როგორ ეყრებოდა საფუძველი ევროკავშირს
font-large font-small
როგორ ეყრებოდა საფუძველი ევროკავშირს
რიჰარდ კუდენჰოვემ ცხარე მოღვაწეობა გააჩაღა. ევროინტეგრაციის მთავარმა იდეოლოგმა ოთხი პან-ევროპული კონგრესის მომზადება და ჩატარება მოახერხა: ვენაში (1926, 1935); ბერლინში (1930) და ბაზელში (1932).
ერთ-ერთ სხდომაზე "პობიეჟოვიცელი მეოცნების" გეგმის პატარა ნაწილიც განხორციელდა - გამოაცხადეს ევროპული პარტიის შექმნა, რომლის მთავარ ამოცანად მშვიდობის ხელშეწყობა და სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობა დაისახა.

მაგრამ შემდეგ სხვა დრო დადგა: 1933 წელს გერმანიის სათავეში მოსულმა ნაცისტებმა საკუთარ ტერიტორიაზე პან-ევროპული კავშირის მოღვაწეობა აღკვეთეს, ხოლო კუდენჰოვე-კალერგის ყველა წიგნი იმ ლიტერატურის ნუსხაში მოხვდა, რომელიც დაწვას დაექვემდებარა, რადგან "ევროპის გაერთიანება რასების დაუშვებელ შერევას მოიტანდა". ადოლფ ჰიტლერმა პან-ევროპას "რასობრივი გარეწრების იდეალი და ებრაელების მიერ ევროპის დაპყრობის ინსტრუმენტი" უწოდა. აქედან გამომდინარე, პან-ევროპეიზმის მთავარ მტრებად იმხანად გერმანელი ნაციონალ-სოციალისტები იქცნენ.

ამ მხრივ, 1935 წელი პან-ევროპული კავშირის განვითარების გარდამტეხ წლად იქცა. რაც უფრო ახლოვდებოდა მეორე მსოფლიო ომი, მით უფრო ნაკლებ ყურადღებას უთმობდნენ ქვეყნები ევროინტეგრაციის იდეებს. რეალურ პოლიტიკაზე პან-ევროპული კავშირის გავლენა შესუსტდა. პრობლემათა განხილვა მხოლოდ ერთა ლიგის სხდომებზე ხდებოდა შესაძლებელი (ეს ერთადერთი ორგანიზაცია იყო, რომელიც ევროპულ ქაოსს უპირისპირდებოდა). ომებს შორის პერიოდში სახელმწიფოთა ნაციონალისტურმა განწყობილებამ იმძლავრა, მათ ლიდერებს კი არ აღმოაჩნდათ სურვილი, ოფიციალურად მიეღოთ პან-ევროპული იდეა. აღინიშნებოდა ეკონომიკური ავტარკიის (თვითკმარობა) მიდრეკილებებიც. ბევრ პოლიტიკოსს არ სჯეროდა წინასწარმეტყველური პროგნოზის, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ევროპა არ გაერთიანდებოდა, ის აუცილებლად რუსებისა და ამერიკელების ინტერესთა სფეროებად დანაწილდებოდა.

GzaPress30-იანი წლების შუახანს პან-ევროპულმა მოძრაობამ გეზი არა შემდგომი გაფართოების, არამედ ჰიტლერიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და ევროპაში ახალი ომის დაუშვებლობისკენ აიღო. ამასთანავე, ის მეთოდურად და თანამიმდევრულად ამზადებდა კადრებს ელიტის იმ წარმომადგენელთაგან, რომლებიც მომავალში აღიარებულ სულიერ ავტორიტეტთა მისიის შესრულებას შეძლებდნენ. სხვადასხვა დროს პან-ევროპული კავშირის წევრი ბევრი გამოჩენილი ინტელექტუალი ყოფილა: ალბერტ აინშტაინი, ბერნარდ შოუ, პოლ ვალერი, ჰაინრიხ და თომას მანები, ხოსე ორტეგა-ი-გასეტი, შტეფან ცვაიგი, რაინერ მარია რილკე, მიგელ დე უნამუნო, ზიგმუნდ ფროიდი, ფრანც ვერფელი, სალვადორ დე მადარიაგა; ასევე პოლიტიკოსები: ოტო ფონ ჰაბსბურგი, კონრად ადენაუერი, შარლ დე გოლი, ფრანც იოზეფ შტრაუსი, ბრუნო კრაისკი, ჟორჟ პომპიდუ და სხვ. მათი სახელები და ავტორიტეტი ერთიანი ევროპის იდეის საუკეთესო პროპაგანდას წარმოადგენდა.

