ცხოვრება მავთულხლართებს მიღმა
font-large font-small
ცხოვრება მავთულხლართებს მიღმა
რუსი ჯარისკაცები, რომლებსაც ქართული პოლიციის ეშინიათ
"საკუთარ ძარღვებში დავწანწალებ, ერთი უცხოელი ტურისტივით", - ამეკვიატა ერთი ლექსის ფრაზა, რომელიც ავტორმა ლაზეთში მოგზაურობისას დაწერა... არადა, აქვე ვართ, გორის რაიონში, სოფელ ხურვალეთისკენ გვაქვს გეზი აღებული... - ეს არის ცხოვრება, საკუთარ მიწაზე პოლიციის გარეშე რომ ვერ გადაადგილდები? - ჩემს აზრებს აგრძელებს მძღოლი და ცდილობს, დანჯღრეულ გზაზე მიმავალ, ქართული პოლიციის მანქანას არ ჩამორჩეს. რისკი დიდია, - ამ რამდენიმე დღის წინ, ჯერ იყო და ქართველი ჟურნალისტები გაიტაცეს, შემდეგ კი - სამი ქალბატონი, რომლებიც საკუთარ სოფელში ნახირს მწყემსავდნენ...

- აქაური ახლობლებისგან ვიცი, რომ ამ სოფლის მცხოვრებლებს ყველაზე მეტად უჭირთ, - განაგრძობს მძღოლი... ადვილი მისახვედრია, რომ ასეა, რადგან გზადაგზა უამრავი დაცარიელებული სახლი და მოუვლელი მიწის ნაკვეთი გვხვდება. ერთგან, ქუჩის თავში, გამოყვანილი წყლის მილიც შევნიშნე. გარშემო უამრავი, სხვადასხვა ზომის ჭურჭელი იყო მიწყობილი... სოფელში არსებული პრობლემების შესახებ დეტალურად, მკითხველს მომდევნო ნომერში მოვუყვებით...

ხურვალეთი გორის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელია და უბნებად არის დაყოფილი. ე.წ. რუსმა მესაზღვრებმა ამ სოფელში მავთუხლართი ისე გაავლეს, რომ ბობნევის უბანში მცხოვრები ქართული ოჯახები "საზღვრის" მიღმა დარჩნენ. რამდენიმემ ცხოვრების პირობები და მუდმივი წნეხი ვერ აიტანა და საცხოვრებლად სხვაგან წავიდა. სახლ-კარი ვერ დატოვა 80 წლის დავით ვანიშვილმა...

როგორც კი მანქანიდან გადმოვედით, თვალი მოვკარი, მავთულხლართების მეორე მხრიდან, ღობისკენ წამოსულ მოხუცს... პოლიციელები ფრთხილობდნენ და თავაზიანად გვაფრთხილებდნენ, შორს არ წავსულიყავით... "ეს ყველაზე მაგარი ქართველია," - ჩაილაპარაკა ერთ-ერთმა... ჩვენს დანახვაზე დათო პაპამ სამუშაო იარაღი დააგდო და ჩვენთან სასაუბროდ ღობეს მოაშურა.

- როგორ ხართ, დათო პაპა?
GzaPress- რა გითხრათ აბა, შვილო, ამას ცხოვრება ჰქვია?.. რაღაც დღეები დამრჩენია და საკუთარ მიწაზე ვერ გამივლია... მეუღლე ცუდად მყავს და მისთვის წამალი ვერ მიყიდია. რამდენიმე თვეა, წევს. როგორც კი ადგომას მოინდომებს, თავბრუ ეხვევა და ვარდება. ექიმთანაც ვერ მიმყავს, ამ საზღვრის მიღმა გადასვლის საშუალებას არ მაძლევენ, ცხინვალში წადიო, მეუბნებიან... როგორც კი ერთი ნაბიჯით გადავცდებით საზღვარს, მაშინვე ცხინვალში მივყავართ. ახლახანაც ვყავდით წაყვანილი. მითხრეს: - თუ საზღვრის გადაკვეთის გამო კიდევ ერთხელ დაგიჭირეთ, იცოდე, სადაც ცხოვრობ, იქაც არ გაგაჩერებთო... სად მიპირებენ წაყვანას ამ საუკუნის ტოლა კაცს, არ ვიცი.

