ფრან­გუ­ლად ამ­ღე­რე­ბუ­ლი ოთარ რა­მიშ­ვი­ლი და ატი­რე­ბუ­ლი ფრან­გე­ბი - გზაპრესი

ფრან­გუ­ლად ამ­ღე­რე­ბუ­ლი ოთარ რა­მიშ­ვი­ლი და ატი­რე­ბუ­ლი ფრან­გე­ბი

- ჩემი საყვარელი სიმღერაა. ფრანგი მსმენელისთვის ალბომი სასიამოვნოდ მოსასმენია, რადგან ტექსტებია არაჩვეულებრივად ნათარგმნი, გასაგები. მრავალი ემოცია მოაქვს! მომღერლის აქცენტიც ერთ-ერთი პლუსია. ძალიან მომწონს აკომპანემენტი, რომელიც ერთგვარ მელანქოლიას სძენს რომანტიკულ ტექსტებს. არაჩვეულებრივი ალბომია! გმადლობთ!" - წერს საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ექიმი-პოლკოვნიკი, ჟან-ივ ბასეტი ოთარ რამიშვილის ფრანგულად აჟღერებული სიმღერების მოსმენის შემდეგ. სიმღერებს ოთარის ვაჟი - მუსიკოსი და ადვოკატი მიშიკო რამიშვილი ასრულებს, ოღონდ თავისებურად და ძალიან საინტერესოდ - სრულიად არ ჰგავს მამის ნამღერს.

მიშიკო:

- ჩემი გოგონას - ლიზის კონცერტების გამო (ლიზი ჩელისტია) ევროპაში ხშირად ვმოგზაურობდი და უცხოელებთან მამას სიმღერებიც ხშირად მიმღერია. მელოდია ძალიან მოსწონდათ, მაგრამ ტექსტი არ ესმოდათ. რომ დავფიქრდი, რა ენაზე შეიძლებოდა თარგმნა, გამახსენდა, მამას ერთ-ერთი წიგნი რომ გამოვიდა, ქართლოს კასრაძემ გენიალური რამ დაწერა: ოთარი ჩვენთან ბარდი არის. საფრანგეთში რომ დაბადებულიყო, ფრანგი შანსონი იქნებოდაო. მეუღლემ მითხრა, - მოდი, ფრანგულად ვთარგმნოთო. ჩემით რომ მოვსინჯე რაღაც სიტყვებით, მუსიკამ ძალიან მოიხდინა და მეც სერიოზულად დავფიქრდი. რამდენიმე ფრანგულის მცოდნეს ვთხოვე თარგმნა, დიდ პატივს ვცემ თითოეულს, მაგრამ ის მაინც არ გამოდიოდა, რაც მინდოდა. მერე ნინო ნიკოლაშვილი გავიცანი და ოთარის ერთი ლექსის თარგმნა ვთხოვე. ძველი სიმღერის ტექსტია - "შენ შორსა ხარ ახლა ჩემგან". - თუ სიმღერა არ მოვისმინე, ვერ გადავთარგმნიო, - მითხრა და იმწამს მივხვდი, ნინო სწორედ ის იყო, ვისაც ვეძებდი. ასე დავიწყეთ შემოქმედებითი ურთიერთობა. ნინო ძალიან მომთხოვნი აღმოჩნდა: მე ხომ ფრანგული არ ვიცი, ამიტომ ძალიან ბევრი ვიშრომეთ, სიტყვები სწორად რომ წარმომეთქვა, მაგრამ ქართული აქცენტი მაინც საგრძნობია.

ნინო ნიკოლაშვილი, ფრანგული ენის ფილოლოგი:

- მიშიკო მუსიკოსია და სმენით ყველაფერს იმახსოვრებდა. მართალია, გავაწამე, რადგან ურთულესი იყო რეპეტიციები, სხვაგვარი პირის აპარატია საჭირო ფრანგულ ენაზე სამეტყველოდ და ბგერების წარმოთქმა რთულია, მაგრამ ვფიქრობ, ხარისხიანი ნამუშევარი გამოგვივიდა. შევეცადეთ, რომ საოცრად კრიტიკულ, მკაცრ, საკუთარ ენასთან მიმართებაში ძალიან კონსერვატიულ ფრანგ მსმენელს ის მიეღო. ფრანგებს კარგად ვიცნობ და კონსერვატიულთან ერთად, ძალიან გულღია, დემოკრატები და მოსიყვარულენი არიან, მაგრამ ენა მათთვის პრინციპულად უმნიშვნელოვანესია და ხათრით არაფერს მოიწონებდნენ. დასრულებული დისკის ეგზემპლარები საფრანგეთში რამდენიმე ღირსეულ, ნაღდ ფრანგს გავუგზავნე და თანაც - მამაკაცებს, რადგან ისინი კიდევ უფრო სხვაგვარად აღიქვამდნენ ოთარ რამიშვილის შემოქმედებას, სადაც სიყვარულიც ბლომადაა, ქალებიც და სასმელიც... აღფრთოვანდნენ. სიმღერების თემატიკა რომ მოიწონეს, არ გამკვირვებია, მაგრამ სადაც ჩვენ გვეღიმება, მოსმენისას მათაც იქ რომ გაიღიმეს; სადაც ჩვენ ვიცრემლებით, მათაც გული რომ აუჩუყდათ და ცრემლი მოადგათ, მივხვდი, რომ სათქმელი სწორად მიმიტანია. მიშიკომ გააერთიანა სამი სიმღერა: "დედა", "დედას" და "მამა" და დისკში ჰქვია "მშობლებს". მასზე საერთაშორისო ექსპერტმა სამოქალაქო უსაფრთხოებაში, პოლკოვნიკმა ოლივიე ლე რუმ მითხრა, - რას მერჩოდი, რომ ამატირეო? არადა, ისეთი მკაცრი გარეგნობა აქვს, გეგონება, ვერაფერი მოერევა. მატარებელში "აიფონით" ისმენდა თურმე და მომწერა: ერთ დღეს მამა რომ გარდამეცვალა, მეორე დღეს შვილიშვილი შემეძინა. სამ დღეში მწუხარებაც განვიცადე და სიხარულიც. ამ სიმღერებში ეს ყველაფერი ერთად არის და მთელი გზაა, ვტირიო...

ოთარ რამიშვილის შემოქმედებას ბავშვობიდან ვიცნობ, რადგან 1990-იან წლებში, სანთლის შუქზე, ჩემს პატარა სამზარეულოში ელემენტებიანი მაგნიტოფონით მშობლები ყოველთვის მასმენინებდნენ. მას ვუსმენდი საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში, მაგისტრატურაში სწავლის დროსაც. ყოველი დილა, ლექციებამდე, მისი სიმღერებით იწყებოდა. ერთ მშვენიერ დღეს, ცოტათი ხმამაღლა ჩავრთე სიმღერები და კარზე მორიდებული კაკუნი მომესმა. არ მესიამოვნა, რადგან ვიფიქრე, რომელიმე ფრანგ მეზობელს შენიშვნა უნდა მოეცა. კარი გავაღე და დგას უცნაური ბიჭი - გრძელთმიანი და პირსინგიანი, ტატუებით დაფარული სხეულით, "შლოპანცებში". აშკარაა, ხელოვანი უნდა იყოს. ადრიანად მოკაკუნებისთვის მომიბოდიშა (პარალელურად, ბატონი ოთარის სიმღერა - "ყველა შენ გეტრფის, ჩემო თბილისო" ისმოდა) და მკითხა: ვიდეო გაქვთ ჩართული? შეიძლება, შევხედო, ორი ხელი უკრავს, ოთხი თუ ექვსი? სამი დღეა ვისმენ, ტექსტი კი გაუგებარია, მაგრამ ტექნიკური შესრულება მაინტერესებსო. გამეღიმა და ავუხსენი, რომ აუდიოჩანაწერებს ვუსმენდი. თავად გიტარისტი ყოფილა. გამომკითხა, - ვინ მღეროდა, რომელი ქვეყნიდან იყო და ასე შემდეგ. დავპატიჟე, ჩამოდი ზაფხულში თბილისში და პირადად გაიცანი ეს კაცი-მეთქი. სერიოზულად დაფიქრდა შეთავაზებაზე... ასე დაგვამეგობრა ოთარ რამიშვილმა მე და ის უცნაური ბიჭი, ინფორმატიკის ფაკულტეტიდან...

