ქართული პოლიტიკის "რუხი კარდინალები" - გზაპრესი

ქართული პოლიტიკის "რუხი კარდინალები"

"რუხი კარდინალობის" თემა ჩვენს ქვეყანაში პერიოდულად საკმაოდ პოპულარული ხდებოდა და ამ "თანამდებობას" ხან ვის მიაწერდნენ, ხანაც - ვის. ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობის" ყოფნის დროს, ჩრდილსა თუ სააშკარაოზე მყოფი გავლენიანი მმართველების ჩამონათვალი უფრო მსუყე და მრავალფეროვანი იყო, დღეს კი მხოლოდ ერთი ფრაზა გვესმის - "ბიძინა ივანიშვილის მთავრობა". შესაბამისად, მას მთლად რუხობასაც ვერ მივაწერთ, თუმცა, ვერც იმას ვიტყვით გადაჭრით, რომ ყველა სახელმწიფოებრივი საკითხი მასთან წყდება. მისი გაპრემიერებისას "რუხ კარდინალს" ექსპერტ გია ხუხაშვილს უწოდებდნენ; დღეს თუ შეგვიძლია დავასახელოთ რომელიმე სხვა არაფორმალური მმართველი, გარდა ივანიშვილისა და რას ფიქრობენ ამაზე საზოგადოების წარმომადგენლები? მათ ამ თემაზე შეკითხვები ნახევრად ხუმრობით დავუსვით და "რუხი კარდინალობის" ფენომენის შესახებ აზრი თავად გია ხუხაშვილსაც ვკითხეთ.

თამარ ჩერგოლეიშვილი:

- "რუხ კარდინალობას" ლევან რამიშვილს ვერანაირად ჩამოვართმევ (იცინის). ასე რომ, შეგიძლიათ, ისევ ის მოიაზროთ (იცინის).

- ადრე, თქვენს მეუღლე გიგა ბოკერიასაც ერთ-ერთ არაფორმალურ მმართველად მოიაზრებდა ზოგი.

- გიგა რანაირი "რუხი კარდინალი" იქნებოდა, თანამდებობაზე იყო. ასეთი მხოლოდ ლევან რამიშვილი იყო, შეთქმულების თეორიის მიხედვით და დაე, მანვე შეინარჩუნოს ეს ტიტული (იცინის).

- დღეს ვინ არის?

- ეს მთავრობა, იმის გათვალისწინებით, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობაა და აქ არანაირი რუხობა არ არსებობს, ისევ ლევან რამიშვილს მივაკუთვნებ მაგ პოსტს (იცინის). ნახევრად ხუმრობით, რა თქმა უნდა. ბიძინა ივანიშვილი რამ გაარუხა, ისედაც ვხედავთ, რაც კეთდება მის შეძახილზე - ერთს იტყვის და ხეებს რგავენ მისი სურვილის მიხედვით, მთელი სახელმწიფო უწყებები. "რუხი" კი არ უნდა ჩანდეს, უხილავი უნდა იყოს. ბიძინა ივანიშვილს ძალიან უნდა, რუხი იყოს, მაგრამ არ გამოსდის (იცინის).

- თქვენი აზრით, თვითონ ბიძინა ივანიშვილის უკან ვინ დგას? მაგალითად, მიხეილ სააკაშვილზე ამბობდნენ, რომ აშშ უმაგრებდა ზურგს.

- ბიძინა ივანიშვილის უკან მის მეუღლეს მოვიაზრებ, რადგან ყველა წარმატებული კაცის უკან წარმატებული ქალი დგას. რაც შეეხება ქვეყანას, ვერაფერს გეტყვით.

იური მეჩითოვი:

- ის, რასაც ჩვენ პოლიტიკას ვუწოდებთ, ფაქტობრივად, არ არსებობს. შეზღუდული ქვეყანა ვართ დამოუკიდებლობის ხარისხში. საგარეო პოლიტიკა ჩვენთან არ არის, რაც შეეხება შიდაპოლიტიკას, აქ რაღაც ძალები ცალ-ცალკე მოქმედებენ: პრეზიდენტი ცალკეა, ბიძინა ჩრდილშია, უცნაური მოძრაობაა და "რუხი კარდინალი" და ქვეყნის ნორმალურად წარმმართველი რომ გვყავდეს, გამიხარდებოდა (იცინის). ხელისუფლების უუნარო შტოებია, რომელთაგან დამოუკიდებელი არც ერთი არ არის. მოკლედ, ჯერ ვერ ჩამოყალიბდა ის სახელმწიფო, რომელსაც ვნატრობდით. "რუხ კარდინალში", როგორც წესი, ბიძინა ივანიშვილს მოიაზრებენ, მაგრამ არა მგონია, ჩვენს პოლიტიკაზე მას დიდი გავლენა ჰქონდეს, შეზღუდულია, და სწორედ ამიტომ წავიდა ის პოლიტიკიდან. მოკლედ რომ ვთქვათ, ქვეყანა მიგდებულია და არეულია მონასტერი.

