"დროშა ვერ დაკიდენ, ნაჭერი არ ეყოთ!" ანუ ჯონჯოლი არ უნდა იყო კაცი - გოგი წულაიას პირადი და საქმიანი ცხოვრება - გზაპრესი

"დროშა ვერ დაკიდენ, ნაჭერი არ ეყოთ!" ანუ ჯონჯოლი არ უნდა იყო კაცი - გოგი წულაიას პირადი და საქმიანი ცხოვრება

გოგი წულაიას სახელი და გვარი ცოტა ხნის წინ, უბრალოდ, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელ პოლიტიკოსთან ასოცირდებოდა, რომელიც განცხადებების გაკეთებისას, სხვებზე ცოტა მეტი ემოციურობით გამოირჩევა. სხვადასხვა დროს იგი შევარდნაძის დროინდელი პარლამენტის წევრიც იყო და წინა ხელისუფლებისაც. ამჟამად, მოგეხსენებათ, კახა კუკავას თანაგუნდელი, "თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის კომიტეტის თავმჯდომარეა და თავის პოლიტიკურ საქმიანობას განაგრძობს, თუმცა, ერთმა ვიდეორგოლმა მისდამი ადამიანების დამოკიდებულება აბსოლუტურად შეცვალა. ახლა გოგი წულაიას სახელის ხსენებაზე, პირველ რიგში, ფრაზა - "დროშა ვერ დაკიდენ, ნაჭერი არ ეყოთ" ახსენდებათ, რომელმაც მას პოპულარობა და ცნობადობა საგრძნობლად შემატა. რამდენიმე დღის წინ, ბატონ გოგის თბილისში ყოფნისას, პარტიის ოფისში შევხვდი და გავესაუბრე. საუბრის სტილი, ნაწილობრივ, დაცულია:

- საერთოდ, ყველა ინტერვიუში ბოლომდე "ვიწვები" და არასდროს არაფერს ვასახიერებ, დაყენებული სახით არ გამოვდივარ, არც გასწორებული სალიტერატურო ენით ვსაუბრობ, როგორი ემოციაც მომაწვება, ისე ვამბობ ჩემს სათქმელს. ჩემპიონატზე იმ დროშის დანახვისასაც, ზუსტად ის ემოცია მქონდა, რაც იმ ინტერვიუში გადმოვეცი - ყველა ქვეყნის დროშა ლამაზად ფრიალებდა და ჩვენი რასაც ჰგავდა, იმ სიტყვას აღარ გავიმეორებ. დროშა სახელმწიფოს სიმბოლოა, ისედაც დაფსებულები და ტერიტორიაწართმეულები ვართ და აქ მაინც გამოხატე, რომ თავისუფალი და ისეთივე ქვეყანა ხარ, როგორიც ისინი.

- "ვანოს შოუს" გაკეთებული ვიდეორგოლი როგორ მოგეწონათ?

- იუმორისტი კაცია, ცდილობს, ყველაფერი გამოიყენოს და ვთვლი, რომ დადებითად წამადგა, უფრო პოპულარული, ცნობადი გამხადა. პატარა ბავშვები მხვდებიან და მცნობენ, - დროშა, დროშაო გაჰყვირიან (იცინის). გზის პირას ვიდექი, ბრიფინგი მქონდა და გამვლელმა მანქანამ რომ დამინახა, გააჩერა და ჩემი ვიდეო ჩართო - "დროშა ვერ დაკიდენ" (იცინის). მადლობელი ვარ ვანო ჯავახიშვილის.

- ამის მერე, მიმსგავსებული ფრაზებიც გაჩნდა - "ხანძარი ვერ ჩააქრენ, წყალი არ ეყოთ"; "შროშა ვერ გაყიდენ, თიხა არ ეყოთ" და ა.შ.

- მთლად შორს წავსულვარ (იცინის). როცა რამეს ვამბობ, არასდროს ვფიქრობ, ამას რა რეაქცია მოჰყვება. მიხარია, რომ ეს ფრაზა ასე, იუმორით მიიღეს.

