მერობის კანდიდატთა ქონებრივი დეკლარაციები - გზაპრესი

მერობის კანდიდატთა ქონებრივი დეკლარაციები

"გზა" #40-ში თბილისის მერობის რამდენიმე კანდიდატის დეკლარირებული თუ არადეკლარირებული ქონება-ცხოვრების შესახებ ვწერდით. ამჯერად ირმა ინაშვილის, გიორგი ვაშაძისა და თენგიზ შერგელაშვილის ქონებრივ დეკლარაციებს წარმოგიდგენთ.

ვიფიქრე, "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო სლოგანს: "მოვდივართ ხელმოკლეთა გასახარებლად" - სიტყვაზე როგორ ვენდო, თუ ჯერ ლიდერის დეკლარირებული სიმდიდრე ფურცელზე საკუთარი თვალით არ ვნახე და არ გავიგე, რით აპირებს ჩვენს გახარებას-მეთქი? ვნახე და ერთი ცნობილი ქართული ანდაზა გამახსენდა: ყვავს რა ჰქონდა, ბუს გაჰქონდაო. კი, ბატონო, "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერს თავისი თავისა და ოჯახის სამყოფი კი აქვს ყველაფერი, მაგრამ თბილისელებიც რომ გაახაროს, იმდენი - ნამდვილად არა... თუმცა პოლიტიკოსები ხომ ბიუჯეტიდან უპირებენ გახარებას ხელმოკლეებს და არა - საკუთარი ჯიბეებიდან?!

ირმა ინაშვილი დაიბადა 1970 წლის 6 ივლისს, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და სხვადასხვა დროს სხვადასხვა ტელევიზიაში მუშაობდა. ჰყავს მეუღლე - კახაბერ კევლიშვილი და ორი შვილი - ქალ-ვაჟი. დეკლარანტის მეუღლე 100%-იანი მფლობელია თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე ბინისა, რომელიც 90 კვმ-ია და ასევე, თბილისში არასაცხოვრებელი ფართობის (110 კვმ) დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე. ეს ქონება მას მემკვიდრეობით მიუღია. ოჯახის უფროსს არც მერობის კანდიდატი უდებს ტოლს - ქონებრივ დეკლარაციაში მის სახელზეა 330 კვმ ფართობის მიწის ნაკვეთი თბილისში, კაჭარავას ქუჩაზე, ასევე, დუშეთში, სოფელ ბაზალეთში 2.100 კვმ არასაცხოვრებელი ფართობი და 49 კვმ ბინა ლიკანში, რომელიც თავადვე შეუძენია 10.000 დოლარად. რაც შეეხება დეკლარანტისა და მისი ოჯახის წევრთა მოძრავ ქონებას, აქაც ირმა ინაშვილი აქტიურობს - 14.000 დოლარად შეუძენია მსუბუქი ავტომანქანა, NIშAN AღMADA. არც თვითონ და არც მისი ოჯახის არც ერთი წევრი არ ფლობს ფასიან ქაღალდებს, არც ნაღდი ფულადი თანხა გააჩნიათ, არც სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობენ და როგორც ქონებრივი დეკლარაციიდან ჩანს, თურმე, ოჯახი თვიდან თვემდე მხოლოდ პარლამენტარის ხელფასზეა დამოკიდებული. დეკლარაცია 2017 წლის 13 იანვარს აქვს შევსებული, ხოლო შემოსავალში მითითებული აქვს, რომ 2016 წლის 18 ნოემბრიდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე 5.844 ლარი აუღია, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს. ხოლო სხვა გრაფაში გასული წლის მთლიანი შემოსავლის ოდენობად 10.200 ლარი მიუთითებია. ოჯახის ერთადერთ მარჩენალს 2016 წლის 1-ლ აგვისტოს "თიბისი" ბანკიდან 5.000 დოლარი სესხი გამოუტანია, რომელიც 2021 წლის 1-ლ აგვისტოს უნდა დაფაროს და ყოველთვიურად 95 დოლარს იხდის. დაბოლოს, გასულ წელს ირმა ინაშვილი დედას ძალიან გაუხარებია და არც მეტი, არც ნაკლები, 7.000-დოლარიანი ოქროს ბეჭდით დაუსაჩუქრებია. ვერაფერს იტყვი, მართლაც შთამბეჭდავი საჩუქარია!

