონება მაკავშირებს, კლასელებსაც ამ დრომდე არ დაგვიკარგავს ერთმანეთი და დღემდე გვაქვს ურთიერთობა. სკოლის დასრულების შემდეგ ტექნიკურ უნივერსიტეტში, ანუ "გეპეიში" ჩავაბარე და მშენებლის პროფესია ავირჩიე.

- სად გაიცანით თქვენი მომავალი მეუღლე?

- ერთმანეთი უნგრეთში გავიცანით. მაშინ "შევარდენში" ვთამაშობდი და მორაგბეთა გუნდთან ერთად ვიყავი იქ ჩასული, ჩემი მეუღლე - ეკა კი თავის მეგობართან ერთად... დღეს 4 შვილი და ერთი შვილიშვილი გვყავს.

- და ბოლოს... დღეს კვლავ არჩევნების ზღვარზე ვართ, ახლა რას გრძნობთ? როგორც დავინახეთ, ალღოს და ინტუიციას თქვენთვის არასოდეს უღალატია...

- "ქართული ოცნების" ეგიდის ქვეშ გაერთიანებული ადამიანების ერთობა პარლამენტში ქვეყნისთვის კონკრეტულ შედეგებს მოიტანს. გუნდს სათავეში წარმატებული პრემიერ-მინისტრი უდგას. ურთულესი 9-წლიანი მემკვიდრეობის ფონზე, ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ. ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი იყო და არის ადამიანი და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა, დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ამას საკუთარ თავზე თითოეული მოქალაქე იგრძნობს.