- თქვენზე გვიამბეთ, აპოლიტიკურ და შინაურულ სიტუაციებში როგორი ხართ, როდესაც არაფერს აპროტესტებთ და უბრალოდ, მეგობრების გარემოცვაში იმყოფებით?

- ფეთქებადი და ემოციური ნამდვილად ვარ, თუმცა, სამართლიანი. კომუნიკაბელურიც ვარ, ადამიანებთან ურთიერთობა მიყვარს, მარტო ყოფნა არ შემიძლია, სახლშიც კი, ცოლ-შვილს რომ მოვესიყვარულები, მერე გარეთ თუ არ გავედი და ხალხი არ ვნახე, რა გამაჩერებს? ბავშვობიდან ასეთი ვარ. მამაჩემი მკაცრი კაცი იყო, მაშინდელი ქუჩა ცოტა სხვანაირი იყო, ქურდული და ასე თავისუფლად არ მიშვებდა ხოლმე, მე კი სულ გარეთ გასვლა მინდოდა, ბავშვებთან თამაში და როგორც კი ყურადღებას მოადუნებდა, ქუჩაში გავრბოდი. რა ვქნა, სულ ადამიანების გარემოცვაში მინდა ყოფნა.GzaPress

- რა პროფესიის ხართ?

- კომუნისტური წყობის "პროდუქტი" ვარ, ღვინის ქარხნის დირექტორი მინდოდა გამოვსულიყავი (იცინის), დალევა მიყვარდა. მაშინ ხომ კერძო საკუთრება არ იყო, დირექტორად უნდა დანიშნულიყავი. იმნაირ მსმელ ოჯახში გევიზარდე, მგონია, სულ ეს სურვილი მქონდა, მხატვრობაზე ან მთამსვლელობაზე არასდროს მიოცნებია. ახლა უკვე სხვა მიზნები და აზრები მაქვს, ცხადია... სკოლაშიც, ინსტიტუტშიც, ჯარშიც დაუმორჩილებელი ვიყავი, სულ რაღაცას ვაშავებდი, ვაპროტესტებდი, მასწავლებლებს წინააღმდეგობას ვუწევდი, შიდა კანონებს არ ვემორჩილებოდი და ინსტიტუტიდანაც გამომრიცხეს. ამის გამო კი ორი წელი საბჭოთა ჯარში მომიწია წასვლამ, ექვსი თვე გერმანიაში ვიყავი და ის დრო კოშმარად გადეიქცა. ჯარში კი უნდა იყოს წესრიგი, მაგრამ არა ისეთი, როგორიც საბჭოთა ჯარში იყო. მე სატანკო ნაწილში მოვხვდი, ომამდე ტანკისტი ვიყავი (იცინის), მსროლელი.

- პოლიტიკაში როდის ჩაერთეთ?

- ყოველთვის ანტირუსული განწყობის ვიყავი. ერთი ნათესავი მყავდა და თბილისიდან როცა ჩამოდიოდა, სულ ამერიკის ხმას მასმენინებდა და სხვებისგან განსხვავებით, რაღაც ინფორმაციები მქონდა ხოლმე. ქუთაისი ამ მხრივ მეტად ჩაკეტილი ქალაქი იყო, იმდენი ინფორმაცია არ გვქონდა და როგორც კი ეროვნული მოძრაობა დაიწყო, პირველივე მიტინგზე წავედი 1988 წლის 3 დეკემბერს. მას მერე, თითქმის არც ერთი მიტინგი და აქცია არ გამომიტოვებია. ზოგში, ვთვლი, რომ სწორად მივიღე მონაწილეობა, ზოგში არ უნდა მიმეღო. მას მერე იქ ვარ, სადაც ქარიშხალია.

- ქუთაისელი ხალხი რამდენად აქტიურია პოლიტიკურად?

