წინასაარჩევნო პიარის შუქჩრდილები - გზაპრესი

წინასაარჩევნო პიარის შუქჩრდილები

თბილისის მერობის კანდიდატები დასახელებულია, არჩევნები - მოახლოებული და წინასაარჩევნო კამპანიაც თანდათან ძალას იკრებს: თითოეული კანდიდატი ცდილობს, ამომრჩევლებს თავი მოაწონოს - ზოგი მილიონი ხის დარგვას გვპირდება, ზოგი - შეღავათიან ტრანსპორტს... დავინტერესდით, როგორ მიმდინარეობს წინასაარჩევნო პიარკამპანია და ვინ რა შეცდომას უშვებს. ამის გასარკვევად პიარის ექსპერტს, ელდარ პირმისაშვილს მივმართეთ:

- წინასაარჩევნო პიარკამპანია უკვე აქტიურ ფაზაში შევიდა, თუმცა, მერობის კანდიდატები ნელი, აუჩქარებელი ნაბიჯით მიდიან და კულმინაციასაც მალე მივაღწევთ. ძირითადად, ალბათ "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებზე ვისაუბრებთ, რადგან მათი პიარკამპანია სხვებთან შედარებით უფრო აქტიური და თვალში საცემია.

- ე.ი. წინასაარჩევნო პიარკამპანიაში დავით ნარმანია და ნიკა მელია ლიდერობენ?

GzaPress- დიახ, ეს ნათელია. რით მიიქციეს ამ კანდიდატებმა ჩვენი ყურადღება? - უპირველესად ბილბორდებით, სადაც კანდიდატი და მისი დაპირებაა წარმოდგენილი, რომლითაც ის თავის ელექტორატს, ამომრჩეველს მიმართავს. ასევე მნიშვნელოვანია სატელევიზიო გადაცემებში მონაწილეობა, დებატები და ხალხთან შეხვედრები, რომლებიც უფრო არაფორმალურ ხასიათს ატარებს და იქ უფრო ღია კომუნიკაციაა. დავიწყოთ ბილბორდებით - შეიმჩნევა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ასეთი მიდგომა აირჩია: გიგი უგულავა და ნიკა მელია ერთად გამოსახა ამ ბილბორდებზე. აქ თავისთავად იგულისხმება, რომ ვისაც უგულავა და მის მიერ არჩეული კურსი მოსწონდა, ნიკა მელიასაც მისი კურსის გამგრძელებლად მოიაზრებს. თუმცა, ეს ბილბორდები მელიას ნაკლებ დივიდენდებს მოუტანს იმის გამო, რომ ახლა უგულავაზე საქმეა აღძრული და გამოძიება მიმდინარეობს. ამიტომ, ნდობისა და რეიტინგის თვალსაზრისით, მას პრობლემები ექმნება. თუმცა, რომ არა უგულავასთან ერთად გამოჩენა, ხალხის უმეტესობა მას არ იცნობდა, განსხვავებით ნარმანიასგან, რომელიც მინისტრი იყო და ხშირად ხვდებოდა საინფორმაციო საშუალებების ყურადღების არეალში.

- ბატონო ელდარ, ბევრი ფიქრობს, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" გაიგივება სულაც არ არის ნიკა მელიას ძლიერი მხარე.

