"მთავარია, მეორე ტაიმის შედეგი" - გზაპრესი

"მთავარია, მეორე ტაიმის შედეგი"

ბოლო დღეების განმავლობაში მსოფლიო მედიის ყურადღება მიხეილ სააკაშვილმა თავისი პომპეზური ქმედებებით კვლავაც მიიპყრო. ქართველი ექსპერტები უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აფასებენ.

- ბატონო სოსო, როგორ შეაფასებდით მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში შესვლას? იზიარებთ იმ აზრს, რომ ეს დადგმული სპექტაკლი იყო?

სოსო ცისკარიშვილი:

- რასაკვირველია, რაიმე სპონტანურ მცდელობასთან საქმე არ გვაქვს. როგორც ჩანს, კარგა ხანს იგეგმებოდა სააკაშვილის შებრუნების სპექტაკლი იმ ქვეყანაში, რომელმაც მას მოქალაქეობა წაართვა და არც ის იყო შემთხვევითი, ამ ნაბიჯის გადადგმამდე მან ნახევარი მსოფლიო რომ მოიარა. გარკვეული თანაგრძნობა გაისმოდა მის მიმართ, როგორც აშშ-ში, ისე - ევროპაში, რამაც ჩვენს მესამე პრეზიდენტს ენერგია შემატა. სანახაობა ძალზე მიმზიდველი იყო მათთვის, ვისაც ეს თემა კვლავ აქტუალურად მიაჩნია და სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ყველაზე მოულოდნელი და მიუღებელი იყო მისი 11 წლის შვილის აქეთ-იქით ტარება და ბოლოს, ლვოვში, ღამით, ქუჩაში გამართულ პრესკონფერენციაზე გადაღლილი ამ პატარა ადამიანის დგომა. პირველი შემთხვევაა, როცა საკუთარ სპექტაკლში ბატონმა მიხეილმა ცოლ-შვილიც ჩართო. ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ მისი ნაბიჯი სერიოზული წკიპურტი უნდა ყოფილიყო უკრაინის პრეზიდენტისთვის. ასეც მოხდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც უკრაინის ხელისუფლებამ რეალობა აღიქვა, სააკაშვილი იმედია ბრჭყალებს გამოაჩენს, არცთუ ცოტა თანამოაზრეს შეიძენს და ცხადია, იმ კანონებს დაეყრდნობა, რომლებიც იმ საკითხებთან დაკავშირებითაა ნაგულისხმევი, რასაც საზღვრების გადაკვეთა ჰქვია, ყოველგვარი წინასწარი მომზადების გარეშე. დარწმუნებული ვარ, ბატონი მიხეილი ახლა თავს ნაკლებად კომფორტულად გრძნობს, პირველი ტაიმი მოიგო, მაგრამ როგორც ჩანს, დაავიწყდა, რომ ერთი ტაიმი ვერ მოუტანს შედეგს და მეორე გადამწყვეტ ტაიმზე მოუწევს ფიქრი ხრიკებს გამოსაძებნად. ფაქტია, მისი ავტორიტეტი საკმაოდ დიდია უკრაინის პოლიტიკურ სპექტრში და ეს, რასაკვირველია, აქეზებს ჩვენს ყოფილ პრეზიდენტს, მაგრამ მისთვის სასურველი შედეგისთვის ეს საკმარისი არაა. ამას ადასტურებს როგორც პროკურორების, ასევე შსს-ს განცხადებები და ყველას, ვინც სააკაშვილთან ერთად არალეგიტიმურად შეაბიჯა უკრაინის სივრცეში, დასაკითხად იბარებენ.

