რატომ არ მოაწერა ალექსი ბატიაშვილმა დაკითხვის ოქმს ხელი? - გზაპრესი

რატომ არ მოაწერა ალექსი ბატიაშვილმა დაკითხვის ოქმს ხელი?

როგორც მისი ადვოკატი, ლევან სამუშია აცხადებს, დაკითხვა დარღვევებით წარიმართა. მისი თქმით, დაკითხვის დასრულების შემდეგ დაკითხვის ოქმში არ იყო ასახული ალექსი ბატიაშვილის პასუხები სრულად და არ იყო დაფიქსირებული ბატიაშვილის და მისი ადვოკატის პროტესტი.

ლევან სამუშია:

"ბატიაშვილმა განაცხადა, რომ არ იზიარებდა ასახულ ფაქტებს, შესაბამისად, ვერ დაადასტურებდა და აღნიშნულ ოქმზე ხელს ვერ მოაწერდა. ამის შემდეგ დაკითხვის ოქმში გაკეთდა წერილობითი შენიშვნა ჩვენს მიერ იმის შესახებ, თუ რა დაღვევებით მიმდინარეობდა დაკითხვა. ზეწოლას ვერ გაგვიბედავდნენ, მაგრამ იყო შეფარული, ასე ვთქვათ, მცდელობა იმისა, რომ სასურველი პასუხები მიეღო გამომძიებელს".

მთავარი პროკურატურა კი ბატიაშვილის ადვოკატის განცხადებებს სპეკულაციად აფასებს და აცხადებს, რომ ბატიაშვილი არ აღმოჩნდა მზად პასუხები გაეცა გამოძიების კითხვებზე.

საგამოძიებო უწყება ბატიაშვილს სთავაზობს, ხელახალი დაკითხვისას მოხდეს მისი ჩვენების ვიდეო-აუდიო ჩაწერა, "რათა შემდგომში თავიდან იქნას არიდებული მსგავსი სპეკულაციები".

პროკურატურის განცხადება ასეთი იყო:

"2014 წლის 03 ნოემბერს, მთავარი პროკურატურის წარმოებაში არსებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვის ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე, მოწმის სახით, ადვოკატის მონაწილეობით დაიკითხა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსი ბატიაშვილი.

დაკითხვა მიმდინარეობდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული მოწმის დაკითხვის ყველა პროცედურის დაცვით 8 საათის განმავლობაში, ვინაიდან გამოძიებას ჰქონდა ბევრი კითხვა ა.ბატიაშვილის მიმართ. თუმცა საბოლოოდ როგორც აღმოჩნდა ამ უკანასკნელს არ აღმოაჩნდა პასუხები დასმულ კითხვებზე. დაკითხვის დასრულებისას მოწმე ალექსი ბატიაშვილმა გამოიჩინა გაურკვეველი დამოკიდებულება და უარი განაცხადა მის მიერვე მიცემული ჩვენების საფუძველზე შედგენილი დაკითხვის ოქმის ხელმოწერაზე. გამომძიებელმა მას და მის ადვოკატს მისცა საშუალება დაეფიქსირებინათ დაკითხვის ოქმზე შენიშვნა ხელმოწერაზე უარის მიზეზების დასაფიქსირებლად, რის შემდეგაც მოხდა დაკითხვის პროცესის დასრულება, ვინაიდან იწურებოდა დაკითხვისთვის კანონით განსაზღვრული 8 საათიანი ვადა.

მოწმე ა.ბატიაშვილის ადვოკატის განცხადება დაკითხვის პროცესში დარღვევების შესახებ არის სრულიად გაუგებარი, მითუმეტეს თვითონვე ვერ მიუთითებს დარღვევის კონკრეტულ ფაქტებზე. მთავარი პროკურატურის აზრით მოწმე ა.ბატიაშვილი არ აღმოჩნდა მზად პასუხები გაეცა გამოძიების კითხვაზე, სწორედ ამიტომ მათ მიმართეს მსგავს ტაქტიკას.

მიუხედავად ყოველივე ზემოაღნიშნულისა, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავარი პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, მოხდეს ალექსი ბატიაშვილის მოწმის სახით განმეორებით დაკითხვა, ამ შემთხვევაში ვფიქრობთ ის უფრო მომზადებული შეხვდება გამომძიებელს, ვინაიდან გამოძიების კითხვები მისთვის უკვე ცნობილია.

აქვე გამოძიება სთავაზობს მოწმე ალექსი ბატიაშვილს, მისი ახალი დაკითხვის პროცესის დაფიქსირება მოხდეს აუდიო-ვიდეო გადამღები საშუალებების გამოყენებით, რათა შემდგომში თავიდან იქნას არიდებული მსგავსი სპეკულაციები".

მომზადებულია ”ინტერპრესნიუსის” მიხედვით

იხილეთ ამ თემაზე:

”ირაკლიმ უნდა გააგრძელოს საქმიანობა. ის სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას”

ირაკლი ალასანიას და დავით უსუფაშვილის განცხადებები ”ირაკლიმ უნდა გააგრძელოს თავისი საქმიანობა. ის სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას.”