ვის­ზე იყო გათ­ვ­ლი­ლი სო­ხუმ­ში მომ­ხ­და­რი აფეთ­ქე­ბა - გზაპრესი

ვის­ზე იყო გათ­ვ­ლი­ლი სო­ხუმ­ში მომ­ხ­და­რი აფეთ­ქე­ბა

"საით მივდივართ?" - რაც დრო გადის, ამ კითხვას სულ უფრო ხშირად სვამს აფხაზეთის მოსახლეობა. მათივე თქმით, ვითარება ყველა სფეროში: ეკონომიკა, ჯანდაცვა, სამართალი, ადამიანის უფლებების დაცვა და ა.შ. ყოველდღიურად უარესდება და არც საშველი ჩანს... "ქვეყანაში" ეროვნული ძალები აღარ დარჩნენ...

რეგიონში არსებული უმძიმესი კრიმინოგენული ვითარება ბოლო დღეებში კიდევ უფრო გამწვავდა. რამდენიმე დღეა, აფხაზი საზოგადოება სოხუმში მომხდარი აფეთქების ფაქტსა და მიზეზებზე მსჯელობს. მიუხედავად იმისა, რომ ტელერადიოკომპანიის წინ მომხდარი აფეთქება თითქმის გახსნილია, ადგილობრივ მოსახლეობას არ სჯერა თვითმკვლელობის ვერსიის, - მათი თქმით, ეს გამიზნული აფეთქება იყო...

უკვე ცნობილია, რომ პირი, რომელიც 17 ოქტომბერს სოხუმში ტელევიზიის შენობასთან ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად დაიღუპა, რუსეთის მოქალაქე იყო, მაგრამ "გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მისი სახელი და გვარი არ საჯაროვდება".

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივნის, მუჰამედ კილბას ცნობით, აფეთქების ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცავმა ორგანოებმა კოლოსალური სამუშაოები ჩაატარეს:

"დაღუპულის ვინაობა ცნობილია. იგი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ საჯაროვდება. წინასწარი ცნობით, აფხაზეთში პირველად ზაფხულში, მეგობრებთან ერთად ჩამოვიდა, შემდეგ კი 2 ოქტომბერს გადმოკვეთა საზღვარი..."

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელი ტერორისტისთვის მიუღებელი იყო აფხაზეთის პოლიტიკა. ადგილობრივთა ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, ეს ფაქტი ზაფხულში მის აფხაზეთში ყოფნის პერიოდსაც უკავშირდებოდეს...

ინალ ხაშიგი, გაზეთ "ჩეგემსკაია პრავდას" რედაქტორი:

- შემთხვევის ადგილას ვიყავი და საკუთარი თვალით ვნახე გარემოებები, რაც იმის თქმის უფლებას მაძლევს, რომ ის არავითარი თვითმკვლელი ტერორისტი და შაჰიდი არ ყოფილა. მას ჰქონდა გეგმა, რომელიც საბედნიეროდ, ვერ განახორციელა... სავარაუდოდ, წამმზომი ჰქონდა დამონტაჟებული, რომელიც დროზე ადრე აფეთქდა, ამან კი გეგმები აურია. რომ არა ეს შემთხვევა, იქიდან ის სხვა ობიექტზე გეგმავდა წასვლას: სავარაუდოდ, დიდ შენობასთან, სადაც ბევრი ხალხი იყო და შესაბამისად, დიდი მსხვერპლი იქნებოდა... აქვე, აფეთქების ადგილთან ახლოს არის ტელეკომპანია, სასტუმროები, სკოლა, ოფისები, სახელმწიფო დაწესებულებები. შესაძლოა, მის ჩამონათვალში გზის აფეთქებაც შედიოდა, რომელსაც დილით გავლენიანი პერსონები, მათ შორის - პრეზიდენტიც გაივლის... ეს ყველაფერი სამართალდამცველებს მშვიდად ყოფნის საშუალებას არ აძლევს, რადგან მას ვიღაც "შიგნიდან" ეხმარებოდა. ეს ყველაფერი ჩვენს გაჩუმებას ემსახურება, "რაღაც-რაღაცების" გაპროტესტებასთან დაკავშირებით. თუ ჩუმად არ იქნებით, კისერს მოგიგრეხთო, - ირიბად გვეუბნებიან. ვინ და რატომ გაგვიმეტა განუხორციელებელი, მაგრამ დაუნდობელი ტერაქტისთვის, ალბათ მისახვედრია... "ძველი მეზობლებისკენ" ხელის გაშვერა უადგილოა, რადგან ყველა ერთხმად ვაღიარებთ, რომ საომარი რიტორიკა შეიცვალა... მაშ ასე, - დავტკბეთ ბოძებული თავისუფლებით. მე ვგრძნობ, რომ აფხაზეთში რაღაც მწიფდება.

ირმა ჯოპუა, სოხუმელი აფხაზი:

- რამდენი აფეთქება, ჩაცხრილვა და მკვლელობის ფაქტი ვიცით გახსნილი?.. სოხუმის ბაზარშიც თვითმკვლელი ტერორისტი შევარდა?.. იმ ადგილას, სადაც აფეთქება მოხდა, სახელმწიფო დაცვა დგას... ეს ძალზე ცუდია, მაგრამ უფრო უარესი იქნება, თუ ეს თვითმკვლელობაა, ამის დაშვება ისედაც გაუბედურებულ და გასაცოდავებულ აფხაზეთში, წარმოუდგენელია. აქ კორუფცია, ადამიანის გატაცებები, ნარკოდანაშაულები, იარაღით ვაჭრობა და სხვა მძიმე დანაშაულები ჩვეულებრივი "ბიზნესსახეობებია" და ახლა თვითმკვლელი ტერორისტების გამოჩენა ჩვენს ისედაც მიწასთან გასწორებულ იმიჯს სამუდამოდ დაასამარებს. აღარაფერს ვამბობ უმძიმეს სოციალურ ფონზე, რომლის გამოც გახშირებული სუიციდის ფაქტები, ლამის ყოველდღიურობად გვექცა. თვითმკვლელი ტერორისტების გამოჩენა აფხაზეთში - ეს ჩვენთვის ბოლო დარტყმა იქნება... საბედნიეროდ, არც ტელეკომპანიის შენობაში მყოფებიდან დაზიანებულა ვინმე და ამ უკუნეთში ეს ცოტათი მამშვიდებს.

ლალი პაპასკირი