- როგორ ფიქრობთ, კახი კალაძე დამოუკიდებელი და თავისუფალია არაფორმალური მმართველებისგან?

- ვისურვებდი, ქვეყანას მისნაირი მმართველი ჰყავდეს, ჩემთვის ის დამოუკიდებელ და თავისუფალ პერსონას წარმოადგენს, ჩარჩოებში არ ზის. შესაძლოა, პრემიერ- მინისტრის პოსტისთვის თავი კარგად გაერთმია, მეტი უფლება ექნებოდა, თუმცა, არც მერის პოსტია უმნიშვნელო, რადგან ნახევარ საქართველოზე მეტი ადამიანია თბილისში. თანაც, ეს შეიძლება იყოს საფეხური, მომავალი წინსვლისთვის. საპრეზიდენტო პოსტი ალბათ მისთვის ცოტაა, რადგან პრეზიდენტს შეზღუდული უფლებები აქვს და დეკორატიული პოსტია, რისთვისაც კახი კალაძეს ვერ გავიმეტებდი.

ირაკლი ჩოლოყაშვილი:

- რამე უფრო სერიოზული მკითხეთ (იცინის). მგონი დღეს ჩვენს ქვეყანაში პატარა ბავშვმაც კი იცის, ვინ მართავს ამ ხელისუფლებას და ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი მას დაასახელებს, "ქართული ოცნების" წევრების გარდა. იცით, ვისაც ვგულისხმობ.

- როდესაც ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი იყო, "რუხ კარდინალად" მაგალითად, გია ხუხაშვილს ასახელებდნენ.

- მაშინ სხვა ვითარება იყო, ბატონ გიას კარგად არ ვიცნობ, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან, ივანიშვილისგან წამოსვლის შემდეგ ის უფრო გულწრფელი ჩანს. ამიტომ, ვერაფერს გეტყვით.

გია ხუხაშვილი:

- საერთოდ, ქართული პოლიტიკა მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა, ხელისუფლებაში ლიდერების გენერირება არ მომხდარა. შესაბამისად, გადაწყვეტილებების მიღების ფორმები და ალგორითმი საერთოდ გაუგებარია. აქედან გამომდინარე, ვერ ვისაუბრებთ იმაზე, რომ ვიღაცას მეტი წონა აქვს და ვიღაცას - ნაკლები. შეიძლება ითქვას, რომ მთელი ხელისუფლება დღემდე პარაზიტირებს ბიძინა ივანიშვილის რესურსებზე, მის ავტორიტეტზე, მიუხედავად იმისა, ერევა თუ არა ის პოლიტიკაში. "რუხი კარდინალი" ხომ კიდევ სხვა რამაა. მთელი საზოგადოება შეთანხმებულია, რომ ივანიშვილი ერთადერთი ძალის ცენტრია და არა - კულისური მართვის. ეს სრულიად აშკარაა, რუხობაზე ლაპარაკი შეუძლებელია. სხვებს გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლიათ. ხელისუფლებაში ვერ ვხედავ ისეთ გავლენიან ფიგურებს, რომლებზეც შეიძლება მეტ-ნაკლებად სერიოზულად ვილაპარაკოთ.

- რეალურად, რამდენად ერევა ის დღემდე სახელმწიფო საქმეებში?