- რამდენი წელია, რაც ეს მავთულხლართი გაავლეს?
- მესამე წელია... სამი წელია, შავ დღეში ვარ. არ ვიცი, რა ჰქვია ჩემს ცხოვრებას... ამ დროის განმავლობაში, ვინ იცის, რამდენჯერ დამაკავეს. ამდენ ჯარიმას გადახდა ხომ უნდა? ამიტომაც, ვცდილობ, აღარ გადავიდე, მაგრამ გამოუვალ მდგომარეობაში, სად ჯანდაბაში წავიდე აბა? ჩაწოლილ მეუღლეს წნევაც აწუხებს და სულ უნდა მქონდეს წამალი. ზოგჯერ გადავიპარები ხოლმე და ღამე ხურვალეთში ვრჩები. პენსიას რომ ავიღებ, ისევ დაღამებას დაველოდები, რომ ისევ ქურდულად დავბრუნდე ჩემს სახლში. თან შიშით გული მისკდება, ავადმყოფ მეუღლეს რომ ვტოვებ... მეუღლეს 3 თვეა, პენსია არ აუღია. ამ მდგომარეობაში მყოფი როგორ გადავიყვანო?

- ვიცი, რომ საეკლესიო დღესასწაულებზე, მავთულხლართებს მიღმა დარჩენილი მიცვალებულების ჭირისუფალიც თქვენ ხართ...
- ასეა, შვილო... ჩვენი უბნის სასაფლაო მავთულხლართების მიღმა მოჰყვა და მიცვალებულს უპატრონოდ ხომ არ დავტოვებ? სანამ პირში სული მიდგას, ყველა საფლავს ვუვლი. ჩემი ქართველები არიან, ჩემი სისხლი და ხორცი, ამ უცხოების ხელში ხომ არ გავაპარტახებ? აღდგომის დღესასწაულზე, ჭირისუფლებმა, კვერცხი, ხილი და ტკბილეული გადმომაწოდეს, ჩვენს სახელზე მიცვალებულებს წაუღეო... ვიჯექი მარტოკა საფლავებს შუა და ჩემი ქვეყნის, ქართველი კაცის ბედუკუღმართობაზე ვტიროდი... ეს არის ცხოვრება?

- დათო პაპა, მიწა დაამუშავეთ?
- კი, რაც მავთულხლართების მიღმაა, მოხნულია. ვაუჩერით მომიხნეს, მაგრამ ვერ ვთესავ, თესლი ვერ გადამაქვს მავთულხლართებს იქით. რუსმა ჯარისკაცებმა რომ დამინახონ, თესლსაც წამართმევენ და ცხინვალშიც წამიყვანენ... ახლა ისეთი დროა, ყველას თავისი თავი გასჭირვებია სოფელში, ყველა ცდილობს, სანამ კარგი ამინდია, მოასწროს და მარცვალი მიწას მიაბაროს. სხვას ვიღას ვუთხრა, ჩემებს ვერ ვეუბნები, მერიდება... აქ, ჩემს ეზოში, რაღაცები დავთესე, - სიმინდი, ბოსტნეული, რასაც გავწვდი და თუ შევძელი, მოვუვლი... სხვაგანაც მაქვს ნაკვეთები, მაგრამ ვეღარ ვამუშავებ და სამი წელია, უპატრონოდ დარჩენილ მიწაზე საქონელი ბალახობს... ზამთარში განსაკუთრებით გვიჭირს აქ გაძლება. შეშა არ გვაქვს. ფულიც რომ მქონდეს, საზღვარი ჩამიკეტეს და შეშა საიდან შემოვიტანო? რამდენიმე ქათამი მყავს და ერთი ძროხაც. ყველაფერს ვერ გავწვდი, მაგრამ არსებობა ხომ გვინდა? ჩვენები, ქართული პოლიცია რომ არ მეხმარებოდეს, არ ვიცი, აქამდე რა მეშველებოდა. როგორც შეუძლიათ, ხელს გვიწყობენ.

- რუსი მესაზღვრეები ყოველდღე დადიან?
- კი, თითქმის ყოველდღე. დღის განმავლობაში, ერთხელ მაინც გამოივლიან და რა დროს გამოჩნდებიან, არავინ იცის... აქ, ჩემი ღობის გასწვრივ, დიდი ჭადრის ხე რომ დგას, კამერები აქვთ იმაზე დაყენებული და ყველაფერს აკონტროლებენ. როდესაც თავად გამოივლიან, ღობეებს საგულდაგულოდ ათვალიერებენ, სადმე გაჭრილი ან "მიჭყლენტილი" ხომ არ არის...

