როგორ აიცილა თავიდან უხერხულობა მინისტრმა? - გზაპრესი

როგორ აიცილა თავიდან უხერხულობა მინისტრმა?

უცხო ქვეყანაში სამუშაოდ გადახვეწილების ნატვრა სამშობლოში, საკუთარ ოჯახებში, შვილებთან, შვილიშვილებთან, მშობლებთან დაბრუნებაა, თუმცა ჯერჯერობით ასეთ გადაწყვეტილებას ძალიან ცოტა თუ იღებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისედაც მცირერიცხოვანი ერი ქართველებს კარგავს. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, კონსტანტინე სურგულაძე მოგვიყვება, რა გეგმები აქვს სახელმწიფოს უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის და როგორ აპირებს მათ დაბრუნებას სამშობლოში. მინისტრთან ინტერვიუ მის მოკრძალებულ სამუშაო კაბინეტში ჩავწერეთ და რამდენიმე კითხვა ოჯახზეც დავუსვით.

- შარშან სხვადასხვა ქვეყანაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან არაერთი შეხვედრა გქონდათ. ვისაუბროთ იმ ძირითად პრობლემებზე, რაც უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს აწუხებთ.

GzaPress- ბევრი პრობლემა აქვთ ჩვენს თანამემამულეებს. შარშან ხშირად დავდიოდი საქმიანი ვიზიტით საზღვარგარეთ. ყოველთვის ვცდილობ, რა საკითხზეც უნდა წავიდე უცხო ქვეყანაში, აუცილებლად შევხვდე ადგილობრივ დიასპორას. ვიცი, რომ ჩვენი თანამემამულეების დიდ ნაწილს საქართველოში დაბრუნება სურს. მათი მთავარი თხოვნა ისაა, რომ იყოს მეტი კომუნიკაცია და ინფორმაცია ჰქონდეთ იმ პროექტების, გეგმების შესახებ, რასაც სახელმწიფო ახორციელებს. სურთ, ჩართულები იყვნენ ქვეყნის ცხოვრებაში. ჩვენი დიასპორა არ არის განყენებული თემა, ის ჩვენი საზოგადოების განუყოფელი ნაწილია. მათ აქვთ კომუნიკაციის პრობლემა სამშობლოსთან. ზოგი ახერხებს ამ კონტაქტს სოციალური ქსელის საშუალებით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ეს პრობლემა რომ დავინახეთ, გადავწყვიტეთ, გაგვეხორციელებინა უმნიშვნელოვანესი პროექტი. ჩვენს თანამემამულეებს ქსელი გავუკეთეთ. ახლა სატესტო რეჟიმში ხდება მისი გამოცდა. ადამიანიGგაწევრდება ამ ქსელში და ექნება უამრავი ინფორმაციის მიღების საშუალება. ჩვენი თანამემამულეები გაეცნობიან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, სამთავრობო ამბებს, ახალ და მიმდინარე პროექტებს. მათ ასევე ექნებათ ერთმანეთთან და ჩვენთან კომუნიკაციის საშუალებაც, რაც ასევე უმნიშვნელოვანესია. შეეძლებათ, თავიანთი მონაცემები, ბიოგრაფია, ღილაკზე თითის დაჭერით გარდაქმნან CV-ად, რომელიც ავტომატურად განთავსდება საქართველოში სამსახურის მაძიებელთა პროგრამაში. ეს თავისთავად დაეხმარება მათ, ვისაც სამშობლოში დაბრუნება და სამსახურის დაწყება სურს. ასევე უმნიშვნელოვანესია, ჩვენი დიასპორული ორგანიზაციების რეესტრი. მსოფლიოში 200-ზე მეტი ქართული დიასპორული ორგანიზაციაა. საინტერესოა ამ ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციაც. ქსელში განთავსდება მათ მიერ განხორციელებული ღონისძიებების ამსახველი ფოტო და ვიდეოალბომები და ყველა დაინახავს, რამდენად აქტიურია ეს დიასპორული ორგანიზაცია. შემდეგ უკვე ადამიანი თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, გაწევრდეს ამ დიასპორაში თუ - არა. ასევე მნიშვნელოვანია გზამკვლევების გააქტიურება. ყველაზე გამოცდილები ამ საკითხებში, ჩვენი ემიგრანტები არიან და საბედნიეროდ, ბევრი მზადაა, მოამზადოს გზამკვლევი და ამით დაეხმაროს თანამემამულეს, მარტივად მოიძიოს ესა თუ ის მისთვის საინტერესო ინფორმაცია იმ ქვეყანასა თუ ქალაქზე, სადაც ის აპირებს ცხოვრებას. იქნება ეს საცხოვრებელი სახლის მოძებნა, სკოლის შერჩევა შვილისთვის თუ სხვა. ასეთ გზამკვლევს დავამზადებთ მათთვისაც, ვისაც საქართველოში დაბრუნება სურს. ბევრ ქვეყანაში ძალიან პოპულარულია დიასპორული ტურიზმი. შესაძლებელია, ჩვენი თანამემამულე არ წავიდეს სხვა ქვეყანაში, ჩამოვიდეს თავის სამშობლოში იმიტომ, რომ ნახოს სვანეთი, შატილი, ყაზბეგი, ხულო და ა.შ. ასევე ვაპირებთ ინტერესთა ჯგუფების ჩამოყალიბებას. მაგალითად, უამრავი წარმატებული ქართველი ფიზიკოსი ცხოვრობს საზღვარგარეთ და ისინი არ იცნობენ ერთმანეთს. ამ ქსელის საშუალებით გვინდა, რომ ისინი ერთმანეთთან დავაკავშიროთ. შესაძლოა, ჰქონდეთ საქართველოში მყოფ ფიზიკოსებთანაც კონტაქტი, გაუზიარონ და იმსჯელონ მათთვის საჭირო საკითხებზე. ამის საშუალება ნებისმიერი პროფესიის ადამიანს ექნება.

