დათვის მჭამელი გუბერნატორი და მმართველი გუნდის მიერ გამართული საპროტესტო აქცია - გზაპრესი

დათვის მჭამელი გუბერნატორი და მმართველი გუნდის მიერ გამართული საპროტესტო აქცია

შუა ქართლიდან, სეპარატისტების მიერ გატაცებული და მოკლული არჩილ ტატუნაშვილი; სპეცოპერაციის დროს დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის განცხადება და თეა წულუკიანის სავარაუდო გაპრეზიდენტება ის თემებია, რომლებიც, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში განსაკუთრებულად აქტუალური იყო.

ია შარიქაძე, ბროკერი:

- 50 წლის ვარ, იმდენმა ამბავმა ჩაიარა ჩემ თვალწინ, ომიდან დაწყებული საპროტესტო აქციებით დამთავრებული, კიდევ თუ რამე გამიკვირდებოდა, არ მეგონა. ბორჯომში "ქართული ოცნების" საპროტესტო აქციამ გამაოგნა. ქვეყანაში მმართველი გუნდი აქციას აწყობდა მოთხოვნით, - ხელფასები მოგვიმატეთო. საკრებულოს წევრი რომ ხარ, მმართველ გუნდს წარმოადგენ და შენს ქვეყანაში პენსია 180 ლარია, შენ კი ისედაც გვარიან ხელფასზე კიდევ 450 ლარის მომატებას ითხოვ, არ გრცხვენია? ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც ტატუნაშვილის გამწარებული მშობლები შვილის ცხედარს იხვეწებიან და სამართალდამცავების მიერ მოკლული მაჩალიკაშვილის მამა სამართალს ითხოვს. ეს "ხეგლეჯია ნერონი" კი ზის არხეინად და სეირს უყურებს.

- "ხეგლეჯია ნერონი" ვინ არის?

- ბიძინა ივანიშვილი.

- შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ოფიციალური ფიგურა არ გახლავთ.

- არაოფიციალურ იმპერატორს ხომ წარმოადგენს?

დავით ქირია, იურისტი:

- ჩვენი პრობლემა შესაძლოა ისიც არის, რომ გამწარებული ხალხი ყველა პრობლემას ბიძინა ივანიშვილს აბრალებს. მოდი, დავანებოთ თავი იმ კაცს, მან დაასრულა სააკაშვილის დიქტატურა და ქვეყანას შავი ჭირი მოაშორა. მეტს ნუღარ მოვთხოვთ, თავად მივხედოთ ქვეყანას. შენ მშენებელი რომ ხარ, კარგად შეასრულე შენი საქმე, ბოლო ჭანჭიკი კარგად მოუჭირე, რომ ერთ დღეს შენი ნაშენები ვიღაცას თავში არ დაეცეს. ექიმი რომ ხარ, დაიცავი ჰიპოკრატეს ფიცი, საკრებულოს წევრი რომ ხარ, არეული სახით, დორბლმორეული საკუთარი ხელფასის გაორმაგებას კი ნუ მოითხოვ, ქალაქის პრობლემების მოგვარებაზე იფიქრე... რომელი ერთი ჩამოგითვალოთ? ვინ ასრულებს დღეს ქვეყანაში თავის საქმეს ისე, როგორც წესია? რაღა ამ ივანიშვილს მიადექით? ახლა ტატუნაშვილის გამო ატყდა ერთი ამბავი. ისე არ გამიგოთ, რომ თითქოს ტრაგედია გულთან ახლოს არ მივიტანე. მართლა ძალიან შემეცოდა ის ახალგაზრდაც და მისი მშობლებიც, მაგრამ რა ქნას ხელისუფლებამ? შევარდეს ტანკებით მოსკოვში, წამოიღოს გარდაცვლილის ნეშტი, მერე ცხინვალში შევარდეს და მკვლელები დასაჯოს?

- ანუ, ფიქრობთ, რომ დიპლომატიურ სამსახურს მეტი აქტიურობა არ ევალებოდა?

- იაქტიურე რამდენიც გინდა, საქმე საერთაშორისო ხულიგანთან გვაქვს. რუსეთთან (აბა, ოსები სათვალავში ჩასაგდებიც არ არიან) საქართველოს დიპლომატიური სამსახური კი არა, ამერიკის დიპლომატია ვერაფერს გახდა.

