აფხაზეთიდან კიდევ 13 ქართველის ნეშტი გადმოასვენეს - გზაპრესი

აფხაზეთიდან კიდევ 13 ქართველის ნეშტი გადმოასვენეს

დაღუპულებს შორის იყო ამერიკელი ჟურნალისტი, ალექსანდრე ტეტვა, რომელიც სამშობლოში ერთი კვირის შემდეგ გადაასვენეს... ქართველების ცხედრები კი, 23 წლის განმავლობაში, ეტაპობრივად "ტოვებდნენ" საძმო საფლავს და ოჯახებს უბრუნდებოდნენ... რამდენიმე დღის წინ, აფხაზეთიდან, ბაბუშერას სასაფლაოდან, 13 გმირი მეომრის ცხედარი თბილისში ჩამოასვენეს...

ცხედრების ანთროპოლოგიური ანალიზისთვის, მასალები ზაგრების ექსპერტიზის ბიუროში გაიგზავნება, ოჯახის წევრების DNM-ის ანალიზს კი, სამხარაულის ეროვნული ბიურო ჩაატარებს. მონაცემების ჩაბარების შემდეგ, ცხედრების იდენტიფიცირება მოხდება და ცხედრები ოჯახებს გადაეცემა... 2006 წლის შემდეგ აფხაზეთიდან ცხედრების გადმოსვენების პროცესი გაყინული იყო. შარშან, ახალი ხელისუფლების პირობებში მხოლოდ 2 ცხედრის გადმოსვენება მოხერხდა. ოფიციალური ინფორმაციით, 90-იანი წლების ქართულ-აფხაზურ მოვლენებში უგზო-უკვლოდ დაკარგულად 2 ათასზე მეტი ადამიანი ითვლება...

ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი:

- საუბარს ცოტა შორიდან დავიწყებ: სოხუმი იცლებოდა. ძალიან მძიმე დღეები იდგა. ჟიული შარტავამ, მე და გია გვაზავა აეროპორტს მიგვამაგრა და მუდმივად იქ გვიწევდა ყოფნა. მაშინ საქართველოს პარლამენტის წევრები ვიყავით. მე ბატონი ჟიულის მოადგილეც ვიყავი და მუდმივი კავშირი მქონდა მასთან... მივიღეთ ინფორმაცია, რომ თბილისიდან თვითმფრინავი უნდა ჩამოფრენილიყო და ჰუმანიტარული ტვირთი ჩამოეტანა. ის იყო, გამოჩნდა და ასაფრენი ბილიკისკენ დავიძარით, მაგრამ დაეშვა თუ არა, ამოტრიალდა და ცეცხლის ალში გაეხვა... ეს კადრები მეხსიერებიდან არასდროს ამომივა. შოკში ჩავცვივდით... შემდეგ გაირკვა, რომ მას ოჩამჩირის მიდამოებში ესროლეს და სოხუმამდე მიაღწია, მაგრამ პილოტმა დაშვება ვერ მოახერხა. თვითმფრინავში მყოფი 102 ადამიანიდან, 92 დაიღუპა, ეკიპაჟის რამდენიმე წევრი კი, სასწაულებრივად გადარჩა...

- ვინ იმყოფებოდა თვითმფრინავში? სოხუშმი გადამწყვეტი ბრძოლები მიმდინარეობდა, ხომ?

