როგორ ცხოვრობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი - გზაპრესი

როგორ ცხოვრობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი

პროფესიით ექიმი, სამედიცინო სფეროში აქტიური მუშაობის პარალელურად, პედაგოგიურ და "ვარდების რევოლუციამდე~, გარკვეული პერიოდი, პოლიტიკურ საქმიანობასაც ეწეოდა - აჭარის საკრებულოს თავმჯდომარე გახლდათ. 2016 წელს, ავტორიტეტისა და გამოცდილების გათვალისწინებით, ილია ნაკაშიძეს კვლავ პოლიტიკაში დაბრუნება შესთავაზეს და მაჟორიტარმა დეპუტატმა, მეცხრე მოწვევის პარლამენტში, ვიცე-სპიკერისა და ჯანდაცვის კომიტეტის წევრის პოზიციები დაიკავა. სამხედრო ექიმის ოჯახში აღზრდილი პარლამენტარი ყაზახეთში გატარებული ბავშვობის, უკრაინული სტუდენტობისა და ჯანდაცვასთან დაკავშირებული თემების შესახებ გვესაუბრება:

- პარლამენტარის გრაფიკი განსაკუთრებულია, ახლა უკვე სამ ქალაქს შორის ვარ გაბმული - ბათუმი, ქუთაისი და თბილისი. 1997-2004 წლებში ბათუმის საკრებულოს წევრი ვიყავი, ბოლო ხუთი წელი - საკრებულოს თავმჯდომარე და ვფიქრობდი, რომ პოლიტიკას აღარასდროს დავუბრუნდებოდი. ჩემი პროფესიით ვიყავი გატაცებული - ანესთეზია-რეანიმატოლოგიით და ერთ-ერთ კლინიკაში ამ მიმართულების დეპარტამენტს ვხელმძღვანელობდი. გარდა ამისა, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში ჩემი დარგი მიმყავს, სრული პროფესორი ვარ. პოლიტიკაში მოსვლა ჩემი თვითმიზანი არასდროს ყოფილა. ეს საზოგადოებრივი პოზიცია იყო, ასე მზრდიდნენ ოჯახში. ნაბიჯი, რომელიც შარშან გადავდგი, მოულოდნელი, მაგრამ მეორე მხრივ, ჩემი პოზიციის გამოხატვა იყო, რომ ის რეჟიმი, რაც საქართველოში 2012 წლამდე იყო გაბატონებული, აღარ უნდა დაბრუნებულიყო. რეჟიმმა, რომელიც დასავლური, ცივილიზებული მიზნებით მოვიდა, ბევრი ცუდიც გააკეთა, ხალხის ღირსების შელახვა, დამცირება და წამება, მორალურად და ფიზიკურად განადგურება არავის ეპატიება. მართალია, ახლა ჩემი პროფესიიდან დისტანცირებული ვარ, მაგრამ როდესაც თავისუფალი დრო მაქვს, ვცდილობ, ეს დრო როგორც პროფესორ-კონსულტანტმა, დეპარტამენტში მაინც გავატარო. პარლამენტარის საქმიანობა ალბათ, დროებითია, ის კი - მუდმივი და სწორედ მან მომიყვანა ამ პოსტამდეც, ავტორიტეტამდე, ხალხთან ურთიერთობამდე. კლინიკაც იმ ტერიტორიაზეა, სადაც არჩევნებში მივიღე მონაწილეობა და ამომრჩეველთან კონტაქტი მაინც მიწევს.

- ყველაზე მწვავედ რა პრობლემები დგას აჭარაში? განსაკუთრებით, მაღალმთიან ნაწილში და რა ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება მათ აღმოსაფხვრელად?

