გუგული მაღრაძის საქმიანი და პირადი ცხოვრება - გზაპრესი

გუგული მაღრაძის საქმიანი და პირადი ცხოვრება

პროფესიით ფსიქოლოგი და სამართალმცოდნე, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ის სრული პროფესორი; საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - გუგული მაღრაძე თავისი საქმიანობის, განათლებასთან დაკავშირებული საკითხების, ინტერესებისა და ოჯახური ცხოვრების შესახებ გვესაუბრება:

- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, აღიარების თვალსაზრისით, ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს. ამ სფეროში ბევრი ადამიანია დასაქმებული - 65 ათასი მასწავლებელი, პროფესორები, კულტურის მუშაკები და სხვა, მათ ყოველთვის აქვთ პრობლემები, რომელთა გადაჭრა ზოგჯერ შეგვიძლია, ზოგჯერ - არა. ესეც ერთი სიძნელეა ამ კომიტეტში მუშაობისა. მნიშვნელოვანია განათლების რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები. ვიცით, რომ წინა წლებში გარკვეული ძვრები და წინსვლა იყო, მაგრამ მიდგომები იცვლება ხოლმე და რეალობასთან მათი თანხვედრა აუცილებელია. ვფიქრობ, კარგი კანონები მივიღეთ უმაღლესი განათლების მიღებასთან, სკოლებში მასწავლებელთა სერტიფიცირებასთან დაკავშირებით, რაც მათ ამ პროცესს უფრო უადვილებს და ბევრი სხვა საკითხი წამოვწიეთ.

- როგორია მინისტრ ჯეჯელავასთან თანამშრომლობა? რამდენად ითვალისწინებს თქვენს მოსაზრებებს?

- ვფიქრობ, იგი ძალიან ღიაა თანამშრომლობისთვის, პროგრესული, პირდაპირი ადამიანია, იმ აზრებს გამოთქვამს, რომელიც გულში ყველას აქვს, მაგრამ კონიუნქტურული გარემოებების გამო, ვერ ამბობს და მე მას ბევრ რამეში ვეთანხმები. შვილიშვილები მყავს სკოლის მოსწავლეები და ვფიქრობ, მართებულია, რომ V-VIII კლასებში დატვირთვა შედარებით ნაკლები უნდა იყოს, ძირითადი საკითხები უნდა ასწავლონ, ის, რაც ცხოვრებაში დასჭირდებათ. ვთვლი, რომ პირველიდან მეოთხე კლასამდე კითხვის ჩვევებზე, გაგებაზე, აზრის გამოთქმაზე, ძირითად ცნებებზე უნდა იყოს აქცენტი და ამასთანავე, რეჟიმზე - ჯანსაღი ცხოვრების წესი უნდა ჩამოუყალიბდეთ. ბავშვს სკოლა უნდა შეუყვარდეს, კი არ უნდა შესძულდეს. საუბარია იმაზეც, რომ მეტი სპეციალიზებული სკოლა გაიხსნას, ქვეყანაში პროფესიული განათლების პრესტიჟმა უნდა აიწიოს, რადგან საქართველოში რაც ხდება, წარმოუდგენელია - ყველა ამთავრებს უმაღლეს სასწავლებელს, დიპლომი აქვს, რომლითაც შრომით ბაზარზე შესაბამის სამსახურებს ვერ შოულობს, იმედგაცრუება ეუფლება, პესიმისტური შეხედულებები უყალიბდება და ა.შ. ცხრა კლას დამთავრებულ ახალგაზრდას უკვე გამოკვეთილი უნდა ჰქონდეს, რა შეუძლია და ისეთი რამ ისწავლოს, რაც მას უნდა. თუ 18-20 წლის ასაკში უმაღლესი განათლების მიღება მოუნდება, ამის შესაძლებლობაც ექნება. ეს გზა გაიარა ევროპის ყველა განვითარებულმა ქვეყანამ. მართალია, დასაქმების პრობლემაა, მაგრამ რამდენჯერ გამოცხადებულა ვაკანსია, სადაც შესაბამისი პროფესიონალი კადრი ფიზიკურად აღარ გვყავს და საზღვარგარეთიდან იწვევენ. სიტუაციას რეალისტურად შევხედოთ.GzaPress

- ქალი და პოლიტიკა რთულია?

