"თუ ოჯახში დაულაგებელი სიტუაცია გაქვს, სხვის პრობლემებზე ვერ იზრუნებ" - ბექა ოდიშარია საქმესა და პირად ცხოვრებაზე - გზაპრესი

"თუ ოჯახში დაულაგებელი სიტუაცია გაქვს, სხვის პრობლემებზე ვერ იზრუნებ" - ბექა ოდიშარია საქმესა და პირად ცხოვრებაზე

კრწანისის მეშვიდე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტარი ბექა ოდიშარია ამჟამინდელი საქმიანობის, მაჟორიტარობასთან დაკავშირებული საკითხების, წარსულის მიღწევების, ოჯახის, პროფესიის არჩევისა და ბავშვობის დროინდელი ამბების შესახებ მოგვითხრობს:

- პროფესიის არჩევაში ჩვენს დროს მშობლები აქტიურად იყვნენ ჩართულები, ჩემს შემთხვევაში კი გამზრდელი ბებია - თინა ნასიძე, რომლის ოცნებაც იყო, კინორეჟისორი გავმხდარიყავი. სახელოვნებო წრეში ვიზრდებოდი. თაბუკაშვილების სურვილიც იყო ჩემი რეჟისორობა, რადგან ჩვენი ოჯახის ახლობლები იყვნენ. თუმცა, ამ ფაკულტეტზე მიღება მაშინ ოთხ წელიწადში ერთხელ იყო, მე არ დამემთხვა და ასე მოვხვდი ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. ერთხანს, ვმუშაობდი კიდეც ერთ-ერთ წარმატებულ ორგანიზაციაში ამ მიმართულებით. ჟურნალისტების იმდროინდელი ჯგუფი, ჩემი კოლეგები, დღესაც მუშაობენ სხვადასხვა ტელევიზიაში. ეკონომიკური და იურიდიული განათლება რომ მიმეღო, მეორადი ფაკულტეტიც დავამთავრე და მას შემდეგ ბევრ საინტერესო ადგილას წამყვან თანამდებობებზეც მიმუშავია - გადამხდელთა კავშირში, ბიზნესმენთა ფედერაციაში, ვიყავი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის აპარატის უფროსი პარლამენტში, 1999-2003 წლის პარლამენტში უმრავლესობის აპარატის უფროსი, ნავთობ კომპანიაში გადასვლის შემდეგ - დირექტორი, გენერალური დირექტორი და ა.შ. სხვათა შორის, ჩემი იქ მუშაობის დროს შემოვიყვანეთ ინდოელი ინვესტორები, რომელთაც 160-მილიონიანი ინვესტიცია განახორციელეს. ახლაც, პარლამენტში გადმოსვლამდე მოლაპარაკებას ვაწარმოებდი ნომერ პირველ გაზის კომპანია "შლუმბერჟესთან", რომელიც წარმატებით დასრულდა, ხელი მოეწერა და ოპერირებას შეუდგნენ, ისინი გაზის საბადოთი არიან დაინტერესებულნი. "შლუმბერჟე" საქართველოსთვის საოცნებო კომპანიაა.

- სანამ პროფესიული კუთხით დაიწყებდით საქმიანობას, რა ინტერესები გქონდათ?

