დეპუტატი, რომლის ქონებაც 2 მილიონ დოლარადაა შეფასებული - გზაპრესი

დეპუტატი, რომლის ქონებაც 2 მილიონ დოლარადაა შეფასებული

პარლამენტის დეპუტატი ნინო წილოსანი, ერთ-ერთია იმ რამდენიმე დეპუტატს შორის, რომელსაც, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ცნობით, უძრავი ქონება არასრულად აქვს დეკლარირებული.

აღსანიშნავია, რომ გაზეთ "ბანკები და ფინანსების" ინფორმაციით, წილოსანი მილიონერ დეპუტატთა რიგშია და მისი ქონება 2 მილიონ ლარადაა შეფასებული.

რა ქონებას ფლობს პარლამენტის წევრი, ნინო წილოსანი?

მიმდინარე წლის 6 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, დეპუტატი ფლობს 5 ბინას თბილისში - მათგან ერთი 124,70 კვმ-ია; მეორე - 224,70 კვმ; მესამე - 131,60 კვმ; მეოთხე - 72,40 კვმდა მეხუთე - 59 კვმ; აქვს 94,55 კვმ ბინა მცხეთაში და 60 კვმ - წყნეთში; 60,91 კვმ არასაცხოვრებელი ფართობი დედაქალაქში, რომლის 33%-ია მის საკუთრებაში; 82,90 კვმეტრიანი არასაცხოვრებელი ფართობი თბილისში, რომლის 27,63%-იანი წილის მფლობელია; დედაქალაქში მდებარე 15,07 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი და 440 კვმ მიწის ნაკვეთი დაბა ურეკში; 1 175 კვმ მიწის ნაკვეთი საგურამოში. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი BMW X5.

რაც შეეხება დეპუტატის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში "თიბისი ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე 1 418,69 ლარია; "საქართველოს ბანკის" მიმდინარეზე - 3 347,90 ლარი, ხოლო ნაღდი ფულადი თანხის სახით, 17,000 ლარი.

ამასთან, დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატი 13 კომპანიის პარტნიორია. ეს კომპანიებია: შპს "მკურნალი 2002"; შპს "ქონსელერ პრივატი"; შპს "აიპროფიტი"; შპს "ტრიდე ჯგუფი"; შპს "ჯი თრეველი"; შპს "ენ-დუო-კონცეპტ"; შპს "აითრეველი"; შპს "ლეგიონი"; შპს "ბინ თრეიდინგ"; შპს "რეტრო 77"; შპს "აგროპროდუქტი"; S.R.O lmitrans (ჩეხეთი) და U.S TRADING (აშშ). ამათგან, დეპუტატმა გასულ წელს მხოლოდ 3 კომპანიის საქმიანობის შედეგად მიიღო შემოსავალი.

კერძოდ, შპს "მკურნალი 2002"-ის საქმიანობით მიღებულმა შემოსავალმა 36 ათასი ლარი; შპს "ქონსელერ პრივატის" საქმიანობით - 5,789 ლარი; ხოლო შპს "აიპროფიტის" საქმიანობით მიღებულმა შემოსავალმა - 100,848 ლარი შეადგინა.

წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, პარლამენტის წევრის პოსტზე ნინო წილოსანმა 3,699 ლარის შემოსავალი მიიღო;

ვაგონმშენებელი კომპანიის ფინანსური სამსახურის უფროსის პოსტზე - 22 297,72 ლარი; "მკურნალი 2002"-ის ფინანსური კონსულტანტის თანამდებობაზე - 33,000 ლარი; ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოსტზე კი 8,900 ლარი აქვს მიღებული.

როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, ფართობის იჯარით გაცემის შედეგად დეპუტატის შემოსავალმა 1,500 დოლარი შეადგინა; ფართობის იჯარის აღებაზე შემოსავლის სახით გასულ წელს 34,703 ლარი; ხოლო ფართობის იჯარით გაცემაზე - 3,110 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული. იპოთეკური სესხის შედეგად მისმა გასავალმა 18,662 დოლარი შეადგინა.

დეკლარაციის თანახმად, გასულ წელს პარლამენტის წევრის გასავალმა ქველმოქმედებაზე - 14,326 ლარი, ხოლო საკუთარი სწავლის გადასახადზე - 22,000 ლარი და 10,000 დოლარი შეადგინა.

ნინო წილოსანს ჰყავს მეუღლე და 3 შვილი. დეკლარაციის მიხედვით, მეუღლე ვლადიმერ აბულაძე ფლობს 1 242 აქციას; არის 4 კომპანიის - შპს "ვაგონტესტის", შპს "შულავერის" (რომლის დირექტორის პოსტსაც იკავებს), შპს "ბილდინკოს",U.S TRADING-ისა და S.R.O Almitrans--ის პარტნიორი; ასევე შპს "ვაგონმშენებელი კომპანიის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; შპს "ნათ ექსპორტის" დირექტორი და სს "რუსთავის მეტალურგიული კომბინატის" ფინანსური დირექტორი. ვაგონმშენებელი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოსტზე მისმა შემოსავალმა 6 112,500 ლარი შეადგინა.