"გასკდა ეს ოხერი გული, ამდენი ომითა და გაჭირვებით" - გზაპრესი

"გასკდა ეს ოხერი გული, ამდენი ომითა და გაჭირვებით"

ადგილობრივ მოსახლეობას, დაუცველობასთან ერთად, ყოფითი პრობლემების მთელი ჩამონათვალი აქვს.

- უგზოობა, უწყლობა, უგაზობა, უმუშევრობა... ამ და სხვა მიზეზების გამო, სოფელი თანდათან იცლება.

ვინაიდან სოფელი კონფილქტის ზონაში, დეფაქტო საზღვართან მდებარეობს, აქ ე.წ. რუსი მესაზღვრეების გადმოსვლის ფაქტები ხშირია. ამიტომ იქ მყოფს ქართული პოლიციის მანქანა დამყვებოდა...

GzaPressბობნევის უბნიდან ხურვალეთის ცენტრისკენ წამოვედით. გზადაგზა მოუვლელი ბაღები, მიტოვებული სახლები გვხვდებოდა. აქაურობას სიცოცხლის ნიშანწყალს გორაკებს შეფენილი ნახირი აძლევდა... რამდენიმე ადგილას, მიწის ნაკვეთებში მომუშავე გლეხებიც შევნიშნეთ და გამოველაპარაკეთ, - გული არ მიჩერდება სახლში, თორემ უწყლოდ რაღა მოსავალს მოვიყვან... წვიმის იმედად ვართ დარჩენილი, - გვითხრა ადგილობრივმა მოხუცმა, რომელიც კარტოფილს თესავდა. მიწის ნაკვეთებში თავღია ბიდონები ედგათ, - წვიმის წყალს ვაგროვებთო, - მითხრეს...

ადგილობრივები, ამ "ჯადოსნურ სითხეს" დასალევად, სოფლის ცენტრიდან მანქანით, დროგით, ურიკით ან ზურგით ეზიდებიან. ხანდახან პოლიციაც შეაშველებს ხოლმე ხელს, - მოხუცებსა და მარტოხელებს ბიდონებით ჩამოურიგებს. სოფლის მცხოვრებთა თქმით, პოლიციას რუსი ჯარისკაცები ერიდებიან და მადლიერებით ამბობენ, - ჩვენი ბიჭებით (პოლიციის) გვიდგას სული, მათ გარეშე არ ვიცით, რა გვეშველებოდაო...

ყველაზე მეტად, ზამთარში უჭირთ. სოფელში გაზი არ არის, შეშის საყიდელი ფული კი, თითქმის არავის აქვს...

მანქანიდან გზის განაპირას აშენებულ სალოცავს მოვკარი თვალი... - უფლის იმედზე ვართ, შვილო, საკუთარ მიწაზე მშვიდად ცხოვრებას ვევედრებით ყოვლისშემძლეს და კიდევ, ლუკმა პურსაც, აქაურობის დატოვებამაც რომ არ მოგვიწიოს. - მითხრა მხარზე წალდშემოდებულმა მოხუცმა. - ატმის ხეები გავჩეხე. რაც ოსურმა მხარემ სარწყავი წყალი გადაგვიკეტა, მაინც ვეღარ ვუვლი. უწყლობისგან გამხმარი იყო და ზამთარში შეშად მაინც გამოვიყენებდით... - ცრემლიანი თვალები დაკოჟრილი ხელით მოიწმინდა... ძირში მოჭრილი ატმების "ნახეივნარი" არაერთგან შემხვდა...

ჩვენს წინ მიმავალი ქართული პოლიციის მანქანა ხურვალეთის ცენტრში, ორსართულიან ბინასთან გაჩერდა. საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მოხუცი ქალბატონი შევნიშნეთ, - ციური ფოთოლაშვილი ვარ, შვილოო, - გვითხრა სევდიანი ღიმილით და სახლში შეგვიპატიჟა...

- ყველაზე მეტად წყლის პრობლემა გვაწუხებს. მე და ჩემი მეუღლე ავადმყოფები ვართ, - მე წნევიანი ვარ. მეუღლე ტრაქტორიდან ჩამოვარდა და ცალი თვალი დაკარგა. თავის ტკივილებიც დაუტოვა. წამლის დასალევად ორი ყლუპი წყალი რომ არ გექნება, ეს ცხოვრებაა? 6 შვილი გავზარდე. კი ცდილობენ, ხელი მოგვიმართონ როგორც შეუძლიათ, მაგრამ ყველაფერს შვილებსაც ვერ შესჩივლებ... ერთი თბილისში ცხოვრობს, მეორე - გორში, დანარჩენებიც ასე გაფანტულები არიან, ყველას თავიანთი ოჯახები აქვთ. გვეხმარებიან, მაგრამ წყალს იქიდან ხომ ვერ მოგვიზიდავენ? აქ არც ერთი არ გამიჩერდა, - არ გეწყინოს, დედა, ამ პირობებში ვერ გავძლებთო, მითხრეს. ვერც ვამტყუნებ...

