ირაკლი ალასანიასა და დავით უსუფაშვილის განცხადებები - გზაპრესი

ირაკლი ალასანიასა და დავით უსუფაშვილის განცხადებები

გამოძიების ინფორმაციით, 2013 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებისთვის ცნობილი გახდა, რომ კომპანია "სილქნეტი" კერძო სამეწარმეო მიზნებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე, გარკვეული მიმართულებით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანას გეგმავდა. სამართალდამცველთა ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე თანამდებობის პირმა"სილქნეტის" სასარგებლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვა განიზრახა.

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს დღეს შეხვდა. შეხვედრის თემა უწყების თანამშრომლების დაკავების საქმე იყო. თავდაცვის მინისტრმა პარლამენტის თავმჯდომარეს აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააცნო. ირაკლი ალასანიასა და დავით უსუფაშვილის შეხვედრა პარლამენტში გაიმართა.

ირაკლი ალასანიამ პრემიერთან, პარლამენტის თავმჯდომარესა და პრეზიდენტთან შეხვედრის სურვილი გერმანიიდან დაბრუნებისთანავე გამოთქვა. თავდაცვის მინისტრი მისი უწყების დაკავებულ მაღალჩინოსნებს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

ირაკლი ალასანია:

"ერთმანეთს გავაცანით ჩვენი შეხედულებები, თუ რა შეიძლება იყოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დაკავების მიზეზები. პარლამენტის თავმჯდომარესთან, როგორც იმ ორგანოს ხელმძღვანელთან, რომელიც კონტროლს უწევს აღმასრულებელ ხელისუფლებას, მქონდა საუბარი თავდაცვის სამინისტროში პროკურატურის ნაბიჯების შემდეგ შექმნილ ვითარებაზე. ბუნებრივია, საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი საქმის ვითარებაში გავარკვიე, განვუმარტე გარკვეული დეტალები იმის ირგვლივ, რაზეც ბოლო დღეების განმავლობაში მუშაობს პროკურატურა და რაზეც საზოგადოება საქმის კურსშია. ჩვენ გავაცანით ერთმანეთს ასევე ჩვენი შეხედულებები, თუ რა შეიძლება იყოს ამის მიზეზები და მთავარი, რაც მნიშვნელოვანია, ჩემი მოსაზრება შევთავაზე პარლამენტის თავმჯდომარეს. აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებით, ამ წლის დასაწყისში, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ინფორმაცია უკვე მიწოდებული გვაქვს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისთვის. თუ კი პარლამენტი დაინტერესდება, თავდაცვის სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს მასთან საქმეში მეტი სიცხადის შეტანის მიზნით"

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ , დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების პროცესში, რომლის გამოც უწყების 5 თანამშრომელია დაკავებული, პარლამენტი არა პირდაპირ, მაგრამ პროცესებში ჩართული იყო.

დავით უსუფაშვილი:

"მინისტრთან მქონდა ამ თემაზე საუბარი. მან გარკვეული საკითხების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მოწოდება ჩათვალა საჭიროდ. ამისთვის, რა თქმა უნდა, მადლობელი ვარ. ეს იმიტომ, რომ პარლამენტი ყველა სამთავრობო უწყებასთან და განსაკუთრები,თ თავდაცვის სამინისტროსთან იმყოფება საკმაოდ მჭიდრო თანამშრომლობის რეჟიმში.

კონკრეტულად შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე, სწორედ ჩვენი ხელისუფლების, კოალიციის მთავრობის ინიციატივით, ახალი საკანონმდებლო ცვლილებები შევიდა შარშან და აქედან გამომდინარე, ორ მილიონ ლარზე მეტი განხორციელებული შესყიდვა, პარლამენტს წინასწარ ეცნობება ხოლმე.

ამ კონკრეტული შესყიდვის თაობაზეც პარლამენტს ეცნობა შარშან, დეკემბრის ბოლოს. შემდგომ იყო მიმოწერა თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლი სესიაშვილს და თავდაცვის სამინისტროს შორის. მან თავის დროზე, შარშანვე გამოითხოვა ხელშეკრულების ასლი და გაეცნო მას. ასე რომ, პარლამენტი არა პირდაპირ, მაგრამ ამ პროცესებში ჩართული იყო და მინისტრის თხოვნა იყო ის, რომ პარლამენტმა, თუ საჭიროდ ჩათვლის, გამოიყენოს მის ხელთ არსებული კანონიერი და კონსტიტუციური ბერკეტები და ინსტრუმენტები, ამ კონკრეტულ საკითხში მეტი სიცხადის შესატანად. ასე რომ, მე როგორც განვაცხადე, პარლამენტი რაიმე საშუალებებით, რა თქმა უნდა, ამ კონკრეტულ საქმეს მიადევნებს თვალს და მოვაგვარებთ ყველაფერს ისე, რომ არ დაზარალდეს ქვეყნის ინტერესები და ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ხარისხი და ყველაფერი მოგვარდეს ცივილიზებული წესით".

მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო ”ინტერპრესნიუსის” მიხედვით

იხილეთ ამ თემაზე:

”ირაკლიმ უნდა გააგრძელოს საქმიანობა. ის სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას”

რატომ არ მოაწერა ალექსი ბატიაშვილმა დაკითხვის ოქმს ხელი