"ცისკარმა ინათა!.."
1938 წელს ავსტრიაში ნაცისტური ანშლუსის შედეგად, პან-ევროპული კავშირის ბიურო ლიკვიდირებული იქნა. მეორე მსოფლიო ომის წლებში კუდენჰოვე-კალერგიმ ევროპის ტერიტორიაზე მოღვაწეობა შეწყვიტა. უკანასკნელ მომენტში ის ხელიდან დაუსხლტა ნაცისტებს, რომლებიც ევროპის გაერთიანებას სულ სხვა პრინციპით გეგმავდნენ. გრაფი ჯერ "მშობლიურ" ჩეხოსლოვაკიაში გაემგზავრა, შემდეგ - შვეიცარიაში, იქიდან - საფრანგეთში. ამ ქვეყნის კაპიტულაციის შემდეგ, 1940 წელს, გრაფი, პორტუგალიის გავლით, აშშ-ში ჩავიდა.

1942-45 წლებში კუდენჰოვე ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ისტორიას ასწავლიდა და ამერიკაში პან-ევროპული იდეების განვითარებასაც ახდენდა.

1943 წელს, პან-ევროპული კავშირის მეხუთე კონგრესი სწორედ ნიუ-იორკში ჩატარდა. ომის დამთავრების შემდეგ, 1945 წელს გრაფი ევროპაში დაბრუნდა და საკუთარი კონცეფციის დანერგვის საქმე წამოიწყო. პოპულარიზატორთა რიგებში მან ცნობილი ადამიანები ჩააყენა, მაგალითად, ისეთი აღიარებული პოლიტიკოსი, როგორიც იყო დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სერ უინსტონ ჩერჩილი, ასევე, საფრანგეთის ლიდერი - შარლ დე გოლი.

1946 წლის 19 სექტემბერს ჩერჩილი ციურიხის უნივერსიტეტში გამოვიდა სიტყვით, რომლის მომზადებაშიც კუდენჰოვე-კალერგი მონაწილეობდა. ამ სიტყვაში დეკლარირებული იყო პან-ევროპული იდეის საფუძველზე "ევროპის შეერთებული შტატების" შექმნის აუცილებლობა. ქარიზმატულ ინგლისელ ექს-პრემიერს ამ იდეის ავტორის დამსახურების აღნიშვნა დაავიწყდა.

დაუღლელი და მოუსვენარი გრაფი, კონსერვატიულ-ქრისტიანული პოზიციებიდან, მწვავედ აკრიტიკებდა ომის შემდგომი პერიოდის ევროპული ინტეგრაციის ვიწრო ეკონომიკურ და ტექნოკრატიულ მიმართულებებს. ის აშკარად გამოდიოდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ხალხთა საბჭოთა ოკუპაციისგან გათავისუფლების მოწოდებით და თავისუფალი ევროპული სახელმწიფოების უფრო მჭიდრო ეკონომიკურ-პოლიტიკური გაერთიანების სასარგებლოდ. ევროპას, შორეულ პერსპექტივაში, რუსეთსაც მიაკუთვნებდა, რადგან მიაჩნდა, რომ ის დროებით განუდგა ევროპულ დემოკრატიას და მომავალში, ევროპასა და აზიას შორის კულტურული საზღვრები არა ურალზე, არამედ ალტაიზე გაივლებოდა. ის წერდა: "ევროპა განფენილი იქნება ჩინეთამდე, იაპონიამდე და წყნარ ოკეანემდე. მაშასადამე, ასე შორს აღმოსავლეთით და ამხელა სივრცეზე დემოკრატიული სისტემა გავრცელდება".