- ბავშვობისას ყველანაირ სპორტზე დავდიოდი - ფეხბურთზე, კალათბურთზე, ცურვაზე, რაგბიზე. როგორც აღვნიშნე, ბებიის გაზრდილი ვარ. 7 წლის ვიყავი, დედა რომ გარდამეცვალა, ამიტომ ყველაფერს მისრულებდნენ. კალათბურთს დღესაც კარგად ვთამაშობ, ვცურავ, თხილამურებით სრიალი მიყვარს და ჩემს შვილებთან ერთად როცა ვარ, ძალიან მიხარია. ბავშვობისას ძალზე ცელქი ვიყავი, ოღონდ ნიჭიერიც, უნივერსიტეტში ჟურნალისტიკაზე ერთი გამოცდით მოვხვდი, ხუთიანი მივიღე თავისუფალ თემაში, რომლის დაწერაც ყველაზე სარისკო იყო. სულ რაღაცას ვაპროტესტებდი და ჩემი ბუნებრივი მდგომარეობა ალბათ უფრო ოპოზიციონერობა იქნებოდა. მასწავლებლების, მაშინდელი წყობის მიმართ სულ ჩემს აზრს გამოვთქვამდი. ბებიაჩემს შინაგანი ზიზღი ჰქონდა მათ მიმართ, რადგან მისი დედა ციმბირში გადაასახლეს, მამა - საფრანგეთში. ის მენშევიკური მთავრობის წარმომადგენელი იყო და იქ დაიღუპა. ლევილშია დაკრძალული და იქ ჩასვლისას საფლავზე ყოველთვის მივდივარ. ანტიბოლშევიკური განწყობები ჩვენს ოჯახში გამჯდარი იყო და ეს ჩემს ცნობიერებაზეც აისახა. მახსოვს, 11 წლის რომ ვიყავი, პარალელურ კლასელებს ყელსახვევები დავაჭერი და ამან ისეთი ამბავი გამოიწვია, მამაჩემი "კაგებეში" დადიოდა დაკითხვებზე. დამსაჯეს და იუგოსლავიაში აღარ გამიშვეს, სადაც როგორც ერთ-ერთი ნიჭიერი მოსწავლე ვიყავი შერჩეული. მერე, არც კომკავშირელი გავხდი, პროტესტის ნიშნად. მთაწმინდა-სოლოლაკში გაზრდილი ბიჭის შეხედულებები ისეთი იყო, მოგეხსენებათ, კომკავშირული ორგანიზაციის ატანა ვერ მექნებოდა. პირველ სკოლაში ვსწავლობდი, რომელიც თითით საჩვენებელი იყო, უცხოელები შემოჰყავდათ ხოლმე. ამერიკელები რომ ჩამოდიოდნენ და კალათბურთს ვეთამაშებოდით, ეს მთელი ამბავი იყო ჩვენთვის.

- როგორც აღნიშნეთ, ადრეული ასაკიდანვე წამყვან თანამდებობებზე მუშაობდით, რა განაპირობებდა თქვენს ასეთ წარმატებას? რამდენად მიზანდასახული იყავით?

- ყოველთვის მახასიათებდა შრომის სიყვარული, ინოვაციურობა. მიუხედავად იმისა, რომ 1990-იანი წლების თაობას ძალიან ცოტა შესაძლებლობა ჰქონდა... ბინა მქონდა, პირველი სამსახურით ავტომობილი შევიძინე. საკმაოდ პატარა ბიჭი ვიყავი, თუმცა მივხვდი, რომ ის შემოსავალიც არ იყო ჩემთვის ზედა ზღვარი, მინდოდა, მეტი მქონოდა და ძალიან არაორდინარული გადაწყვეტილება მივიღე - მანქანა გავყიდე, ბინა გავარემონტე და გავაქირავე. ჩემი მეგობრები შოკში იყვნენ, იმ დროს, 22-23 წლის ბიჭები მანქანას გასართობად იყენებდნენ. შევაგროვე თანხა და შევიძინე სამარშრუტო ხაზები და მანქანები, მაშინ ეს კარგი ბიზნესი იყო. ბუნებრივია, 2-3 წელიწადში საკუთარი თავი იმანაც ამოწურა და კიდევ ახალი გეგმები დავისახე.

- სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისების კანონზე იყო დიდი აჟიოტაჟი, ეს ყველაფერი რაიმე გავლენას მოახდენდა ინვესტორების მოზიდვაზე?

