"პიარის გროსმაისტერის" უკრაინული "მისტერია" - გზაპრესი

"პიარის გროსმაისტერის" უკრაინული "მისტერია"

საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის ირგვლივ მიმდინარე ამბები ბოლო დღეებში კვლავ საინტერესოდ ვითარდებოდა, მისი დაკავებიდან დაწყებული, "ღირსეული შიმშილობითა" და "ეროვნულ-განმათავისუფლებელი" ტალღით დასრულებული. ქართველი ექსპერტები, პოლიტოლოგები _ ვახტანგ ძაბირაძე და სოსო ცისკარიშვილი მიხეილ სააკაშვილის, უკრაინაში მიმდინარე ცხელი მოვლენების, "უხილავი დრამატურგის" მიერ დაწერილი სცენარისა და მისი შესაძლო განვითარების სხვადასხვა ვარიანტზე გვესაუბრებიან.

ვახტანგ ძაბირაძე:

_ უკრაინული სასამართლოს ვერდიქტის შეფასებას მარტივი მიზეზის გამო ვერ შევძლებ _ არც ის ვიცი, ზუსტად რა ბრალდება ჰქონდა წაყენებული მიხეილ სააკაშვილს, არც არგუმენტები და რაც მთავარია, რას ითვალისწინებს უკრაინის კანონმდებლობა, მაგრამ რადგან მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება მიიღო, ალბათ ამის უფლება ჰქონდა და სიმართლე გითხრათ, სხვა რამეს არც ველოდი, რადგან ძალიან საინტერესოდ წარიმართა პროცესი: სააკაშვილი პარასკევს დააპატიმრეს და სასამართლო პროცესი 72 საათის განმავლობაში უნდა შემდგარიყო ანუ ორშაბათს უწევდა. თუ გარკვეულ მომენტებს გავითვალისწინებთ, საინტერესოა, რომ კვირას მიტინგი იყო დაგეგმილი და ცხადია, მის დაპატიმრებას გარკვეული რეაქცია მოჰყვებოდა და ისინიც კი, ვინც პოროშენკოს წინააღმდეგი იყო, მაგრამ მიტინგზე მისვლას არ აპირებდა, ამ ფაქტის შემდეგ, მათი უმრავლესობა იქ აუცილებლად მივიდოდა. 30-წლიანი ქუჩის მიტინგების გამოცდილებიდან შეიძლება ვთქვათ, რომ როგორც წესი, აუცილებლად დადგებოდა სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი და მოთხოვნა, აუცილებლად იქნებოდა ღამისთევა. გაათავისუფლებდნენ თუ შინა პატიმრობას მიუსჯიდნენ, სააკაშვილი ამას მაინც დაარღვევდა და მიტინგზე წავიდოდა. მთელი ამ პროცესის ანატომია ის იყო, რომ სააკაშვილი წარმოჩენილიყო, როგორც უკრაინული ოპოზიციის ჩამოყალიბებული ლიდერი. ამიტომაც აიყვანეს პარასკევს, შაბათ-კვირას პროცესი არ გაიმართებოდა და მოხდა ის, რაც მოხდა. გამოვიდა სააკაშვილი და შეხვდნენ დიდი აჟიოტაჟით. საინტერესო მომენტია, წმინდა სოლიდარობის თვალსაზრისით პროცესს რომ უკრაინის ოპოზიციური ელიტა დაესწრო. ოპოზიციის გაერთიანებას ცდილობენ. პროკურატურა გაასაჩივრებს, მაგრამ მოსამართლე გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მიიღებს, თუ რამდენად მაღალი იქნება ტემპერატურა, საპროტესტო ტალღა. აქედან უკრაინულ განწყობებს ვერ შევაფასებ, რადგან შიდა სიტუაციას არ ვიცნობ. სამართლებრივ მხარეზე მეტად კი, აქ პოლიტიკური პროცესია საინტერესო.

_ როგორ ფიქრობთ, ვის სჭირდება ის ყველაფერი, რაც დღეს უკრაინაში ხდება? ვისი დაწერილია სცენარი?