- აჭარაში მწვავედ დგას მიწის და მთის კანონი, რომელიც ასე თუ ისე, დადებითად მუშაობს. ჩვენთან ყველაზე მწვავე მაჭახელის ხეობის პრობლემაა. ზოგიერთ მაღლა მდებარე სოფლამდე დიდი მანძილია, სასაზღვრო ზონაა და კომუნისტურ პერიოდში საკმაოდ იზოლირებული იყო. ყველაზე ბოლო სოფელში, უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, 22 კომლი იყო, ახლა კი 13 კომლამდე ჩამოვიდა და გვინდა, როგორმე მთის კანონი ავამუშაოთ, რომ მიგრაცია შევაჩეროთ. ამისათვის კი საჭიროა კეთილდღეობა, საცხოვრებელი პირობების, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ელემენტარულად, გზა, ელექტროენერგია, გაზი, სკოლა და ა.შ. სახელმწიფო მიდის ამ ხარჯებზე, რომ ეს ისტორიული ხეობა როგორმე შევინარჩუნოთ. სხვა რეგიონებსა და ზემო აჭარაზე აღარაფერს ვამბობ. სერიოზული პროექტებია დაგეგმილი გზა კეთდება - ხულო-გოდერძის უღელტეხილი და გოდერძი-ახალციხე, რაც სერიოზულად შეუწყობს ხელს, რომ მოსახლეობის გამოდინება შემცირდეს. გოდერძის უღელტეხილზე საკურორტო ზონა კეთდება. პერსპექტივაში იქიდან უნდა წამოვიდეს გაზი და გაზიფიცირებაც უახლოესი წლების განმავლობაში უნდა გადაწყდეს. როგორც კი დამშვიდდა ცხოვრება, ხალხს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება მიეცა, კრიტიკულისაც კი, ნელ-ნელა ყველაფერი საჭირო კალაპოტში გადადის. არავინ არავის ბიზნესს ან საწარმოს არ ართმევს და არ ატერორებს. სხვათა შორის, ძალიან მიკვირს, როცა წინა მთავრობის მხარდამჭერებს შორის, ზოგიერთი პედაგოგი და ექიმია, რადგან იმ ხელისუფლებისა და მათი მორალი, ერთმანეთს როგორ შეესაბამება, გასაკვირია.

- საინტერესო ბიოგრაფია გაქვთ - ექიმი, პედაგოგი, პოლიტიკოსი, თქვენი საქმიანობის, ოჯახის შესახებ გვიამბეთ.

- ჩრდილოეთ ყაზახეთში დავიბადე, გავიზარდე და სკოლაშიც იქ დავდიოდი. მამა სამხედრო ექიმი იყო და იქ მუშაობდა. ყაზახეთში დიდხანს ვიცხოვრეთ, საკმაოდ აგრესიული კლიმატური პირობები, საშინელი ყინვები იყო. მერე, ცოტა ხანს, ვლადიმირის ოლქშიც ვცხოვრობდით, იაროსლავშიც, მეშვიდე კლასი რომ დავამთავრე, მამა ბათუმში, თავდაცვის სისტემაში გადმოიყვანეს, სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელი იყო. მაგ პერიოდში ფიზიკა-მათემატიკური სკოლა დავამთავრე, რის შემდეგაც, მამა ისევ საზღვარგარეთ - უკრაინაში გადაიყვანეს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე. ცხადია, ოჯახი ლუგანსკშიც თან გავყევით. წარჩინებით დავამთავრე სამედიცინო ინსტიტუტი და მუშაობაც დავიწყე. საოლქო საავადმყოფოში სერიოზული გამოცდილება მივიღე, დატვირთული, ძალიან საინტერესო სამუშაო იყო და მომწონდა. მამამ დაასრულა ჯარში სამსახური და თქვა, საქართველოში უნდა დავბრუნდე და შენც იმავეს გირჩევო. 1988 წლის ბოლოს ბათუმში დავბრუნდით. საქართველოში მაშინ არასტაბილური პერიოდი იყო. იქ ჯერ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვმუშაობდი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგად, შემდეგ, სხვა კლინიკაში ამ მიმართულებით განყოფილების გამგე გახლდით და საექიმო საქმიანობა პოლიტიკური საქმიანობის მცირე პერიოდშიც არ მიმიტოვებია.

- რამ განაპირობა თქვენი პოლიტიკაში წასვლა?

