მაჟორიტარობის კანდიდატის - 26 წლის ვატო შაქარიშვილის გულახდილი ინტერვიუ - გზაპრესი

მაჟორიტარობის კანდიდატის - 26 წლის ვატო შაქარიშვილის გულახდილი ინტერვიუ

"ეს ჩემი და შენი ქალაქია, ჩემი და შენი ქუჩები, მე და შენ მისი განუყოფელი ნაწილი ვართ. მიყვარს თბილისის სიპატარავე, როცა ვიცი, რომ ჩემი და შენი დაწყებული თითოეული დილა, სადღაც ყოველთვის იკვეთება ერთმანეთთან. მიყვარს საღამოს თბილისი და ღამით მოსმენილი ქალაქის ხმა. მიყვარს იმაზე ფიქრი, რომ თბილისი ყველას გვგავს, რომ ის ჩვენნაირად ემოციურია, მარტივად წამომყოლი, მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული. ცოცხალ ქალაქს, რომელსაც მოსაყოლი არასდროს ელევა, მე და შენ ვქმნით. ჩვენ, ახალგაზრდებმა, ზუსტად ვიცით, რა უნდა გაკეთდეს დღეს. მე მინდა უკეთეს ჰაერს ვსუნთქავდე. ვიცი, რომ შენც. მე მინდა სატრანსპორტო ქაოსი აღარ არსებობდეს. მე მინდა ტყე-პარკებში მიმდინარე მშენებლობების გამო ხელი არ მეშლებოდეს. მე მინდა თბილისი ისეთი ლამაზი იყოს, როგორსაც იმსახურებს. ვიცი, რომ შენც... დღეს მე შემიძლია ვიყო შენი ხმა, ხმა ფურცლის მიღმა, რომელსაც მთელი ქალაქი გაიგონებს. ერთად დავიწყოთ ჩვენი სახლით, ჩვენი ქუჩით, ჩვენი უბნით და ვაქციოთ თბილისი სიცოცხლით სავსე ქალაქად", - ეს თბილისის საკრებულოს საბურთალოს მეექვსე ოლქის, "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, 26 წლის ვატო შაქარიშვილის სიტყვებია.

მცირე დოსიე:

დაიბადა თბილისში, 1991 წელს. დაამთავრა "ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტის" საერთაშორისო ურთიერთობების და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ამბობს, რომ პროფესორ ალექსანდრე რონდელს დიდი როლი მიუძღვის უნივერსიტეტის შერჩევაში. მაგისტრის ხარისხი, საჯარო ადმინისტრირების მიმართულებით, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში GIPA მიიღო.

ვატო შაქარიშვილი:

- ჩემი სამუშაო გამოცდილება პირველი კურსიდან იწყება, მაშინ თბილისის საკრებულოში საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილებაში სტაჟირებას გავდიოდი. 2011 წელს კერძო კომპანიაშიც ვიმუშავე საერთაშორისო შესყიდვების დეპარტამენტში, 2012 წელს კი დაფუძნდა სამოქალაქო მოძრაობა "ამომრჩეველთა ლიგა" და მე ორგანიზაციის ახალგაზრდულ მიმართულებას ჩავუდექი სათავეში.

- რატომ გაგიჩნდათ პოლიტიკაში წასვლის სურვილი?

- პატარაობიდან ჩემი ინტერესის სფერო პოლიტიკა იყო. ჩემი სტუდენტობის პერიოდს დაემთხვა დიდი ოპოზიციური მოძრაობის დაწყება, მაშინ როდესაც, ერთი ოჯახის ტრაგედია მთელი ქვეყნის ტრაგედია გახდა, ვგულისხმობ სანდრო გირგვლიანის სასტიკ მკვლელობას. შეუძლებელი იყო სახლში გაჩერება. ჩემს მეგობრებთან ერთად ვიყავი ყველა მოვლენის ეპიცენტრში: ეს იყო 26 მაისის აქცია, 7 ნოემბერი და სხვა. გარკვეული პოლიტიკური გამოცდილება დამიგროვდა. ყველამ ვიცით, თუ რა რისკებთან იყო დაკავშირებული მაშინ განსხვავებული აზრის დაფიქსირება, მაგრამ მე არ ვნანობ ჩემს არც ერთ ნაბიჯს და ვამაყობ იმ შედეგით, რაც ჩვენმა სამოქალაქო აქტიურობამ მოუტანა ქვეყანას.

- როგორც ვიცი, თქვენც დაგაპატიმრეს?

