კახა კალაძე - არის შესაძლებლობა იმის, რომ გაზის ტარიფები გაიზარდოს
font-large font-small
კახა კალაძე - არის შესაძლებლობა იმის, რომ გაზის ტარიფები გაიზარდოს
გაზის ტარიფებს ითვლის სემეკი და განიხილავს, რა მდგომარეობაა ამ მიმართულებით დღეს.
არის შესაძლებლობა იმისა, რომ გაზის ტარიფები გაიზარდოს, თუმცა დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გაზის ტარიფების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც კალახა კალაძემ აღნიშნა, გაზის ტარიფებს ითვლის სემეკი და განიხილავს, რა მდგომარეობაა ამ მიმართულებით დღეს.

"დაველოდოთ, რადგან საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა. იმის შემდეგ, როცა იქნება გადაწყვეტილება მიღებული, მერე შეგვიძლია უკვე კონკრეტიკაზე ვისაუბროთ, თუმცა ის მეთოდი, რომ მოხდეს კონკრეტული ადამიანების სუბსიდირება ბიუჯეტიდან, ევროპულ ქვეყნებშიც მისაღები ფორმაა, შესაბამისად, შეიძლება განვიხილოთ იმ შემთხვევაში, თუ ტარიფის მატება იქნება ბუნებრივ აირზე. მე არ ვამბობ, რომ ეს აუცილებლად იქნება, ამას მარეგულირებელი დაადგენს. იმ შემთხვევაში თუ იქნება, შესაძლებელია ვისაუბროთ მიზნობრივ სუბსიდირებაზე, როგორც ეს ელექტრონერგიის ნაწილში გვაქვს", - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში ბუნებრივი აირი სრულად იმპორტირებულია ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, მისი ყიდვა ხდება უცხოურ ვალუტაში - დოლარში და საქართველოში მოსახლეობაზე ეროვნულ ვალუტაში ხდება მისი გასაღება.

"ასე რომ, არის შესაძლებლობა იმისა, რომ ტარიფები გაიზარდოს, თუმცა დაველოდოთ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას და ეს მხოლოდ და მხოლოდ გამოწვეულია კურსის ცვალებადობით", - განაცხადა კალაძემ.

გაზის სექტორი მოქმედმა კომპანიებმა ბუნებრივი აირის ტარიფის გადახედვის მოთხოვნის სემეკს უკვე მიმართეს. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ მათი სატარიფო განაცხადების საფუძველზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო.
ბეჭდვა