_ სცენარები იწერება მაშინ, როდესაც საზოგადოებაში შესაბამისი განწყობაა. მაგალითად, საქართველოში, სააკაშვილი ბორკილდადებული რომ გამოიყვანონ, თუ ხელისუფლება სისულელეებს არ გააკეთებს, ამას დიდი აჟიოტაჟი არ მოჰყვება, მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" გამოსვლას თუ არ ჩავთვლით და ისიც, აქამდე არსებულ ფარგლებს არ გასცდება. სააკაშვილის უკრაინული ოდისეა ქართველ საზოგადოებაზე ისე არ იმოქმედებს, როგორც უკრაინაში. როგორც ვატყობთ, უკრაინაში პოროშენკოს უკვე ძალიან გაუჭირდება ხელისუფლების შენარჩუნება, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს 2003 წლისა და 2007 წლის პროცესებს ჩვენთან. ანალოგიური პროტესტი იყო, მაგრამ რაც გააკეთეს, შერჩათ. თუმცა, 2012 წელს ძალაუფლება დაკარგეს. არ ვიცი, უკრაინაში რა მდგომარეობაა, თუ ისეთი მდგომარეობაა, როგორიც 2003-ში ჩვენთან იყო, მაშინ ამ საკითხით დაინტერესებული იქნება როგორც დასავლეთი, ასევე რუსეთი და ბუნებრივია, ორივე მხარე ჩაერევა ამ პროცესში თავისი ხილული თუ უხილავი მექანიზმებით. ამიტომ, ეს საკმაოდ საფრთხილოა უპირველეს ყოვლისა, დასავლეთის მხრიდან, რადგან კიდევ ერთ მაიდანს გაუძლებს კი უკრაინა? ესაა საკითხავი. უკრაინა ევროპის ცენტრია და იქ დაძაბულობის შექმნა რაღაც დონემდე შეიძლება ყველას აძლევდეს ხელს, მაგრამ იმ ნაბიჯის მიღმა პროცესები შესაძლოა უმართავი გახდეს როგორც დასავლეთის, ისე რუსეთის მხრიდან. არავინ იცის, რა მოხდება. შესაძლოა ორივე მხარე ხვდება, რომ პოროშენკოს პრეზიდენტად დატოვება უკვე შეუძლებელია. ჩემი აზრით, ესაა მთელი ანატომია.

_ ამ ფონზე, შესაძლებელია, რომ სააკაშვილი მერე უკვე უფრო მაღალ რანგში, რომელიმე წამყვან თანამდებობაზეც კი ვიხილოთ უკრაინაში?

_ არის ასეთი მარტივი სცენარი, პრეზიდენტად ის ვერ იქნება, მაგრამ მას აღუდგენენ მოქალაქეობას და პრემიერ-მინისტრად შეიძლება ვიხილოთ. საკონსტიტუციო უმრავლესობა და უკრაინა მშვენივრად გადაკეთდება საპარლამენტო რესპუბლიკად, როგორც ეს 2010 წელს მოხდა და ამ წლის ქართული კონსტიტუცია იქნება 2018 წლის უკრაინის კონსტიტუცია, რაც იმას ნიშნავს, რომ პრემიერს განუსაზღვრელი ძალაუფლება ექნება და მერე პრეზიდენტი ვინ იქნება, ამას მნიშვნელობა არა აქვს. ეს სცენარი შეიძლება განვითარდეს.

სოსო ცისკარიშვილი:

_ არასტანდარტული აზროვნებისა და ქმედების გახლავთ ჩვენი მესამე პრეზიდენტი და როგორც იტყვიან, ის იგივეა მარად და მარად. შეიძლება, ჩე გევარას შევადაროთ, რომელიც სამხრეთ ამერიკაში ხან ერთ ქვეყანაში ცვლიდა ხელისუფლებას, ხან _ მეორეში. ოღონდ თავად არ ჰქონდა რამის პრეტენზია. კიდევ ერთი, ლიტერატურული პერსონაჟი შეიძლება გავიხსენოთ _ კარლსონი, სახურავის ბინადარი და აი, კარლსონ მეორის იარლიყს კი არა მგონია, სააკაშვილი შეეჩვიოს, მისი ხასიათიდან გამომდინარე. სასამართლოს დარბაზში სრულიად თავდაჯერებული და პერსპექტივაზე ორიენტირებული სააკაშვილი, რასაკვირველია, კიდევ მეტ თავის ტკივილს უჩენს უკრაინის პრეზიდენტს. ასე თუ ისე, ეს საკითხი უნდა დასრულდეს, სიმშვიდე უფრო მყარი რომ იყოს უკრაინაში. უკრაინის ხელისუფლებასაც და მოსახლეობასაც იმის უფრო ეშინია, რომ აშშ-მა ხელი არ აიღოს მათ დახმარებაზე, მათ შორის, იარაღის გადაცემაზე. სააკაშვილის ერთ-ერთი გამოსვლის შემდეგ, კიევში ყველაზე მკაცრი განცხადება გაისმა აშშ-ის მხრიდან, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინაში ასეთ ვითარებაში, იარაღის გადაცემაზე აღარ ვისაუბრებთო. ეს სცენარი ვის ინტერესებშია, ჩვენი მკითხველი ალბათ თავად მიხვდება. ჯერჯერობით კიდევ გრძელდება ურთიერთბრალდებები პოროშენკოსა და ჩვენს ყოფილ პრეზიდენტს შორის. ფაქტია, რომ ის, რასაც ჩვენ ვაკვირდებოდით უკანასკნელი კვირის განმავლობაში, კარგად ორგანიზებულია. სააკაშვილს, როგორც უნიკალურ პოლიტიკოსს, ამით უფრო მოემატებოდა თაყვანისმცემლები, ვიდრე დააკლდებოდა.