საქმე ისაა, როგორ აისახება უკანასკნელი დავიდარაბა საქართველოს რეალობაზე. ხელისუფლებამ წინდაუხედავი განცხადებები და ნაბიჯები არ უნდა გადადგას. თუ ვინმეს ავნებს მომავალშიD სააკაშვილის მოხვედრა საქართველოს ციხეში, ეს უპირველესად აუწერელი შფოთის გამომწვევი იქნება ჩვენსავე ქვეყანაში. ნამდვილად ნეგატიურად იქნება შეფასებული ევროპული როგორც სახელმწიფოებრივი, ასევე, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. ამიტომ, ეს ის ვარიანტია, საცა არა სჯობს, გაცლა სჯობსო. არ უნდა ვიაქტიუროთ, დაველოდოთ პროცესების განვითარებას და რაც უფრო მდუმარე იქნება ჩვენი ხელისუფლება და საზოგადოების დიდი ნაწილი, მით უფრო მკაფიო იქნება ბატონი მიხეილისთვის, რომ საქართველოში მის მიმართ რაიმე განსაკუთრებული აღარც მოლოდინი აქვთ და აღარც სურვილი, წარსულში დაბრუნების.

- თქვენი აზრით, სააკაშვილი რა თამაშს თამაშობს უკრაინაში? რა სურს, დაგვანახვოს ამ ყველაფრით?

- ასე პირდაპირ საქართველოს აქამდე არ ახსენებდა, ბოლო გამოსვლებში კი შეგვაცოდა თავი, რომ მისი საბოლოო გაჩერება საქართველოში იქნება, სიყვარულშიც გამოგვიტყდა, ამიტომ რაც უფრო გავაზვიადებთ ამ თემას, მით უფრო ადრე მივიღებთ იმ შფოთს, რომელიც შეიძლება მომავალში დაიგეგმოს.

- "ნაციონალური მოძრაობა" დიდი ზარ-ზეიმით შეხვდა ექსპრეზიდენტის ამ ნაბიჯს...

- ისევ ფეხბურთის ტერმინოლოგიას დავუბრუნდები: მთავარია მეორე ტაიმის შედეგი და არ გამოვრიცხავ, რომ დამატებითი დროც აუცილებელი აღმოჩნდეს. რასაკვირველია, ჟივილ-ხივილი "ნაციონალების" მხრიდან უნდა მივიღოთ როგორც გამარჯვების სურვილი. მათი სურვილი და ოცნება კი არ არის ამ ადამიანების დასჯის საფუძველი, მაგრამ არც დოყლაპიობაა მისაღები, თუ რეალური საფრთხის მიმანიშნებელი ქმედებები იქნება, რასაც დიდი ალბათობით წინ აღუდგება ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი.

- პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილებაში, რომ ოდესის ყოფილი გუბერნატორისთვის უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთმია, ბიძინა ივანიშვილის ხელს თუ ხედავთ (რასაც სააკაშვილი ამტკიცებს)?

- ამ ადამიანებს ერთმანეთი წლების განმავლობაში არ ჰყავდათ ნანახი და ჩემი აზრით, ეს პრიმიტიული განმარტებაა. ექსტრადიციის საკითხი იუსტიციის სივრციდან დიდი ხნის წინ იყო დასმული. ახლა ის კაცი, როგორც იქნა, ჩამოვიდა უკრაინიდან და გადალახა ის მიდგომა საქართველოს მიმართ, რომელიც წლების წინ იმავე ოდესის გუბერნატორმა მას მოახვია. ფაქტია, რომ ბოლო წლებში არანაირი სითბო საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებებს შორის არ იგრძნობოდა. როგორც კი სააკაშვილმა საკუთარი თავი გამოაჩინა და ქუჩური ტერმინოლოგიით საჯარო სივრციდან უკრაინის პრეზიდენტის ლანძღვა დაიწყო, მაშინ როგორც ჩანს, დაფიქრდნენ მასზე შეყვარებული უკრაინელი პოლიტიკოსები და მიხვდნენ, რასთან ჰქონდათ საქმე. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ უკანასკნელი შაბათ-კვირის გმირი სააკაშვილია, მისკენაა მიპყრობილი ყველა სერიოზული მედიასივრცე და ის უპირველესი თემა იყო ორშაბათის მედიაში, ევროპულსა და ამერიკულშიც. ჩვენს ხელისუფლებას ბევრი საფიქრალი ჰქონდა და ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ მმართველი პარტია დამფრთხალია. ვერ ვიტყვი, რომ საკუთარ ხედვაში მარტონი არიან, სააკაშვილის მიუღებლობაზე ქართულ პერსპექტივაში, სხვა პოლიტიკური ძალებიც ფიქრობენ.