- წყალი მოდის ეზოში?

- ამ რამდენიმე დღის წინ შემოიყვანეს, მაგრამ ისეთი მღვრიეა, დასალევად არ ვარგა. მეორე სართულზე ვცხოვრობთ და ხელით ვეზიდები, მაგრამ ამაზეც მადლობელი ვართ. აქამდე რამდენიმე კილომეტრიდან ვეზიდებოდით... ამ კორპუსში 8 ოჯახი ცხოვრობს და ეს ერთი პატარა ონკანი რას გვეყოფა? ამიტომ, რიგს ვიცავთ... მე და ჩემი კაცი პენსიაზე ვართ, მაგრამ წამლებისთვის ძლივს გვყოფნის... ადრე აქვე, პირველ სართულზე, აფთიაქი იყო გახსნილი, მაგრამ აღარ მუშაობს, კლიენტი არ ჰყავდა... ერთი ძროხა გვყავს, მეტს ვეღარ ვუვლით. მე კი არა, ახალგაზრდები რომ ჰყავთ სახლში, იმათ ეკარგებათ პანტა-პუნტით... აი, იმ ყვითელ ზოლს ხომ ხედავთ? - მოხუცი ჩვენგან რამდენიმე მეტრში გავლებულ კვალზე მიმითითებს, - იქამდე რომ საქონელი მივიდეს, დაკარგულია. დაავლებენ ხელს რუსები და მიჰყავთ... ამას წინათ სამი ქალი რომ გაიტაცეს, ჩემი მეზობლები იყვნენ. ნახირს მწყემსავდნენ. - საზღვრამდე არც კი მივსულვართო, - თქვეს, მაგრამ დაავლეს ხელი და წაიყვანეს...

- ციური ბებო, ვიცი, რომ ოსები აქეთ გადმოდიან და სურსათს ყიდულობენ...

- კი, ვისაც საქართველოს მოქალაქეობა აქვს, პენსიის ასაღებად გადმოდიან. - რუსები არ გვიშვებენ და ვიპარებითო, - გვეუბნებიან. აქ, წვიმასა და ცუდ ამინდში რომ დგანან და გორისკენ მიმავალ ტრანსპორტს ელოდებიან, გვეცოდებიან და სახლში მიგვყავს ხოლმე, რომ გავათბოთ. ყავასა და ჩაის ვთავაზობთ... გგონია, მათ კარგი ცხოვრება აქვთ? პური ენატრებათ... - საშინელი პირობებია, ყველაფერი ძვირი ღირს, სამუშაო კი არა გვაქვს. ამიტომაც, მოხუცებიღა დავრჩით, ახალგაზრდები რუსეთში გადაიხვეწნენ. რუსებსაც ეგ უნდათ, მათი სამხედრო ნაწილების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდებაო, - გვეუბნებიან ხოლმე. მეც მწარედ გავეხუმრები, - მა რა გეგონათ, სულ თქვენი კარგად ყოფნის დარდით ათენ-აღამებენ რუსები, თქვენმა მზემ-მეთქი...

სოფლის ცენტრში ერთადერთ მარკეტს მოვკარი თვალი... მარკეტის თანამშრომელი, 26 წლის ინგა აბულაძე მომიყვა: - ოსები როგორც კი პენსიას აიღებენ, გორში მიდიან, რომ საბითუმო ფასებში შეიძინონ საქონელი. ხშირ შემთხვევაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ცუდი ამინდია, ჩემს მარკეტს სტუმრობენ... ზეთი, შაქარი, ბრინჯი, მაკარონი, სიგარეტი, ყავა, პურის ფქვილი და ტკბილეული მიაქვთ. სინანულით ამბობენ, - ჩვენთან ყველაფერი ძვირია, მეტი რამის წაღება გვინდა, მაგრამ გვეშინია, რუსი მესაზღვრეები წაგვართმევენ, - ცხინვალში იყიდეთო, ასე გვეუბნებიანო. - ამიტომ, ურჩევნიათ, გადმოიპარონ, ცოტა-ცოტა წაიღონ და ასე მოიმარაგონ. ჩვენი პოლიცია ხელს უმართავს და მათ არ ერჩის...

- გასაყიდი საქონელი საიდან მოგაქვთ?

- ჩემს უფროსს სურსათი გორის "საბითუმოდან" მოაქვს და ხელმისაწვდომ ფასებში ვყიდით, რადგან აქაურები მეტს ვეღარ შეწვდებიან. ისედაც პენსიიდან პენსიამდე, "ნისიად" მიაქვს ხალხს. მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მუშაობს... ყოველ მესამე-მეოთხე დღეს ვაახლებთ საქონელს.