- შვილები არ გყავთ?..
GzaPress- კი, მყავს... ჩემი შვილი სოფელ ზეღდულეთში ცხოვრობს, მაგრამ ჩემამდე ვერ მოდის. ამას წინათ, ჩემი მეუღლე ცუდად გახდა. რომ ვუთხარი, გულმა არ მოუთმინა და მეუღლესთან ერთად წამოვიდა, ავადმყოფი დედა უნდა ვნახოო... მაშინვე დააკავეს და სანამ 6 ათასი რუბლი არ გადამახდევინეს, არ გამოუშვეს. ზოგი ჩემმა შვილმა ისესხა, ზოგიც მე და ისე გადავიხადეთ. ახლაც ვალები მაქვს... ერთი შვილიშვილი, 24 წლის ბიჭი ჩემთან ცხოვრობს, მაგრამ გარეთ ვერ გამოდის, არ უშვებენ. ემუქრებიან, გაკონტროლებთ, ვიცით, რომ ქართულ სოფლებში, ზოგჯერ გორშიც გადადიხარ და იცოდე, ერთხელ გამოგიჭერთ და ცხინვალში კი არა, პირდაპირ რუსეთის ციხეში წაგიყვანთო. მართლა მასე რომ მოიქცნენ, სად ვეძიო სამართალი... სულ თოთო რომ იყო, რამდენიმე თვისა, მას შემდეგ, მე და ჩემმა ქალმა გავზარდეთ და ახლა ჩემი ხელით ხომ არ დავღუპავ? ასე ვფრთხილობთ და ამას წინათ, მაინც წაიყვანეს. ამ მავთულხლართების გაყოლებაზე რომ სახლი მოჩანს, იმის პატრონს შეშა არ ჰქონდა. ჩემი ბაღლის თანატოლია ის ბიჭიც და ამას გადმოსძახა, - ხის მოჭრაში მომეხმარეო... როგორც კი გადავიდა, იმ წუთში მოვიდნენ რუსი ჯარისკაცები და ორივე ცხინვალში წაიყვანეს. იქიდან კი, ლენინგორში (ახალგორში) გადაიყვანეს და გაასამართლეს. ჩემი შვილიშვილი გამოუშვეს, ზედ საზღვარზე იდექი და ამან გადაგარჩინაო. სახლამდე გამვლელის მანქანით მოაღწია. ის ბიჭი კი, ცხინვალში წაუყვანიათ და ჩვენი ვალუტით, 100 ლარით დააჯარიმეს...

- "საზღვრის" შესამოწმებლად რომ გადმოდიან რუსები, რას გეუბნებიან?
- მაფრთხილებენ, - საზღვრის იქით არ გადახვიდეო... ამას წინათ, ჩვენებურები, ქართველები, პენსიის ასაღებად გადაპარულან მავთულხლართებს მიღმა. ერთი ჩემი მოგვარე იყო, ვანიშვილი. აქეთობისას, ჩემთან გამოიარეს და პური ჭამეს. ღამის 12-ზე დამადგნენ რუსები, - დღეს ქართველი სტუმრები რომ გყოლია, ვინ იყვნენო? ერთი ლოგინის ქვეშDიხედებოდა, მერე ბოსელსა და საბძლებს ამოწმებდა. - არავინ მყოლია-მეთქი, მაგრამ სანამ კუთხე-კუნჭული არ მოიარეს, არ დამიჯერეს. არჩევნების დროსაც მოვიდნენ, ვის მიეცი ხმაო, ვისთვის უნდა მიმეცა, არ წავსულვარ-მეთქი და ბარათები ვაჩვენე. ქართულად კითხვა არ ვიცით და თან წავიღებთო... არჩევნების დღეს, ჩემი ღობის წინ რომ საგუშაგო აქვთ, იქ ისხდნენ. ჩვენი პოლიცია პატრულირებდა ახლომახლო და არაფაერი უთქვამთ. მათ ერიდებიან. ძროხა მყავდა საბალახოთ დაბმული და მეც გარეთ ვიყავი. სულ სახლში ხომ არ ვიჯდები, პატიმარივით... როგორც კი ჩვენი პოლიცია წავიდა, ერთ-ერთი წამოვარდა და საყელოში მეცა. ამ ხნის კაცი ვარ, მაგრამ სისხლმა ამომასხა და მეც გავიწიე. ის უფრო ახალგაზრდა იყო, მიყვიროდა, - რას ეუბნებოდი პოლიციას ჩვენზეო? დანა, რომელიც ქამარში ჰქონდა გარჭობილი, ამოიღო... ამ ყველაფერს ჩვენი მეზობელი შეესწრო და მაშინვე პოლიციას დაურეკა. კიდევ კარგი, შორს არ ყოფილან წასული და მაშინვე მობრუნდნენ. რუსებმა, როგორც კი თვალი მოჰკრეს პოლიციის მანქანას, ხელი გამიშვეს და გაგვეცალნენ... ქართული პოლიციის რომ ერიდებათ, მაგითი სული გვიდგას... ახლა თქვენი აქ ყოფნის შესახებ რომ გაიგებენ, მეტყვიან: - 10 მეტრის სიახლოვეს არავის მიეკაროო...