- ყოველთვის აქტიური ვიყავი. მძიმე პერიოდი იყო და ალბათ, მთავარი, წინსვლის იდეა იყო, რომ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, რაღაც გამეკეთებინა. ბევრი რამ მოვახერხეთ, მაშინ ყველაზე მთავარი ის იყო, რომ აჭარაში მშვიდობა შევინარჩუნეთ. საერთოდ, ექიმის მოვალეობაა, ყოველთვის ვიღაცას დაეხმაროს, ამაში ვხედავ ჩემი ცხოვრების აზრს.

- ყაზახეთის ნოსტალგია გაქვთ ხოლმე?

- კი... თუმცა, რა თქმა უნდა, აქ მერჩივნა ყოფნა. საქართველო ოაზისია. ქართველ გლეხს შრომა არ აკლია, მაგრამ ქართველები რომ განსაკუთრებულად მშრომელი ხალხი ვიყოთ, წარმოიდგინეთ, რამდენად წინ წავიდოდა ეს ქვეყანა.

- თქვენი მეუღლე და შვილები რას საქმიანობენ?

- ჩემი მეუღლეც ექიმია, ასევე ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი და ბათუმის სამშობიარო სახლში მუშაობს. სხვათა შორის, ჩემს ოჯახში ყოველთვის მწვავედ იდგა ეს საკითხი, რომ აუცილებლად ქართული ოჯახი უნდა შემექმნა, რადგან სულ საქართველოს ფარგლებს გარეთ ვიყავით. ექიმი გავიცანი და ისიც სამედიცინო დაწესებულებაში. ორი შვილი გვყავს - მიშა და შოთა. მიშამ ეკონომიკის აკადემია ვარშავაში დაამთავრა და ახლა ბათუმშია, სამსახურს ეძებს, რომ გამოცდილება მიიღოს და შემდეგ, მაგისტრატურაში ჩააბაროს, საკუთარი აზრები აქვს და მე არ მემორჩილება. შოთიკო კი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, IV კურსზეა.

- მათთან ერთად დროის გატარებას ახერხებთ?

- სამწუხარო და დასანანია, რომ მათთვის ყოველთვის ცოტა დრო მქონდა, ჯერ ჩემი საექიმო საქმიანობიდან გამომდინარე - მორიგეობები, გამოძახებები და ახლა, სამ ქალაქს შორის მოძრაობის გამო. ყველაზე მთავარია, რომ მოტივირებული ახალგაზრდები არიან, პატრიოტებად ვზრდით, მათთან პრობლემები არა მაქვს. რაც თავი მახსოვს, სულ ვსწავლობდი, ჩვენს ოჯახში განათლება და მორალი ყოველთვის პირველ ადგილზე იყო. ორი ძმა მყავს, სერიოზული ბიჭები არიან, თავიანთ საქმიანობაში ორივე ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობს. რაც შეეხება პროფესიას, სკოლაშივე ვიცოდი, რომ ექიმობა მინდოდა. მეცნიერება მაინტერესებდა და ვშრომობდი, რომ რაიმესთვის მიმეღწია. რა როგორ გამომივიდა, ხალხმა და საზოგადოებამ უნდა შეაფასოს. აქ ჩამოსვლისას ვღელავდი, რადგან ქართულად საუბარი მიჭირდა, ტელევიზორსაც ვერ ვუყურებდი, ვერ ვიგებდი, "სამზარეულოს~ ქართული ვიცოდი - დედა, მშია, ეს მინდა, ის მინდა... ადაპტირებას დიდი დრო დასჭირდა.

- რა არის თქვენი ჰობი?