1947 წელს, ევროპელი პარლამენტარების გასაერთიანებლად, კუდენჰოვე-კალერგიმ ევროპული საპარლამენტო კავშირი დააფუძნა და მისი გენერალური მდივანი გახდა. თავდაპირველად, ევროპის საპარლამენტო კავშირი ყველა სხვა ორგანიზაციასთან გაერთიანების წინააღმდეგი იყო. მხოლოდ 1952 წელს, ევროპული მოძრაობის წევრი გახდა და კუდენჰოვე-კალერგი ამ მოძრაობის საპატიო პრეზიდენტად აირჩიეს.

"თოფიანი კაცის აჩრდილი"
"პან-ევროპეიზმის მამა" რუსეთსა და აშშ-ს დიდი სიფრთხილით ეკიდებოდა, რადგან მათ გაერთიანებული ევროპის მთავარ საფრთხედ მიიჩნევდა: საბჭოთა კავშირს ევროპაზე თავდასხმა, ხოლო ამერიკას მისი ყიდვა შეეძლო. თუმცა, თუკი აშშ-სთან მიმართებაში ის მხოლოდ აღნიშნავდა, რომ ევროპას ამ სახელმწიფოს მიმართ დამოუკიდებლობა უნდა შეენარჩუნებინა, საბჭოთა კავშირთან ურთიერთობები კუდენჰოვეს მთავარ თავსატეხად ესახებოდა. ის წერდა: "ევროპას შეუძლია, ომით გამოწვეული ეკონომიკური კატასტროფის შედეგები დაძლიოს მხოლოდ რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობითა და რეკონსტრუქციაში მისი მონაწილეობით. რუსეთსა და ევროპას ერთმანეთი სჭირდებათ, რათა ერთობლივი ძალებით აღდგნენ"...

შეიძლება ითქვას, რომ პან-ევროპული პოზიცია რუსეთთან მიმართებაში ამ პროექტის წინააღმდეგობრიობის მაგალითს წარმოადგენს: ერთი მხრივ, კუდენჰოვე კატეგორიულად ამტკიცებდა, რომ რუსეთი ნებისმიერი მმართველობის პირობებში სახიფათოა და ამიტომაც, ერთადერთ გამოსავლად ეკონომიკური და პოლიტიკური გაერთიანება ესახებოდა, მასთან თანაარსებობის სამშვიდობო საშუალებათა მუდმივ ძიებაში იყო; მეორე მხრივ, პარადოქსული დიპლომატიურობით აზუსტებდა: "მომავალი პლანეტური ადამიანის წინაპრად თანამედროვე ევროპაში, რუსი ადამიანი გვევლინება, რომელიც საკუთარ თავში სლავურ-თათრულ-ფინურ ნაზავს აერთიანებს და მთელ ევროპელ ხალხთა შორის, ყველაზე ნაკლებად გამოირჩევა გამოკვეთილი რასობრიობით. ამდენად რუსი - ტიპური სულის ადამიანია"...

"ევროპისთვის მუდამ მზადმყოფი"
1950 წლის 18 მაისს გრაფი რიჰარდ კუდენჰოვე-კალერგი კარლოს დიდის საერთაშორისო პრემიის ლაურეატი გახდა. ეს იყო მისი ღვაწლის დაფასება ევროპის გაერთიანებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის; მოღვაწეობის, რომელიც მთელი მისი ცხოვრების აზრად იქცა.

გარკვეული ხნის შემდეგ, მან ევროპის საბჭოს გაერთიანებული ევროპის დროშის პროექტი შესთავაზა. დროშაზე ქრისტიანული ჯვრის არსებობის გამო, პროექტი დაიწუნეს.

1955 წელს გრაფმა ახალი ევროპის ჰიმნის სახით, ბეთჰოვენის "სიხარულის ოდა" წარმოადგინა, რაც დღეს ევროკავშირის ოფიციალურ ჰიმნადაა აღიარებული.