_ რა თამაშს თამაშობს სააკაშვილი? რატომაა ასე აქტიურად ჩაბმული ამ ამბებში?

_ კარგად მახსოვს ის პერიოდი, როცა სააკაშვილს საქართველოს ტერიტორიების დაკარგვა ჰბრალდებოდა, რუსეთის სასარგებლოდ. ახლა, როდესაც ის და უკრაინის პრეზიდენტი ერთმანეთს აბრალებენ კრემლთან თანამშრომლობას და მათი ინტერესების დაცვას, ჭეშმარიტება სადღაც შუაშია, და ამ ორი ადამიანიდან, გარკვეული დროის მერე, ერთ-ერთი მართალი აღმოჩნდება. ვნახოთ, დაველოდოთ.

ვიფიქროთ იმაზე, როგორ ჩავანელოთ დავიდარაბა უკრაინაში და ვეცადოთ, ეს წარსულს ჩაჰბარდეს.

_ რა სახის საფრთხე შეიძლება იყოს მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობისთვის?

_ ბრალდების წამოყენება მის წინააღმდეგ ჩვენს ქვეყანაში ბევრს შეუძლია, მაგრამ ღიმილის მომგვრელია, როცა წერია, რომ საზღვარგარეთიდან მასაჟისტი ჩამოიყვანა ან ბებიამისს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, 15 წლის მანქანა ჰქონდაო. მაშინ, როცა მისი თანამდებობის მქონე პირთა დაკავებისას, სასამართლოსთვის უტყუარი ბრალდებები უნდა იყოს წინასწარ მიწოდებული. ასეთი მუშაობა არ მიდის და ვნახოთ.

_ როგორ შეაფასებთ ჩვენი ექსპრეზიდენტის განცხადებებს, ქმედებებს, პოპულისტურია?

_ რასაკვირველია. ეს არის ძალიან ნიჭიერი პიარისტი, საზოგადოებასთან ურთიერთობების გროსმაისტერი. "ვარდების რევოლუციის" წინა დღეები მახსენდება, როდესაც ტრიბუნიდან მოგვმართავდა...

_ თქვენი აზრით, ხალხი გულწრფელად ემხრობა და სჯერათ მისი? თუ უბრალოდ სჭირდებოდათ ლიდერი, რომელიც მათთვის არასასურველი ხელისუფლების მოცილებაში დაეხმარება?

_ თავგანწირვა ჩვენი მიხეილის დამახასიათებელი არ არის. ყოველ შემთხვევაში, საქართველოში ცხოვრებისას, ის რაიმე გულადობის ემბლემად არ გამოგვადგებოდა, მით უმეტეს, რუსეთის თავდასხმის პერიოდში. ახლა დასაკარგავი არაფერი აქვს, ხალხზე ოპელირება მისი დიდი ხნის წინ შესრულებული ნაწარმოებია და დაკავებულ პირობებშიც კი ამბობდა _ ჩვენ აქ მალე ისეთ რამეს მოვაწყობთ, "ვარდების რევოლუცია" დაგავიწყდებათო... საინტერესო იყო, რომ უკრაინის პრეზიდენტი რამდენიმე დღის წინ ლიტვას ესტუმრა, მის პრეზიდენტს, ქალბატონს, რომელიც აქტიური მხარდამჭერი იყო სააკაშვილისა და რა შედეგით დამთავრდა ეს, ღიად არ გაცხადებულა, მაგრამ ფაქტია, ლიტვის პრეზიდენტმა განაცხადა _ ეს უკრაინის შიდა სახელმწიფოებრივი საკითხიაო. ამით ყველაფერი ნათქვამია. მოკლედ, ევროპელებს საკუთარი საზრუნავიც ბევრი აქვთ.

თამთა დადეშელი