- ადგილობრივ ოსებთან თუ გაქვთ რამე ურთიერთობა?
- კი, როდესაც რამე სჭირდებათ, მოდიან და მავთულხლართებიდან აწოდებენ ქართველებს ფულს, გორის ბაზრიდან სურსათის მოტანას სთხოვენ... სულ იმას წუწუნებენ, ცხინვალის ბაზარში ისეთი სიძვირეა, შიმშილით ვიხოცებითო. აქ კარგა ხანია, რუსული ფული, რუბლი მოქმედებს და სურსათი მართლა ძალიან ძვირია... ლარებზე არაფერს მაძლევენ და რუბლი კიდევ, არ მაქვს. კიდევაც რომ მაჩუქონ, არ ავიღებ...

- მეუღლე რამდენი ხანია, ცუდად არის?
- რამდენიმე თვეა, ჩაწოლილია. ამას წინათ რუსებმა მითხრეს, - ექიმთან ცხინვალში წაიყვანეო. - ჯერ ერთი, იქიდან აქეთ მოჰყავთ ავადმყოფები და გარდა ამისა, ასეთი ავადმყოფი როგორ წავიყვანო, გზაში რომ მომიკვდეს-მეთქი? - მაშინ ლენინგორში (ახალგორში) წაიყვანეო. იქ არავინ მყავს და ავადმყოფს უპატრონოდ ხომ არ დავტოვებ, ყურადღების მიქცევა ხომ უნდა-მეთქი? ამას წინათ, ქართველი ექიმები იყვნენ მოსული, მავთულხლართებამდე მაინც მოიყვანეთ, კითხვა რომ დავუსვათ, - რა აწუხებს და როგორო. მე და ჩემმა შვილიშვილმა ხელით მოვიყვანეთ, მაგრამ რომ ნახეს, რა მდგომარეობაშიც იყო, შეშინდნენ, - თუ არ გავსინჯეთ, ისე წამლები როგორ გამოვუწეროთო... მერე მაინც დაუტოვეს, წნევისა და კიდევ რაღაცები... როდემდე ვიქნებით ასე, არ ვიცი. რამე რომ დაემართოს ამ ქალს, მე მარტოკამ რაღა უნდა გავაკეთო?

- მავთულხლართებს მიღმა, თქვენს მხარეს, კიდევ არიან ქართველები?
- არა, აღარავინ დარჩა. ორი ოჯახი ცხოვრობდა, მაგრამ ვერ გაუძლეს ამ წნეხსა და საშინელ პირობებს და თბილისში წავიდნენ... მე სადღა წავიდე, აქ დავიბადე და გავიზარდე, 80 წელი ამ მიწითა და ჰაერით ვიკვებებოდი, ეს არის ჩემი სამშობლო. ახლა მეუბნებიან, აღარ არის საქართველო, რუსეთის საზღვარიაო... ამ სამარის კარს მიღწეულმა კაცმა ვიღაც მოძალადეს დავუჯერო თუ ამ მიწაში ჩაფლული ჩემი წინაპრების საძვალე ვიწამო? აქ არის დედ-მამისა და ძმების საფლავები და სხვაგან სად დამედგომება? კაცი ვარ, ქვისგან გამოთლილი კი არა... რომ წავიდე, ერთ დღეში გადაუვლიან აქაურობას და ნასახლარს დაამსგავსებენ. ვერსად წავალ. აქაურობის დარდი გადამიყოლებს, შვილო...

ინტერვიუ რომ დავასრულეთ, მივხვდი, რომ არ მომეპოვებოდა სიტყვა, რომლითაც ამ დიდებული ქართველის გამხნევებასა ან ნუგეშის ცემას შევძლებდი. მივხვდი, რომ ეს მავთულხლართების მიღმა დარჩენილი მოხუცი, თავისი გმირობით ქართველობას გვასწავლის...
ლალი პაპასკირი
ბეჭდვა