GzaPress1965 წელს, როცა "ევროპულმა მოძრაობამ" საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტზე სოციალისტების კანდიდატს - ფრანსუა მიტერანს დაუჭირა მხარი ("პან-ევროპული კავშირი" კი ძველი თანამებრძოლის, კონსერვატორი შარლ დე გოლის სასარგებლოდ იღვწოდა), კუდენჰოვე-კალერგიმ ამ მოძრაობის საპატიო პრეზიდენტის ფუნქცია მოიხსნა.

1968 წელს გრაფს მეორე ცოლი გარდაეცვალა. მისი სიბერე მესამე ქორწინებამ გაახალისა. 1969 წელს ის ავსტრიელ მელანი ბენაცკაია-ჰოფმანზე დაქორწინდა (კომპოზიტორი რალფ ბენაცკის ქვრივზე).

ევროპის ერთგული პატრიოტისა და მტკიცე კონსერვატორის, რიჰარდ კუდენჰოვე-კალერგის გული 1972 წლის 27 ივლის გაჩერდა. მისმა პირადმა მდივანმა, ქალბატონმა დეშმა მოგონებებში დაწერა, რომ გრაფმა თავი მოიკლა, რაც გულმოდგინედ შენიღბა, თუმცა ყველა სამეცნიერო ბიოგრაფიაში წერია, რომ მან ბუნებრივი სიკვდილით დატოვა ეს სამყარო.

თომას ედისონი ამბობდა: "როცა საგანი ისე არ მუშაობს, როგორც თქვენ გეგმავდით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის უსარგებლოა".

ობიექტურმა თუ სუბიექტურმა მიზეზებმა, კუდენჰოვეს პან-ევროპულ პროექტს ცხოვრებაში სრულყოფილი რეალიზების ნება არ მისცა. მისი გავლენა სახელმწიფოთა პოლიტიკაზე თავდაპირველად იმით შემოიფარგლა, რომ დიდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფორუმებზე მტკივნეულ ევროპულ პრობლემებზე მსჯელობას შეუწყო ხელი.

გრაფის იდეა, რომელმაც დროს წინ გაუსწრო, მის სიცოცხლეში უტოპიად ესახებოდათ. მაგრამ ფაქტია: ევროპის გაერთიანების იდეა სულიერ ტრადიციად იქცა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. მან დროთა განმავლობაში დინამიზმი და შინაგანი ძალა მოიკრიბა და ევროპელი საზოგადოება მისი განხორციელებისთვის მოამზადა. სწორედ ამაში გამოიხატება კუდენჰოვე-კალერგის, როგორც გაერთიანებული ევროპის იდეის ავტორისა და სულიერი მასწავლებლის, ეჭვმიუტანელი დამსახურება.

გრაფის მრავალი პესიმისტური წინასწარმეტყველებაც ახდა. როგორც მან განჭვრიტა, ევროპის კონტინენტი ახალმა, პირველ მსოფლიო ომზე უფრო საშინელმა ომმა გამოფიტა, ხოლო საბჭოთა კავშირმა რამდენიმე ათწლეულით დაიქვემდებარა ევროპის აღმოსავლეთი და ნაწილობრივ ცენტრალური ნაწილი. თუმცა საბოლოოდ ევროპა მაინც გაერთიანების გზას დაადგა.

შვეიცარიული ალპების ფერდობზე განთავსებულ, მოკრძალებული საფლავის ქვაზე, რომელიც იაპონური ქვების ბაღისა და ველური ვენახის ქვეშ იმალება, ვკითხულობთ: Pionnier des Etats-Unis D"Europe - "ევროპისთვის მუდამ მზადმყოფი, როგორც პიონერი". ალბათ სხვა ეპიტაფიას გრაფი საკუთარი თავისთვის არც ისურვებდა.
მოამზადა ირინა ჯანდიერმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა მიმდინარე, პოსტ თუ წინასაარჩევნო საკითხებზე თავის მოსაზრებებს გვიზიარებს.
"მახარებს, რომ თბილისში რუს ტურისტებს მიესალმებიან" - ანგელა მერკელის ვიზიტის შუქ-ჩრდილები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2536 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2450 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი