"როცა არჩევნებზე არ მიდიხარ, შედეგს სხვას ნუ დააბრალებ!" - გზაპრესი

"როცა არჩევნებზე არ მიდიხარ, შედეგს სხვას ნუ დააბრალებ!"

"ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები - ზაზა ხუციშვილი და გია როინიშვილი ჟურნალ "გზის" კითხვებს პასუხობენ. შეგახსენებთ, რომ ზაზა ხუციშვილი და გია როინიშვილი ერთი და იმავე - საბურთალოს რაიონის სხვადასხვა ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იყვნენ. მოგეხსენებათ, პირველივე ტურში ზაზამ ამომრჩეველთა ხმების დაახლოებით 51% მიიღო და შესაბამისად, საპარლამენტო მანდატი უკვე მოიპოვა, გია როინიშვილი კი, ნინო გოგუაძის შემდეგ, მეორე ადგილზე გავიდა და ელექტორატის 18,84%-იანი მხარდაჭერა ხვდა წილად.

- ზაზა, პირველ რიგში, გილოცავთ პირველივე ტურში გამარჯვებას. როგორია თქვენი განწყობა?

- განწყობა, რა თქმა უნდა, ამაღლებული, სასიხარულოა, თუმცა, შტაბის წევრებმა მისაყვედურეს, - სიხარულს რატომ არ გამოხატავო? ჰოდა, ვიტყვი - სიხარულს მას შემდეგ გამოვხატავ, რაც ოთხი წლის თავზე ჩვენი ყველა პირობა შესრულებული იქნება....

- პოლიტიკაში პირველ ნაბიჯებს დგამთ; პირადად თქვენ რა შეგძინათ წინასაარჩევნო კამპანიამ და ხალხთან ურთიერთობამ?

- უკეთ გავიცანი მოსახლეობის პრობლემები და პრიორიტეტები, რაც შემდეგ, საკანონმდებლო ხელისუფლებაში ყოფნის დროს უნდა დავისახოთ. საერთოდ, უმუშევრობა რომ არის სერიოზული პრობლემა, ყველამ ვიცით, განათლებაა პრიორიტეტი და ჩვენ კონკურენტუნარიანი ხალხის ფენა უნდა შევქმნათ, ვინც დღევანდელ გამოწვევებს აუღებს ალღოს და თავისი პროფესიული უნარ-ჩვევებით მოახერხებს, რომ დამსაქმებლისთვის აქტუალური იყოს. ხშირ შემთხვევაში, დაუსაქმებელთა კვალიფიკაცია არ აძლევს საშუალებას დამსაქმებელს, რომ ეს ხალხი სამუშაოდ აიყვანოს. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ვინც პროფესიონალია, საქმე ყველას აქვს, მაგალითად - კარგ ხელოსანს, ვინც სახლის რემონტს აკეთებს თუ მანქანის შეკეთება შეუძლია. რიგში უნდა ჩადგე რამდენიმე დღით, რომ მათთან მოხვდე; ამ დროს, შეიძლება, სხვა მთელი დღე ტყუილად იდგეს, რადგან ჯერჯერობით იმ დონის პროფესიონალი არ არის. ამიტომ, მოსახლეობას ამ კვალიფიკაციის ამაღლებაში უნდა დავეხმაროთ და მათზე ზრუნვა გავაგრძელოთ.

- ბოლო დღეებში საზოგადოების ნაწილის მხრიდან გამუდმებით გვესმის უკმაყოფილება, რომ არჩევნები "ტოტალურად" გაყალბდა...

- წაგებული ძალების გარდა, არავინ და არც ერთი დამკვირვებელი არ ამბობს, რომ რამე გაყალბდა. როგორც წესი, ისინი სულ ასე საუბრობენ. ჩვენთვის ჩვენი პარტნიორების შეფასებები ძალზე მნიშვნელოვანია. მთელმა საზოგადოებამ იხილა ძალიან სერიოზული ინსტიტუტების წარმომადგენელთა ერთობლივად ჩატარებული პრესკონფერენცია, სადაც მათ არაორაზროვნად აღნიშნეს, რომ ყველა ის ნეგატიური ფაქტი, რომელიც სამწუხაროდ, დაფიქსირდა, არჩევნების ლეგიტიმურობაზე გავლენას ვერ მოახდენს. ეს ძალზე მნიშვნელოვანია.

- როგორ შეაფასებთ ირაკლი ალასანიასა და მისი გუნდის გადაწყვეტილებას პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე? თქვენთვის მოულოდნელი იყო?

- ჩვენს გუნდში რას ფიქრობენ, არ ვიცი, მაგრამ პირადად მე, ყოველთვის ჩემს თავისუფალ აზრს დავიცავ და გეტყვით, რომ გული დამწყდა, ალასანიას გუნდმა და "რესპუბლიკელებმა" პარლამენტში შესვლა რომ ვერ მოახერხეს.

გია როინიშვილი:

- ბევრს ლაპარაკობენ, რომ სხვადასხვა სახის სერიოზული დარღვევა იყო. ჩატარდა ისე, როგორც ჩატარდა. ქვეყანაში ხელისუფლების უზურპაცია ხდება და ეს დიქტატურასთან ძალიან ახლოს დგას და თავისუფლად შეიძლება გადაიზარდოს დიქტატურაში.

- თქვენი ვარაუდით, "ნაციონალურ მოძრაობას" გაცილებით მეტი ხმის აღება შეეძლო, ვიდრე ეს არჩევნების შედეგად დაფიქსირდა?

- იმ მანიპულაციებზეა საუბარი, რაც არჩევნების დროს გააკეთა, რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ! ეს კი ძალიან კვალიფიციურად მოახერხეს, სხვებისთვის "შეუმჩნევლად", ისეთი ხერხებით, რომლის წყალობითაც დასავლელმა ექსპერტებმაც კი ვერაფერი შენიშნეს.

გაყალბებულია არჩევნები, როცა ცესკო, ტელეკომპანიების უმრავლესობა ნაყიდია, ბიუროკრატია გაზრდილია. მოკლედ, ბევრი ფაქტორია. არჩევნები მხოლოდ არჩევნების დღეს არ ყალბდება. ეს კომპლექსურად ხდება. საარჩევნო უბნებზე გარკვეულწილად, სიმშვიდე იყო, კი, ბატონო. საბურთალოს მოსახლეობასთან კარდაკარ ორი თვის განმავლობაში ვიარე და მათი განწყობა ძალიან კარგად ვიცოდი. ეს განწყობა კი იმ შედეგს არ ემთხვევა, რაც მივიღე. (იხილეთ სრულად ჟურნალ "გზის" 13 სექტემბრის ნომერში)