- ამაზე წლების განმავლობაში ვმუშაობ და რეალობამ დამანახვა, რომ თუ გადაწყვეტილებების მიღებაში ქალები სათანადოდ არ იქნებიან ჩართულები, ის გადაწყვეტილება ცალმხრივია, რადგან მოსახლეობის 51% ქალია. ქალი ნებისმიერ პრობლემას შიგნიდან ხედავს, სხვა კუთხით და მას შეუძლია მამაკაცს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმაროს. თვითონ პროცესს ვერ გააჩერებ - ქალები იღებენ განათლებას, ჭკვიანები, გონიერები, აქტიურები არიან, ამიტომ მათ ბუნებრივად უნდათ, თუნდაც პოლიტიკაში მოსვლა, რადგან პოლიტიკური გადაწყვეტილებები შემდგომში მათ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. ასე რომ, წლები რომ გავა, ქალები უკვე დიდი რაოდენობით იქნებიან პოლიტიკაში, კვოტების დახმარების გარეშეც. ნებისმიერი ქვეყანა, სადაც ქალისა და მამაკაცის თანასწორობაა, ყველაფერში ბევრად წინაა. საერთაშორისო ფორუმებზე ზოგჯერ ვხუმრობ ხოლმე, ჩვენი კაცები არ არიან წინააღმდეგნი, თუ ქალები პოლიტიკაში წავლენ, მაგრამ სახლი დალაგებული უნდა იყოს, საჭმელი თავის დროზე გაკეთებული, ბავშვი მიხედილი, თვითონ ქალი - კარგად მოვლილი და ამის შემდეგ, თუ კიდევ ექნება დრო და ენერგია პოლიტიკას და სხვა საქმეებს მიხედოს, წავიდეს და იმუშაოს, კი, ბატონო-მეთქი. ამას იშვიათად ვინმე თუ შეძლებს. თუ ქალი ამა თუ იმ საქმიანობაში წარმატებულია, მას ყოველთვის ჰყავს ოჯახში ვიღაც, ვინც ეხმარება.

- ქალური ინტუიცია პოლიტიკურ საქმიანობაში თუ გეხმარებათ?

- ზოგადად, არ ვგეგმავ ხოლმე რაღაცებს, გლობალურ ქცევით სტრატეგიებს, ინტუიციას მივყვები, რომელიც გკარნახობს, რა დროს ჯობია გაჩერება და რა დროს - წინსვლა. ვფიქრობ, ინტუიციას უნდა მოუსმინო, მაგრამ არ შეიძლება, დინებას იყო მიყოლილი, ასაკის შესაფერისად უნდა განვითარდე და იმ ასაკის უპირატესი ქცევის ნორმას არ ჩამორჩე.GzaPress

- პროფესიით ფსიქოლოგი ხართ და ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობდით კიდეც. რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში წასვლა?