მეგი ცარციძე, მეწარმე:

- რასაც ვაკვირდები, ქვეყანაში კარგი არაფერი ხდება, მმართველი გუნდის წარმომადგენლები საკუთარი ხელფასების მომატებით არიან დაკავებულნი, ბიძინა ივანიშვილი ისევ ხეებს დაათრევს, ვიღაცა დედაქალაქში ერთიმეორეს მიყოლებით ხანძრებს აჩენს... ამ დროს, სეპარატისტები ჩვენს ბიჭებს თვალწინ გვიხოცავენ და ცხედარსაც არ გვიბრუნებენ უკან, სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის ბიჭის მამას, შვილის ბრალეულობას ვერ უმტკიცებენ... ახლა კიდევ ახალი სიურპრიზი შევიტყვე, თურმე, საპრეზიდენტო არჩევნებში "ქართული ოცნება" თეა წულუკიანს წარადგენს. ესღა გვაკლდა სრული ბედნიერებისთვის.

GzaPress- თეა წულუკიანს რას ერჩით?

- ეგ რა საპრეზიდენტოა?

- თქვენი აზრით, პრეზიდენტი როგორი უნდა იყოს?

- წარმოსადეგი, განათლებული, სამართლიანი და პოლიტიკურ მოვლენებში კარგად გარკვეული.

ზაზა მარსაგიშვილი, სამხედრო მფრინავი:

- ხალხი იმით არის აღშფოთებული, რომ ბორჯომის საკრებულოს წევრებმა ხელფასების მომატება მოინდომეს. თქვენ იცით, რა ხდება თერჯოლაში, ხაშურსა და მარნეულში?

- რას გულისხმობთ?

- იმას, რომ მარნეულის მერიაში ბატუტის ხტომის ხუთი და აიკიდოს რვა მწვრთნელი ჰყავთ დაქირავებული, ხაშურის საკრებულოს მეტროპოლიტენის ხარჯი აქვს ბიუჯეტში გაწერილი, შიდა ქართლის გუბერნატორს სამი პიარმენეჯერი ემსახურება, ხარაგაულის მერიას კი 800 თანამშრომელი.

დავით ზურაბიშვილი, პოლიტიკოსი:

- "ნაცები" თამარა ჩერგოლეიშვილს "ქოცს" ეძახიან, "ქოცები" ნინო ჯანგირაშვილს "ნაცს", შსს-ს აქცია "არა ჩადებას" უერთდება, ხაშურისა და ხულოს საკრებულოებს მეტროპოლიტენის ხარჯები შეაქვთ ბიუჯეტში, ახალციხის გუბერნატორი დათვს უპირებდა შეჭმას, ბორჯომში კი "ქართული ოცნება" ოპოზიციას უწყობს აქციას ხელფასების მომატების მოთხოვნით და ეს ყველაფერი მართლა ხდება.

სანდრო ბრეგაძე, "ქართული მარშის" წარმომადგენელი:

GzaPress- ყველაზე ცუდი და აღმაშფოთებელი, რაც ბოლო დღეების განმავლობაში მოხდა, იყო ის, რომ არჩილ ტატუნაშვილი სეპარატისტებმა მოგვიკლეს, საკრებულოს წარმომადგენლები კი ამ დროს ხელფასების გაორმაგებას ითხოვდნენ. თქვენ წარმოიდგინეთ, არ შერცხვათ, რომ მიტინგი ჩაატარეს. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ქართველი საზოგადოება ავადაა. ტატუნაშვილი მხოლოდ მის ოჯახის წევრებს კი არ მოუკლეს, ამ ვანდალური ფაქტით, ოსმა სეპარატისტებმა მთელ საქართველოს შეულახეს თავმოყვარეობა. დიპლომატიური სამსახური ხომ საერთოდ უუნარო აღმოჩნდა. ნორმალურ ქვეყანაში ჯაველიძეს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვინ ჩააბარებდა?

რამაზ საყვარელიძე, პოლიტოლოგი:

- არ მესმის, რატომ არის ასეთი აჟიოტაჟი ატეხილი ბორჯომში, "ქართული ოცნების" მიერ მოწყობილ აქციასთან დაკავშირებით. გარდა იმისა, რომ პროტესტის ავტორი მმართველი ძალაა, სხვას მნიშვნელოვანს ვერაფერს ვხედავ. ეს ფაქტი არ არის იმის მანიშნებელი, რომ იქ რაღაც მნიშვნელოვან პრობლემასთან გვაქვს საქმე. მსგავსი ინციდენტი ბევრი ყოფილა. ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანი და მტკივნეულია ტრაგედია, რომელიც ოსებმა დაატრიალეს. ტრაგედიაა ისიც, რომ მშობლებს ცხედარი ვერ ვაღირსეთ თავის დროზე, მაგრამ რა ქნას ხელისუფლებამ, დიპლომატიურმა სამსახურმა? ამერიკიდან დაწყებული, თურქეთით დამთავრებული, ყველა აღნიშნავს, რომ რუსეთთან ურთიერთობა რთულია... თავს იქით ძალა არ არის.