რაც შეეხება "ახალი საქართველოს" მიერ წარდგენილ კანდიდატს - გიორგი ვაშაძეს, გარდა იმისა, რომ მის არადეკლარირებულ სიმდიდრედ წარსულში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრობა შეიძლება ჩავთვალოთ, 2016 წლის 28 ივნისს შევსებული დეკლარაციიდან ბევრ სხვა რამესაც შევიტყობთ. GzaPress

გიორგი ვაშაძე დაიბადა ჭიათურაში, 1981 წლის 8 ივლისს. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სახელმწიფო მართვის სპეციალობით, ასევე, იურიდიული ფაკულტეტი და ჰარვარდის ბიზნესის სკოლა ბიზნესმენეჯმენტის განხრით. სხვადასხვა დროს მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილედ, შემდეგ - თავმჯდომარედ, 2012 წელს კი იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე. ჰყავს მეუღლე - ქეთევან სიჭინავა და სამი შვილი: მიხეილი, დავითი და ანასტასია. ვერც მისი და ვერც მისი ოჯახის წევრების, ანუ მეუღლის საკუთრებაში ვერ ნახავთ ვერანაირ მოძრავ ქონებას, ვერც ფასიან ქაღალდებს, არც სამეწარმეო საქმიანობით ინტერესდებიან, მთელი წლის განმავლობაში არც მისთვის და არც მისი მეუღლისთვის არავის უჩუქებია ისეთი ნივთი, რომლის ღირებულებაც 500 ლარს გადააჭარბებდა... რაც შეეხება უძრავ ქონებას, გიორგი ვაშაძე ფლობს ბინას თბილისში, რომლის ფართობი 106 კვმ-ია, 30 კვმ ფართობის ავტოფარეხს, ხოლო მისი მეუღლის მფლობელობაშია 100 კვმ არასაცხოვრებელი ფართობი ქალაქ თბილისში.

ანგარიშებისა და შენატანების მხრივ უფრო კარგად გვაქვს საქმე: როგორც ჩანს, წყვილი ხელმომჭირნეობით გამოირჩევა და თანხის გადადებას ახერხებს. გიორგი ვაშაძის სახელზე სახელფასო ანგარიშზე ირიცხება 7.551 ლარი, ამავე ბანკში ანაბარზე - 13.615,19 ლარი, ხოლო "საქართველოს ბანკში" ანაბარზე - 9.202,05 დოლარი. ქეთევან სიჭინავას მეუღლეზე მეტად უყოჩაღია: "თიბისი ბანკში" 2 დეპოზიტი აქვს: 5.568 ლარი და 5.500 ევრო. ამავე ბანკში ანაბარიც აქვს გახსნილი - 5.736 ევრო და 5.628 ლარი. "თიბისიშივე" აქვს სახელფასო ანგარიშიც, რომელზედაც 1.968 და 25.587,74 ლარი ერიცხება. ნაღდი ფულადი თანხის სახით დეკლარაციის შევსების მომენტში თავად მერობის კანდიდატს 5.300 ლარი ჰქონია ხელზე, მეუღლეს აქაც უყოჩაღია - მისი ჯიბის ფული 3.700 დოლარს შეადგენს.

2016 წლის 1-ლი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით შესრულებულ სამუშაოში გიორგი ვაშაძეს, როგორც პარლამენტის წევრს, მიღებული აქვს მხოლოდ 61.665 ლარი (თვეში დაახლოებით 5.138 ლარი), მის მეუღლეს კი, რომელიც ორი ფონდის: "ლიბერალური კვალისა" და "ინოვაციებისა და განვითარების ფონდის" დირექტორი გახლავთ, საერთო ჯამში - 161.870 ლარი. არასაცხოვრებელი ფართობის გაქირავებით, ვაშაძეების შემოსავალი 23.600 ლარით გაზრდილა, თუმცა ამის მიუხედავად, ცოლ-ქმარს მაინც დასჭირვებია იპოთეკური სესხი ბინის შესაძენად - 2008 წლის 10 მარტს ბანკი "რესპუბლიკიდან" 96. 000 დოლარი გამოუტანია, რომელიც 2018 წლის 11 მარტს უნდა დაფარონ. ერთი წლის მანძილზე ამ სესხის დასაფარად გასავალმა 15. 806 დოლარი შეადგინა.

