საქართველოს მასშტაბით არჩევნების მეორე ტური 53 ოლქში გაიმართება, საიდანაც 18 თბილისის, 35 კი რეგიონების ოლქია - გზაპრესი

საქართველოს მასშტაბით არჩევნების მეორე ტური 53 ოლქში გაიმართება, საიდანაც 18 თბილისის, 35 კი რეგიონების ოლქია

საქართველოს მასშტაბით არჩევნების მეორე ტური 53 ოლქში გაიმართება. აქედან თბილისის 18 და რეგიონების - 35 ოლქში. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე დათვალა და გამოაქვეყნა მაჟორიტარულ ოლქებში არსებული ყველა საარჩევნო უბნის მონაცემები. არჩევნების მეორე ტური ინიშნება ყველა იმ ოლქში, სადაც კანდიდატმა "საარჩევნო კოდექსით" განსაზღვრული 50 %-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო.

უფრო კონკრეტულად, თბილისში, მთაწმინდის 1-ელ მაჟორიტარულ ოლქში ხმათა ყველაზე მეტი რაოდენობა - 44,42 % დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო. მეორე ადგილზე გავიდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ნიკა რურუა 26,92 %-ით. 6,69 %-იანი მხარდაჭერა მიიღო "თავისუფალი დემოკრატების" კანდიდატმა ნიკოლოზ ფრუიძემ.

ვაკის მე-2 მაჟორიტარულ ოლქში 48,95 %-ით ლიდერობს "ქართული ოცნების" კანდიდატი ბიძინა გეგიძე, რომელსაც 22,25 %-ით მიყვება "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელენე ხოშტარია. ხმების 14,43 % მიიღო "თავისუფალი დემოკრატების" კანდიდატმა ვიქტორ დოლიძემ.

ვაკის მე-3 ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატმა ზაზა ხუციშვილმა პირველივე ტურში გამარჯვება მოიპოვა. მას 35 უბნის შედეგების მიხედვით, მხარი 50,41 %-მა დაუჭირა. 19,39 %-ით მეორე ადგილზე გავიდა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი პეტრე ცისკარიშვილი. შემდეგ პოზიციას 7,79 %-ით იკავებს "თავისუფალი დემოკრატების" კანდიდატი გია ნუცუბიძე.

საბურთალოს მე-4 მაჟორიტარულ ოლქში, ასევე პირველივე ტურში გავიდა "ქართული ოცნების" კანდიდატი მამუკა მდინარაძეც, რომელმაც ხმების 51,7 % მიიღო. 31 უბნის შედეგებით, ამომრჩეველთა 20,85 %-მა დაუჭირა მხარი "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ ჯარჯი დოლიძეს.

მაჟორიტარულ არჩევნებზე 50 %-იანი ბარიერი გადალახა "ქართული ოცნების" კანდიდატმა საბურთალოს მე-5 ოლქშიც. ნინო გოგუაძეს ამომრჩეველთა 51,43 %-მა დაუჭირა მხარი. მეორე ადგილზე 18,89 %-ით ამ შემთხვევაშიც "ნაციონალური მოძრაობა" და მისი კანდიდატი გიორგი როინიშვილია.

საბურთალოს მე-6 საარჩევნო უბანზე შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: "ქართული ოცნების" კანდიდატი ლევან გოგიჩაიშვილი 46,89 %, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი სევდია უგრეხელიძე - 17,2 %, ამომრჩეველთა 11,7 %-მა დაუჭირა მხარი "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერ დავით უსუფაშვილს.

მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური გაიმართება კრწანისის მე-7 ოლქშიც, სადაც "ქართული ოცნების" კანდიდატმა ბექა ოდიშარიამ 48,23 %-იანი მხარდაჭერა მიიღო. ამომრჩეველთა 28,92 %-მა მისცა ხმა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ ირაკლი აბესაძეს.

მეორე ტური გაიმართება ისნის მაჟორიტარულ ოლქებშიც. უფრო კონკრეტულად, მე-8 ოლქში კანდიდატების მიერ მიღებულ ხმათა პროცენტული მაჩვენებელი ასე გადანაწილდა: "ქართული ოცნება" - ირაკლი აბუსერიძე - 42,74 %, "ნაციონალური მოძრაობა" - გიორგი ონიანი - 24,12 %, "პატრიოტთა ალიანსი" - გიორგი ბენაშვილი - 8,67 %, დამოუკიდებელი კანდიდატი ირაკლი პეტრიაშვილი 8,59 %.

ისნის მე-9 ოლქში: "ქართული ოცნების" კანდიდატი დავით ჭიჭინაძე - 48,13 %, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ბესიკ კვიციანი - 27,37 %, "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატი ნონა ფილაური - 5,2 %.

რაც შეეხება ისნის მე-10 ოლქს, მონაცემები ასეთია: "ქართული ოცნება" - ბექა ნაცვლიშვილი - 45,07 %, "ნაციონალური მოძრაობა" - ზაზა კედელაშვილი - 26,61 %.

სამგორის მე-11 მაჟორიტარულ ოლქში 47,45 %-ით ლიდერობს "ქართული ოცნების" კანდიდატი გიორგი მოსიძე, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ ირაკლი ნადირაძეს კი, რომელიც მეორე ადგილზე იმყოფება, მხარი ამომრჩეველთა 24,11 %-მა დაუჭირა.