- ბევრი ჩვენი თანამემამულე თავს იკავებს სამშობლოში დაბრუნებისგან იმ მოტივით, რომ აქ სამსახურს ვერ იშოვის. ბევრი დაბრუნდა, მაგრამ უკან წავიდა გულგატეხილი. რას აკეთებს სახელმწიფო საიმისოდ, რომ ემიგრანტები სამშობლოში დააბრუნოს?

- ძალიან ვერიდები წინა ხელისუფლების კრიტიკას, მაგრამ შედარებისთვის მაინც უნდა ვთქვა: როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდნენ, მაშინვე ჩვენს თანამემამულეებს მოუწოდეს, დაბრუნდითო. ბევრი დაბრუნდა, ენდო ამ განცხადებას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს უპასუხისმგებლო განცხადება იყო. დაბრუნებულებს არაფერი შესთავაზეს. გეთანხმებით, ბევრი გულგატეხილი დაბრუნდა უკან. მიგვაჩნია, რომ ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება არ უნდა გავაკეთოთ. თუ არ გაქვს იმის საშუალება, შესთავაზო სამუშაო ადგილები, შესაბამისად, არც უნდა მოუწოდო და არც უარი უნდა უთხრა დაბრუნებაზე. ჩვენი მიზანია, ქვეყანაში შევქმნათ ისეთი გარემო, რომ წავახალისოთ ბიზნესი, შევქმნათ სამუშაო ადგილები. ამის შემდეგ მათ ბუნებრივად უნდა მოუნდეთ სამშობლოში ჩამოსვლა. გვაქვს საინტერესო პროექტები და ვფიქრობთ, მალე შევხვდებით დონორ ორგანიზაციებსაც. მუშავდება პროექტი, რომლითაც გვინდა, დავეხმაროთ თანამემამულეებს დაბრუნებაში და მცირე და საშუალო ბიზნესის დაწყებაში, მაგრამ ეს იქნება ეტაპობრივი. ვცდილობთ, შეიქმნას ისეთი სისტემა, რომელიც იქნება მდგრადი განვითარებადი პროექტი და ერთი წარმატებული თანამემამულის საშუალებით, მეორე თანამემამულეს მიეცემა საშუალება, დაბრუნდეს თავის ქვეყანაში.