GzaPress"შენების მოძრაობის" მერობის კანდიდატი თენგიზ შერგელაშვილია, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა. დაიბადა თბილისში, 1977 წლის 18 დეკემბერს. დეკლარირებულ ოჯახის წევრთა შორის მოხვდნენ 15 წლის ლუკა და 10 წლის ალექსანდრე, თუმცა ან თავად დეკლარანტი და ან მისი შვილები სად ცხოვრობენ, ვერ მივხვდი, რადგან გასული წლის 22 ივნისს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, არანაირი უძრავი თუ მოძრავი ქონება არ აბადია. "რესპუბლიკა" ბანკში შერგელაშვილის საკრედიტო ანგარიშზე 5.411, 78 ლარია, "ბაზის ბანკში" - 5.012,95 ლარი, "ლიბერთიში" - 4.998,71 ლარი, ხოლო "თიბისიში" სახელფასოზე (ოვერდრაფტი) - 3.602,38 ლარია. არც საჩუქრები, არც ფასიანი ქაღალდები, არც ნაღდი ფულადი თანხა, არც სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობა - ძალიანაც რომ მოინდომოთ, მის მწირ დეკლარაციაში მსგავსს ვერაფერს ნახავთ...

თენგიზ შერგელაშვილის შემოსავალმა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში წლის განმავლობაში 745.540 ლარი (თვეში საშუალოდ 6.212 ლარი, რაც არცთუ მცირე ანაზღაურებაა) შეადგინა. 2014 წლის 25 აგვისტოს "თიბისიდან" 25.000 ლარის ოდენობის სამომხმარებლო სესხი აუღია, რომელიც 2018 წლის 25 აგვისტოს უნდა დაფაროს. დეკლარაციის თანახმად, ამ სესხის დასაფარად გადაუხდია 11.809,21 ლარი; ბანკ "რესპუბლიკიდან" აღებული 5.000-ლარიანი სესხის დასაფარად - 4.817,65 ლარი; 2014 წელსვე "ლიბერთი ბანკის" საკრედიტო ბარათით უსარგებლია და გამოტანილი 5.000 ლარის სანაცვლოდ, 7. 157 ლარი შეუტანია; 2015 წლის 3 ოქტომბერს "ბაზის ბანკის" 5. 000-ლარიანი საკრედიტო ბარათითაც უსარგებლია და გასავალში რატომღაც 18.091, 40 ლარი აქვს მინიშნებული; 2016 წლის 19 აპრილს ბანკ "რესპუბლიკის" განვადებითაც უსარგებლია და 3.352,44 ლარით გაუზრდია თავისი ვალი (აქედან გასავალმა 558, 74 ლარი შეადგინა); მერობის კანდიდატს სწავლის საფასური 1.600 დოლარიც გადაუხდია და ბოლოს, ამდენი სესხითა და ვალით შეწუხებულს, ერთი გემრიელად და გულუხვად დაუსვენია - დასვენების ხარჯებად სულ რაღაც, 3.200 დოლარი მიუთითებია. სავარაუდოდ, არც ამ ზაფხულს დაიკლებდა დასვენებას და რა ვიცი, უღირს ვითომ, გემრიელი დასვენება სულ რამდენიმე თვეში თბილისის მერობითა და თბილისელების პრობლემებით რომ ჩაიმწაროს?!

P.შ. "გზის" შემდეგ ნომერში თბილისის მერობის დანარჩენი კანდიდატების დეკლარირებული თუ არადეკლარირებული სიმდიდრის შესახებაც მოგაწვდით ინფორმაციას.

ნინო ჯავახიშვილი