"შანსი არაა, ქვეყანა უკუსვლით წავიდეს" - გზაპრესი

"შანსი არაა, ქვეყანა უკუსვლით წავიდეს"

გია ნიკოლაძე კარგა ხანია, პოემას წერს - "ქართ ზღაპარი ანი ბანი", რომელიც სიმღერების ახალ დისკთან ერთად, დასაბეჭდად და გამოსაშვებად უკვე მზადაა, ოღონდ, დამფინანსებელს ელის... თუმცა, ამჯერად გიას არა შემოქმედებაზე, არამედ პოლიტიკაზე სასაუბროდ დავუკავშირდი.

- გია, რამდენად აქტიურად ადევნებთ თვალყურს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და ვისკენ უფრო იხრება თქვენი სიმპათია? როგორი შეხედულება გაქვთ, მაგალითად, ახლანდელ მთავრობაზე?

- ვეცნობი ყველა ინფორმაციას, მაგრამ აზრს არ ვაფიქსირებ ხოლმე. საერთოდ, მთავრობაში ვინც უნდა იყოს, ყველაფერი კარგი მინდა ვუსურვო, იქნებ მოახერხონ და დაალაგონ რამე. კანონმორჩილი კაცი ვარ და ხელისუფლებების მიმართ ყოველთვის პატივისცემით ვარ განწყობილი, მით უმეტეს, როდესაც რაღაცას თავიდან იწყებენ. ამ დროს ხელის შეშლა არ შეიძლება, პირიქით, ხელი შევუწყოთ, რომ თავიანთი მოვალეობები უკეთ შეასრულონ.

- წინა მთავრობა თუ მოგწონდათ?

- სხვათა შორის, თავიდან მათაც "ვბალელშიკობდი", მეც და მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, მაგრამ მერე, ისე მოიქცნენ, რომ აღარავის უყვარდა... ნაღდად ასეა, რა, თუ თვითონ "ნაციონალი" არ იყო, არავის უყვარდა, საშინელებები გააკეთეს.

- ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ჩადენილ დანაშაულებს ვერ უმტკიცებენ. თქვენთვის რა იყო მიუღებელი?

- მათ საქმიანობაზე დეტალურად და კომპეტენტურად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ რა არის, იცით? დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის აურას, შინაგანად რას ასხივებს და ბოლოს უკვე, მაგარი უარყოფითი, ბინძური აურა იყო. ყველა და ყველაფერი ერთი კაცის გარშემო ტრიალებდა. მოკლედ, არ ვარგოდა, რა! მით უმეტეს, - ბოლო პერიოდში.

- "ნაციონალები" რომ ამტკიცებენ, ქვეყანა უკუსვლით მიდის და თავს უშველეთ, 90-იანებისკენ მივექანებითო, ეთანხმებით?

- შანსი არაა, რომ ქვეყანა უკუსვლით წავიდეს, გამორიცხულია. მე თუ მკითხავთ, ყველაფერი საათის ისრის მიმართულებით მიდის და "ნაციონალებს" ნამდვილად ვერ დავეთანხმები. თუმცა, ვიტყვი, რომ უმჯობესი იქნება, მთავრობა ცოტა უფრო სწრაფად თუ გაერკვევა ყველაფერში და პროფესიონალიზმი მოემატება, რადგან დაბნეულობას აქვს ადგილი. იცით, რა, რასაც აკეთებენ, იმაში სიკეთე და სიყვარული უნდა აურიონ, ესაა მთავარი.

- კრიმინალზე რას იტყვით?

- მე არ ვიცი, მოიმატა თუ არ მოიმატა, მაგრამ ყოველთვის რომ იყო, ფაქტია. როგორი დალხენილი ცხოვრებაც უნდა იყოს, კრიმინალი მუდამ იქნება, ამას ვერ შევცვლით. ადამიანი, სულ რომ ჰაერით იკვებებოდეს და საჭმლისთვის ან ფულისთვის "საომარი" არ ჰქონდეს, რამეს მაინც გამოძებნის, მაგალითად - ქალის გულისთვის. რაც შეეხება ქალებზე ძალადობებსა და ამ უბედურებებს, მიუღებლად მიმაჩნია. თუ არ უნდიხარ, სხვასთან გაუშვი და შენც სხვა ნახე, რა პრობლემაა? რატო კლავ, ტო?!

- რაც შეეხება იმ სასჯელებს, რაც მერაბიშვილს, ახალაიას და უგულავას შეუფარდეს, თქვენი აზრით, ადეკვატურია?

- არა! მაგარი არეულია! საერთოდ არაფერს ითვალისწინებენ და თვითონ აკანონებენ რაღაც სისულელეებს. როგორ შეიძლება, პლანის მოწევისთვის 8 წელი შეუფარდო და კაცის მოკვლისთვის - 5 წელი?! ეს იურისტები, მგონი, არაფრის აზრზე არ არიან, რა კანონებს წერენ, ღმერთმა უწყის.

- როგორ უნდა გამოსწორდეს სიტუაცია?

- ჩვენ აღარაფერი გვეშველება, ახალი თაობა მოდის და მათი იმედი მაქვს, სხვანაირი გამოცდილება აქვთ, განსხვავებულები არიან, ჩემი შვილებიც, შვილიშვილებიც. ეგენი თუ გამოასწორებენ რამეს, თორემ ჩვენი გამოსწორება არ იქნება. ნიჭიერი ბავშვები მოდიან, როგორ აზროვნებენ, როგორ ხატავენ, როგორ წერენ, საერთოდ სხვა "პაროდაა"!

- რა სფეროებისა და მიმართულებების განვითარებას ისურვებდით მთავრობის მხრიდან?

- კარგი იქნებოდა, ხელოვნება მეტად დაფინანსდეს, რადგან, ხომ ხედავთ, კინოც აღორძინებულია, მუსიკაც და ყველაფერი! უბრალოდ, ფული არ არის, რომ უფრო მეტი გაკეთდეს. მოკლედ, "ჟანგიანი ტყვიების" სროლას, ხელოვნებას მიხედონ, ჯობია.

- პირადად თქვენთვის თუ შეიცვალა რაიმე?

- არაფერი, როგორი უმუშევარიც ვიყავი, ისევ ისეთი უმუშევარი ვარ...

- პოემასა და ახალ სიმღერებზე მუშაობა თუ დაასრულეთ?

- კი, პოემა დავამთავრე, მზადაა, მაგრამ უფულოდ არავინ მიბეჭდავს და ფულსაც არავინ მაძლევს, მაგრამ მე თვითონ ვიზამ რამეს, არ ვწუწუნებ. პოემაში დისკი უნდა ჩავდო, რომელშიც ახალი სიმღერები შევა. პოემა, როგორც დისკის "აბლოჟკა", ისე ჩაიდება. მოკლედ, ყველაფერი იქნება და წინ საინტერესო რაღაცები გველის, მერწმუნეთ. ამას წინათ ერთ-ერთ ტელევიზიაში "წავიამაყე" და ახლაც მინდა ვთქვა, რომ ეგეთი რამე ჯერ არ დაწერილა, თამამად ვამბობ. როცა გაეცნობით, მიხვდებით.

თამთა დადეშელი