GzaPress

სოსო ცინცაძე, პროფესორი:

- ამ რამდენიმე დღის წინ რუსეთმა კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცა, რომ ძალა აღმართს ხნავს. ასევე, კიდევ ერთხელ დაამტკიცა ისიც, რომ საერთაშორისო კანონმდებლობას არაფრად დაგიდევთ და მისთვის ნაკისრი ვალდებულებების დარღვევაც პრობლემას არ წარმოადგენს. რუსეთთან ურთიერთობა მართლაც რთულია, მაგრამ სწორედ ასეთ რთულ ვითარებაში იყო საჭირო მეტი კრეატიულობის გამოჩენა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროს მხრიდან. არაპროფესიონალიზმის სერიოზული მაჩვენებელია ის ფაქტი, რომ "შერიგების მინისტრს" არანაირი პირადი, არაფორმალური კონტაქტები არ აღმოაჩნდა ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებასთან. აბსოლუტურად გაუგებარია, რაში ვუხდით ხელფასს ამ სამინისტროს წარმომადგენლებს? მმართველი გუნდის დიდი კრახი სახეზე იყო ბორჯომშიც. ღარიბ-ღატაკ ქვეყანაში, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დავის საგანი გახდა ჩინოვნიკებისთვის ხელფასის მომატება. ასეთ ვითარებაში ხელისუფლების იმიჯი უპირობოდ ილახება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩინოვნიკებს შორის ფულის გამო გამართული ხელჩართული ჩხუბი სამარცხვინოა.

- როგორ ფიქრობთ, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი იწყება?

- პოლიტიკური კრიზისი არა, მაგრამ ნდობის კრიზისი უკვე სახეზე გვაქვს. ხელისუფლებასა და ხალხს შორის ერთიმეორის მიყოლებით იმსხვრევა ხიდები. ეს კი კარგს არაფერს მოგვიტანს.

გია ხუხაშვილი, ექსპერტი:

- ჩემი აზრით, დღეს ქვეყანაში რამდენიმე სახის კრიზისული ტენდენციაა. პირველი ეს გახლავთ, მმართველობის ვერტიკალის სრული მოშლა. ძალიან ბუნდოვანია, სად ვინ და როგორ იღებს ამა თუ იმ გადაწყვეტილებას. ამის სრული გამოვლინება გახლავთ ბორჯომის საკრებულოში მომხდარი ინციდენტი. ეს ტრაგიკომედია მხოლოდ ამ ქალაქის პრობლემა არ გახლავთ. ცალსახად გამოიკვეთა, რომ "ქართული ოცნების" აქტივი ორიენტირებულია არა სახელმწიფოებრივ ამოცანებზე, არამედ წვრილმან კეთილდღეობაზე და საკუთარი, პატარა ჭიის გახარებაზე. კრიზისი იკვეთება იმ თვალსაზრისითაც, რომ ძალიან მაღალი სოციალური რისკების წინაშე ვდგავართ. ყოველდღიურად ხდება სამომხმარებლო კალათის დამძიმება, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ საშუალო-სტატისტიკური ქართველი დღითი დღე ღარიბდებდა. ასევე კრიზისია მთლიან პოლიტიკურ ელიტაში, როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში. დღეს პოლიტიკური პროცესი ფაქტობრივად მკვდარია. მუდმივად იქმნება ილუზია, რომ ქვეყანაში ვიღაცა რაღაცას აკეთებს. სინამდვილეში კი არც ოპოზიციაში და არც ხელისუფლებაში არ არსებობენ ნაციონალური მასშტაბის ლიდერები, რომლებსაც რეალურად ახალი იმედების და პოლიტიკური შედეგების მიღება შეუძლიათ. ყველაფერზე პასუხისმგებლობა ერთ კაცს ეკისრება, პოლიტიკური ელიტა კი მის ჯიბეშია მოქცეული და გადაწყვეტილების მიღების უნარი არ გააჩნია. კრიზისი ვითარდება მდორედ, ეს არ არის სიტუაცია, რამაც შესაძლოა რევოლუციურ განვითარებამდე მიგვიყვანოს. ფაქტობრივად, ჩვენ გარშემო ერთი დიდი ჭაობია, რომელშიც ნელ-ნელა ვიძირებით. არიან ადამიანები, რომლებიც არსებულ ვითარებას რეალურად აფასებენ, მაგრამ მათ წინააღმდეგობის თავი აღარ აქვთ.

ხათუნა ბახტურიძე