- უცხოელ ინვესტორს არც ქარხნის აშენებას დაუშლის ვინმე, არც სასტუმროსი, სასოფლო-სამეურნეო მიწების რაოდენობა კი, ვიცით, რაოდენ ცოტაა და ის მანკიერი ტენდენცია აღარ გაგრძელდება, როდესაც მაგალითად, ინდოელები, ჩინელები ჩამოდიოდნენ და ჩვენს მიწებს მართლაც "კაპიკებში" ყიდულობდნენ. მაგალითად, გერმანიაში ნაკლები შეზღუდვაა, მაგრამ გერმანელს შინაგანად აქვს გამჯდარი, რომ უცხოელს მიწა არ უნდა მიჰყიდოს. ობიექტურად უნდა ვთქვათ, რომ ჩვენთან ადამიანებს მართლაც უჭირთ და ერთჯერადი შემოსავალი ზოგჯერ სწორედ მიწის გაყიდვა იყო. მაშინ, როცა ერთი ჰექტარი მიწა მაგალითად, 500 ლარი ღირს, ნებისმიერ მდიდარ კომპანიას შეუძლია, ნახევარი საქართველო ერთი ამოსუნთქვით იყიდოს. არა მგონია, რომ ეს ჩვენი შვილებისთვის კარგი იყოს. სხვადასხვა პრაქტიკიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, ისე ვიმოქმედებთ, როგორც ეს ქვეყნისთვის იქნება საჭირო.GzaPress

- კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი ბრძანდებით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაიონია, რა პრობლემებია იქ და რისი გაკეთება იგეგმება?

- კრწანისი ძალიან არაორდინარული საარჩევნო ოლქია, ვინაიდან მასში შედის - ზემო და ქვემო ფონიჭალა, მაღალმთიანი სოფლები - კიკეთი, კოჯორი, შინდისი, წავკისი, ტაბახმელა და ქალაქის გული და სული, ადგილი, სადაც თბილისი დაიბადა - სეიდაბადი, აბანოთუბანი, სოლოლაკი და ა.შ. შესაბამისად, პრობლემებიც ძალიან განსხვავებული და ფართო სპექტრისაა. ჩემთვის ყოველი მათგანი მნიშვნელოვანია, მაგრამ განსაკუთრებით - ძველი თბილისის ისტორიული, არქიტექტურული ნაწილის გადარჩენაა პრიორიტეტული. ვიზიტორებისა და ტურისტების მოზიდვის მთავარი წყარო სწორედ ეს ადგილია, ტურიზმი კი ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. შესაბამისად, ძალიან აქტიურად ვმუშაობ იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ძველი თბილისის იერსახის შენარჩუნება და რეაბილიტაცია. კარგია, რომ წინა ხელისუფლებამ აღმაშენებლის ქუჩა მოაწესრიგა, ჩვენმა მთავრობამ - მისი მეორე ნაწილი, ვორონცოვის მოედნამდე, ახლა კი ათონელს "აკეთებენ". ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, ამიტომ მე მაქვს შემუშავებული კონკრეტული მოდელი და თუ ამ ჩანაფიქრს განვახორციელებ, ჩავთვლი, რომ ჩემი პარლამენტის წევრობა შედგა. ცხადია, ყველაფერში ექსპერტები, სპეციალისტები იქნებიან ჩართულნი, მთავრობა, სამინისტროები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ა.შ. ეს საკითხი პრემიერ-მინისტრთანაც განვიხილეთ. ფაქიზი რესტავრაცია უნდა ჩაუტარდეს, რათა სახლები გადავარჩინოთ. თვე არ გადის, რომელიმე შენობა რომ არ დაინგრეს, მათი აღდგენა თითქმის შეუძლებელია. ჩემთვის ტრაგედიაა ყოველი სახლის ჩამოშლა, რადგან ისტორია მიდის და მის მაგივრად თუ ფუტლარს შექმნი, მასში სულსა და გულს ვერ ჩადებ.

- თქვენი უშუალო ჩარევით რა გაკეთდა ისეთი, რაც თქვენს სახელთან ასოცირდება?

- ადამიანებს ინდივიდუალურად რომ ვეხმარებით, ეს ბუნებრივია. ცხადია, შეძლებისდაგვარად. საპატრიარქოს უკან, კარის ეკლესიასთან პატარა ბაღი იყო, რომელიც საპატრიარქოს განკარგულებაშია და ძალიან გამიხარდა, რომ პატრიარქი დამთანხმდა, იდეებიც მომაწოდა და ეს ბაღი გავაშენეთ, გავალამაზეთ და დღე-დღეზე გაიხსნება. ეს მოსახლეობის წინასაარჩევნო თხოვნა იყო. დიდი სურვილი მაქვს, რომ პატრიარქის ბაღი დაერქვას. აქ ყველაზე მეტი ტურისტი დადის და წარმოიდგინეთ, როცა შეიძლება პატრიარქი გამოვიდეს, იმ ბაღში დაჯდეს და დაისვენოს, რამდენ ადამიანს ექნება მისი ნახვის მოლოდინი და შესაძლებლობა.

