"ოპოზიციას შურდული მოუღერებია და მთავრობას ესვრის და ესვრის" - გზაპრესი

"ოპოზიციას შურდული მოუღერებია და მთავრობას ესვრის და ესვრის"

მისი აზრით, "ჩასაფრებულის" ამპლუაში ყოფნა მართებული არ არის და თუ ქვეყნისთვის საკეთილდღეო საქმის კეთება სურთ, საკუთარ გაბატონებაზე არ უნდა იფიქრონ.

- არ ვემხრობი იმ აზრს, რომ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა. ყველაფერმა ფერი იცვალა, მხოლოდ ერთი რამ არ მომწონს - მოვლენების ამგვარი დაუნახაობა და კრიჭაში ჩადგომა. როცა ადამიანი ახალ საქმეს იწყებს, პოლიტიკა იქნება ეს, თუ სხვა სფერო, დრო უნდა ჰქონდეს საიმისოდ, რომ ბევრი რამ ისეთნაირად წარმართოს, როგორც თვითონ უნდა და შინაგანი რესურსი, მეთოდი გამოიმუშაოს. ამ ყველაფერს დრო, დაღვინება სჭირდება და არა ყელში წვდომა... როგორ შეიძლება? როცა ამბობენ, - ხელისუფლებას შეცდომის უფლება არა აქვსო, რას ჰქვია, არა აქვს? უშეცდომო მხოლოდ ღმერთია, თორემ ნებისმიერ ცოცხალ ადამიანს, დიდ კომპოზიტორებსა და დიდ მწერლებსაც მოსდით შეცდომები, თავიანთ ნაწერებს ხევენ და ახლიდან წერენ, პოლიტიკოსები რა, გამონაკლისები არიან? თუ რამე ეშლებათ, იმიტომ კი არა, რომ ცუდები არიან, ეს ბუნებრივი პროცესია, რომელიც ნელ-ნელა გამოსწორდება. ხელმძღვანელობას, ჩვენს მთავრობას სჭირდება დრო, რომ განახორციელოს ის, რაზეც ის ოცნებობდა და შენ რომ ჩასაფრებიხარ, შურდული მოგიღერებია და გამეტებით ესვრი და ესვრი, ეს საქციელია? შენ რომ გუშინ რაღაცას აფუჭებდი და დღეს სხვას ადანაშაულებ იმაში, რაშიც შენ ხარ დამნაშავე, ჩემთვის ცოტა გაუგებარია. ყოფილ ხელისუფლებას ერთი რამ ავიწყდება: ცხოვრების ბორბალი უკან არ ტრიალებს, წინ მიდის და უკან რომ ვეღარ მობრუნდებიან, ეს ვერ გაუგიათ. დამთავრდა ერთი პერიოდი, იწყება მეორე. შენ თუ შენი ქვეყანა გიყვარს და არ ფიქრობ იმაზე, რომ გაბატონდე და თავიდან მოხვიდე, არამედ იმაზე ფიქრობ, რომ შენმა ხალხმა ნორმალურად იცხოვროს, სხვანაირად მოიქცევი და კრიჭაში არ ჩაუდგები!

- დღევანდელი ოპოზიცია არ მოგწონთ?

- ვერ ვიტყვი, რომ დღევანდელ ოპოზიციაში უნიათო ხალხია, არა. ნიჭიერი, ენერგიულები არიან, საქმეც გაუკეთებიათ, მაგრამ მათი მიმართულება არ მიმაჩნია პატრიოტულად. ნორმალურ ქვეყანაში ოპოზიცია იმისთვის არსებობს, რომ ცხოვრება უფრო კარგად წარიმართოს, უფრო კარგად იმუშაოს ხელისუფლებამ, და ოპოზიციამ მთავრობა კი არ უნდა გააშავოს, უნდა დაეხმაროს მას. ამის მაგიერ, ზიზღი და სიძულვილი მოდის მათი მხრიდან, გაბრაზებულები, ჩასაფრებულები არიან და კრიჭაში უდგანან, რაც არასწორია! თუ რამე შეგიძლია, ახლა უშველე შენს ქვეყანას შენი რჩევითა და მოქმედებით, კუთხეს კი არ უნდა მოეფარო და ელოდო, როდის წაიტეხს ფეხს რომელიმე მინისტრი, მერე რომ ქვა ესროლო. ჩემი აზრით, დღეს სათავეში ძალიან ზომიერი ადამიანები არიან, მათ საუბარსა და საქციელში რადიკალიზმს ვერ ვხედავ. ყველაზე ვერ ვიტყვი, ზოგს ცდუნებამ სძლია, მაგრამ ჩანს, რომ ამ გუნდს ეს ქვეყანა თავის საბალახოდ არ უნდა. ბიძინა ივანიშვილი რომ ავიღოთ, არ უყვარს, როცა მასზე ლაპარაკობენ, ეს ყველაფერში შეინიშნება, რადგან საქმის მკეთებელი კაცია. ამ კაცს ასე რომ წამოჰკრავენ ხოლმე ხელს და მასზე ისე ლაპარაკობენ, თითქოს მათი თანატოლი იყოს, შეიძლება? მიდით, აბა, იმის მეასიათასედი გააკეთეთ თქვენ-თქვენს საქმეებში, რასაც მან მიაღწია თავის სფეროში. ნეტავ კიდევ გვყავდეს ასეთი ერთი-ორი კაცი. თქვენ გააკეთეთ უფრო მეტი და მასზე მერე ილაპარაკეთ. როგორც კახელები იტყვიან ხოლმე, - მაგ კაცთან ცოტა "ხათრიჯანათ" უნდა იყვნენ. საქართველოს იმიტომ ეხმარებოდა, რომ ასე უნდოდა და არა - სხვა მიზნით.

- მთავრობის მომხრე ხართ, როგორც ვატყობ...

- ადამიანებს მთავრობამ ბედნიერება უნდა მოუტანოს, რომ ის არ იყოს მატერიალურად დათრგუნვილი, შეურაცხყოფილი და მიწაზე მღოღავი. საჭმელი უნდა ჰქონდეს და ქუჩაში ხელგაწვდილი არ იდგეს. ამ საუკუნეში ეს არ შეიძლება, მაგრამ დღეს ახალი მთავრობა მოვიდა და ხვალიდან ყველაფერი მოგვარდება. ისევ და ისევ, დროის ამბავია.

თამთა დადეშელი