ტყუილად არაფერი ხდება. წარმოიდგინეთ, წლების შემდეგ ვხვდები მიშიკოს, რომელიც მამამისის ლექსების თარგმნას მთხოვს. არადა, მხატვრული ლიტერატურა არასდროს მითარგმნია და ამ შემოთავაზებამ დამშოკა. იდეით აღვფრთოვანდი, მაგრამ კარგად დავფიქრდი, ვიდრე დავთანხმდებოდი... "შენ შორსა ხარ ახლა ჩემგან" - ეს სიმღერა არ ვიცოდი. მიშიკომ წამიღიღინა და დავიმახსოვრე. ტექსტი იმ ღამესვე გადავთარგმნე, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ შევატყობინე: მაინტერესებდა, მეორე და მესამე დღესაც თუ ისევ ისე მომეწონებოდა. როდესაც მივუტანე და გიტარასთან აამღერა, მივხვდი, დისკომფორტი არაფერს შეუქმნია და ტექსტი ბუნებრივად გაჰყვა მელოდიას. მერე მეორე ლექსის თარგმნასაც დავთანხმდი...

მიშიკო:

- რომ დაიწყო, ახლაც ვერ ჩერდება. რა დღეში ვარ, იცი? ლამის, გადამწვა (იცინის). უკვე 31 სიმღერის ტექსტი თარგმნა. პირველ დისკში 14 სიმღერა შევიდა. ჩემს მეცადინეობას 2 თვე დასჭირდა, თორემ სიმღერები 3 დღეში ჩავწერე. აქვე გეტყვით, რომ დისკზე ჩვენთან ერთად იმუშავეს აკორდეონისტმა ვანიანომ - ვანო ხაჩიძემ, მევიოლინე ბელა მჭედლიძემ, დიზაინერმა თეონა კვაჭაძემ, მხატვარმა ნინა ჩაჩუამ, ჩემი უფროსი ძმის მეუღლემ, მასტერინგი გააკეთა თამაზ დარსაველიძემ და ხმის რეჟისორი იყო გელა იმნაძე. სამწუხაროდ, მწირი ფინანსების გამო, მხოლოდ რამდენიმე ეგზემპლარის გამოცემა მოვახერხეთ და ისიც გავაჩუქეთ.

დისკის ჩაწერამდე, ნინოს ინიციატივით, 11 სიმღერის მინიპრეზენტაცია მოვაწყეთ ახლობლებისთვის. ნინომ მოიწვია საფრანგეთის ელჩის მრჩეველი თანამშრომლობისა და კულტურულ ღონისძიებათა საკითხებში ჟან-ივ ლავუარი, მეუღლესთან ერთად.

ნინო:

- მიშიკომ სიმღერა "შამპანური" ფრანგულად რომ იმღერა, იქ ტექსტია: "ყველას ნატვრაა "პახმელიაზე" ჩაცივებული შამპანიური". ამ კაცმა ატეხა ხარხარი. თვითონ ქალაქ ბორდოდან არის, ღვინის ქალაქიდან და იცის ღვინის ფასი. მერე ცოლს მიუბრუნდა: ხომ გეუბნებოდი, რა არის კარგი "პახმელიაზე". ჩემი თუ არ გჯერა, ამ კაცს მაინც დაუჯერეო...

