რა სარგებლობას მოგვიტანს სიახლე მთავრობაში - გზაპრესი

რა სარგებლობას მოგვიტანს სიახლე მთავრობაში

მიმდინარე კვირა მოულოდნელი და საინტერესო ცვლილებებით დაიწყო: სამინისტროების შერწყმა, ოპტიმიზაცია, სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებები, ადმინისტრაციული დანახარჯების შემცირება და სხვა... სამთავრობო რეფორმებზე სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები - გუგული მაღრაძე, გია გაჩეჩილაძე, ზურაბ ჯაფარიძე, თამაზ მეჭიაური და გოგი წულაია თავიანთ შეხედულებებსა და მოსაზრებებს გვიზიარებენ.

გუგული მაღრაძე, დეპუტატი, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი:

- დაგპირდით, რომ სამინისტროები უფრო კომპაქტურები გახდებოდა და დაპირებას ვასრულებთ. ჩვენნაირი ქვეყნისთვის ბევრი სამინისტრო საჭირო არ არის, დეპარტამენტები შეიქმნება სხვადასხვა სამინისტროში და ყველა საქმეს თავისი პატრონი ეყოლება. მმართველობითი ხარჯები მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ, ოღონდ ისე, რომ საქმიანობას ხელი არ შეუშლოს. მინისტრი, მოადგილეები, თანაშემწეები, მდივნები, ადმინისტრაცია, მძღოლები და ა.შ. ცხადია, გარკვეულწილად შემცირდება, ამით მართვა უფრო ოპტიმალური გახდება. გარემოს დაცვის სამინისტროს ამბავი ცოტა პრობლემური მეჩვენება, რადგან ფაქიზი სფეროა და ინტერესთა კონფლიქტი არ მოხდეს. მისი დანიშნულება და ფუნქციები მაქსიმალურად უნდა გაიზარდოს, ჩვენი ქვეყნისთვის გარემოს დაცვა პრიორიტეტულია.

- განათლების ახალ მინისტრზე რას გვეტყვით?

- ამ სფეროში კარგი გამოცდილება აქვს, წლების განმავლობაში უცხოეთში მუშაობდა, უნივერსიტეტში კარგი ავტორიტეტით სარგებლობს. საზღვარგარეთ მიღებული სწავლა და გამოცდილება ჩვენი განათლების სისტემაში დიდი ინვესტიციაა, კარგ შტრიხებს შეიტანს. იმედი მაქვს, რომ განათლების სამინისტროში საქმე კარგად იქნება, თუმცა, ბატონი სანდრო ჯეჯელავას ბევრ ინიციატივასაც ვეთანხმებოდი, რადგან ორიგინალური მიდგომები ჰქონდა.

გია გაჩეჩილაძე, საპარლამენტო ფრაქციის - "მწვანეების" თავმჯდომარე:

- მთავრობის ნაბიჯი მისასალმებელია იმ თვალსაზრისით, რომ სტრუქტურების ოპტიმიზაცია ხდება და გაერთიანებებიც ლოგიკურია. დიდი შრომა გავწიეთ, გარემოს დაცვის სამინისტროს შესანარჩუნებლად და ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. პარლამენტში წარმოდგენილი იქნება პროექტი, მას შეუერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მსგავსი მოდელები არსებობს ევროპაში. თუმცა, მაინც უკეთესი იქნებოდა, ცალკე ყოფილიყო, რადგან ჩვენი უნიკალური გარემოს - ბუნების, ტყეების, მდინარეების გარდა, არაფერი გაგვაჩნია. გარემოს დაცვის სამინისტროს არსებობა ცალკე ჯობია, თუმცა, გაერთიანებასაც აქვს თავისი დადებითი მხარე, აგრარული სექტორის მიბმა იმის შანსს იძლევა, რომ საქართველოში ბიომეურნეობები განვითარდეს.

- ბიუჯეტის მხრივ როგორ იქნება საქმე?

- სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი გაცილებით დიდია გარემოს დაცვაზე. მართვის სტრუქტურაში ალბათ მოხდება ცვლილება, თორემ ძირითად ბიუჯეტში - ვერანაირად, ხარჯები უკვე გაწერილია, მაგალითად, დაცული ტერიტორიებისთვის, სატყეო დარგისთვის, სარწყავი სისტემების, ირიგაციის განვითარებისთვის, მცენარეთა დაცვის და სასურსათო უსაფრთოხების საკითხებზე, მათ ვერაფერს მოაკლებ, პირიქით, დამატება სჭირდება.

ზურაბ ჯაფარიძე, პოლიტიკური გაერთიანების - "გირჩის" ლიდერი:

- თუ აქამდე 18 სამინისტრო ითხოვდა ყოველ წელს მომავალი წლისთვის ბიუჯეტის გაზრდას, ახლა ასეთი 14 იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიუროკრატიის ზრდის ნაკლები ტემპი იქნება, ეს მუდმივი პრობლემაა საქართველოშიც და ზოგადად, სხვა ქვეყნებშიც. ეკონომიკის ზრდისთვის საჭიროა არა უბრალოდ სამინისტროების შემცირება, არამედ იმ ხარჯების შემცირება, რომელიც ამ სამინისტროებს ყოველწლიურად სჭირდებათ. ამისთვის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს უნდა დაველოდოთ, რომელიც ამ წლის ბოლოს შევა პარლამენტში, ცვლილებების დამტკიცების შემდეგ. საჯარო სექტორში ადამიანების რაოდენობისა და ხარჯების შემცირების შემთხვევაში ამას შეიძლება ჰქონდეს პოზიტიური ეფექტი და ეკონომიკა უფრო სწრაფი ტემპებით განვითარდეს.

- თქვენი აზრით, ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროების დაწყვილება სწორად მოხდა?

- დიახ, სწორია, გაცილებით მეტი სამინისტროს გაერთიანებაცაა შესაძლებელი. ენერგეტიკა იქნება, ინფრასტრუქტურა თუ სოფლის მეურნეობა, ყველა ეკონომიკური შინაარსის მქონეა და თუკი ერთი სამინისტროს ქვეშ მოიყრიან თავს, ესეც სწორი იქნება. ცალკე ყოფნის არანაირი საჭიროება არაა. მრეწველობის, ტრანსპორტის ან ტურიზმის სამინისტრო ცალკე ხომ არ გვაქვს? მაგრამ ეს სექტორები თავისებურად ვითარდება. რაოდენობის შემცირება კიდევაა შესაძლებელი.

- ამ პრაქტიკამ რამდენად გაამართლა სხვა ქვეყნებში?

- საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვანი მაინც ისაა, მთავრობა რამდენს ხარჯავს, ვიდრე ის, თუ რამდენია რაოდენობა, თუმცა, ჩვენნაირ პატარა ქვეყანას ამდენი სამინისტრო არაფერში სჭირდება, ცოტა რაოდენობითაც კარგად გავართმევთ თავს. მთავრობის ხარჯები ახლა მთლიანი ეკონომიკის 35%-ია, მინიმუმ გასანახევრებელია და 15-20%-მდე დასაყვანი, თუ გვინდა, რომ ეკონომიკა სწრაფი ტემპებით განვითარდეს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გასაკეთებელი!

- შსს-ს ახალ მინისტრზე რას იტყვით?

- პლუსებსა და მინუსებზე თუ ვისაუბრებთ, მინუსი შეიძლება ის იყოს, რომ ამ ადამიანს შეხება არ ჰქონია სამართალდამცავ სტრუქტურებთან, თუმცა, მეორე მხრივ, შესაძლოა, სწორედ ეს აღმოჩნდეს მისი პლუსი. სისტემაში გამოცდილების არმქონე ადამიანის მისვლამ შეიძლება პირიქით, უფრო გააადამიანუროს ეს სისტემა.