- ალბათ ამიტომაც, ნიკა მელია ცდილობს, როგორღაც დიფერენცირებული იყოს ამ ძალისაგან, თუმცა, მას არა აქვს საიმისო კაპიტალი, რომ მარტო, თავისი ძალებით მოახდინოს ზეგავლენა ელექტორატზე. ნარმანიას შემთხვევაში სულ სხვაგვარადაა საქმე: "ქართული ოცნების" ლოგო ჩანს ყველგან, სადაც ნარმანიას პლაკატებია გამოკრული. თუ მელიას შემთხვევაში ნაკლებად იგრძნობა ასოცირება "ნაციონალურ მოძრაობასთან", ნარმანიას შემთხვევაში პირდაპირ ჩანს, რომ ის "ქართული ოცნების" წარმომადგენელია. ნარმანია აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ მას მხარს უჭერს სამთავრობო გუნდი, პრემიერი, პრეზიდენტი და ა.შ. ამ კანდიდატისათვის "ქართული ოცნების" მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათი რესურსი დიდია და საკმაო რაოდენობის ხალხი უჭერს მხარს. გავიხსენოთ, რომ ხალხი ბიძინა ივანიშვილის გუნდს ენდო როგორც საპრეზიდენტო, ასევე საპარლამენტო არჩევნებში და ახლაც, მომავალი არჩევნების დროსაც, იგივე ტენდენცია იკვეთება. რაც შეეხება მესიჯებს, მელიას მესიჯი ასე ჟღერს: "ერთად ავამუშაოთ თბილისი", რაც გულისხმობს იმას, რომ თბილისში შეჩერებულია სხვადასხვა ტიპის აქტივობა და თუ ხალხი მელიას დაუჭერს მხარს, ისინი ერთად აამუშავებენ თბილისს. დავით ნარმანიას პირობა კი ასე ჟღერს - "ერთად ვიზრუნოთ თბილისზე!" ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ უფრო ნათლად იცოდეს, რას გულისხმობს ერთიც და მეორეც ამ სიტყვებში. ნიკა მელიას წინ აქვს წამოწეული მეტროს, ავტობუსების, გზების თემა, ხოლო ნარმანია უპირატესობას ინფრასტრუქტრული პროექტების, გამწვანების თემას ანიჭებს, მაგრამ მთავარია, რამდენად სწორად იცნობენ ისინი აუდიტორიას და რამდენად სწორად სთავაზობენ იმ მთავარ მიმართულებებს, რომელიც უნდა შესთავაზონ. ყველამ ვიცით, რომ დღეს საქართველოში ძალიან პრობლემური საკითხია დასაქმება, მაგრამ დასაქმებაზე აქცენტს არც ერთი კანდიდატი არ აკეთებს. ეს მე შეცდომად მიმაჩნია. პიარის მეთოდი რა არის? - გაიგო, რა სურს საზოგადოებას და სწორედ ეს მიაწოდო. ახლა კი, რა გამოდის? - საზოგადოებას რეალური პრობლემა აქვს დასაქმების სახით და ჩვენ ვეუბნებით, რომ გზები განიტვირთება და ხეებს დავრგავთ. აქ უკვე საზოგადოებასთან კომუნიკაცია ირღვევა. მესმის, რომ დასაქმების პრობლემა ასე უცებ ვერ გადაწყდება, მაგრამ თუ მეტად დაკონკრეტდება, მათი მესიჯები უფრო მოიგებს.

- ამიტომ ხომ არ მოჰყვა ირონიული რეაქცია ნარმანიას დაპირებას მილიონი ხის დარგვის თაობაზე?

- დიახ, ასეა: გამწვანება და ბუნების დაცვა ძალზე მნიშვნელოვანია - თუ ეკოლოგია და სუფთა ჰაერი არ გვექნება, არც გზები გვინდა და არც დასაქმება, მაგრამ საზოგადოებისთვის ეს ცოტა რთული გასაგებია, მათთვის მნიშვნელოვანი - შედეგია და ეს შედეგი უნდათ აქ, ახლავე და სწრაფად. ამიტომ, მასისთვის ასეთი პერსპექტივის შეთავაზება, ცოტა არ იყოს, ბუნდოვანი მესიჯი და სტრატეგიაა. მართალია, ქართველ საზოგადოებაში არის 10%, ვისთვისაც ხის დარგვა ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ დანარჩენი 90 პროცენტისათვის დასაქმება და ქალაქის კეთილმოწყობა უფრო საყურადღებოა, ვიდრე ეს თემა. სხვათა შორის, მელიას შემთხვევაში დაპირებები უფრო კონკრეტულია: მაგალითად, ის პენსიონერებს ეუბნება, რომ მათთვის ტრანსპორტი უფასო იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ვინ აქტიურობს მედიაში, იმავე "რუსთავი 2"-ის ყველაზე რეიტინგულ გადაცემებში უფრო ხშირად ნიკა მელიაა წარმოდგენილი, ჩანს მისი ოჯახი, ხასიათი, თვისებები, რომ ამ კანდიდატის იმიჯი უფრო ნათელი გახდეს. ამავე დროს, "ქართული ოცნება" აქტიურად იყენებს ცნობილი ადამიანების მხარდაჭერას, რაც ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ცნობილი ადამიანების აზრი გავლენას ახდენს სხვადასხვა ჯგუფზე, ეს მთელ მსოფლიოში გამოცდილი და აპრობირებული მეთოდია.

- რა მიგაჩნიათ ყველაზე სუსტ რგოლად თბილისის მერობის კანდიდატთა პიარკამპანიაში?

