"რუ­სე­თი ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს, მო­პო­ვე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რია თურ­ქეთს რომ არ და­უთ­მოს" - გზაპრესი

"რუ­სე­თი ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს, მო­პო­ვე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რია თურ­ქეთს რომ არ და­უთ­მოს"

არცთუ ისე დიდი ხნის წინ, როდესაც რუსეთი და თურქეთი ერთმანეთს ნერვებს უსინჯავდნენ, ორ სახელმწიფოს შორის არსებული დაძაბულობა საქართველოს შავიზღვიპირა რეგიონში, აფხაზეთშიც იგრძნობოდა... "რუსეთი ცხადია, ინფორმირებული იყო აფხაზეთში თურქული ბიზნესის აქტიურობით და წლის დასაწყისში, ვითარების პრევენციისთვის სოხუმში აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკითხებში პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე, ვლადისლავ სურკოვი ჩავიდა და ჩვენს ლიდერებს ულტიმატუმი წაუყენა, რაც თურქეთთან ურთიერთობას შეეხებოდა. ჩვენებმა დათმეს. მერე რა, რომ ეს საკმაოდ მძიმედ აისახა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე, მთავარია, მათ ძალაუფლებას არაფერი შეხებია", - წერდნენ აფხაზები. მათივე თქმით, მაშინ სურკოვმა გადაწყვიტა, ესარგებლა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებში წარმოშობილი ღია კონფრონტაციით და თურქეთთან ურთიერთობის გასაწყვეტად, აფხაზეთის ხელმძღვანელობისგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მოითხოვა.

მოგვიანებით, რუსეთი აფხაზეთს დაჰპირდა, რომ მთლიანად შეისყიდიდა სოფლის მეურნეობის პროდუქციას, განსაკუთრებით - ციტრუსის მოსავალს. თურქეთთან ექსპორტ-იმპორტის ჩანაცვლებისა და რუსეთთან ტვირთბრუნვის გაზრდისთვის, ოკუპირებული ყირიმიდან სოხუმის პორტში რუსული ბორანი "ვარიაგი" ივლიდა, რომელიც მანამდე თურქეთის მიმართულებით მოძრაობდა... თუმცა, აფხაზების თქმით, რუსეთის დაპირებებისგან თითქმის არაფერი შესრულდა. "სტრატეგიული პარტნიორი" სახელმწიფოს ხელმძღვანელობამ, თურქეთთან არსებული დაძაბულობის ფონზე, დამსვენებლები აფხაზეთისკენ გადაამისამართა.

"ეს იყო ერთადერთი, შემთხვევითი შანსი, რომლითაც აფხაზეთს უნდა ესარგებლა, მაგრამ ჩვენს ხელისუფლებას არც ამის პოტენციალი აღმოაჩნდა", - ამბობენ აფხაზები.

ადგილობრივი მოსახლეობა უკვე საუბრობს რუსეთსა და თურქეთს შორის ახალი ფურცლიდან დაწყებული მეგობრობის სავალალო შედეგზე, რომელიც აფხაზეთის ეკონომიკაზე უკვე საგრძნობლადUაისახა. მათი თქმით, აფხაზური ინტერესები, ორი გიგანტი სახელმწიფოს ინტერესების ფონზე, უფრო მეტად დაზარალდა. "საინტერესოა, ამ გაწამაწიაში ჩვენ რა დაგვრჩება?" - სვამენ კითხვას აფხაზები...

ქადირ ჰიმარი, თურქი ბიზმესმენი:

- კაბალურ პირობებში გვაყენებენ. მე და ჩემს აფხაზ პარტნიორს - გოგუას პრაქტიკულად, აწყობილი ბიზნესი დაგვათმობინეს. მიზეზი ვერ გვითხრეს. თუმცა, ისედაც ვიცით, - მიზეზი გახლდათ ჩვენ მიერ მომხმარებლისთვის შეთავაზებული შედარებით დაბალი ფასები, რომელიც ბევრად ხელსაყრელი იყო ადგილობრივი მოსახლეობისთვის... მაშინ, როდესაც ისინი ცდილობენ, ფსოუსკენ გაუშვან ნაკადი, აფხაზები ქართული ბაზრებისკენ მიისწრაფვიან, რაც ლოგიკურია, თუმცა, რუსეთის ქმედებებიც ლოგიკურია, - აფხაზეთის მოსახლეობის უმეტესობა რუსეთისგან მიღებული პენსიით ცხოვრობს და ცხადია უნდათ, ეს თანხა რუსეთში დაიხარჯოს.

ჯერჯერობით მოუგვარებელია აფხაზურ თევზის ბიზნესში თურქული ინვესტიციების საკითხი, რომელსაც თავის დროზე რუსეთის ზეწოლით, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. ოკუპირებულ აფხაზეთში თევზჭერის ლიცენზიას ხუთი თურქული კომპანია ფლობდა, ახლა კი გაურკვეველია, რა განაჩენს გამოუტანს რუსეთი ახალდამეგობრებულ თურქეთის ბიზნესს. ამ დრომდე გაურკვეველია სხვა, თუნდაც ქვანახშირისა და ხრეშის მომპოვებელ კომპანიებთან ურთიერთობაც.

