"წინასაარჩევნო დაპირებებში რაიონების გახლეჩის პრინციპს ვხედავ" - გზაპრესი

"წინასაარჩევნო დაპირებებში რაიონების გახლეჩის პრინციპს ვხედავ"

დღევანდელი რეალობის შემხედვარეს, ალბათ რთულია, სიბრაზე არ მოგერიოს. სამწუხაროდ, გულისწყრომის უამრავი მიზეზი არსებობს. ამჯერად, მომღერალსა და ლეიბორისტული პარტიის წევრს - გიორგი ჩიტაურს ვკითხეთ, თუ რა საკითხები იწვევს მის განსაკუთრებულ გულისწყრომას...

- ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებიდან გამომდინარე, ადამიანს უამრავი საკითხი ნერვებს გიშლის - ბევრი უარყოფითი რაღაც ხდება...

- განსაკუთრებულად რა იწვევს თქვენს გაბრაზებას, გაღიზიანებას?

- უპირველეს ყოვლისა, ნერვები იმის გამო მეშლება, როცა რაღაც მიზანი მაქვს, რაიმეს გაკეთება მინდა და ვერ ვაკეთებ. ჩემი ყველაზე სუსტი წერტილი ეს არის - ამ დროს ვბრაზდები. შეიძლება, ადრე თუ გვიან მიზანს მივაღწიო, მაგრამ მაქსიმალისტი ვარ და მინდა, ყველაფერი ძალიან სწრაფად გავაკეთო... კიდევ ის ფაქტი მიშლის ნერვებს, როდესაც ადამიანებს გვერდით დგომა სჭირდებათ, მე კი პრობლემის წინაშე უძლური ვარ და ვერ ვეხმარები... მოგეხსენებათ, ქართველებს მეგობრებთან ერთად ქეიფი, დალევა განსაკუთრებით გვიყვარს. როდესაც კარგად შევზარხოშდებით, განსაკუთრებული ფრაზების თქმაც გვეხერხება. მებრძოლი სულისკვეთების ადამიანები განსაკუთრებით მაშინ ვხდებით. სწორედ ამ დროს ჩნდება განცდა, რომ ფაქტობრივად, ლამის ქვეყანას ვაერთიანებთ და მაღალფარდოვანი სიტყვებით დაკარგულ ტერიტორიებს ვიბრუნებთ. ესეც ძალიან ნერვებს მიშლის, რადგან ვფიქრობ, ადამიანმა თავისი პატრიოტული სულისკვეთება სხვა ფორმებით უნდა გამოამჟღავნოს და დაამტკიცოს.

- გაბრაზებას როგორ გამოხატავთ?

- ისე არასოდეს გამოვხატავ, რომ ვინმეს დავუყვირო, აგრესიული ვიყო... ასეთი ხასიათი არ მაქვს. მშვიდ ადგილას უნდა განვმარტოვდე. შემიძლია, მუსიკას მოვუსმინო, რომელიც დამამშვიდებს, რამე საინტერესო წავიკითხო, ფილმს ვუყურო ანუ ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანო. შეიძლება ვინმემ შემატყოს, მაგრამ ვცდილობ, ადამიანს არასოდეს ვაგრძნობინო, რომ გაბრაზებული ვარ. ჩემს სანაცნობო წრეში ხშირად ყოფილა არასასიამოვნო ფაქტი, რის გამოც გავბრაზებულვარ, მაგრამ იმ ადამიანისთვის არაფერი მიგრძნობინებია...

- როგორ ფიქრობთ, შეგიძლიათ, პოლიტიკურ დებატებში ოპონენტს ისე ეკამათოთ, რომ წყობილებიდან არ გამოხვიდეთ? მოგეხსენებათ, ქართველ პოლიტიკოსებს ბილწსიტყვაობა და

ერთმანეთის ცემა-ტყეპა სჩვევიათ...

