"ანტიდისკრიმინაციულ კანონს ვიღაც შეეწირება"... - გზაპრესი

"ანტიდისკრიმინაციულ კანონს ვიღაც შეეწირება"...

- ლაშა, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს როგორ შეაფასებთ?

- სიმართლე რომ გითხრათ, საინფორმაციო გამოშვებებს არ ვუყურებ, რადგან ამის დრო არ მაქვს. გარდა ამისა, ამ ყველაფერზე უკვე გული მერევა, რადგან ცივილიზებულ, XXI საუკუნეში, მხოლოდ საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში საშინელებები ხდება. უკრაინაში რამდენიმე მეგობარი მყავს, რომლებთანაც ხშირი მიმოწერა მაქვს. ძალიან მეცოდებიან ისინი. ძალიან მინდა, რომ სოციალური ქსელიც არ მქონდეს, რადგან საინფორმაციო გამოშვებებს კი არ ვუყურებ, მაგრამ მინდა თუ არა, სოციალურ ქსელში პოლიტიკურ ინფორმაციებს მაინც ვნახულობ. სიამოვნებით გავაუქმებდი, მაგრამ რა ვქნა, ეს ჩემი სამუშაოს ნაწილია. ჩემი გვერდით, ძირითადად, ჩემი მეუღლე სარგებლობს. ქსელში მხოლოდ რადიოში ყოფნის დროს შევდივარ ხოლმე. მაშინაც, სულ ვკითხულობ, რომ ვიღაც სცემეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. არ მინდა ამის წაკითხვა, მაგრამ ძალაუნებურად, ასე ხდება. სამართალი აღარ არის, კანონი არ კანონობს, თუმცა ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება.

- თქვენი აზრით, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ქვეყანაში არაფერი შეცვლილა?

- ამაზე ვერაფერს ვიტყვი. როგორც ვიყავით, ჯერ ისევ იმ მდგომარეობაში ვართ დარჩენილები. გასაგებია, რომ პირველ რიგში სხვა საქმეებს უნდა მიხედონ, მაგრამ ამ თემაზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან მინიშნება მქონდა: ან ერთ პარტიაში უნდა ვყოფილიყავი, ან - მეორეში.

- ანუ, პარტიაში გაწევრება შემოგთავაზეს?

- პირდაპირ არავინ არავის არაფერს სთავაზობს. მხოლოდ მინიშნებას იძლევიან, რომელიც დაახლოებით ასეთი შინაარსის იყო: თუ ერთთან ან მეორესთან ვიქნები, ჩემთვის უკეთესი იქნება და უფრო კარგად ვიქნები. რასაკვირველია, ეს არ გავიზიარე. ჩემი აზრით, ხელოვანი ადამიანი პოლიტიკაში არ უნდა იყოს. ამ სიტყვებით სხვას კი არ განვიკითხავ, უბრალოდ, ასე ვფიქრობ. ყოველ შემთხვევაში, ჩემი ადგილი პოლიტიკაში ნამდვილად არ არის.

- გასაგებია, მაგრამ სხვა ხელოვანები, ვინც პოლიტიკაში ერთვებიან, ფიქრობენ, რომ ამით თავიანთ სფეროს მეტ საქმეს გაუკეთებენ.

- მესამე წელია, რადიოში ვმუშაობ და მიმაჩნია, რომ ეს ჩემი ფინანსურ-სოციალური სიმყარეა. გარდა ამისა, იცით, რომ მუსკომედიის მსახიობიც ვარ. ეს ყველაფერი რომ არ იყოს, ქვეყნიდან აუცილებლად წავიდოდი. აქამდე ამის არაერთი შემოთავაზება მქონდა, მაგრამ იმის გამო, რომ ჩემს მიწას ვერ ვშორდები, აქაურობის დათმობა არ შემიძლია. ისე, ჩემი გამგზავრების წინა პირობა მაინც არის. ორი წლის წინ, კონსერვატორიის მაგისტრატურაში ჩავაბარე. წელს სწავლას ვასრულებ და თუ შემდეგ რაიმე საინტერესო პროფესიული შემოთავაზება იქნება, უარს ნამდვილად არ ვიტყვი, თუმცა, დიდი ხნით ქვეყანას ვერ მოვშორდები.

- როგორც ვიცი, დაოჯახებული ხართ.

- მეუღლე და ორი შვილი მყავს. თუ სადმე წავალ, მათაც აუცილებლად წავიყვან, რადგან ოჯახის გარეშე არ შემიძლია. საერთოდ, ქართველ კაცს ოჯახის გარეშე არ შეუძლია. ვისაც შეუძლია, ვაი, იმ კაცს.

- ანტიდისკრიმინაციული კანონის შესახებაც მაინტერესებს თქვენი მოსაზრება...

- არც კი ვიცი, ამ კითხვაზე რა გიპასუხო. თუ ევროპაში შესვლა გვინდა, ჭკუით უნდა შევიდეთ და არა - უკანალით. ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს. ვისაც ქალობა უნდა, ქალი იყოს და ვისაც კაცობა უნდა - იკაცოს, მაგრამ ამით მე ნუ შემაწუხებენ. რა საჭიროა, რომ არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანების დღე რუსთაველზე აღვნიშნოთ? კაცებისა და ქალების დღეს არ აღვნიშნავთ ქალაქის ცენტრში აღლუმით და მათი დღე რატომ უნდა აღვნიშნოთ? თუ მაინცდამაინც სჭირდებათ ასეთი დღეების აღნიშვნა, წავიდნენ და რომელიმე კლუბში აღნიშნონ. შესაძლოა, თანამედროვე ადამიანი არ ვარ, არ ვიცი. მეც მყავს რამდენიმე არატრადიციული ორიენტაციის მქონე თანამშრომელი, მაგრამ მათ თავიანთი ორიენტაციით არასოდეს შევუწუხებივარ. არ ვიცი, ჩემს შვილს როგორ ავუხსნა, კაცი რომ კაცს კოცნის, ეს რა არის? ევროპაში მილიარდი ადამიანია. ჩვენთან - 4 მილიონამდე და ყველა ყველას იცნობს. ზოგი არატრადიციული ორიენტაციით იბადება, მაგრამ ზოგი იძენს ამ ორიენტაციას და ამით ცდილობს, რომ პოპულარული გახდეს. თუ საქმით ხდები პოპულარული, მაშინ ხარ კაცი. შენმა ორიენტაციამ მე არ უნდა გამაღიზიანოს. არ ვიცი, შეიძლება, სწორი არა ვარ, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა... დიდი ბოდიში, რომ ასე გავნერვიულდი.

ნათია ჟივიძე