"ცოცხლები ვართ და ღმერთმა კარგად გვამყოფოს!" -რა ცხოვრება-ქონებას ფლობენ თამაზ მეჭიაური და ზაქარია ქუცნაშვილი? - გზაპრესი

"ცოცხლები ვართ და ღმერთმა კარგად გვამყოფოს!" -რა ცხოვრება-ქონებას ფლობენ თამაზ მეჭიაური და ზაქარია ქუცნაშვილი?

ბოლო დროს ზაქარია ქუცნაშვილსა და თამაზ მეჭიაურს შორის დაპირისპირებამ და ურთიერთბრალდებებმა ერთმანეთის კორუმპირებულობაზე, ბევრი კითხვა გაუჩინა საზოგადოებას. განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა ქუცნაშვილისა და მისი ოჯახის ქონება-ცხოვრება.

მტყუან-მართლის გასარკვევად ორივესთან დაკავშირება გადავწყვიტე, მაგრამ როგორც ჩანს, ბატონი ზაქარია გადაღალა წარუმატებელმა დებატებმა და საერთოდ არ პასუხობს უცხო ნომერს (მივწერე კიდეც, მაგრამ არც შეტყობინებაზე მიპასუხა), ბატონმა თამაზმა კი მითხრა, ცოტა ხნით ტაიმაუტი ავიღეო.

ინტერესმა მაინც არ მომასვენა და ორივეს ქონებრივ დეკლარაციებს გადავავლე თვალი.

თამაზ მეჭიაურს საბჭოური წლებიდან მოყოლებული, რა თანამდებობაზე აღარ უმუშავია. იყო ორგზის პარლამენტის წევრი, გორისა და შემდეგ თელავის საგადასახადო ინსპექციის უფროსი. 2012 წლიდან კი კვლავ პარლამენტის წევრია "ქართული ოცნებიდან".

დეკლარაცია პირველად 2004 წელს შეუვსია, როდესაც გლდანი-ნაძალადევის ზონალური საგადასახადო ინსპექციის უფროსი იყო. მაშინ დეკლარირებული ჰქონდა 5.000 ლარად შეფასებული მიწის ნაკვეთი თიანეთში, სოფელ ჟებოტაში და 4.000 ლარად ღირებული სახლი. გარდა ამისა, 16. 000-ლარიანი დაუმთავრებელი ბინა თბილისში და ვაჟის სახელზე 5.000-ლარიანი ავტომანქანა. რაც შეეხება მეჭიაურის ფინანსურ მდგომარეობას, "საქართველოს ბანკში" მიმდინარეზე 700 ლარი ჰქონია, ნაღდი ფულადი თანხა - 3.500 ლარი, ხოლო ზეპირი ხელშეკრულებით 7.000 ლარიც გაუსესხებია.

პარტია "ერთიანი საქართველოს" თავმჯდომარის ბოლო დეკლარაცია კი შარშანდელია და კიდევ უფრო მწირი, ვიდრე 12 წლის წინანდელი, თუ პარლამენტის წევრობიდან მიღებულ შემოსავალს - 64.800 ლარს არ გავითვალისწინებთ. ხელფასიდან 34.300 ლარი დაუზოგავს და "ქართუ ბანკში" შეუტანია, ნაღდ ფულად თანხად კი 5.700 ლარი დაუფიქსირებია. რაც შეეხება უძრავ ქონებას, თბილისში 1.500 კვმ ფართობის მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა, ეგ არის და ეგ. არ ვიცი, თქვენ რას ფიქრობთ, მაგრამ კორუმპირებულის კვალობაზე, ცოტა არ იყოს და მეცოტავა მეჭიაურის ქონება. საჯარო მოსამსახურის დეკლარაცია ასეთი გასაცოდავებულ-გამეჩხერებული კი არ უნდა იყოს, ადამიანს გული რომ შეუწუხდეს დარდით, ქუცნაშვილის დეკლარაციასავით სავსე და მსუყე უნდა იყოს, ყველა ქართველის გულსა და გონებას რომ ეამოს და შვებითა და იმედით ამოისუნთქოს: ალბათ, ჩვენთანაც მალე მოვა გაზაფხულიო...