- სულ რამდენიმე დღის წინ, ჩვენს დედაქალაქში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა ჩატარდა, რომელსაც თქვენც ესწრებოდით. რამდენად მნიშვნელოვანი იყო თბილისისთვის ამ ღონისძიების მასპინძლობა?

- სხვათა შორის, არაწევრ ქვეყანაში სულ ოთხჯერაა ჩატარებული და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ამჯერად სწორედ ჩვენთან ჩატარდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატოს წევრი ქვეყნების პარლამენტის წევრები საქართველოს ესტუმრნენ, თავიანთი თვალით ნახეს, თუ როგორ ვითარდება ჩვენი ქვეყანა, რა პროგრესია და ა.შ. მოგეხსენებათ, თავიანთ ქვეყნებში ისინი საკმაოდ გავლენიანი ხალხია და საზოგადოებრივ აზრზე სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლიათ. ამიტომ, ჩვენი ქვეყანა იმ მხრიდან, იმ შესაძლებლობებით დავანახვეთ, რომელიც გვეამაყება.

- თქვენს ცხოვრებაში რომელი იყო ყველაზე საინტერესო საქმიანობა, რომელიც თან სიამოვნებას განიჭებდათ და ძალიან დამღლელიც არ იყო?

- სიამოვნებას ხელოვნება მანიჭებს, შემიძლია საათობით ვიდგე ფერწერულ ტილოებთან და ვუყურო. საზღვარგარეთ ყოფნისას მუზეუმებში ხშირად დავდივარ. საქმიანობის მხრივ კი მშენებლობა ყველაზე "შემყოლია". როცა რაიმეს აშენებ, სულ იმაზე ფიქრობ, გაინტერესებს, როგორი გამოვა, ყოველდღე გინდა დაინახო ახალი რა გაკეთდა. თანაც როცა ამას ხარისხიანად და ესთეტიკურად აკეთებ, შენც სიამოვნებას განიჭებს. ვერასდროს ვუგებ იმ კომპანიების მეპატრონეებს, რომლებიც რაღაცას აშენებენ და წინასწარ ეგუებიან იმას, რომ თანაქალაქელები, მეზობლები, ახლობლები მათ გალანძღავენ იმისთვის, რომ რაღაც ცუდად, უხარისხოდ გააკეთეს.

- თქვენს ოჯახზე რას გვეტყვით?

- მყავს მეუღლე და სამი შვილი - 15 და 13 წლის ბიჭები, მორაგბეები და 5 წლის პატარა მანანა. მაკუნა სამშენებლო კომპანიაში პიარ-მენეჯერია, შესანიშნავად მღერის, მისი კლიპი - "შემოდგომის ნისლები" პირველად ტელევიზიით ვნახე და სწორედ მაშინ მომეწონა. რაც უნდა წარმატებული საქმიანობა გქონდეს, ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ოჯახია. თუ ოჯახში დაულაგებელი, არეული სიტუაცია გაქვს, სხვის პრობლემებზე ვერ იზრუნებ. დიდ გავლენას ახდენს შენზე ის ადგილი, საიდანაც გამოდიხარ და სადაც შედიხარ. სახლიდან გასვლის წინ, ერთმანეთს ყველა ბედნიერებას ვუსურვებთ ხოლმე; განსაკუთრებით მიყვარს, მანანიკო რომ მომაძახებს, - მამა, ბედნიერადო. ასეთი ატმოსფერო უნდა არსებობდეს შინ და მაშინ არის ცხოვრებაში ყველაფერი კარგად. გარკვეული სიძნელეები ყველა ოჯახშია, მაგრამ ყველა უნდა შეეცადოს მის გადალახვას.

თამთა დადეშელი