"არჩევანი გაკეთებულია, ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა!" - გზაპრესი

"არჩევანი გაკეთებულია, ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა!"

, რომლის ხარჯზეც ის ტყუილებით გაჯერებულ მმართველობას "აპრავებს"

ჩავაბარეთ თუ არა "დემოკრატიის ტესტი", რა სახის დარღვევები გამოვლინდა წლევანდელ არჩევნებზე და რა უნდა გავითვალისწინოთ სამომავლოდ, როგორ უნდა ვეძიოთ ხარვეზების გამოსასწორებელი გზები და სხვა, არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციის - "დემოკრატიის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი და ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ბრიგადის გენერალი - ამირან სალუქვაძე საკუთარ აზრს აფიქსირებენ:

ლაშა ჩხარტიშვილი:

- მახინჯი საარჩევნო სისტემის, მახინჯი კანონმდებლობის, გაბერილი სიების, "ნაც" და "ქოც" მოძრაობების შეუდარებლად დიდი, თანაც საეჭვო წარმომავლობის კაპიტალის გამოყენების პირობებში ჩატარებულმა არჩევნებმა შედეგად ფსევდოორპატრიული თუ სამპარტიული პარლამენტი მოგვცა - "ოცნების" საკონსტიტუციო უმრავლესობა, მათი მხრიდან შეგნებულად, მათ შორის, ოპოზიციური ნიშის ამოსავსებად, დაუსჯელად დატოვებული "ნაციონალები" და ასევე მაღალი ალბათობით ივანიშვილთან მოთანამშრომლე "პატრიოტთა ალიანსი". ანუ რეალურად, მთელი პარლამენტი და ხელისუფლების ყველა შტო საბოლოოდ პირადად ივანიშვილს დაექვემდებარა, ეს კი ძლიერ სახიფათოა, რადგან ერთმართველობა, როგორც წესი ხალხისა და ქვეყნისთვის ძალიან ცუდად მთავრდება!

- საარჩევნო პროცესის მიმდინარეობაზე რას იტყვით? ჩავაბარეთ "დემოკრატიის ტესტი"?

- რაც შეეხება არჩევნების მიმდინარეობას, მიუხედავად "ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულებრივი ბუნებისა და მდიდარი გამოცდილებისა, "კარუსელებისა" და სხვა მასშტაბური დარღვევების რესურსი, ისევე როგორც ტოტალური უკანონო მოსმენებისა, მხოლოდ ხელისუფლებას აქვს, რადგან სხვა თუ არაფერი, საარჩევნო კომისიებში მათ ტრადიციულად მკვეთრი უმრავლესობა აქვთ. თუმცა, იმაში დარწმუნებული ვარ, რომ "ოცნება" "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ არაფერს გააყალბებდა. პირიქით, მე იმ ვერსიის უფრო მჯერა, რომ ამ ორ პოლიტიკურ მონსტრს, პირველ ტურში, სხვა პარტიების წინააღმდეგ ერთობლივად უკანონო მეთოდებით ემოქმედა და საკუთარი პროცენტები სხვა პარტიების ხარჯზე "აეწია". მათ შორის, მათი მხარდამჭერი ბიულეტენების დაუსაბუთებლად გაბათილების გზით და არამხოლოდ. ეს აბსოლუტურად დამაჯერებელი ვერსიაა, რადგან მათი ოპონირება ხელისუფლებისათვის უაღრესად კომფორტულია, სხვებისაგან განსხვავებით, მათ ნებისმიერ მომენტში წამოაძახებენ დანაშაულებრივ წარსულს, თავშიც წამოარტყამენ და განსაკუთრებულ შემთხვევებში ლეგიტიმურადაც დააპატიმრებენ. "ნაცმოძრაობა" არის ივანიშვილის სათაგურში გამომწყვდეულ დამნაშავეთაგან დაკომპლექტებული პოლიტიკურ-კრიმინალური დაჯგუფება, რომლის ხარჯზეც ის საკუთარი ტყუილებითა და დარღვეული დაპირებებით გაჯერებულ ოლიგარქიულ-ნეპოტისტურ-კორუფციულ მმართველობას "აპრავებს". ასე რომ, "ქოც-ნაც" მოძრაობებს ერთმანეთის გარეშე არსებობა არ შეუძლიათ და მათი მკაცრი ჩარჩოებით "ბუნებრივად" შემოსაზღვრულ დაპირისპირებაში, სხვა ყველა პარტია და რაც მთავარია, ჭეშმარიტება იკარგება!