რადგანაც პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ წრეებში ეჭვი გაჩნდა, რომ ქუცნაშვილი მილიონერთა სიაში სწორედ ამ ბოლო წლებში ჩაეწერა და ადრე არაფერი გააჩნდა, ამიტომ ჯერ 2000 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაცია ვნახე (საერთოდაც, თუ დეკლარაციების მიხედვით ვიმსჯელებთ, მისი აღმავლობა ცხოვრება-ქონების მოხვეჭის თვალსაზრისით 2012 წლიდან იწყება). 2000 წელს 28 წლის ზაქარია პარლამენტის წევრი გახლდათ. თვითონაც და მისი მეუღლეც - თეა სანიკიძე 1972 წლის თებერვალში ყოფილან დაბადებულები და იმ დროს ერთი გოგონა ჰყოლიათ, 3 წლის თამარი. თეა მესაკუთრეა თბილისში არსებული 40.000 ლარად შეფასებული ბინისა (შეიძლება, მზითვადაც კი მოჰყვა მას ეს ბინა), თიანეთში, სოფელ ხოფცაში ზაქარია და მამამისი - ომარი თანაბრად ფლობენ 60.000-ლარიან ბინას. რაც შეეხება მოძრავ ქონებას, პარლამენტარი 2000 წელს 5.000-ლარიანი მანქანით დადიოდა, თუმცა მისი შემოსავალი ერთი საანგარიშო წლის განმავლობაში მხოლოდ 1.950 ლარი ყოფილა. ამის კვალობაზე შესაშური ყაირათიანობა გამოუჩენია ცოლ-ქმარს და 4.500 დოლარი (ოჯახის უფროსს) და 4.000 ლარი (თეას) ნაღდი ფული მაინც მოუგროვებიათ.

ალბათ სწორედ ეს ყაირათიანობაა მიზეზი, რომ 2000 წლიდან 2017 წლამდე ოჯახის წევრებიც შემატებიათ და შემოსავალიცა და ცხოვრება-ქონებაც საგრძნობლად გაზრდილა. პარლამენტარის დეკლარირებულ ოჯახის წევრთა ჩამონათვალში ამჯერად პარლამენტარის მშობლები - ომარ ქუცნაშვილი და თალიკო ლაგაზაური და ზაქარიას კიდევ ერთი შვილი - თორნიკე მოხვდნენ.

ომარ ქუცნაშვილი თიანეთში, სოფელ ხოფცაში 30.000 კვმ ფართობის მიწის ნაკვეთის 100%-იანი მფლობელია, ასევე, დეკლარანტს მამის მფლობელობაში ცალკე აქვს აღნიშნული კომლის გაყოფის შედეგად მიღებული 2019 კვმ ფართობი მიწის ნაკვეთი, რომელზედ 155 კვმ ფართობის საცხოვრებელი სახლი აუშენებიათ, ღირებულებად 20.000 ლარი მიუთითებიათ. უფროს ქუცნაშვილს საირმის ქუჩაზე 430 კვმ მიწის ნაკვეთი სულ რაღაც 5.000 ლარად (უნდა ითქვას, რომ უძრავ-მოძრავი ქონების შეძენის წელი არსად არის მითითებული!) შეუძენია, საცხოვრებელი სახლიც წამოუჭიმია და თვითონვეა ამ 180.000 დოლარად შეფასებული ქონების 100%-იანი განმკარგავიც. თელავში არსებული მიწის ნაკვეთის 33%-იანი წილიც შეუსყიდია 32.000 ლარად. მამაც ასეთი უნდა... თუმცა, არც თალიკო ჩამორჩენია მეუღლეს - თელავში, სოფელ ნაფარეულში 16.000 კვმ მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრე გახლავთ. ბექა მიქაბერიძესთან ერთად საკმაოდ იაფად შეუძენია ამხელა ფართობი - სულ რაღაც 8.000 ლარად. ახლა რაც შეეხება თავად ზაქარიასა და თეას უძრავ-მოძრავ ქონებას: დეკლარანტს თბილისში, კარტოზიას ქუჩაზე 59,90 კვმ ბინა 50.700 დოლარად შეუძენია, ხარჯი ხარჯიაო და საბურთალოს ქუჩაზე 89 კვმ არასაცხოვრებელი ფართობიც მიუყოლებია ზედ 70.000 დოლარად, ასევე, 136 კვმ ფართობის მიწის ნაკვეთი (რა თანხად უყიდია, მითითებული არა აქვს) და არასაცხოვრებელი ფართობი (36,70კვმ) თიანეთში, სოფელ ზარიძეებშიც შეუძენია. დაბა სიონში 941 კვმ მიწის ნაკვეთის 33%-იანი მესაკუთრეა ვინმე პეტრე ქიტესაშვილთან ერთად, ხოლო ხევსურთსოფელში 602 კვმ მიწის ნაკვეთისა და 345,92 კვმ არასაცხოვრებელი ფართობის 70%-ის მფლობელი ელგუჯა ჩოლოგაურსა და რევაზ ბოდაველთან ერთად. თეა სანიკიძეს დადიანის ქუჩაზე შეუძენია 104,60 კვმ ბინა 20.000 დოლარად, ასევე, 1.590 კვმ მიწის ფართობი დიდ ლილოში - 30.210 ლარად.