- თქვენ რამდენი გაქვთ ანაზღაურება?

- დღეში 4 ლარი. თვეში 120 გამომდის. აქვე ვცხოვრობ და გზის ფული არ მეხარჯება...

GzaPressხურვალეთის ცენტრიდან იმ დასახლებისკენ მივდივართ, საიდანაც ე.წ. საზღვრიდან, რუსმა სამხედროებმა სამი ქალბატონი გაიტაცეს... პოლიციელები გვაფრთხილებენ, - გატაცებულები და მათი ოჯახები შესაძლოა, აგრესიით შეგხვდნენო... სანამ იქამდე მივიდოდით, ხურვალეთის საჯარო სკოლაში შევიარეთ. სასწავლო პროცესი დასრულებული დაგვხვდა. მძიმე სოციალური ყოფის კვალი სკოლასაც ეტყობა, რის გამოც, ადგილობრივების თქმით, მოსწავლეთა რაოდენობა 90-მდე შემცირდა. წინა წლებში 100-ზე მეტი ბავშვი სწავლობდა...

სამივე გატაცებული ქალბატონი, - რუსუდან ხუროშვილი, ზეინაბ ხარხელი და ლალი ხუროშვილი სკოლასთან ახლოს ცხოვრობენ...

პირველად ლალი ხუროშვილის ოჯახს ვესტუმრეთ. თავად ნაკვეთში იყო წასული. სახლში მისი და, ნელი ხუროშვილი დაგვხვდა.

- ორი რუსი ჯარისკაცი ყოფილა, - ნუ გეშინიათ, არაფერს დაგიშავებთ, გამოგყვევითო, - უთქვამთ, ჯერ სოფელ ღდულეთში წაუყვანიათ, იქიდან კი, ღამის პირველ საათზე, ცხინვალში... იქ ოსები დახვედრიან. მოსამართლე ახალგორელი ოსი იყო, ქართულად გველაპარაკებოდაო... საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით გაასამართლეს და თითომ 2 ათასი რუბლი უნდა გადაიხადოთო, უთქვამს... ის ფული იქაურმა ოსებმა აუგროვეს, თორემ ერთბაშად ამდენი ფული საიდან უნდა მიგვეტანა...

- სადაურმა ოსებმა, ცხინვალელებმა?

- დიახ. ვალად ვერ დავიტოვებთ, უნდა გავისტუმროთ, მაგრამ ასე შემოგვითვალეს, როცა გექნებათ, მაშინ გაგვისტუმრეთ, თუ არა და, არც ეგ არის პრობლემაო...

- მათგან ასეთი მხარდაჭერა არ გაგვიკვირდათ?

- არა, შვილო, რათა? რა გვქონდა ჩვენ გასაყოფი. ახლაც, რომ გადმოიპარებიან, ისე კარგად ვსაუბრობთ ერთმანეთში. ჩვენი ქალები რომ დაუნახავთ, გაგიჟებულან, - ვინც ამათ ხელი მოკიდა და აქეთ წამოიყვანა, რას ერჩოდნენო? - უთქვამთ. - სამივე 70 წელს მიღწეულნი არიან...

- ადრე თუ ყოფილა შემთხვევა, ოსებს ქართველი მძევლებისთვის ფული აეგროვებინათ?

- არა, ეს პირველი შემთხვევაა... ძალიან უკმაყოფილო არიან რუსების დამოკიდებულებით და ეს უკმაყოფილება ყოველდღიურად მატულობს. მე ჩვენნაირ, უბრალო ადამიანებზე, გლეხებზე ვსაუბრობ, შვილო, თორემ ვიღაც მადლიერი კი ეყოლებათ იქაურ ხელისუფლებაში.

- თქვენი შემოსავალი რა არის?

- საქონელი და რძის ნაწარმი... მის გარეშე თუ დავრჩით, შიმშილით დავიხოცებით. 5 საათისთვის ბრუნდებიან საძოვრიდან და ღამემდე სახლში დამწყვდეული ხომ არ გვეყოლება? თუ არ იბალახა, რას მოიწველება? საქონლით გვიდგას სული... პენსიებით ვარსებობთ. ახლაც საქონლის იმედი გვაქვს, რომ ოსებს ვალი დავუბრუნოთ... ერთხელ მეც წამომადგნენ თავზე რუსები, ძროხებს ვმწყემსავდი - ახლა გაფრთხილებ და შემდეგში, ცხინვალში წაგიყვანო, მითხრეს. ჩემი ეზოდან ვხედავთ, როგორ ამოწმებენ საზღვარს, ძაღლებით დადიან...

- უწყლობა თქვენც გაწუხებთ, ხომ?