- თვითმფრინავში იყვნენ მეომრები და ადგილობრივები, რომლებიც სოხუმში დარჩენილ ოჯახის წევრებთან ბრუნდებოდნენ. ასევე, დაღუპულებს შორის იყო საქართველოს პარლამენტის წევრი და ამერიკელი ჟურნალისტი ალექსანდრ ტეტვა. პირველმა შოკმა რომ გაგვიარა, დამწვარი თვითმფრინავიდან ცხედრების გამოტანა და მიწისთვის მიბარება დავიწყეთ... ამერიკელი ჟურნალისტი მალევე წაასვენეს სამშობლოში. ოჯახის წევრებმა მეორე დღესვე მოაკითხეს წებელდელ ცოლ-ქმარს, რომლებიც დაღუპულებს შორის იყვნენ... სოხუმში პაპანაქება სიცხე იყო. ჩვენთან იმყოფებოდა საქართველოს პროკურატურის წარმომადგენელი, ნაული ჯიქია და აფხაზეთის მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი, ანზორ ლაცუზბაია... თავდაპირველად, ბაბუშერის სასაფლაოზე, ხელით დავიწყეთ საფლავის გათხრა, შემდეგ გულრიფშის გამგებელმა ექსკავატორი გამოგვიგზავნა, რადგან 89 ადამიანის დაკრძალვა ფიზიკურად შეუძლებელი იყო... გარდაცვლილები პირდაპირ მიწაზე რომ არ დაგვეწვინა, ნაულიმ ხის ტოტები ჩამოსხიპა. იდენტიფიცირებას ანზორი ახდენდა, - ფიზიკურ აღნაგობასა და სხვა მონაცემებს ინიშნავდა. რამდენიმე მეომარს ჟეტონიც ჰქონდა... ამ ყველაფერს ორი-სამი დღე დასჭირდა. ვცდილობდით, დაღუპულები ისე დაგვეკრძალა, რომ აფხაზეთში დაბრუნების შემდეგ, ადვილად ამოგვეცნო... ომის დასრულებიდან გარკვეული დროის შემდეგ, მათი გადმოსვენების საკითხი დადგა და სახელმწიფო კომისია შეიქმნა, რომლის სათავეში ავთანდილ იოსელიანი იყო. შემდეგ ეს საქმე ზურაბ ერქვანიამ გააგრძელა. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საქმეში ის ადამიანებიც ჩაერთვნენ, ვინც თავად დაკარგეს შვილები, - ვლადიმერ დობორჯგინიძე, ნინელი ანდრიაძე, რომლებიც აფხაზებში დიდი ნდობით სარგებლობდნენ და აქტიურად მუშაობდნენ. ასევე, ალექსანდრე ჩადუნელი, იგივე ალი-ბაბა, რომელსაც აფხაზები ძალიან ენდობოდნენ. ისინი აფხაზეთში ჩადიოდნენ და უგზოუკვლოდ დაკარგული აფხაზების ოჯახებს ხვდებოდნენ. ჩვენი ბიჭების საფლავებზე ინფორმაციას აფხაზებიც გვაწვდიდნენ.

- ამობენ, ბოლო წლებში ეს ურთიერთობები შეწყვეტილი იყოო. ასეა?

- დიახ, სამწუხაროდ, მაგრამ ახალი ხელისუფლების პირობებში შეიქმნა ორმხრივი კომისია. ქართულ მხარეს სათავეში ჩაუდგა დავით დარახველიძე, აფხაზებიდან კი ქალბატონი ვარდანია. საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევით, რამდენიმე შეხვედრა სტამბოლში გაიმართა და გადაწყდა, რომ "წითელი ჯვრის" დაფინანსებით, გარდაცვლილების გაცვლა და იდენტიფიცირება მოხდება... 23 წელი ეძება და ახლახან იპოვა შვილის ნეშტი აფხაზმა ქალბატონმა, გიული კიჩბამ. ისეთი ბედნიერი იყო, თითქოს ცოცხალი შვილი დაჰბრუნებოდა... იმ 98 დაღუპულიდან, ბაბუშერაში ახლა 23 ქართველის ნეშტია დარჩენილი და ეტაპობრივად, ყველას გადმოვასვენებთ.

- ახალი ხელისუფლების პირობებში რა შეიცვალა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში?

- დამოკიდებულება შერბილდა. საომარი რიტორიკა არ ისმის... იმ ეკონომიკური პროექტების განხორციელების შემთხვევაში, რაზეც პრემიერმა ისაუბრა, ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობები თანდათან დალაგდება.

- რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით, რომელიც ენგურის ხიდზე "საზღვარს" ყოველდღიურად ამაგრებს, ეს შესაძლოდ მიგაჩნიათ?

- როდესაც ურთიერთობების დალაგებაზე ვსაუბრობთ, რუსეთის ფაქტორსაც ვგულისხმობთ, - რუსეთს არ უნდა მივცეთ იმის საშუალება, აფხაზებს უთხრან, - ხომ გეუბნებოდით, ქართველები თქვენი მტრები არიანო. როგორი გაბრაზებულიც უნდა ვიყოთ რუსეთზე, ის ჩვენი მეზობელია და ანგარიში უნდა გავუწიოთ.

ლალი პაპასკირი