- თუ არსებობს ერთიანი სტატისტიკური მონაცემი, უცხო ქვეყანაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების შესახებ?

GzaPress- ამის დათვლა ურთულესი საკითხია. ემიგრაცია გუშინ არ დაწყებულა, გვაქვს ისტორიული ემიგრაციაც. ჩვენი თანამემამულეები ქვეყნიდან მასობრივად 90-იან წლებში გავიდნენ. ამას ჩვენ ახალ ემიგრაციას ვეძახით. მაშინ წასული ხალხი არსად რეგისტრირებული არ არის. მოგეხსენებათ, იმ პერიოდში სულ სხვა სისტემა იყო. მხოლოდ 2008 წლიდან დაიწყო საზღვარზე გასვლა-შემოსვლის ელექტრონული რეგისტრაცია. ახალი ემიგრაციიდან 24-25 წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში ახალი თაობა წამოვიდა, მათ შვილები გაუჩნდათ, გახდნენ იმ ქვეყნის მოქალაქეები. უმეტესობამ შვილები საკონსულოებში არ დაარეგისტრირა. ვაწყდებით ძალიან დიდ დემოგრაფიულ პრობლემას. ეს არ არის მხოლოდ ემიგრანტების პრობლემა, ეს ჩვენი ქვეყნის პრობლემაა. სავარაუდოდ, მილიონ-ნახევარზე მეტი ადამიანია გასული ქვეყნიდან და ისეთი მცირერიცხოვანი ერისთვის, როგორიც საქართველოა, ეს უზარმაზარი ციფრია. იქ დაბადებულმა და გაზრდილმა ბავშვმა დიდი რისკია, ქართული თვითშეგნება დაკარგოს. ვკარგავთ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის შთამომავლობას. თუ ისინი ქართველებად არ დარჩებიან, საქართველოსთვის დაკარგულნი არიან. ბევრი ოჯახი ვიცი, სამშობლოში მხოლოდ იმიტომ ბრუნდება, რომ შვილი ქართველად აღზარდოს. ახლა ჩვენი პატარებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტის მომზადება დავიწყეთ. ეს იქნება ონლაინ-სკოლა, რომლის მიზანია, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ბავშვებში ქართული ენა და ქართული თვითშეგნება. გაკვეთილები წარიმართება ცოცხლად. პედაგოგი ჩაატარებს გაკვეთილს, ემიგრანტი ბავშვები კი სახლიდან გაუსვლელად, კომპიუტერს მიუსხდებიან და სპეციალური დანადგარების საშუალებით მიიღებენ მონაწილეობას. გაკეთდება ონლაინ-საკლასო ოთახები, 8-12 მოსწავლით. პატარებს შესაძლებლობა ექნებათ, შეისწავლონEსაქართველოს ისტორია, გეოგრაფია, საქართველოს ეთნოგრაფია, ქართული ენა და ლიტერატურა. ეს არ იქნება მოსაწყენი გაკვეთილები. მომზადდება ასევე გასვლითი გაკვეთილებიც, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ღირსშესანიშნავი ადგილიდან. ვფიქრობთ, რომ სექტემბერში სადემონსტრაციო ვერსია ამუშავდება და ვნახავთ, რა სირთულეებს წავაწყდებით. ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი: დროის სარტყელები, ენობრივი საკითხები და უამრავი დეტალი, რომელზეც საფუძვლიანად ვმუშაობთ.

