ვინ არიან და რას მოღვაწეობენ დღეს ერთ დროს ქართული პოლიტიკის გავლენიანი ქალბატონები?! - გზაპრესი

ვინ არიან და რას მოღვაწეობენ დღეს ერთ დროს ქართული პოლიტიკის გავლენიანი ქალბატონები?!

წარმოგიდგენთ ქალებს, რომელთაც დიდი გავლენა ჰქონდათ ქართულ პოლიტიკაში, ახლა კი ნაკლებად ან საერთოდ არ ჩანან.

ნინო ბურჯანაძე

პარლამენტის სამგზის თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი და აქტიური ქალი პოლიტიკოსი, რომელიც ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა გახლდათ ქართულ პოლიტიკაში. როგორც ამბობენ, მან სერიოზული პოლიტიკური ნახტომის შანსი 2007 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ გაუშვა, როდესაც რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება დადგა დღის წესრიგში და მას მოუწია პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება. ექსპერტთა ნაწილი დღემდე მიიჩნევს, რომ მას ოპოზიციისთვის მხარდაჭერით საკუთარი პოლიტიკური წარმატების უზრუნველყოფაც შეეძლო, თუმცა მან ისევ მიხეილ სააკაშვილის გუნდში დარჩენა არჩია. თუმცა გუნდში ეს არ დაუფასეს და კონფლიქტის შედეგად, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ის მმართველი გუნდიდან წავიდა. ნინო ბურჯანაძე პოლიტიკურ საქმიანობას დღესაც აგრძელებს, ის ოპოზიციური პარტიის "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერია. მას დღევანდელი მდგომარეობით პრორუს პოლიტიკოსად მიიჩნევენ. ნინო ბურჯანაძემ ძალები 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც მოსინჯა, თუმცა ამაოდ... არსებული ინფორმაციით, ის შემოდგომაზე გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასაც გეგმავს.

ირინა სარიშვილი

პოლიტიკურ პროცესებში ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობის დროს გამოჩნდა. ის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. დამოუკიდებლობის გამოცხადების და ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ, სარიშვილი პარლამენტარი ხდება, 1993 წელს კი ვიცე-პრემიერის პოსტს რამდენიმე თვით იკავებს. 1994 წელს ტერორისტთა სამიზნე ხდებიან ის და მისი მეუღლე - პოლიტიკოსი გია ჭანტურია, რომელიც თავდასხმისას მოკლეს, მძიმედ იყო დაჭრილი ირინა სარიშვილიც. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ თავად გახდა პარტიის ლიდერი. 2003 წლის არჩევნებში ის შევარდნაძის მოკავშირე გახდა, თუმცა "ვარდების რევოლუციის" შემდეგ თანაპარტიელებმა პარტიის თავმჯდომარეობა ჩამოართვეს.

დღესდღეობით ის პოლიტიკურ ასპარეზზე აღარ ჩანს. ირინა სარიშვილი 6 შვილს ზრდის.

ელენე თევდორაძე

"ნაციონალური მოძრაობის" აქტიური წევრი და რამდენიმე მოწვევის პარლამენტარი ელენე თევდორაძე წლების განმავლობაში შეწყალების კომისიის თავმჯდომარე გახლდათ. ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი სახე ახლა პენსიაზეა გასული.

მაია ნადირაძე

მაია ნადირაძე თავდაპირველად "ტრადიციონალისტთა კავშირის" წევრი გახლდათ, ნინო ბურჯანაძესთანაც მეგობრობდა, თუმცა "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრი გახდა. ის მე-6 მოწვევის პარლამენტში უმრავლესობის ლიდერი გახლდათ და როგორც ამბობდა, საკმაო გავლენაც ჰქონდა. სკანდალური გამონათქვამების გამო, 2006 წელს ნადირაძემ პოლიტიკურ კულისებში გადაინაცვლა, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებთან ერთად, საჯარო სივრცეში 2012 წელს ისევ გამოჩნდა - სპორტის სასახლეში შეკრებილ ყოფილ თანაპარტიელებს შეუერთდა. პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ნადირაძე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში მუშაობდა და სოლიდური ანაზღაურებაც ჰქონდა. როგორც 2014 წლის დეკლარაციაში აქვს მითითებული, 2013 წელს ხელფასის სახით 287. 110 ლარი მიიღო. ექვსი წლის განმავლობაში კი ამ საქმიანობამ მილიონ–ნახევრამდე ლარის შემოსავალი მოუტანა. მას კომისიის წევრობის ვადა 2015 წელს ამოეწურა. გაგრძელება