თუ დაფინანსება მოვიპოვეთ, დისკისა და ჩაწერების პარალელურად, მალე ბატონი ოთარის ქართულ-ფრანგული ლექსების კრებულსაც გამოვცემთ. მუშაობისას აღმოვაჩინე, რომ როგორც ფრანგული გაძლევს თარგმნისას დიდ თავისუფლებას, ოთარ რამიშვილიც ასევეა, ოღონდ იცი, კიდევ რას გიკეთებს? გეუბნება: მე ამას ვამბობ ასე და შენც ასე უნდა თქვაო! იგი მარტივად, მაგრამ დახვეწილად გადმოგცემს იმას, რასაც სხვა ჩახლართულად იტყოდა. ფრანგებიც აღარ ლაპარაკობენ გადაპრანჭულად, ისინი მეტყველებენ მარტივად და სწორად. ამიტომ ვცდილობ, თარგმანშიც სიტყვა ზუსტად შევარჩიო. ზოგან ბატონი ოთარი განსაკუთრებით "ითხოვს" სიზუსტეს. მაგალითად, სიმღერებში: "ღვინო", "ფული"... ვთქვათ, ამბობს: "ვაჭრობის მინისტრი ფულს ითვლის ძილის წინ" - ცინიზმის ასეთი იუმორით გამოხატვა მხოლოდ მას შეუძლია... ან კიდევ: "მთავარია გქონდეს ფული, რომ არ იყო დაჩაგრული" - ამაზე ფრანგები ლამის მოკვდნენ სიცილით, ეს მათი მენტალიტეტისთვის სრულიად მისაღები იყო. მაგალითად, ლექსი "ფეხსაცმელი", სადაც ლაკონურად გიყვება ამბავს: "ფეხსაცმელი გამიცვდა, ვითოშები სიცივით. ძირს მიწა მიხიცინებს, დავდივარ და ვიცინი..." - ეს თუ შეცვალე, გამოდის, რომ ბატონ ოთარს კი არ თარგმნი, ახალ ლექსს წერ.

- ისეთი ანთებული ლაპარაკობ ბატონ ოთართან ამ უჩვეულო "ურთიერთობაზე", დამაინტერესე: როგორია "შენეული" ოთარ რამიშვილი?

- (უცებ აცრემლდა, მერე ძლივს "გადაყლაპა" ყელში გაჩხერილი ბურთი და განაგრძო. - ავტ.) უკაცრავად, თავი ვერ შევიკავე... ოთარ რამიშვილი? ჩემთვის ბაბუასავით ტკბილია... ასე მგონია, საათობით ვისხედით ერთად და ამ ლექსებს თავად მიკითხავდა. მრავალფეროვანია, ძალიან ნიჭიერი და თავმდაბალი. რასაც წერდა, უპირველესად, თავად სიამოვნებდა და მერე ფიქრობდა, მთელი საქართველოსთვისაც გაენაწილებინა ეს სიამოვნება. მისი ლექსები არის თავმდაბლური, მარტივი და გენიალური ანუ ისეთი, როგორიც თავად იყო! და რომ არ მყვარებოდა, ვერაფრით ვთარგმნიდი.

პ.ს. 24 ოქტომბერს დაბადებულა, 6 ოქტომბერს კი მისი გარდაცვალების დღეა - 5 წელიწადი გასულა მას მერე... ალბათ სუფრასთან თუ იხსენებენ უმეტესად, უნიჭიერესი, კოლორიტი კაცი რომ დააკლდა ქალაქს, ქვეყანას, ჩვენს ცხოვრებას, ყურს... არადა, რამდენი იკვეხნის, ოთარ რამიშვილმა მასწავლა გიტარაზე დაკვრა და სიმღერაო... ბევრმა ისიც არ იცის, მისი საყვარელი ლექსისა და მუსიკის მიღმა ვინ დგას...

ალალია ამ კაცისთვის დისკიც, წიგნიც და ფილმიც, რომლის გადაღებასაც, თუ გზა გამოინახა, სტუდია "არტვიზიონი" გეგმავს;

ალალია ამ კაცისთვის თუნდაც, ერთი კულტურული შემოქმედებითი საღამო, რომლისთვისაც სამწუხაროდ, საშუალება ვერ გამოინახა;

საწყენია, ოთარ რამიშვილი რომ გყავდა და დაგავიწყდება!

ირმა ხარშილაძე