- ყოველთვის ძალიან აქტიური ადამიანი ვიყავი. სტუდენტობისას სიმფონიურში ვუკრავდი, კომკავშირული და პარტიული ინტერესები არ მქონდა, მერე, ვსწავლობდი, ფსიქოლოგიის ინსტიტუტში ვმუშაობდი და სულ რაღაცებში ვიყავი აქტიურად ჩართული, არასრულწლოვანთა კომისიებში და ა.შ. მერე, არასამთავრობოებში, 1995 წლიდან - ქალთა ცენტრი გვქონდა უნივერსიტეტში და სხვა. არასამთავრობო ორგანიზაციები კი გეხმარება რაღაცებში, მაგრამ დავინახე, რომ პრობლემებს მაინც ვერ წყვეტს, გადაწყვეტილების მიმღები მაინც პოლიტიკაა. პოლიტიკაში მაშინ წავედი, როცა ზვიად გამსახურდია ჩამოაგდეს. მიუხედავად იმისა, რომ მე მაშინდელ მთავრობასთან არანაირი კონტაქტი არ მქონდა, ჩავთვალე, რომ ეს ქვეყნისთვის სწორი არ იყო. ქვეყნის განვითარების გზა გადაიხარა და პროტესტის გრძნობა გამიჩნდა, ამიტომ, გადავწყვიტე იქ მივსულიყავი, სადაც ჩემი აზრების გამოთქმის შესაძლებლობა მექნებოდა. ტრადიციონალისტთა პარტია კი მაშინ, ასე ვთქვათ, "მრგვალი მაგიდის" "ნარჩენი" იყო, იქ საზოგადოებასთან ურთიერთობაში ვიყავი აქტიურად ჩაბმული, ოპოზიციურ გაზეთს ვუშვებდით - "ქართველი ერი". მერე, როდესაც "ტრადიციონალისტები" "აღორძინებისკენ" გადაიხარნენ, იმ პოლიტიკას თავი დავანებე და კვლავ არასამთავრობო ორგანიზაციაში წავედი. ძირითადად, მაშინ მოხდა ჩემი აშშ-ში გამგზავრება, გრანტი მოვიპოვე, კონკურსებში გავიმარჯვე, სოციალური ფსიქოლოგიიდან "კონფლიქტებზე" გადავედი და ამ მიმართულებით ბევრს ვმუშაობდი. უნივერსიტეტში კონფლიქტოლოგიის პროგრამა გავაკეთე, რომელიც ამერიკულ პროგრამასთან ერთი-ერთზე მიდის და ჩვენი სტუდენტებისთვის ძალიან ადვილია ამ სამაგისტროს შემდეგ, სწავლა უცხოეთის უნივერსიტეტებში განაგრძონ. ამერიკული პროგრამების მონაწილეთა ასოციაციის პრეზიდენტიც ვიყავი და მიხეილ სააკაშვილიც იქიდან მიცნობდა. 2004 წელს შემომთავაზა, თქვენი სივი დატოვეთ პარლამენტისთვისო და აშშ-ში დამირეკეს, სიაში ხართ და ხომ ჩამოხვალთო? ასე მოვხვდი პარლამენტში. პირველ წლებში ძალიან ვცდილობდი, მერე ერთი რაღაც არ მომეწონა, მეორე, თანდათან დაგროვდა რაღაცები და 2007 წლის 4 ნოემბერს ოფიციალური განცხადება გავაკეთე, დამოუკიდებელი დეპუტატი გავხდი. 2008 წლის მარტში ქალთა პარტია შევქმენი, ოთხი წელი ოპოზიციაში ვიყავით და რასაც ოპოზიცია აკეთებდა, ყველაფერმა ჩვენს ზურგზე გადაიარა - მიტინგი იყო, დარბევა თუ სხვა. არჩევნებშიც ვმონაწილეობდით, მაგრამ ორი თვის შექმნილი პარტიისთვის 1,5%-იც მიღწევა იყო. 2012 წელს, როდესაც ბატონი ბიძინა მოვიდა პოლიტიკაში, შემომთავაზა, მისი პარტიის დამფუძნებელი ვყოფილიყავი და მას შემდეგ, მოგეხსენებათ, ამ გუნდთან ერთად ვაგრძელებ საქმიანობას. მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი საუკეთესო პარლამენტია შემადგენლობით, აზრის გამოთქმის თავისუფლებაა, დისკუსიებს ვმართავთ, ვუსმენთ, ხალხი რას ამბობს. ახალგაზრდა, ენერგიული, ნიჭიერი, სუფთა, მონდომებული გუნდია და მე ძალიან კარგად ვთანამშრომლობ მათთან.

- როგორი რეაქცია გქონდათ კრიტიკაზე, როდესაც ადრე, ერთ-ერთმა ტელევიზიამ თქვენს ინგლისურენოვან გამოსვლასთან დაკავშირებით სახუმარო ვიდეო გაავრცელა?

- ეს დიდი პროვინციალიზმია, მსოფლიოში არავინ მოითხოვს, შენ ბრიტანული ან ამერიკული აქცენტით ილაპარაკო. ადამიანი სწორად უნდა მეტყველებდეს, აზრს აგებინებდეს, მაგრამ ეტყობოდეს, ვინ და საიდანაა. ადრე რომ იყო ჩვენთან, სუფთა რუსული აქცენტი უნდა გქონოდა და ახლა - სუფთა ბრიტანული, ეს სასაცილოა, თითიდან გამოწოვილი. ის კი "რუსთავი 2"-ის ნამუშევარი იყო, გვარამიასთან საკმაოდ გართულებული ურთიერთობა მქონდა, თავის დროზე ეთიკის საბჭოში ვუჩივლე და ჩასაფრებულები იყვნენ. ინგლისური არ იქნებოდა, სხვა თემას გამონახავდნენ. ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რა შესაძლებლობები მაქვს. სკოლასა და უმაღლესშიც ფრანგულს ვსწავლობდი. ასპირანტურაში სოციალურ ფსიქოლოგიაზე ჩავაბარე და ყველანაირი ლიტერატურა ინგლისურ ენაზე იყო, ამიტომ, სასწრაფოდ დავიწყე შესწავლა და ჩემს სპეციალობაში აბსოლუტურად თავისუფლად ვფლობ ყველაფერს - პროექტები დამიწერია, ლექციები წამიკითხავს და ა.შ. 60 წელს მიღწეული ადამიანი, რომელმაც ინგლისური ჩემზე კარგად იცის, ინგლისურის მასწავლებელია (იცინის).

- ინტერნეტკომენტარებზე თუ რეაგირებდით?