- ქართულ პოლიტიკურ ელიტას აგრესია, გაბრაზება უკვე წეს-ჩვეულებად, ტრადიციად მოჰყვება. ალბათ, ამის მიზეზი ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებაა. მიმაჩნია, რომ პოლიტიკას მსგავსი რაღაცები არ უხდება, რადგან ეს სფერო გადაწყვეტილებებზეა ორიენტირებული - როცა პოლიტიკაში ხარ, სერიოზული გადაწყვეტილებები უნდა მიიღო. გაბრაზებულმა ადამიანმა კი შესაძლოა, რაღაც არასასიამოვნო გადაწყვიტო. გასაგებია, რომ ეს სფერო "ცოცხალი ორგანიზმია", პოლიტიკაში ყოფნაც ბუნებრივი პროცესია, ადამიანების ცხოვრებას უკავშირდება. ამიტომ სიბრაზის გამოხატვა მიუღებელია. ალბათ, პოლიტიკასა და ნებისმიერ სფეროში ყველაფერს ის განაპირობებს, თუ რა დამოკიდებულებები, ხედვები არსებობს საზოგადოებაში. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით,Y ყველას შეიძლება, თავისებური შეხედულება ჰქონდეს. ამიტომ მიმაჩნია, რომ კამათი აგრესიაში არასოდეს უნდა გადაიზარდოს. ამ მხრივ, პოლიტიკოსებს განსაკუთრებულად მეტი პასუხისმგებლობა აკისრიათ. რაც უფრო ნაკლები იქნება მათში აგრესია, მით უფრო დაიძლევა სიბრაზესთან დაკავშირებული პრობლემა.

- და მაინც, რომელი ოპონენტის რა მოსაზრებამ შეიძლება ისე გაგაბრაზოთ, რომ წყობილებიდან გამოხვიდეთ?

- ვფიქრობ, პოლიტიკოსი წყობილებიდან იმ დროს გამოდის, როცა ტყუის და საკუთარი ნათქვამის არგუმენტებით გამყარება არ შეუძლია. ასეთ დროს აგრესიული ხდება. აგრესია ადამიანის ყველაზე სუსტი წერტილია, რასაც შეიძლება, სავალალო შედეგიც მოჰყვეს, რადგან აგრესიულობა დანაშაულის ნიშნებთან ძალიან ახლოს არის. პირდაპირ რომ ვთქვათ, გამორიცხული არაა, ასეთმა ადამიანმა სისხლის სამართლის დანაშაულიც ჩაიდინოს.

- გიორგი, კიდევ რა საკითხია, რაც გაბრაზებთ?

- ბევრ უსამართლობასთან შეგუება მიწევს. საერთოდ, ქვეყანაში უამრავი პრობლემაა. როდესაც სხვადასხვა სფეროში, სხვადასხვა დროსა და ადგილას უსამართლობას ვაწყდები, ძალიან ვღიზიანდები. მაგალითად, შეიძლება, ვიღაცამ რომელიმე გამგებელს ყავა არ მოუდუღოს ან უბრალოდ, შესვენებაზე გასულმა დაბრუნება 2 წუთით დააგვიანოს და ამის გამო სამსახურიდან გაათავისუფლონ. ცხადია, როცა ადამიანი ასეთ ფაქტებს აწყდები, ძალიან ბრაზდები - ამაზე ორი აზრი არ არსებობს. უსამართლობის შემხედვარე სიამოვნებას ნამდვილად ვერ მიიღებ... კიდევ ის ფაქტი მაღიზიანებს, რომ ბევრი ნიჭიერი ადამიანი საზოგადოებაში თავისი ნიჭის რეალიზებას ვერ ახერხებს. ბევრს სწავლის, უმაღლესი განათლების მიღების სურვილი აქვს, მაგრამ ოჯახებს საამისო ფინანსური შესაძლებლობა არ გააჩნიათ, უფულობის გამო იჩაგრებიან. ყველაზე მეტად ადამიანის ჩაგვრამ შეიძლება, წყობილებიდან გამომიყვანოს. ზოგს მეზობლის, ნათესავისა და საკუთარი პრობლემებიც კი არ აინტერესებს...GzaPress

- ჟურნალისტებზე არასოდეს გაბრაზებულხართ?