რაც შეეხება უძრავ ქონებას, ომარ ქუცნაშვილი 25.000-დოლარიანი HONDA CRV-თი დადის, შვილი კი - 39.000 დოლარიანი თოყოტა Lანდ ჩრუზერ Pრადო-თი. ახლა იკითხავთ, საიდანო და ქუცნაშვილების დიდი ოჯახის დიდსა და მზარდ შემოსავლებსაც გაგაცნობთ. თვითონ დეკლარანტს პარლამენტის წევრობიდან ერთი საანგარიშო წლის მანძილზე 55.485 ლარი მიუღია, დედამისს - 5.900 ლარი (პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში ისტორიის მასწავლებელი გახლავთ), მამამისი კი ნავთობისა და გაზის კორპორაციაში სამეთვალყურეო საბჭოს წევრია და აქ მიღებული შემოსავალი 15.000 ლარია. მარტო ხელფასს ხომ არ დასჯერდებოდნენ ახლა ქუცნაშვილები და ამ რამდენიმე წელში შეძენილი უძრავი ქონება - არასაცხოვრებელი თუ საცხოვრებელი ფართობებიც გაუქირავებიათ და აქედან 19.710 დოლარი და 6.300 ლარი მიუღიათ, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინასაც შელევიან და 75.000 დოლარად გაუყიდიათ. ეს ჯერ კიდევ არ არის მათი შემოსავლების სრული სურათი. ომარი შპს "ჯეოინჟინერინგის" 41%-იანი წილის მფლობელი გახლავთ შვილთან - ივერი ქუცნაშვილსა და სხვებთან ერთად (აქედან მიღებული შემოსავალი 42.473 ლარია), თეა სანიკიძე შპს "ნიტაპროქურუმენტგრუპის" 33%-იან წილს ფლობს და ამ გზით 57.843 ლარით შევსებულა დეკლარანტის ოჯახის ბიუჯეტი. დანარჩენი 6 შპს-დან, რომლის წილის მფლობელები არიან მამა-შვილი ქუცნაშვილები და თალიკო ლაგაზაური, მიღებული შემოსავლების გრაფა ცარიელია... ნაღდ ფულადად თანხადაც ბატონ ზაქარიას მიზერული თანხა - მხოლოდ 500 ლარი დაუფიქსირებია.

მადისაღმძვრელად და მომხიბვლელად გამოიყურება სხვადასხვა ბანკში სხვადასხვა ანგარიში და შენატანიც: ზაქარიას ბანკისთვის 3.450 ლარი და 59.000 დოლარი მიუნდვია, ომარს - 3.680 ლარი, თალიკოს - 23.020 ლარი და 2.200 დოლარი (მისი ასეთი დანაზოგის შემდეგ, რაღა დაგიმალოთ და მასწავლებლობის სურვილი მეც გამიჩნდა, ეტყობა, სარფიანი პროფესიაა!), თეას კი - 1213 ლარი და 2 დოლარი ჰქონია "თიბისი ბანკში".

აი, სწორედაც რომ კეთილსინდისიერების უსაზღვრო გამოხატულებაა საჯარო მოსამსახურის მხრიდან - 2 დოლარიც კი არ დაუმალა საკუთარ ხალხს!

რა თქმა უნდა, ამდენ შემოსავალს დახარჯვაც უნდა და გასავალიც აქვს ქუცნაშვილების ოჯახს, თუმცა გასავალი შემოსავალზე ბევრად მცირე აქვთ - ზაქარიას და თეას შვილისთვის - თორნიკე ქუცნაშვილისთვის სწავლის საფასური, საერთო ჯამში 9.600 ლარი გადაუხდიათ, 20.000 ლარი კი პარლამენტარს სოფელ ხევსურთსოფელში ეზოს კეთილმოწყობაში დაუხარჯავს...

აი, ასეთი კეთილმოწყობილი (და უზრუნველი!) ცხოვრება აქვს იმ ქვეყნის საჯარო მოხელეს, რომლის მოქალაქეებიც ნაგვის ურნებში იქექებიან და თვიდან თვემდე უჭირთ თავის გატანა; იმ ქვეყნის საჯარო მოხელეს, რომლის მოქალაქეებსაც მავანთა და მავანთა კორუმპირებულობის წყალობით ხვალინდელი დღის იმედი დაუკარგავთ და გაჭირვების გამო იმედთან ერთად დაუკარგავთ უკეთესი მომავლისთვის ბრძოლის უნარიც...

თუმცა, ქუცნაშვილისა არ იყოს, მიუხედავად ამდენი გაჭირვებისა, ჩვენც ცოცხლები ვართ და... ღმერთმა კარგად გვამყოფოს!

ნინო ჯავახიშვილი