რაც შეეხება საარჩევნო სისტემას, ძირეულ ცვლილებებს მრავალი მიმართულებით საჭიროებს. მათ შორის მაჟორიტარული ინსტიტუტის დღევანდელი სახით არსებობის გაუქმებიდან დაწყებული, არჩევნებზე მიმსვლელ ამომრჩეველთა ბარიერის (50%+1) დაწესებით და პოლიტიკური პარტიების, ასევე, საარჩევნო კამპანიების დაფინანსების მეტ-ნაკლებად გათანაბრებით (მათ შორის ზედა ზღვარის დაწესებით) გაგრძელებული. ვფიქრობ, აუცილებელია "პარლამენტში გამსველელი" ბარიერის შემცირება, თუნდაც 1%-მდე. გამოსავალი მხოლოდ მრავალფეროვნებაში, კონკურენციაშია. გაბერილი სიების ტოტალური გადამოწმების პროცესი ახლავეა დასაწყები. მნიშვნელოვნად მიმაჩნია პოლიციის, პროკურატურისა და სასამართლო სისტემის დაკომპლექტების დროსაც კი არჩევნების წესის დანერგვა, რათა ისინი ხელისუფლების დიქტატისაგან გათავისუფლდნენ.

- თუ ნახეთ საკანონმდებლო ორგანოში შემსვლელი იმ დეპუტატების ჩამონათვალი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" ცესკოს წარუდგინა. რა აზრის ხართ?

- სამარცხვინო და ამაზრზენი! სხვას ვერაფერს დავარქმევ "ქართული ოცნების" "პორტირებული" ნაცებით, სხვადასხვა ჯურის საეჭვო წარმომავლობის კაპიტალის მფლობელი ფსევდო ბიზნესმენებით, საზოგადოებრივ ცხოვრებასთან არანაირ შეხებაში მყოფი სპორტსმენებით "გაძეძგილ" სიას, რომელიც ერთადერთი - მორჩილების პრინციპით იქნა შერჩეული, რადგან ისინი დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ვერასდროს მიიღებენ და მათ მამა-მარჩენალ ივანიშვილს ვერ დაუპირსიპირდებიან. აქვე, ერთი ადამიანი მაინც განსაკუთრებით რომ არ ვახსენო, არ შემიძლია. ყველას, ვინც ხმა "ქართულ ოცნებას" ან "ნაცმოძრაობას" მისცა, კარგად უნდა ახსოვდეს, რომ მან ხმა ხელოვნურად გაძვირებულ წამლებს და შესაბამისად უწამლობით ყოველწლიურად ასობით ადამიანის სიკვდილსაც დაუჭირა მხარი! რადგან "ოცნებამ", სხვებთან ერთად "ნაცმოძრაობიდან" სააფთიაქო ქსელის მეპტარონე ოქრიაშვილიც გადაიბარა.

- ახალ დაპირებებზე რას იტყვით?

- მათი არცერთი დაპირების არ მჯერა, მაგრამ მათი იძულება, ვფიქრობ, ძალიან დიდი ძალისხმევით, თეორიულად მაინცაა შესაძლებელი. პირველ რიგში კი ამას მოვითხოვდი: სამართლიანობის აღდგენა-დამკვიდრების პროცესის რეალური დაწყება, დიდი ჰესების მშენებლობის აკრძალვის საარჩევნო დაპირების შესრულება, ადეკვატური სასამართლო და საარჩევნო რეფორმა, წვრილი მეწარმოების რეალური მხარდაჭერა, რეალური დასაქმებისთვის; წამლის, საწვავის და სხვა მონოპოლიების დაშლა, "იაფი ფულის" ანუ ხელმისაწვდომი, დაბალ პროცენტიანი კრედიტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ჰაერის დაბინძურების კატასტროფული მაჩვენებლის შემცირებისაკენ გადადგმული მწყობრი ნაბიჯები, , შეშის, როგორც საწვავის ჩანაცვლებისა და ტყეების ინვენტარიზაცია-აღდგენის რეალური ღონისძიებები, ქალაქებში ჯანმრთელი ხეების ჭრის ტოტალური აკრძალვის აღსრულება და ა.შ. ქვეყანა კატასტროფის წინაშეა და ჯერჯერობით ისევ გაეროს იმ პროგნოზის ასრულებისკენ მივდივართ, რომ 2025 წლისათვის ქართველები გადაშენების პირას მყოფთ ერთა ნუსხაში მოვხდებით.