GzaPress- ვფიქრობ, რომ ხალხთან მათი კომუნიკაცია ცოტა არაფორმალური უნდა იყოს, საზოგადოებას ახლოდან დანახული ადამიანები უფრო აინტერესებს, ვიდრე რომელიმე სიუჟეტით გადმოცემული გეგმები. ამ მხრივ ყველაზე საინტერესოა უბნებში გამართული შეხვედრები, სადაც ყველაზე კარგად იკვეთება კანდიდატების დამოკიდებულება პრობლემებისა და ქვეყნის მიმართ, ანუ რამდენად ადეკვატურია მათი დაპირებები. აქვე უნდა ვთქვა, რომ ხალხის დიდი აქტიურობა ამ შეხვედრებზე არ იგრძნობა, თუმცა ვფიქრობ, რომ ბოლო დღეებში ამ შეხვედრებში უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება. ნებისმიერი კანდიდატის არაფორმალური მხარე ყოველთვის უფრო მომგებიანი და საინტერესოა: მაგალითად, რომელი სპორტით არის დაკავებული, რომელი შინაური ცხოველი მოსწონს, ანუ ისეთი თემები, რომლებიც მთელ მსოფლიოში ასე მნიშვნელოვანია საარჩევნო კამპანიის დროს. მაგალითად, აშშ-ის პრეზიდენტის ოჯახის წევრები და მისი ძაღლები იმდენად პოპულარული არიან, რომ ხალხში ზოგჯერ პრეზიდენტზე უფრო მაღალი რეიტინგი აქვთ. ამიტომ, სასურველია, კანდიდატი ყველა მხრიდან დავინახოთ: როგორც პროფესიონალი, როგორც ადამიანი, როგორც პიროვნება და ამით შევიქმნათ მასზე წარმოდგენა.

- ბატონო ელდარ, არანაკლებ მნიშვნელოვანია ოჯახური გარემოც. ალბათ, სწორედ ოჯახის დამსახურებაა, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძის მომხრეები ამბობენ - მან ყველა დაჩრდილაო...

- უნდა ვაღიაროთ, რომ ოჯახი დიმიტრი ლორთქიფანიძის შემთხვევაში საკმაოდ სწორად იყო წარმოჩენილი, თუმცა, რომ გააჩეროთ ქუჩაში ადამიანი და ჰკითხოთ, - რას ჰპირდება თბილისელებს დიმიტრი ლორთქიფანიძე, ვერ გეტყვით, რადგან მას საკმარისად არა აქვს ათვისებული სატელევიზიო სივრცე, არა აქვს ათვისებული ბილბორდები, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი კამპანია აქტიური არ არის. საზოგადოების ინფორმირებას ამ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ისე, მე მაინც ვფიქრობ, რომ მთავარი პრობლემა ამ არჩევნებზე ხალხის მისვლა და დასწრება იქნება. ამიტომ, ცალკე პიარკამპანიაა საჭირო, რომ ხალხი არჩევნებზე მივიდეს. ეს საჭიროა საიმისოდ, რომ გონივრული შედეგი მივიღოთ. მიდის ბრძოლა ადამიანების ყურადღებისა და ნდობის მოპოვებისათვის და მათ რაღაც განსხვავებული უნდა შესთავაზო, რომ ყურადღება მიიქციო.

- კანდიდატებს შორის ორი ქალბატონია - "ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენელი - ასმათ ტყაბლაძე და ჟურნალისტი ირმა ინაშვილი. რას გვეტყოდით მათზე?

- რაც შეეხება "ლეიბორისტებს", ისინი დროთა ცვალებადობის მიუხედავად, ერთსა და იმავე მეთოდებს იყენებენ, მათი ლიდერიც თავისი მოსწრებული ფრაზებითა და კომუნიკაციის უნარით არის ცნობილი, მაგრამ მათი პრობლემა საკმაოდ რთულია: არ შეიძლება, ერთი და იგივე რაღაც იძახო დიდი ხნის განმავლობაში, რადგან მარტო ფრთიანი ფრაზებით ვერაფერს გახდები. ასმათ ტყაბლაძე და ირმა ინაშვილი მანდილოსნები არიან და შეიძლება ამან დადებითად იმუშაოს იმათზე, ვისაც ქალის ყოფნა ასეთ თანამდებობაზე საჭიროდ მიაჩნია. ლიდერი ქალი ძალიან კარგია, მაგრამ მისი ბეგრაუნდიც არანაკლებ საყურადღებოა - ხალხი პირველ რიგში ყურადღებას მიაქცევს იმას, თუ რა გაუკეთებია ამ პიროვნებას ქართველი ამომრჩევლისათვის. უნდა ვაღიაროთ, რომ მერობის კანდიდატებს შორის პიარის თვალსაზრისით მაინც დავით ნარმანია და ნიკა მელია ლიდერობენ. დანარჩენი კანდიდატები კი, ფაქტობრივად, ერთ პოზიციაზე არიან. ჩემი აზრით, "ქართული ოცნება" ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლები დაპირება გასცეს, რომ ხალხში დიდი მოლოდინი არ შეიქმნას და მერე ამას იმედგაცრუება არ მოჰყვეს.

ხათუნა ჩიგოგიძე