- ბატონო კონსტანტინე, ოჯახზეც ვისაუბროთ: ოთხი შვილი გყავთ, გაგვაცანით ისინი.

- ორი უფროსი გოგონა და ორი ბიჭი მყავს. ლიზიკო 19 წლისაა, სოფო - 17-ის. გოგონები საქართველოში გაჩნდნენ. ნიკოლოზი მალე 10-ის ხდება, ის ლონდონში დაიბადა მაშინ, როდესაც საქართველოს საელჩოში კონსულად ვმუშაობდი. გვყავს სამწლი-ნახევრის იოანე, რომელიც ამერიკაშია დაბადებული. ჩემს მეუღლესთან ერთად, ძმასთან, აშშ-ში ვიყავი. გარკვეული პერიოდი გვინდოდა დარჩენა, მაგრამ ბავშვი რომ გაჩნდა, საქართველოში დავბრუნდით. ლიზიკო "ჯიპაში" სწავლობს, პირველ კურსზეა. სოფოც ემზადება და ისიც "ჯიპაში" აბარებს. ნიკოლოზი მეოთხე კლასშია, ძალიან კარგად თამაშობს ფეხბურთს და ამავდროულად, დადის "კარტინგებზეც". საოცრად კარგად დაჰყავს მანქანა. იშვიათად, მის ასაკში ვინმემ ტოლი დაუდოს მანქანის ტარებაში. საოცრად კარგი და სწრაფი მანევრი აქვს.

- მკაცრი მამა ხართ?

- ხანდახან საჭიროა სიმკაცრის გამოჩენა (იღიმის). პატარებთან უფრო ნაკლებად ვარ მკაცრი. ჩემი გოგონები არ მაძლევენ იმის საბაბს, რომ მკაცრი ვიყო.

- მეუღლის შესახებაც გვიამბეთ, სად გაიცანით?

- მეუღლე, ნინო რუსაძე პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა. ჩვენ ერთ სკოლაში - პირველ ექსპერიმენტულში ვსწავლობდით. სკოლაში თითქმის არ ვიცნობდი. ნინო მაშინ გავიცანი, როდესაც უმაღლესში ჩასაბარებლად ვემზადებოდი და ისტორიაში ერთ მასწავლებელთან მოვხვდით. ჩემთვის ის ცხოვრებაში ერთ-ერთი ძირითადი ადამიანია. თუ სანერვიულო ან რამე პრობლემა მაქვს, მეუღლე საოცრად მამშვიდებს. მასთან საუბარი, უბრალოდ, მისი გაღიმებაც კი საკმარისია, ჩემს დასამშვიდებლად. საოცრად მოქმედებს ჩემზე. შესაბამისად, ნინო არის ერთ-ერთი უმთავრესი ადამიანი, ისევე როგორც ჩემი მშობლები. მათთან კონტაქტი, საუბარი მსიამოვნებს, მაწყნარებს.

- სიურპრიზებით თუ ანებივრებთ მეუღლეს? რამდენად რომანტიკული ხართ?

- ვცდილობ, ხან ყვავილები ვაჩუქო, ხან რაიმე სიურპრიზი გავუკეთო ან სადმე წავიყვანო. როგორ გამომდის, ეს სხვა საკითხია. ნინოსთვის არ მიკითხავს, რამდენად რომანტიკულად გამომდის (იღიმის).

- ალბათ ძალიან დაკავებული ხართ და ბავშვებს სულ ენატრებით.

- მაქსიმალურად ვცდილობ, ეს არ ვაგრძნობინო, მაგრამ ხშირად არ გამომდის. სამსახურში ადრე მივდივარ და შესაძლოა, საღამოს ისეთ დროს დავბრუნდე შინ, რომ ბავშვებს ეძინოთ. დღეს რომ წამოვედი, ჩემს პატარას ეძინა. ძალიან ვუყვარვარ ჩემს შვილებს (იღიმის), განსაკუთრებით იოანეს ვუყვარვარ. საოცარი რეაქცია აქვს ჩემს დანახვაზე: "მამაააააააააა!" - დაიძახებს, გამოიქცევა, ჩამეხუტება. შემდეგ თამაშს იწყებს და იძახის "ამ" - ვითომ შემჭამა, - ან ცხვირი შემიჭამა, ან - ლოყები. აი, ასე მეთამაშება.

- ზღაპრებს თუ უკითხავთ იოანეს?

GzaPress- ჩემდა გასაკვირად, ზღაპრები არ უყვარს. ძალიან უყვარს ხატვა, განსაკუთრებით - კედლებზე. უყურებს მულტფილებს, სულ ღიღინებს. სამი წლის იყო, გამართულად საუბარი რომ დაიწყო და ახლა ინაზღაურებს, აღარ გვასვენებს თავისი ტკბილი ჭიკჭიკით. რატომღაც უყურებს გერმანულ არხებს. თავისით ისწავლა დათვლა გერმანულად. რუსული მულტფილმი "მაშა და დათვი" უყვარს. რაღაც სიტყვები რუსულადაც იცის. უფროსი დების გადამკიდე, რომლებიც ძალიან კარგად ფლობენ ინგლისურ ენას, სუფთა ბრიტანული ინგლისურით საუბრობენ, ხშირად ინგლისურ არხებს უყურებენ, იოანეც სწავლობს ინგლისურს.

- თქვენი ნივთებით თუ უყვარს თამაში იოანეს?

- განსაკუთრებით მობილურით თამაში უყვარს და არაერთხელ ჩამაგდო უხერხულ მდგომარეობაში: ისეთ ხალხთან დარეკა, ვისთანაც ხშირად არ ვრეკავ (იცინის). შემდეგ ნომრებს კოდი დავადე და ასე ავცდი უხერხულობას. ვერანაირად ვერ ვეუბნები უარს იოანეს. როცა ამბობს, მათხოვე ტელეფონიო, უკვე ნათხოვი აქვს. კიდევ, ჩემი სუნამო უყვარს და ხშირად იპკურებს. დილით, როდესაც სამსახურში მივდივარ, ამ დროს იოანეს თუ ღვიძავს, აქტიურად ერევა ჩემს ჩაცმულობაში. განსაკუთრებით, ჰალსტუხები და ქამრები მოწონს. თავად მირჩევს, რომელ პერანგზე რა ფერის ჰალსტუხი გავიკეთო.

- გიმორჩილებთ პატარა ვაჟკაცი?

- მარტო მე - არა, ყველას იმორჩილებს (იცინის). თუ იტყვის, საჭმელი მამამ მაჭამოსო, არ არსებობს, სხვა მიიკაროს. მე და ნინო მისთვის შეუცვლელები ვართ.

- ძალიან დიდი სითბო და მზრუნველობა იგრძნობა თქვენი სიტყვებიდან. თუ დაგიძინებიათ იოანე?

- ძალიან ხშირად. ჩემი სურვილია, რომ მაქსიმალურად ჩართული ვიყო მის აღზრდაში. თუ შინ ადრე მივედი და ბავშვი დასაბანია, სიამოვნებით ვბან და ვაძინებ. ძილის წინ მისთვის საინტერესო ამბებს მაყოლინებს ხოლმე, მაკვირვებს - უცნაურად სერიოზულ თემებზე უყვარს საუბარი. ყველაზე დიდი ბედნიერება ჩემთვის, ჩემი შვილები არიან. ვცდილობ, ხშირად ვესაუბრო მათ ისეთ თემებზე, რაც ცხოვრებაში გამოადგებათ: ესაა კაცთმოყვარეობა, რომ არასდროს სძულდეთ ადამიანი. შეიძლება, გაბრაზდე სხვის ცუდ საქციელზე და არა - ადამიანზე. არ დაუკარგო და დააფასო ადამიანის გაკეთებული სიკეთე.

ლამუნა ირემაშვილი