- გვაწუხებს კი არა, აღარ შეგვიძლია უკვე... ხან საიდან ვეზიდებით და ხან - საიდან... აქ ჩემს მეზობელს აქვს ჭა, მაგრამ ერთ დღეს რომ წამოვიღებ, მეორე დღეს აღარ მივდივარ, მერიდება, იმასაც ხომ არ გამოვულევ წყალს, ისედაც ძირშიღაა დარჩენილი... საქონლისთვის წვიმის წყალს ვაგროვებთ ჭურჭელში და იმას ვასმევთ... ვერ წამოვიდგენდი, თუ ამდენი ხნის მერეც არ შეიცვლებოდა არაფერი უკეთესობისკენ, 46 წელი სკოლაში ვიმუშავე, მათემატიკის მასწავლებად. რამდენიმე თაობამ გაიარა ჩემს ხელში და გული მტკივა, რომ მათმა უმეტესობამ დატოვა აქაურობა...

კარგად მესმის მოხუცი ქალბატონის გულისტკივილი, მაგრამ ხურვალეთში შექმნილ პირობებს, - უწყლობას, უგზობას, უგაზობას, უმუშევრობას, ისიც ემატება, რომ სოფელში არც სამედიცინო პუნქტია და არც - აფთიაქი. ერთადერთი ამბულატორიაა, ამიტომ, როგორც ადგილობრივები ამბობენ, - კბილი რომ ასტკივდეს ვინმეს, სასწრაფო დახმარების მანქანას გორიდან იძახებენ...

ნელი ხუროშვილის სახლიდან, სოფლის ყველაზე ინფორმატიულ ადგილას, "ბირჟაზე" მივდივართ... ადგილობრივები ჯერ ეჭვით გვათვალიერებენ, მაგრამ პოლიციის თანამშრომლებს ნდობით უყურებენ და შესაბამისად, მალე ჩვენთანაც იხსნებიან... ბირჟაზე კიდევ ერთი გატაცებულის, ლალი ხუროშვილის ძმა, დათო ხუროშვილი გავიცანით. მან თავისი, ე.წ. საზღვართან მდებარე მიწის ნაკვეთი გვაჩვენა, - მიახლოების მეშინია, შარი არ მომდონ. ჩვენს პოლიციას კი ერიდებიან, მაგრამ მაინც ვფრთხილობთო...

GzaPress- აქედან რამდენიმე მეტრში უკვე "საზღვარია". ყვითელ კვალს ხომ ხედავთ, იმის იქით რუსები არ გვიშვებენ. რამდენჯერაც ჩვენი საქონელი გადავიდა, იმდენჯერ დაიკარგა და დარჩა ხალხი მშიერი. რამდენიმე დღის წინ, ჩემი დაც გაიტაცეს რუსებმა, ორ ქალთან ერთად და რამდენიმე დღის შემდეგ 6 ათასი რუბლის სანაცვლოდ გაათავისუფლეს, პირუტყვი კი ოკუპანტებს დარჩათ. დაკლავდნენ და შეჭამდნენ, მა რას უზამდნენ... პატრონთან ერთად პირუტყვიც მიჰყავთ, პატრონს აბრუნებენ, საქონელს - არა. არადა, სოფლის მოსახლეობის ერთადერთი საარსებო წყარო პირუტყვი და რძის ნაწარმია... რუსები ნაგაზებით დადიან, ვინმე რომ არ გაექცეთ... რამდენჯერმე მოსაზღვრე სოფელში მცხოვრებმა ოსებმა დაგვირეკეს და გაგვაფრთხილეს: აქვე ახლოს არიან და არ დაგიჭირონო.

- იცნობთ მათ?

- როგორ არ ვიცნობ, ნათლი-მირონობა გვაქვს...

- რას ამბობენ რუსების შესახებ?

- თავში ხელებს იშენენ, - ეს რა მივქარეთ, არ გვეგონა, თუ ასე წამოგვასხდებოდნენ თავზეო.

ჩემთან საუბრის სურვილს კიდევ ერთი ქალბატონი გამოთქვამს. ეტყობა, რომ ბაღიდან მოდის:

- ბოლო დროს სოფელი ბევრმა მიატოვა. უამრავი მიტოვებული სახლია. სოფელი ნელ-ნელა ცარიელდება, ზოგი თბილისში წავიდა საცხოვრებლად და ზოგიც ორჯონიკიძეში (ვლადიკავკაზში)... მე სადღა უნდა წავიდე? აქ დავიბადე და გავიზრადე. ახლახან პატარა შვილიშვილი შემეძინა, ბიჭი. იმედია, ის მაინც მოწესრება დალაგებულ ქვეყანაში ცხოვრებას, თორემ გასკდა ეს ოხერი გული, ამდენი ომითა და გაჭირვებით...

ლალი პაპასკირი