რა შესაძლო სცენარით შეიძლება განვითარდეს აფხაზეთში რუსულ-თურქული ბიზნესინვესტიციები? როგორ მორიგდებიან ისინი აფხაზეთში ბიზნესის წარმოებაზე და როგორ აისახება ორი გიგანტი ქვეყნის ბიზნესინტერესები აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკაზე? - ამ საკითხებზე ექსპერტი სამხრეთ კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე გვესაუბრება:

- ბოლო წლებში, აფხაზეთში თურქული ბიზნესი ყვაოდა. ეს იყო ქვანახშირის ბიზნესი, თევზის მრეწველობა, საყოფაცხოვრებო ნივთებით ვაჭრობა, აფხაზეთიდან სხვადასხვა სახის პროდუქციის გატანა. ამაში, როგორც საშუალო, ისე მსხვილი თურქული კომპანიები მონაწილეობდნენ. ვიდრე ქართულ მხარეს შეეძლო, თურქული გემების მოძრაობა დაებლოკა, აფხაზეთის აკვატორიაში უამრავ ადამიანს აპატიმრებდა, მაგრამ მერე, რუსეთის ზეწოლის შედეგად, სიტუაცია შეიცვალა. ასე რომ, ქართული მხარე იძულებული გახდა, ზოგ რამეზე თვალი დაეხუჭა. სხვათა შორის, რუსული მხარეც ხუჭავდა თვალს თურქეთის აქტიურობაზე. ამას ასე წარმოაჩენდნენ, - თითქოს თურქეთში არსებული აფხაზური დიასპორა თავის ისტორიულ სამშობლოში ვაჭრობდა. 2008 წელს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების, სინამდვილეში კი მისი პრაქტიკული ანექსირების შემდეგ, რუსებმა თანდათან დაიწყეს თურქული სავაჭრო ორგანიზაციების შევიწროება. მას შემდეგ, რაც თურქებმა თვითმფრინავი ჩამოაგდეს და რუსებმა სანქცია დაუწესეს, აფხაზეთი იძულებული გახდა, ამ სანქციას შეერთებოდა.

- ეს რეალურად მოხდა თუ ფორმალურ ხასიათს ატარებდა?

- უფრო, ფორმალურ ხასიათს ატარებდა, მაგრამ საერთო სიტუაციას მაინც დაეტყო: თურქი მეპატრონის სავაჭრო გემებს აფხაზეთის აკვატორიაში შემოსვლა აეკრძალა. ამასთან, აიკრძალა სხვადასხვა ტიპის საქონლის შემოტანა-გატანა. ეს თურქეთისთვის კოღოს ნაკბენივით იყო, მაგრამ აფხაზეთის რეგიონს ძალიან დაეტყო. რუსეთის ამოცანა იყო, აფხაზეთის მოსახლეობას პირველადი საჭიროების ნივთები რუსეთიდან შემოეტანა.

- ბოლო დროს ვითარება შეიცვალა...

- დიახ, რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები ოდნავ დათბა, მაგრამ სანქციები ისევ გრძელდება და მის შეცვლას დრო სჭირდება... რაც შეეხება ორი სახელმწიფოს ინტერესთა შეჯახებას აფხაზეთში: რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ მოპოვებული ტერიტორია თურქეთს არ დაუთმოს. არა იმიტომ, რომ იქ დიდი ტვირთბრუნვაა და ეს მის ეკონომიკას წაადგება, უბრალოდ, გავლენის დათმობა არ უნდა. თუმცა, რუსეთის ეკონომიკის არ აქვს იმის საშუალება, იქ განსაკუთრებული სავაჭრო აქტივობები გააჩაღოს.

- თუმცა, იქ მუშაობს რუსული ბანკები, სუპერმარკეტები და ზოგადად, რუსული ბიზნესი, რასაც აფხაზები სუსტად, მაგრამ მაინც აპროტესტებენ.

- დიახ, თუნდაც ფასის თვალსაზრისით, აფხაზებისთვის ხელსაყრელია, საჭირო პროდუქცია თურქეთიდან და "ლილოს ბაზრობიდან" შეიტანონ. ასე რომ, არავითარი ორი დიდი სახელმწიფოს ინტერესთა კონფლიქტი ვერ მოხდება, მიუხედავად იმისა, რომ იქ თურქეთს თავისი სასიცოცხლო ინტერესები აქვს, რასაც მართალია, მალავს, მაგრამ ეს მაინც ცხადია. რაც შეეხება აფხაზების პროტესტს, ეს არის დემაგოგია, რადგან მათ ჩვენზე კარგად იციან, რომ რუსეთის პირობებში, მათ მცდელობას, რაიმე შეცვალონ, შედეგი არ მოჰყვება.

ლალი პაპასკირი