- პირველ ხანებში მინდოდა გამოპასუხება, მაგრამ მერე მივხვდი, რომ უამრავი ფეიქია გახსნილი, ადამიანებს მაგაში ფულსაც კი უხდიან, "ნაციონალებს" ჰყავთ დაქირავებული და ამაზე რეაქციაც არ მაქვს. პირიქით, ერთხელ ვთქვი კიდეც, "რუსთავი 2"-ს მადლობა უნდა ვუთხრა, სამი თვის განმავლობაში პრაიმ თაიმში ვიყავი, პოპულარული გამხადეს, ასეთი პიარის ფულს კი ვერასდროს გადავიხდიდი (იცინის). შოუ იმიტომ ჰქვია, უნდა იხუმრონ, მაგათი საქმე ეგაა, უბრალოდ, შეურაცხმყოფელი არ უნდა იყოს, თუმცა, ზოგჯერ ასეც მოსდით, მაგრამ "რუსთავი 2"-ია და ვისაც უნდა, უყურებს და მოსწონს.GzaPress

- საკმაოდ პირდაპირი ადამიანი ხართ...

- ვცდილობ, სამართლიანი ვიყო. ზოგჯერ ზედმეტად პირდაპირი ვარ, მაგრამ ვთვლი, რომ ადამიანებს სიმართლე უნდა უთხრა. უნდა მოეფერო იმას, ვისაც არაფერი შეუძლია, ავადაა, მაგრამ ზრდასრულ ადამიანს პირდაპირ უნდა უთხრა. შეიძლება მეც მეწყინოს, რაღაცას როცა მეუბნებიან, მაგრამ როცა გავაცნობიერებ, რომ მართალია, ვცდილობ, გამოვასწორო. ჩემს თანაგუნდელებსაც უთქვამთ, ნუ იცი ისეთი რამის თქმა, ხალხი გაგვინაწყენდებაო, მაგრამ თუ ხალხი გაიაზრებს, რა და რატომ ვუთხარი, მე მგონი, მისაღები იქნება. გაჭირვებიდან ამოყვანაში სახელმწიფოც უნდა დაგეხმაროს, მაგრამ მხოლოდ მის იმედზე ვერ იქნები. თვითონ უნდა გააკეთო რაიმე და სთხოვო, მე ამას და ამას ვაკეთებ და ამაში მომეხმარეო. ასე შეიქმნა ის კარგი სახელმწიფოები, რომელსაც ჩვენ ასე ვესწრაფვით და ასე ველტვით.

- როგორია არასაქმიანი გუგული მაღრაძე?

- იუმორი მიყვარს. დიდხანს სერიოზულ რაღაცებს ვერ ვიტან, ზოგი რომ დაჯდება, ხმას არ იღებს და ცხვირ-პირი ჩამოსტირის, ვცდილობ, რაღაც ისეთი ვთქვა, რომ გავხალისდე. ჩემს მეგობრებს ხშირად ვერ ვხვდები, თუმცა ტელეფონით მუდმივი კონტაქტი გვაქვს. რაღაც-რაღაცებს ადრე უფრო ვესწრებოდი, თეატრი იქნებოდა თუ გამოფენა, ახლა უკვე ამდენი დრო და ენერგია ნამდვილად აღარ მაქვს. დროს ვუფრთხილდები, ჩემს შვილთან და შვილიშვილებთან მინდა გავატარო, რადგან ეს ყველაზე დიდი ფუფუნებაა. ოჯახური საქმეების კეთება არ მიწევს, ჩემი სურვილით თუ რამეს მოვუმზადებ ბავშვებს ხანდახან. ვახერხებ, რომ ზოგჯერ აუზზეც წავიდე, შაბათ-კვირას კი ოჯახში ყოფნას ვამჯობინებ.

- როგორი დიასახლისი ხართ?

- ხაჭაპურიც გამომიცხვია, საცივიც გამიკეთებია და ხორციც შემიწვავს, მაგრამ სამზარეულოში ტრიალი არ მიყვარს, ზოგს მოსწონს. ერთი ქალიშვილი მყავს, თავის საქმეში წარმატებულია და ეს ძალიან მიხარია. ათასწლეულის გამოწვევის ამერიკული ფონდის დირექტორია და ბევრ კარგ საქმეს აკეთებს, განათლების ხელშეწყობა მათი მთავარი ამოცანაა, რაც ჩვენნაირი ქვეყნის განვითარების მთავარი საფუძველია. მეუღლე და ორი შვილი ჰყავს - 13 წლის ლუკა და 10 წლის მარიამი. მათთან ბედნიერი ვარ.

თამთა დადეშელი