- ადრე, ჩემი ჰობი ნუმიზმატიკა იყო. ახლა პატარა ზარების ("ჰენდ ბელლ~) შეგროვებამ გამიტაცა, 1 200 ცალამდე მაქვს. ყველაფერი ნიუ-იორკიდან დაიწყო, 2001 წელს, ბროდვეიზე ვიყიდე პირველი ზარი. მაშინ არც მიფიქრია, რომ ეს ასე გამიტაცებდა. ვიფიქრე, რა ჩამოვიტანო აშშ-დან? ნივთი, წარწერითა და ხმით, ასეთი კი ზარი იყო. მოგზაურობა ძალიან მიყვარს. საქმიანი ვიზიტები, ძირითადად, ჩემს სამეცნიერო მუშაობასთან იყო დაკავშირებული. აშშ, ევროპის, დსთ-ის ქვეყნები, თითქმის ყველა მოვლილი მაქვს. სადაც ჩავდივარ, ვცდილობ, იქაურ ღირსშესანიშნაობებს გავეცნო, ტრადიციებს, კულტურას, ის ქალაქი შევისწავლო, ქუჩები - ამართლებს ასეთი მიდგომა. შოპინგი არ მიყვარს (იღიმის).

- როგორც ექიმი, ჯანსაღ და სპორტულ ცხოვრებას თუ მისდევთ?

- სპორტზე სიარული ადრეულ ასაკში დავიწყე, ძირითადად, ფარიკაობა და მსუბუქი ათლეტიკა, რაღაც პერიოდი - აკრობატიკაც. სპორტულ ცხოვრებას ინსტიტუტის პერიოდშიც ვაგრძელებდი და მართალია, სპორტზე დროს ვკარგავდი, მაგრამ ეს სწავლას ათმაგად უწყობდა ხელს. ინფარქტი გადავიტანე, მაგრამ ამის შემდეგაც ვცდილობ, ჯანსაღ ცხოვრებას მივდიო. ტელეფონიც გვაძლევს საშუალებას, დღიური დატვირთვა განვსაზღვროთ, ვალდებულება მაქვს აღებული და ეს დადგენილი ნორმაა, რომ დღეში 12-15 ათასი ნაბიჯი უნდა გააკეთოთ. მსოფლიოში აღიარებული ნორმატივია.

- როგორი უნდა იყოს კარგი ექიმი? რა არის თქვენი კრედო?

- 58 წლის გავხდი და ალბათ უკვე შემიძლია, პატარა დასკვნები გავაკეთო. შესაძლოა, ბევრი ტენდენცია არ მომწონდეს, მაგრამ სამედიცინო სფეროში ის მაღალი მორალი მაინც შენარჩუნებულია. არ მომწონს, როდესაც გამოდიან და ინტერვიუს მიცვალებულის სასახლესთან იძლევიან, დიაგნოზის დასმას იქვე სთხოვენ და ხშირად დაუფიქრებლად ლანძღავენ ექიმებს. ზოგს ფიზიკურადაც კი ეხებიან. თეთრხალათიანებს მეტი მხარდაჭერა და დაცვა სჭირდება საზოგადოებისგან. შეცდომისგან დაზღვეული არავინაა. ჩემი კრედოა, რომ თუ შენ მედიკოსი ხარ, უნდა გაითავისო პაციენტის არა მხოლოდ ჯანმრთელობის, მისი სოციალური პრობლემებიც, პაციენტთან მართალი უნდა იყო და მისთვის მაქსიმუმი გააკეთო, თანაგრძნობა გამოხატო, მასთან ერთად გადალახო ეს პრობლემა, ექიმი ფსიქოლოგიც უნდა იყოს. შუაღამეზეც რომ მირეკავენ, ვპასუხობ, რადგან რაც მეტი კმაყოფილი ადამიანი მეყოლება და საზოგადოებისთვის მეტს გავაკეთებ, უფრო ბედნიერი ვიქნები. ხშირად, ჩვენი ურთიერთობა მერე მეგობრობაში გადადის და ისედაც ეხმარები, სოციალურად. თუ გინდა, სერიოზული ავტორიტეტი გქონდეს, სხვაგვარად არ გამოვა და მიხარია, რომ მივაღწიე იმას, რომ მე ბათუმში, აჭარაში უკვე მიცნობენ, ბევრი კოლეგა თბილისშიც გავიცანი, სხვაგან გაზრდილ ადამიანს ეს ურთიერთობები ნამდვილად მაკლდა.

თამთა დადეშელი