- სხვათა შორის - არა, მაგრამ საინფორმაციო სივრცე უკონტროლოა: იმაზე ვბრაზდები, რომ გადაუმოწმებელ ინფორმაციებს აქვეყნებენ. მგონი, დამეთანხმებით, რომ გამოქვეყნებული ინფორმაცია აუცილებლად რეალობას უნდა ასახავდეს - ჟურნალისტი ფაქტებით უნდა საუბრობდეს. საინფორმაციო სივრცე იმდენად უკონტროლოა, რომ ვისაც რა უნდა, იმას წერს და აქვეყნებს. ასეც არ შეიძლება. ეთიკის ნორმები ნებისმიერ სფეროში დაცული უნდა იყოს. დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ყველას თავისი აზრის გამოხატვის საშუალება აქვს - ამის გარანტი ჩვენი კონსტიტუციაა, მაგრამ როდესაც შენს აზრს საზოგადოება ეცნობა, შეიძლება, უარყოფითი შეფასება მოჰყვეს. სოციალურ ქსელში ხშირად წამიკითხავს, როცა ავტორი წერს - ეს ინფორმაცია მოგვაწოდა წყარომ, მაგრამ მისი კონფიდენციალურობა დაცულიაო. ხშირ შემთხვევაში, ეს ინფორმაცია მართალი არ ყოფილა ანუ "კონფიდენციალურმა წყარომ" სტატიის ავტორს ტყუილი უთხრა. მიმაჩნია, რომ ტყუილების ტირაჟირება არ შეიძლება. ეს ჩემი აპოლიტიკური აზრია. ჟურნალისტების გაბრაზება პოლიტიკოსებს ძალიან ძვირად უჯდებათ (იცინის). ამიტომ საუბრის გაგრძელებისგან თავს შევიკავებ...

- პოლიტიკოსების წინასაარჩევნო დაპირებები არ გაღიზიანებთ?

- 2012 წელს, ხალხს "უფასო ფულს" რომ ჰპირდებოდნენ და სერიოზული ილუზიები შეიქმნა, მაშინ ისე ძალიან არ გავბრაზებულვარ (რადგან თავიდან ბოლომდე ბლეფი იყო), როგორც - ახლა: ერთ-ერთმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო და რეგიონებში, მოსახლეობასთან შეხვედრისას ასეთ რაღაცას აკეთებს: მაგალითად, ამბობენ, რომ ახალციხეში პენსიას 50 ლარით გაზრდიან, საგარეჯოში - 30-ით, ასპინძაში - 35-ით... ამაზე ნერვები ძალიან მეშლება. პენსია თუ გაიზრდება, კარგია, მაგრამ ვიცი, რომ არარეალურია, თუმცა ეს იმდენად არ მაღიზიანებს, რამდენადაც - ის, რომ ამ წინასაარჩევნო დაპირებებში რაიონების გახლეჩის პრინციპს ვხედავ. ბევრი ქართველი ემიგრანტი გვყავს, საქართველოში ერთმანეთის ლანძღვა და ხელჩართული ბრძოლები (რასაც ტელევიზიით გადმოსცემენ) არ გვაკლია. ამ ყველაფერს კიდევ სეპარატიზმის გაღვივების მცდელობა უნდა?! ჩემ მიერ ნახსენები პოლიტიკური დაპირება სწორედ სეპარატიზმის გაღვივების მცდელობად მიმაჩნია. საერთოდ, სახელმწიფოს თავისი საპენსიო სტრატეგია და პოლიტიკა აქვს, რაც ეროვნულ იდეოლოგიას უნდა ეფუძნებოდეს. მთავრობას ყველა მოქალაქის მიმართ ერთიანი პოზიცია უნდა ჰქონდეს, იგივე - პენსიასთან დაკავშირებით: აუცილებლად უნდა დადგეს ის დრო, როცა ადამიანებს პენსია სტაჟისა და დამსახურების მიხედვით დაენიშნებათ, მაგრამ საარსებო მინიმუმი ყველა პენსიონერისთვის ერთი და იგივე უნდა იყოს. ამ საკითხის საცხოვრებელი ადგილების მიხედვით დაყოფა ძალზე ცუდია...

ეთო ყორღანაშვილი