ჩემი მოლოდინი უაღრესად პესიმისტურია, რადგან გატეხილი დაპირებებით აღსავსე ოთხი წელი სახეზეა. მათ შორის, როგორც უფლებადამცველს, ჟურნალისტს, ასევე, 2012 წლის "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამის გარემოს დაცვის თავის ავტორს, თუნდაც საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი დიდი ჰესებისა და ატომური სადგურების მშენებლობის აკრძალვის თაობაზე დადებული და მალევე ურცხვად გატეხილი პირობა მახსენდება ყოველთვის, რომლის გამოც, საქართველოს დიდ ნაწილს უკვე 110 ჰესის მშენებლობის გზით და რეალურად, მხოლოდ საკუთარი ჯიბეების გასავსებად, დატბორვას უპირებენ! ძალიან ძნელი და ალბათ, შეუძლებელია, ივანიშვილს და მის პოლიტიკურ გუნდს ენდო, რომელიც, დღენიადაგ სხვა ყოველივესთან ერთად, ოქრიაშვილის, ასევე, გირგვლიანის მკვლელების მფარველი "მოსამართლე" ლევან მურუსიძის და სხვა უღირსა ქება-"გაპრავებითაა" დაკავებული!

ამირან სალუქვაძე:

- "დემოკრატიის ტესტი", რა თქმა უნდა, ჩავაბარეთ. არჩევნები სცნო და მაღალი შეფასება მისცა ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციამ და დიპლომატიურმა კორპუსმა. იყო ლოკალური დაძაბულობები, თუმცა უარესიც გვახსოვს და წინა წლებთან შედარებით, უფრო მშვიდად ჩაიარა. რაც შეეხება შედეგებს, რა თქმა უნდა, ჯობდა, პარლამენტში მეტი პარტია მოხვედრილიყო, თუნდაც, როგორც ბევრ ქვეყანაში ხდება, ნახევარზე ნაკლები მიეღო "ქართულ ოცნებას" და კოალიციური მთავრობა შეექმნა ისეთ პარტიასთან, ვისთანაც პოზიციებს, ფასეულობებს, პროგრამას, პლატფორმას შეაჯერებდა. 3-4 თვის წინაც განვაცხადე, რომ შედეგები მოულოდნელი იქნებოდა. სამწუხაროა, რომ ბარიერი ბევრმა პარტიამ ვერ გადალახა. ზოგს ცოტა დააკლდა, ზოგს ბევრი, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ერთნიც და მეორენიც გაცილებით მეტს ელოდნენ. ალბათ ჯობდა, კოალიციები შეექმნათ, არასწორი ტაქტიკა აირჩიეს. ხმები გაიფანტა და ეს ხმები არ დააკლდა ხელისუფლებას. ჩვენი პრობლემა კიდევ ისაა, რომ კლასიკური პარტიები არ გვაქვს და მოთხოვნა არც ხალხშია. 200-ზე მეტი პარტიაა და ვინმემ ახლის შექმნა რომ მოინდომოს, თავისუფალ სახელს ვერ იპოვი. არ მომწონს და ჩემი აზრით, აკრძალული უნდა იყოს არჩევნების შემდეგ, ერთი პარტიიდან მეორეში გადასვლა. ავიწყდებათ, რომ იქ ამომრჩეველმა შეიყვანა და ხმა იმ კონკრეტულ პარტიას მისცა, არა - რომელიმე კონკრეტული პოლიტიკოსის ცხოვრების მოწყობას. ასევე, სავალდებულო უნდა იყოს არჩევნებზე მისვლა და ხალხის მიყვანის პრობლემას თავს ავარიდებთ.

რაც შეეხება კოორდინატორებს, როგორ წარმოგიდგენიათ პარტიული მოწყობა რეგიონებში ფილიალების, აქტივისტების და კოორდინატორების გარეშე? მეორე მხარეა, რომ მათი დაფინანსება და მოტივირება კანონის ფარგლებში ხდებოდეს. ეს არჩვენები იდეალური არ იყო და არ ვიცი ქვეყანა, სადაც იდეალურად ტარდება. დარღვევები იყო, თუმცა არა იმ დოზით, რომ საერთო შედეგზე საგრძნობი გავლენა მოეხდინა. ყველა პოლიტიკოსმა იცის, რომ 10-15%-ის მეტი გაყალბება არ ხდება და თუ ამდენი გაყალბდა, მაშინ წიხლებით უნდა ჩაეყარათ ბიულეტენები. წაგებულმა პარტიებმა უმჯობესია წაგების სწორი მიზეზები ეძებონ.