- ბიძინა ივანიშვილს შესაძლოა, ძალიანაც უნდა, რომ გაერიდოს პროცესებს, მაგრამ ესენი კართან უდგანან... სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება გარკვეულ პასუხისმგებლობას უკავშირდება და გამომდინარე იქიდან, რომ ამ ადამიანებს რაიმეზე პასუხისმგებლობის აღება არ უნდათ, მათთვის ივანიშვილის მხრიდან ნებაყოფლობით გადაცემულ ძალაუფლებას ისევ უკან უგდებენ და მასვე სთხოვენ სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებას. ყველაფერში ჩარევა ტექნიკურად შეუძლებელია, მაგრამ სახელმწიფო განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხებში შესაძლებელია. როცა ეს ხელისუფლება შეიცვლება, ყველაფერს ბიძინა ივანიშვილს დააბრალებენ, პრემიერიდან დაწყებული, უკანასკნელი ჩინოვნიკით დამთავრებული - ჩვენ რა ვქნათ, წესიერი ხალხი ვართ, გვავალებდნენო.

- როგორ ფიქრობთ, კალაძე მიიღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს?

- თუ "ქართულ ოცნებაში" ვინმეს მოქმედების დიაპაზონზე შეგვიძლია ვისაუბროთ, კახი კალაძეა. თუმცა, არ მაქვს იმის ილუზია, რომ ის სერიოზულ გადაწყვეტილებებს იღებს. ყველაფერს დროთა განმავლობაში ვნახავთ. თუმცა, არა მგონია, რომ თბილისის მასშტაბით, ვინმე მის საქმიანობაში ერეოდეს. სხვა საკითხია, რამდენად შეძლებს ის საჭირო გადაწყვეტილებების მიღებას. სწორ განცხადებებს აკეთებს, თუმცა, რეალურად ქმედებაში ჯერ არაფერი გვინახავს, ჯერ არც ერთი პრობლემა არ მოგვარებულა. რატომღაც მეჩვენება, რომ ქმედებების მხრივ მას პრობლემები აქვს.

- ზოგიერთი პროექტი თბილისის მოსახლეობისთვის მიუღებელია, თუმცა, ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებშია. თქვენი აზრით, შეძლებს კალაძე მისი ნების უგულებელყოფას და ხალხის პოზიციის გათვალისწინებას?

- დღეის მდგომარეობით, არა მგონია, რომ კახი კალაძე მზად იყოს ივანიშვილთან დასაპირისპირებლად. ამ ეტაპზე მსგავს რამეს ვერ ვხედავ.

- თქვენი აზრით, "ნაციონალების" დროს ვინ იყო გავლენიანი, არაფორმალური მმართველი?

- მიხეილ სააკაშვილი იმდენად ავტორიტარული მიდრეკილებების ლიდერი გახლდათ, რომ მის კარზე კარდინალობა ძალიან რთული იყო, ის ერთპიროვნულად იღებდა გადაწყვეტილებებს. თუმცა, იდეოლოგიის მიმართულებით, "თავისუფალი ინსტიტუტის" ჯგუფის წარმომადგენლებს - გიგა ბოკერიას, ლევან რამიშვილს, ადეიშვილს, ასევე, მერაბიშვილს გავლენა ჰქონდათ. კონკრეტულად ვინმეს გამოყოფა გამიჭირდება.

- დაბოლოს, ნახევრად ხუმრობით გკითხავთ: როდესაც ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი იყო, იმ პერიოდში თქვენ მოიაზრებოდით "ქართული ოცნების" "რუხ კარდინალად". თქვენ თუ მიიჩნევდით მაშინ თავს "რუხ კარდინალად"?

- ჩემს შემთხვევაშიც, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან გადაჭარბებული იყო ეს შეფასება. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ გავლენა არ მქონდა გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე. მქონდა, მაგრამ პარადოქსია და მე არასდროს ვიყავი კულისებში მოთამაშე. აბსოლუტურად ღია და გახსნილი ვიყავი და ზუსტად ამის გამო ითხზვებოდა "რუხი კარდინალობის" ლეგენდა. თუმცა, მე ამის ახსნასაც ვპოულობ და არ მიკვირს, საზოგადოება თუ ასე ფიქრობდა. მიზეზი ძალიან მარტივი იყო - არანაირი სტატუსი არ მქონდა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე კი სერიოზულ გავლენას ვახდენდი. ჩემი გავლენა სტატუსთან შეუსაბამო იყო და ბუნებრივია, ეს გარკვეულ საფუძველს იძლეოდა, რომ ასე აღქმულიყო ჩემი მაშინდელი მდგომარეობა. თუმცა, ობიექტურად თუ ვიტყვით, "რუხ კარდინალამდე" ძალიან ბევრი მაკლდა.

თამთა დადეშელი