- 2012 წელს არჩევნებამდე 2 თვით ადრე, 19 აგვისტოს დამაკავეს და 90-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შემიფარდეს. 15 ოქტომბერს გავთავისუფლდი, როდესაც ხელისუფლების გადაბარების პროცესი მიდიოდა. 2 თვე მე და ჩემს მეგობრებს პატიმრობაში ყოფნამ უსამართლო და აბსურდული ბრალდების გამო მოგვიწია. "ნაციონალების" ოფისში შეჭრას და ინვენტარის დაზიანებას მედავებოდნენ, რომელთანაც შეხება არ მქონია. მე და ჩემი სამეგობრო ყოველთვის გამოვირჩეოდით აქტიურობით. ჩვენი ამოცანა იყო 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნები დაშინების, ძალადობისა და გაყალბების გარეშე ჩატარებულიყო და საარჩევნო ყუთთან ხალხს თავისი არჩევანი თავისუფლად დაეფიქსირებინა. ჩვენმა ორგანიზაციამ და ათასობით ადამიანმა ამაში დიდი წვლილი შეიტანა. GzaPress

- აღნიშნეთ, რომ ადმინისტრაციული პატიმრობა შეგიფარდეს. რა პირობებში გიწევდათ დროებითი დაკავების საკანში ყოფნა?

- 21 წლის იქ გავხდი. სამარტოო საკანში აღვნიშნე დაბადების დღე. პოლიციის სამმართველოს შენობაში განთავსებულ დროებითი დაკავების იზოლატორში 63 დღე მარტომ გავატარე. რთული იყო, ამის დამალვა არ შეიძლება. თან, როცა უსამართლო ბრალდებით გიზღუდავენ თავისუფლებას, ეს საშინელებაა. სისტემა ემსახურებოდა ერთ ადამიანს, ლიდერს. დღეში ორჯერ გვირთავდნენ სიმღერას "მიშა მაგარია", არც შეურაცხყოფა გვაკლდა. არ ვუცემივართ, მაგრამ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ. მაქსიმალური აგრესიით გამოირჩეოდნენ, წყალს არ გვასმევდნენ, მედიკამენტებს არ გვაძლევდნენ. დაკავებიდან 33-ე დღეს გვაბანავეს პირველად და იმავე პერიოდში პირველად გაგვიყვანეს ჰაერზე, ესეც იმიტომ, რომ ერთი ჩემი მეგობარი, რომელიც ასთმით იყო დაავადებული, ცუდად გახდა... 2 თვე საკანში შუქი საერთოდ არ ჩაუქრიათ. წყალი გარედან იკეტებოდა და თუ მოვიმარაგებდი ბოთლით, შემოვიდოდნენ, - ამდენი წყალი რად გინდაო და ძირს ასხამდნენ. წყალს რომ ვითხოვდით, გვეუბნებოდნენ, - ბიძინამ დაგალევინოთო. დაახლოებით 70-კაციანი სია ჰქონდათ გაკეთებული, რომლებიც არჩევნების პერიოდში უნდა გაენეიტრალებინათ და ამიტომ იქ გამოგვამწყვდიეს. მე გულწრფელად ვიყავი დარწმუნებული "ქართული ოცნების" გამარჯვებაში. ამაზე 1000-ჯერ უარეს პირობებში უწევდათ ადამიანებს გლდანის ციხეში ყოფნა და ვფიქრობ, საერთოდ არ ღირს ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება, რადგან ხალხმა იქ საშინელება გაიარა.

- ოჯახის წევრები რას გეუბნებოდნენ?

- დედას ძალიან უჭირდა ამ ყველაფერთან შეგუება. 15 წლის ვიყავი, როცა მამა გარდამეცვალა და დედას ჰქონდა მთელი პასუხისმგებლობა აღებული. მას ეშინოდა და ხშირად გვქონია ამაზე კამათი, მაგრამ ყოველთვის ვარწმუნებდი, რომ სხვანაირად არ შემეძლო. უბნის ინსპექტორი კვირაში ერთხელ ჩემთან ოჯახში იყო, მაგრამ მე დავდექი იქ, სადაც ქართველი ხალხი იდგა. ვუხსნიდი დედას, რომ ჩემი თაობის გვერდით უნდა ვყოფილიყავი. დედა დღეს ჩემი დიდი გულშემატკივარია.

- ცოტა რამ თქვენს პირად ცხოვრებაზეც გვიამბეთ...

- 2012 წლის დეკემბერში გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე - ნია ქირია. ის ჟურნალისტია. მის გარეშე არც ერთი წარმატება არ იქნებოდა. ჩვენ ერთად ვდგამთ ყველა მნიშვნელოვან ნაბიჯს და ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს. ორი შვილი გვყავს. ჩვენს ოჯახში იდილიაა და მინდა, მსგავსი ბედნიერება განიცადოს ყველა ახალგაზრდამ.