- ჩემდა სამწუხაროდ, ქუთაისი არააქტიური ქალაქია. ტოლსტოის სიტყვები მინდა გავიხსენო, - ქურდს გავუგებ და კიდევაც ვაპატიებ, მკვლელს გავუგებ და ვერ ვაპატიებ, ხოლო გულგრილ ადამიანებს ვერც გავუგებ და ვერც ვაპატიებო. ბუხაიძის ქუჩაზე, სკვერში რესტორანს აშენებდნენ, რომელიც ათას პრობლემას უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას. ბევრი ადამიანი გამოვიდა ამის გასაპროტესტებლად და მიაღწიეს კიდეც შედეგს, მშენებლობა შეაჩერეს. გული იცით, რაზე მწყდება? როცა უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია გადასაწყვეტი, კაცისშვილი არ გამოდის და ხმას არ იღებს. ქალაქის ინტერესს არაფრად თვლი და შენ რომ მოგადგება, მარტო იმაზე გამოდიხარ.

- "ქუთაისი საუნივერსიტეტო ქალაქი" - ამ იდეაზე რას იტყვით?

- ზღაპარია მაგი, "ტყვილი, ტყვილი, პაპიროზი პირში", - ასეთი გამონათქვამი არსებობდა. ჯერჯერობით არაფერი ხდება. საერთოდ, ქუთაისი თუ საუნივერსიტეტო ქალაქად იქცევა, ეს ცუდი არ არის, მაგრამ იქ უამრავი ისეთი ინსტიტუტი გვაქვს, რომელთა განვითარებითა და ხელშეწყობით, მართლაც შესაძლებელი იქნება საგანმანათლებლო სისტემის გარკვეული სეგმენტი ქუთაისმაც აითვისოს. არ უნდა ამას ახალი შენობები, რაც იმაზე ფული უნდა დახარჯონ, აგერაა ბატონო აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი, "გეპეი", მშვენიერი შენობებია, ლაბორატორიებიც იყო და ყველაფერი, განავითარონ და ააყვავონ. 60 ათას სტუდენტზე იქნება გათვლილიო, 33 ათასამდე აბიტურიენტი იყო და დანარჩენი - 30 ათასი აფრიკელი რომ ჩამომიყვანონ ქუთაისში, ხო გავგიჟდი? ისევ ღარიბი და დაქცეული ჩამოვა და დაქცეული ჩემი თავი არ მყოფნის? კარგი იქნება იმ მხრივ, თუ დასავლეთ საქართველოელი აბიტურიენტების უმეტესობა ჩააბარებს ქუთაისში და არა - თბილისში.

- კოპიტნარის აეროპორტით გისარგებლიათ?

- არა, მაგრამ გამიცილებია და ერთადერთი ნორმალური რაც გაკეთდა, ისიც მიშას დროს, ესაა.

- ადრინდელი ქუთაისი და ახლანდელი, ურთიერთობების მხრივ რით განსხვავდება?

- ცა და დედამიწასავით განსხვავდება ჩემი ბავშვობის დროინდელი ქუთაისი და ახლანდელი. ქუთაისელს სტუმრის მოსვლა უხაროდა, ზეიმი იყო და ამ ყველაფერს მთელი პომპეზურობით ატარებდა. მეტად ღიმილიანი და თავისუფალი იყო, სხვა ურთიერთობებით გამორჩეული და ვთვლი, რომ გაჭირვებამ შეცვალა ხალხი. სტუმარს ემალები, პატივსაცემ ნაცნობს რომ დაინახავ, კათხა ლუდზე ხომ მაინც უნდა დაპატიჟო? ერთეულებს კი შემოგვრჩა იუმორი, მაგრამ ქუთაისი ის ღიმილიანი ქალაქი აღარაა.

- თეატრში თუ დადიხართ?

- თეატრში ხანდახან დავდივარ, თუნდაც იმიტომ, რომ ჩემი ქალიშვილი წავიყვანო, რომელიც 10 წლისაა, რომ ამ ხელოვნებას ეზიაროს და მისი სულიერი სამყარო უფრო მრავალფეროვანი იყოს. იმერეთის თეატრალური ფესტივალის თითქმის ყველა რაიონის სპექტაკლს დავესწარით. ვაჟი კი უკვე დიდია და თვითონ დადის ხოლმე, სადაც უნდა.