თამაზ მეჭიაური, თიანეთის მერი:

- ვფიქრობ, ოპტიმიზაციის პროცესი დადებითი შედეგის მომცემია თუნდაც იმიტომ, რომ ხარჯებს შეამცირებს, გამოთავისუფლებულ თანხებს კი უფრო საჭირო მიმართულებით გამოიყენებენ, თუნდაც, სოციალურ სფეროში ან ეკონომიკაში. მეც იმავეს გაკეთებას ვგეგმავ ჩვენს მუნიციპალიტეტში.

- თქვენს მერიაში როგორი სიტუაციაა?

- მივედი და ყველაფერი გამოცარიელებული, დახარჯული დამხვდა. ნაძვის ხის მოსართავი ფულიც კი არ დაუტოვებიათ. წარმომადგენლობითი ხარჯები ბოლომდე ათვისებული აქვთ, კარგად გასუფთავებული ბიუჯეტი დამახვედრეს. ბატონი ზაქარია ქუცნაშვილი სხვას ეძახის კორუმპირებულს და დარჩენილი ბოლო თანხები მის ჩამოსვლასთან დაკავშირებულ ბანკეტში დახარჯეს. სამწუხაროდ, ეს არის სახე სახელისუფლებო ჩინოვნიკებისა, რომლებიც ოფიციალური მილიონერები გახდნენ, მაგრამ თავიანთ დასანაყრებელ ფულსაც კი ვერ იმეტებენ და იმასაც ბიუჯეტიდან ხარჯავენ. ეს ზაქარია ქუცნაშვილის, ყოფილი გამგებლის სახეა, რომელმაც ეს ყველაფერი გახარჯა და არც კი უფიქრია იმაზე, რომ საბავშვო ბაღებისთვის, სკოლებისა თუ გაჭირვებული ადამიანებისთვის თითო კანფეტი მაინც მიგვეწოდებინა საახალწლოდ. გარე განათების ფული აღარ არის. ავტომობილი ისეთი მომსპარია, მისით გადაადგილება შეუძლებელია. ამაზე ალბათ ხელისუფლებას მივმართავ და მიხედონ თავიანთ ასეთ წარმომადგენლებს ან ამ რაიონისთვის დამატებით გამოყონ თანხები, თორემ, ფაქტობრივად, ჩვენი საქმიანობის პარალიზება ხდება.

გოგი წულაია, "თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის ლიდერი:

- სამინისტროების ოპტიმიზაცია და ასე მთავრობების წევრების ცვლა უკვე მერამდენე ვნახეთ, მაგრამ დამისახელეთ რომელიმე, რომელმაც დადებითი შედეგი მოიტანა. ერთი-ერთში აკეთებენ ყველაფერს, რასაც "ნაციონალები" აკეთებდნენ. ახლა ყველა თავისი გუნდით მივა და რა თქმა უნდა, სამსახურს ბევრი ადამიანი დაკარგავს. ამ ქვეყანაში პარტიულობითა და მეგობრობის, ნათესავების თუ საყვარლების სამსახურებში მიყვანა უნდა დასრულდეს.

- განათლების მინისტრის პოსტიდან ალექსანდრე ჯეჯელავას გათავისუფლებაზე რა აზრის ხართ?

- დავიღუპეთ და ეგაა! ბავშვები ვაშლის გარეშე დაგვრჩნენ! ან მოყვანა რა იყო მისი, ან ეს ექსპერიმენტები? ზღაპრის გმირებთან ბრძოლა და ხმლების მტვრევა როგორ უნდა შევაფასო, არ ვიცი.

- ბატონო გოგი, თქვენი ქალაქის - ქუთაისის ახალ მერზე რას იტყვით?

- მე ჩემი აზრი და დამოკიდებულება მაქვს "ქართული ოცნებისადმი" და ეს ცნობილია - ძალიან უარყოფითი. მის რომელიმე კანდიდატზე საუბარი, რომელსაც ჯერ არაფერი გაუკეთებია, ნამდვილად არ მინდა.

თამთა დადეშელი