- ასევე, საინტერესოა, "განსხვავებული ფორმით შემოხაზვის" ფაქტებიც. მართლაც იქნებოდნენ ვინმესგან დავალებული ადამიანები?

- ეს არაა ახალი. ჩვენ გვახსოვს წინა არჩევნებზე ბიულეტენების შეტანა-გამოტანის სქემები და უამრავი სხვა. არჩევნებს 25 წელია ვატარებთ და ვფიქრობ არჩევნებიდან არჩევნებამდე ვიზრდებით. ჩემთვის ეს უკვე წარსულია და ორიენტირი ახალ არჩევნებზე უნდა გავაკეთოთ. ის პარტიები, რომლებსაც ფარ-ხმალი არ დაუყრიათ, სწორედ ამ მიმართულებით უნდა მუშაობდნენ ახლა და საარჩევნო სისტემაში ან კანონმდებლობაში თუ რაიმე არ მოსწონთ, უკვე ამ საკითხებზე უნდა მუშაობდნენ. ახლა და არა 3 წლის შემდეგ.

- რა პასუხისმგებლობას აკისრებს საკონსტიტუციო უმრავლესობა "ქართულ ოცნებას"?

- ასეთი უმრავლესობა "ქართული ოცნებისთვის" ტესტი იქნება. მათზეა დამოკიდებული როგორ გამოიყენებენ ხალხის ნდობას. ახლა უნდა იფიქრონ, რომ მყარი პარტია შექმნან, კონკრეტულ პლატფორმაზე, რადგან არანორმალური სიტუაცია გვაქვს, პარტიების მთავარი პლატფორმა ან პრორუსული ან პროდასავლური ორიენტაციაა. პოლიტიკური პროგრამები უნდა ჰქონდეთ და არა - დაპირებები. რაც შეეხება სიას, არ მომწონს ბიზნესი პოლიტიკაში, თუმცა ეს მხოლოდ ამ პარლამენტის პრობლემა არაა. არიან სპორტსმენებიც, მსახიობებიც, თუმცა, საკმარისად არიან იურისტებიც და საკანონმდებლო საქმიანობას ხელი არ შეეშლება. თურმე, ადრე, ყველაზე მეტი საკონმდებლო ინიციატივა (65 თუ 69) კობა დავითაშვილს ჰქონია, რომელმაც სიტყვა შეასრულა და პოლიტიკური აქტივობა შეწყვიტა, როცა საჭირო ნდობა ვერ მიიღო. ახლა უმუშევარია, ვფიქრობ, მასთან თანამშრომლობა სარგებელს მოუტანდათ. სხვათა შორის, არ მომწონს კვოტების დაწესება ქალებზე. ჩემი აზრით, შეურაცხმყოფელი უნდა იყოს სქესის, რასის ან სხვა მოტივით კვოტების დაწესება, თუ ადამიანი პროფესიონალია.

გამარჯვებულ მმართველ გუნდს, პირველ რიგში, ვურჩევდი, შეიარაღებულ ძალებს მიხედონ. ასევე, ვურჩევდი, კარგად გაიაზრონ, რას აკისრებს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რა გამოწვევაა ეს მათთვის; არ დაკარგონ ხალხთან კავშირი და 2020 წლის არჩევნებზე ფიქრი დღეიდანვე დაიწყონ. მაშინ ბევრი კარგის გაკეთებას შეძლებენ. ეს, ზოგადად, ყველა ხელისუფალს ეხება. ბევრ ადამიანს უჭირს ქვეყანაში, საფრთხეები იზრდება, ამიტომ, ხალხზე ზრუნვის და უსაფრთხოების განმტკიცებისკენ მინდა იყვნენ ორიენტირებულნი. ამისათვის კი აუცილებელია ეკონომიკის განვითარება და მეტი ძალისხმევა. ოპტიმისტი ვარ და განწყობაც ასეთი მაქვს. მინდა, რომ თქვენც კარგის მოლოდინი გქონდეთ. არჩევანი გაკეთებულია, ახლა საქმე ხელისუფლებაზეა!

თამთა დადეშელი