- თქვენი მეუღლე რას საქმიანობს?

- "დაწყებითები" და საექთანო აქვს დამთავრებული, ბაღში და სკოლაში მუშაობს. ჩემი ვაჟი აბიტურიენტია და ახლა აქვს გამოცდები. ჩემი ოჯახი ისეთია, როგორიც უნდა იყოს ქართული ოჯახი. უპრობლემო და უჩხუბარი ალბათ ოჯახი არ არსებობს საქართველოში, მაგრამ ხან მეუღლე დათმობს, ხან ორივე ერთად და ასე ვცხოვრობთ. ვცდილობთ, ბავშვები მშვიდ და ნორმალურ გარემოში გაიზარდნონ და მცირე თუ დიდი პრობლემები თავს არ მოვახვიოთ, არ გაიგონ. ყოველთვის ვცდილობთ, ოჯახი ერთად ვიყოთ, ერთად ვისადილოთ. არ არსებობს, მშიოდეს და მეუღლის მოსვლამდე მარტომ შევჭამო, მოვითმენ, დაველოდები, როდის მოვა სკოლიდან და ერთად მივუსხდებით სუფრას.

- თქვენი ჰობი რა არის?

- მეგობრების წრეში, ადამიანებთან ყოფნა და ქეიფი, კარგი ღვინის დალევა მიყვარს. ღვინოს მე თვითონაც ვაყენებ სარდაფში. არ მიყვარს ის პოლიტიკოსები, რომლებიც ამბობენ, დრო არ მაქვსო. თუ ვამბობ, ქეიფი მიყვარს-მეთქი, ამის გამო ამომრჩეველი მომაკლდება? რაის დრო არ გაქვს?! რა ეტყობა ამ ქვეყანას, შენ რომ დრო არ გაქვს? წიგნებს ვკითხულობ და ჭადრაკს ვთამაშობო, რომ დაიწყებენ ხოლმე საუბარს სერიოზული სახეებით, ინტელექტუალებად რომ უნდათ წარმოაჩინონ თავი. ზღაპრები მოუყევი ბებიაშენს, სახლში! GzaPress

- ქართველ პოლიტიკოს ქალბატონებზე რას იტყვით?

- ვთვლი, რომ ქალი უნდა იყოს პოლიტიკაში. მეტ სილამაზეს, მომხიბვლელობას, სიყვარულს შემოიტანს. წარმატებები მინდა ვუსურვო, მაგრამ ხელოვნურად ამის გაკეთება და კვოტების მიცემა სისულელე მგონია. თუ ზოგადად ქალის უფლებების დაცვაზე ვსაუბრობთ, ეს ყველა ქალბატონს უნდა ეხებოდეს. ვეხვეწები მანდილოსნებს, მოდით პარტიაში-მეთქი, მაგრამ არ უნდათ ეს ოპოზიციური პარტია და რას ვიზამ? ძალით ხომ არ შემოვიყვან?

- ახლაც პარლამენტარი რომ იყოთ, რას გააკეთებდით?

- პარლამენტარი საკუთარ თავთან და ღმერთთან უნდა იყოს მართალი და როცა თვლის, რომ ეს კანონი ამ ქვეყნისთვის სასარგებლო არ არის, იმის "ჟილკა" და გამბედაობა უნდა ჰქონდეს, ზეწოლის თუ მთელი პარტიის შეხედულების მიუხედავად, ხმა სწორ პოზიციას მისცეს. ადრინდელ პარლამენტში, სანამ უმრავლესობას დავტოვებდი, სულ ვეხუმრებოდი დეპუტატებს, ჯონჯოლის პოზიციაში ყოფნა არ მოგწყინდათ-მეთქი? სუფრაზე ჯონჯოლი თუ არის, კაციშვილი არ ეკარება და თუ არაა, არც იმას კითხულობენ, რატომ არააო? ჯონჯოლი არ უნდა იყო, კაცი.

თამთა დადეშელი