არჩევნების მეორე ტური გაიმართება სამგორის მე-12 და მე-13 ოლქებშიც. პირველ შემთხვევაში "ქართული ოცნების" კანდიდატმა მარიამ ჯაშმა 42,58 % მოაგროვა, "ნაციონალური მოძრაობიდან" დავით ჟღენტმა კი - 27,79 %, ხოლო მეორე შემთხვევაში "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა შოთა ხაბარელმა 45,28 % მიიღო, "ნაციონალების" კანდიდატმა გიორგი ხახნელიძემ კი - 25,52 %.

მაჟორიტარული არჩევნების პირველივე ტურში მოიპოვა გამარჯვება "ქართული ოცნების" კანდიდატმა გია ვოლსკიმ მე-14 ოლქში, რომელსაც 32 საარჩევნო უბნის შედეგების მიხედვით, მხარი 57,23 %-მა დაუჭირა. 23,62 %-მა მისცა ხმა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ ირაკლი ჩოლოყაშვილს.

დიდუბის მე-15 ოლქში ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: "ქართული ოცნების" კანდიდატი ზაზა პაპუაშვილი - 46,95 %, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი დავით ნაფეტვარიძე - 19,81 %. ამომრჩეველთა 4,74 %-მა დაუჭირა მხარი "რესპუბლიკური პარტიის" კანდიდატ ვახტანგ ხმალაძეს.

რაც შეეხება დიდუბის კიდევ ერთ - მე-16 ოლქს, 47,03 % მიიღო "ქართული ოცნების" კანდიდატმა ივლიანე წულაიამ, 20,82 % კი "ნაციონალური მოძრაობიდან" ირაკლი დვალმა.

არჩევნების მეორე ტური გაიმართება ჩუღურეთის მე-17, მე-18 და მე-19 ოლქებშიც. კერძოდ, მე-17 ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატმა სოფიო კილაძემ ხმების 44,83 % მოაგროვა, მეორე ადგილზე გასული "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა მურმან თხელიძემ კი - 19,84 %. მე-18 ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატმა მიხეილ ყაველაშვილმა 47,13 %-იანი მხარდაჭერა მიიღო, "ნაციონალების" წარმომადგენელმა მამუკა გუგეშაშვილმა კი 25,39 %-იანი, ხოლო მე-19 ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატ ზაზა გაბუნიას მხარი ამომრჩეველთა 45,98 %-მა დაუჭირა, მეორე ადგილზე გასულ, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ ლერი დემეტრაშვილს კი - 26,21 %-მა.

რაც შეეხება გლდანს, მე-20 ოლქში შედეგები ასე გამოიყურება: "ქართული ოცნების" კანდიდატი კობა კობალაძე - 40,31 %, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ალექსანდრე ჩაფიჩაძე კი, რომელიც მეორე ადგილზეა, 24,56 %.

მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური იქნება გლდანის 21-ე მაჟორიტარულ ოლქშიც, სადაც "ქართული ოცნების" კანდიდატმა ლევან კობიაშვილმა ხმათა 49,22 % დააგროვა, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა სერგო რატიანმა კი 30,42 %.

არჩევნების მეორე ტური ინიშნება გლდანის კიდევ ერთ - 22-ე ოლქში. ამ შემთხვევაში მონაცემები ასე გამოიყურება: "ქართული ოცნების" კანდიდატი ლევან კობერიძე 44,75 %, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გიორგი ბარამიძე - 25,61 %.

რაც შეეხება რეგიონებს, ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, საქართველოს რეგიონებში, 51 მაჟორიტარული ოლქიდან არჩევნების მე-2 ტური 35 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება.

ამ დროის მონაცემებით, მაჟორიტარული არჩევნები პირველივე ტურში დასრულდა 16 საარჩევნო ოლქში. ესენია: სიღნაღი/დედოფლისწყარო 25-ე მაჟორიტარული ოლქი, მარნეულის 35-ე მაჟორიტარული ოლქი, ბოლნისის 33-ე მაჟორიტარული ოლქი, თეთრიწყარო/გარდაბნის ნაწილი 32-ე მაჟორიტარული ოლქი, წალკა/დმანისი/ბოლნისის 34-ე მაჟორიტარული ოლქი, დუშეთი/თიანეთი/ყაზბეგის 38-ე მაჟორიტარული ოლქი, ქარელი/გორის შინდისი, ვარიანის მე-40 მაჟორიტარული ოლქი, ბორჯომის/ (ასპინძა/ახალქალაქის 5 სოფელი) 45-ე მაჟორიტარული ოლქი, ნინოწმინდა/ახალქალაქის 46-ე მაჟორიტარული ოლქი, საჩხერის 53-ე მაჟორიტარული ოლქი, ვანი/ხონის 54-ე მაჟორიტარული ოლქი, სამტრედიის 55-ე მაჟორიტარული ოლქი, ხულო/შუახევი/ქედის 73-ე მაჟორიტარული ოლქი, ამბროლაური/ ონი/ ცაგერი/ლენტეხი/ მესტიის 58-ე მაჟორიტარული ოლქი, ოზურგეთის 59-ე მაჟორიტარული ოლქი და მარტვილი/აბაშის 62-ე მაჟორიტარული ოლქი.

რაც შეეხება დანარჩენ 35 საარჩევნო ოლქს, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, იქ მაჟორიტარული წესით არჩევნების მეორე ტური გაიმართება. აქედან 33 მაჟორიტარულ ოლქში გამართულ მე-2 ტურში "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატები მიიღებენ მონაწილეობას, დარჩენილ 2 მაჟორიტარულ ოლქში, კერძოდ, ჭიათურაში ერთმანეთს "ქართული ოცნებისა" და "თავისუფალი დემოკრატების", ხოლო ხაშურში "მრეწველებისა" და "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები დაუპირისპირდებიან.