გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის პირ­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი ქა­ლე­ბი - გზაპრესი

გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის პირ­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი ქა­ლე­ბი

პოლიტიკაში აქტიურად ჩართულ კიდევ ორ ქალს წარმოგიდგენთ, რომლებიც XX საუკუნის დასაწყისში ქვეყნის ბედზე ზრუნავდნენ და ამის გამო რეპრესირებულებიც აღმოჩნდნენ.

ანა (ოლა) სოლოღაშვილი

ანა სოლოღაშვილი საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი 1903 წლიდან იყო. მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული საბჭოს მუშაობაში, ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის აქტს, იყო პარლამენტის, ასევე, საბიბლიოთეკო და სარედაქციო კომისიის წევრი, აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატების სიით. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ჩაბმული იყო ანტისაბჭოთა არალეგალურ მოძრაობაში. 1925 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. 1937 წელს მიუსაჯეს დახვრეტა.

ელეონორა (ლოლა) ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე

ელეონორა ტერ-ფარსეგოვა სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი 1902 წლიდან გახდა. მეუღლესთან, ექიმ ვლადიმერ მახვილაძესთან ერთად სოხუმში ცხოვრობდა და კერძო სკოლაში ასწავლიდა. ელეონორა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ბათუმის კომიტეტის ხელმძღვანელი ჯგუფის წევრი იყო. 1905 წლის 17 ოქტომბრის მანიფესტის შემდეგ ორგანიზაციამ ხელში აიღო ქალაქ სოხუმის მმართველობა და მეფის ხელისუფლების თითქმის ყველა სტრუქტურა ჩაანაცვლა. მათ ჩამოაყალიბეს სახალხო მილიცია, დაყვეს ქალაქი უბნებად და ბოიკოტი გამოუცხადეს ქალაქის თვითმმართველობას. 1905 წლის ნოემბერში დემონსტრაციამ შეიმუშავა მოთხოვნა, რომ ქალაქ სოხუმის სათათბირო დაშლილიყო და ფარული კენჭისყრით ახალი სათათბირო არჩეულიყო. ამისთვის საჭირო იყო მოსახლეობის ხელახალი აღწერა, რისთვისაც თვითმმართველობას 2.000 მანეთი უნდა გამოეყო. ქალაქისთავმა თანხის გაცემაზე უარი განაცხადა, რაზეც რევოლუციურმა ორგანიზაციამ მას ბოიკოტით უპასუხა. შეწყდა გადასახადების გადახდა და სათათბირო ხმოსნებს გამოუცხადეს, რომ თუკი არ გადადგებოდნენ, ყველა სავაჭრო დაწესებულებაში საყოველთაო გაფიცვა გამოცხადდებოდა. ხმოსნებმა ქუთაისის გუბერნატორ სტაროსელსკის გადადგომის განცხადებები გაუგზავნეს და სათათბირომ მუშაობა შეწყვიტა. ხსენებული კონფლიქტისას რევოლუციონერთა ორგანიზაციის მხრიდან მოლაპარაკებებში რწმუნებულის სტატუსით ელეონორა მახვილაძეც მონაწილეობდა. ძიებისას ქალბატონმა უარი თქვა რაიმე სახის ახსნა-განმარტებაზე. სოხუმის ციხის გადატვირთულობისა და იქ ქალთა განყოფილების არარსებობის გამო ის არ დაუპატიმრებიათ. მოგვიანებით მიუსაჯეს დაპატიმრება, თუმცა, პატიმრობიდან და გადასახლებისაგან ორსულობის გამო გაათავისუფლეს. 1917 წლამდე ელეონორა კიდევ სამჯერ იყო დაპატიმრებული. 1918 წელს აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატების სიით.

1921 წლიდან საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ჩართული იყო არალეგალურ, ანტისაბჭოთა მოძრაობაში. მისი ოჯახის ბინა თბილისში მუდმივი თვალთვალის ქვეშ იყო. ელეონორა საკუთარ სახლში დააპატიმრეს. დააპატიმრეს, ასევე, მისი ძმა, კონსტანტინე, პროფესიით ქიმიკოსი, რომელიც ქართული წითელი არმიის საარტილერიო ნაწილში მსახურობდა. მეტეხის ციხიდან ელეონორა 1922 წელს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გაათავისუფლეს. ის აქტიურად მონაწილეობდა 1924 წლის აჯანყების შემდეგ სოციალ-დემოკრატიული პარტიის განადგურებული არალეგალური ორგანიზაციების აღდგენის პროცესში. მალე აირჩიეს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის არალეგალური ცეკას შემადგენლობაში, ხოლო თავმჯდომარის დაპატიმრების შემდეგ ცეკას თავად ხელმძღვანელობდა. ელეონორა 1926 წელს დააპატიმრეს და ამიერკავკასიის ფარგლებიდან გაასახლეს, საიდანაც 30-იან წლებში დაბრუნდა. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, გარდაცვალების თარიღი უცნობია.

ჩიტო შარაშიძე

ჩიტო შარაშიძე ქუთაისის ქალთა გიმნაზიიდან 1904 წელს მოსწავლეთა რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობის გამო გარიცხეს. 1905 წლიდან სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო. აქტიურად მონაწილეობდა თბილისის რევოლუციურ გამოსვლებში. ამზადებდა საგაზეთო ინფორმაციებს. თბილისში სომეხ-თათართა შეტაკებების განმუხტვისას მონაწილეობდა ე.წ. მფრინავ რაზმში, რომელიც დაშავებულებს სამედიცინო დახმარებას უწევდა. ქუთაისში კერძო გიმნაზიაში მასწავლებლად მუშაობდა. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი. 1922 წელს მოსწავლეთა გაფიცვისას ტექნიკუმში დააპატიმრეს, სადაც მასწავლებლად მუშაობდა. მეტეხის ციხიდან ავადმყოფობის გამო გაათავისუფლეს. ამავე წლებში ორჯერ დააპატიმრეს მისი მამა, გიგო შარაშიძე. ასევე, სიძე _ ნიკოლოზ ქარცივაძე და ძმა, მწერალი-სატირიკოსი შალვა შარაშიძე (ფსევდონიმი _ `თაგუნა~). 1937 წელს ნიკოლოზ ქარცივაძე ხელმეორედ დააპატიმრეს და დახვრიტეს, მისი მეუღლე _ თამარ შარაშიძე კი შუა აზიაში გადაასახლეს. სახელმწიფო მუზეუმსა და მეცნიერებათა აკადემიაში მუშაობისას მნიშვნელოვანი შრომები მოამზადა ქართული ბეჭდვითი სიტყვის ისტორიის შესახებ. იყო უმნიშვნელოვანესი გამოკვლევების ავტორი. დამუშავებული და შესწავლილი აქვს 1 500-ზე მეტი ხელნაწერი. მისი თქმით, `ქვეყნის ბედნიერება იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მტკიცედ, პატიოსნად და შეგნებით ასრულებს თავის მოვალეობას თითოეული მოქალაქე _ უბრალო მწყემსიდან დაწყებული ქვეყნის მმართველ პიროვნებამდე! თუ ისინი ერთგულად და პატიოსნად ეპყრობიან თავის მოვალეობას, თუნდაც სულ მცირედი იყოს ეს მოვალეობა, მაშინ ასეთი ქვეყნის კეთილდღეობა და ბედნიერება უზრუნველყოფილია.~

შორენა ლაბაძე