ნიკა ჩიტაძე:

- ამ ქმედებით სააკაშვილმა გარკვეულწილად თავისი ავტორიტეტი გაზარდა უკრაინელი მოსახლეობის თვალში. საზღვრის გადმოკვეთის საკითხი პოლიტიკურ კონტექსტში რომ განვიხილოთ, ის გამარჯვებულია. უკრაინის ხელისუფლებამ სახელმწიფო საზღვარი ვერ გააკონტროლა. ვფიქრობ, სააკაშვილი პოლიტიკურ ბრძოლას გააგრძელებს რადას პროდასავლურად მოაზროვნე მოკავშირეებთან ერთად. მგონი შესაძლებელია მათ იბრძოლონ იმისთვის, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს. პრეზიდენტობას არა მგონია, მაგრამ სააკაშვილი შეიძლება პრემიერ-მინისტრის პორტფელს უმიზნებდეს.

- მესაზღვრეებთან შეხლა-შემოხლის ფაქტზე რას იტყვით?

- ცხადია, სამწუხარო ფაქტია, მაგრამ მეორე მხრივ, შეიძლებოდა ეს პრობლემა სხვაგვარად გადაწყვეტილიყო. ყველაფრის თავიდათავი ისაა, რომ სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოართვეს, ამ ფორმით შესვლაც სწორედ ამიტომ გადაწყვიტა. საერთაშორისო სამართალში არსებობს მოქალაქეობის არმქონე პირების შესახებ კონვენცია და მათ თავისუფალი გადაადგილების უფლება გააჩნიათ. მაგრამ პოროშენკოს სააკაშვილი უკრაინის საზღვრებს გარეთ სჭირდებოდა, ამ შემთხვევაში ის "ხელს დაიბანდა", მოქალაქეობის ჩამორთმევით საქართველოს ხელისუფლების წინაშე ქულებს დაიწერდა და არც დასავლეთს გააღიზიანებდა - არც დააპატიმრა და არც ექსტადიცია მოახდინა - ორ კურდღლს დაიჭერდა.

- სააკაშვილისთვის ჭკვიანური იყო ეს გათვლა? როგორც პოლიტიკოსმა, რამდენად დაიწერა ქულები?

- ის ორივე შემთხვევაში გამარჯვებული რჩებოდა. თუ არ შეუშვებდნენ - მსხვერპლი იქნებოდა, შევიდა ქვეყანაში, სადაც მისი დაკავების საფრთხე არსებობდა და ამით ძლიერი პიროვნების იმიჯი შეიქმნა. არ არის გამორიცხული, დემონსტრაციები დაიწყოს და ვადამდელი არჩევნები მოითხოვონ.

- იულია ტიმოშენკოზე რას გვეტყვით?

- მასაც საკმაოდ ჭკვიანური სვლა გამოუვიდა, სააკაშვილის მეშვეობით კვლავ მოექცა უკრაინელი ხალხის ყურადღების ცენტრში და გარკვეული პოლიტიკური რეაბილიტაცია მოახდინა.

- სააკაშვილის ექსტრადიციას გამორიცხავთ?

- ყველაფერი შესაძლებელია, თუმცა, ეს ნეგატიურად აისახება როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე. სააკაშვილს ბევრი მხარდამჭერი ჰყავს იქაც და აქაც.

- თქვენი აზრით, რით არის გამორჩეული მიხეილ სააკაშვილი როგორც პოლიტიკოსი და როგორ ახერხებს მასის აჟიტირებას?

- ჩემი აზრით, ის ძლიერი, ქარიზმატული, შეუპოვარი ლიდერია, თუმცა მას დიპლომატია აკლია. ნიკოლო მაკიაველი ამბობდა, რომ ყველაზე ძლიერი პოლიტიკოსის თვისება უნდა იყოს ლომისა და მელიის გარკვეული თვისებების შერწყმა. სააკაშვილს ლომის თვისებები უფრო აქვს, ვიდრე - მელიის. თუმცა, პოლიტიკაში მელიაობაც საჭიროა. იგი ბრწყინვალე ორატორია.

თამთა დადეშელი