- გამარჯვებაში დარწმუნებული ხართ?

- დიახ, დარწმუნებული ვარ, რადგან ძალიან ბევრს ვმუშაობ ამისთვის, დავდივარ კარდაკარ და უამრავ ადამიანს ვხვდები. სითბოსა და მხარდაჭერას ვგრძნობ თითოეული მათგანისგან. ამ ხალხის იმედით სავსე თვალები პასუხისმგებლობას მიათმაგებს. მადლობა თითოეულ საბურთალოელს. პირობას ვაძლევ მათ, არ ვიქნები კაბინეტში, მათთან მუდმივი კავშირი მექნება.

- რას ჰპირდებით მათ?

- მეც ამ სოციუმის წევრი ვარ, მეც საბურთალოზე ვცხოვრობ 15 წელია და ის პრობლემები, რაც არსებობს, მეც მაწუხებს: გადაადგილების შეზღუდვა, გადატვირთული ქუჩები, ჰაერის დაბინძურება... მანქანებმა და კომერციულმა შენობებმა ადამიანებს საზოგადოებრივი სივრცე მთლიანად წაგვართვა. დაპირება გაცვეთილი სიტყვაა, მაგრამ ვეტყვი მათ, რომ ვიქნები მათთან ძალიან ახლოს და ის პრობლემები, რაც ჩვენს ოლქს, უბანს აწუხებს, მოგვარდება. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოწესრიგებული რომ უნდა იყოს, ქუჩაში ამდენი მანქანა არ იქნებოდა. ჩვენ გავზრდით მარშრუტებს, განვაახლებთ ავტოპარკს ახალი ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით და ადამიანებს თავისუფლად და კომფორტულად გადაადგილების პირობებს შევუქმნით.

- საბურთალოზე ძალიან ბევრი დაუსრულებელი კორპუსია, უსახური შენობების ბუმია, არ არსებობს მშენებლების დასჯის მექანიზმები. ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე ხომ არ გიფიქრიათ?

- ეს სერიოზული პრობლემაა და მე ვდგავარ კახა კალაძის გვერდით, რომელიც ცალსახად ამბობს - არც ერთი ახალი მშენებლობა ბაღების, სკვერების, მწვანე ნარგავების, საბავშვო მოედნების, საზოგადოებრივი სივრცის შემცირების ხარჯზე არ იქნება. ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით მშენებლობას, პირიქით - შევქმნით ისეთ გარემოს, რომ ხელს შევუწყობთ, მაგრამ ქალაქი უნდა განვითარდეს გეგმაზომიერად და არა ისე, რა შედეგიც მივიღეთ სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. გადაადგილება უჭირთ ადამიანებს და მათ ბინებში მზის სხივი არ აღწევს, სკვერი არ არის. რაც შეეხება დაუსრულებელ მშენებლობებს, ჩემი გეგმები თანხვედრაშია "ქართული ოცნებისა" და კახა კალაძის პროგრამასთან. ჩვენ შევქმნით სამშენებლო სტანდარტებს, როგორც უსაფრთხოების, ასევე ქალაქის იერის შენარჩუნების კუთხით. მშენებლებმა უნდა მოაწყონ სკვერი, პარკინგი, საბავშვო მოედანი, ეს ვალდებულება მათ არ აქვთ დღეს. მონიტორინგის პროცესია ჩასატარებელი. არ შეიძლება ააშენო კორპუსი იქ, სადაც ეზო არ არის; არ შეიძლება არ დაასრულო და არ მოაპირკეთო სადარბაზო წესიერად. კომერციულადაც უფრო მისაღები იქნება ეზოიანი, განაშენიანებული სახლი, მოპირკეთებული, ვიდრე ბეტონის ცარიელი კედლები, რასაც დღეს ვხედავთ... დღესაც, ჩემს ოლქში, სამ ისეთ მშენებლობაზეა ნებართვები გაცემული წინა ხელისუფლების დროს, რაც ვფიქრობ, პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაულია. ასევე, მორალური დანაშაულიც. მე ვდგავარ იმ ადამიანების გვერდით, ვინც ხაზგასმით ამბობს, არც ერთი მშენებელობა სკვერების, ბაღების, მწვანე ნარგავებისა და საზოგადოებრივი სივრცეების ხარჯზე არ უნდა მოხდეს. ჩვენთვის ღირებულია თითოეული ადამიანი და მისი ჯანმრთელობა. მერწმუნეთ, მე თითოეული საბურთალოელის ინტერესების დამცველი ვარ და ვიქნები.

თეა ხურციალავა