ვიზალიბერალიზაცია მხოლოდ ახლობლებთან ჩახუტების პერსპექტივას არ ნიშნავს
font-large font-small
ვიზალიბერალიზაცია მხოლოდ ახლობლებთან ჩახუტების პერსპექტივას არ ნიშნავს
ემუქრება თუ არა საქართველოს ევროპასთან უვიზო რეჟიმის გაუქმება და დადგება თუ არა დასავლეთის დღის წესრიგში შეჩერების მექანიზმის გამოყენების საკითხი? დაიწყება თუ არა არალეგალი ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნება და როგორია საქართველოს მთავრობის გეგმა? - ეს ის კითხვებია, რომლებიც ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე, ბუნებრივია, საზოგადოებას აინტერესებს. საქართველოს მოსახლეობამ შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღო, 10 თვის შემდეგ კი - პირველი გაფრთხილებაც, რასაც სავარუდოდ, სანქციების გამკაცრება მოჰყვება.

რისკებსა და საფრთხეებზე საუბარი მაშინ დაიწყო, როდესაც გამოქვეყნდა EASO-ს (თავშესაფრის ევროპული ოფისის) მონაცემები თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის მაჩვენებელი გაზრდილია. თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა, ისევე როგორც გაზრდილი კრიმინალი ან უვიზო მიმოსვლით დადგენილი ვადების დარღვევა ის კრიტერიუმებია, რომლებიც ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეჩერების საფუძველი შეიძლება გახდეს. სწორედ ასეთი მზარდი ტენდენციის გამო ევროკავშირის/შენგენის ზოგიერთი წევრი ქვეყნის მხრიდან (განსაკუთრებით გერმანიის) გამოითქვა წუხილი, მით უფრო, რომ არსებობს გარკვეული ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების კრიმინალურ საქმიანობაში მონაწილეობის შესახებაც. გერმანიის მხარის განცხადებით, თუ ასე გაგრძელდება და საქართველო შესაბამის ზომებს არ მიიღებს, ბუნებრივია, შეჩერების მექანიზმი ამოქმედდება. სწორედ ამ განცხადების შემდეგ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში და არა ევროკომისიის დასკვნის შედეგად. ანგარიში, რომელიც ევროკომისიამ გასული წლის დეკემბერში გამოაქვეყნა, რეგულარული ხასიათისაა, არ ეხება მხოლოდ საქართველოს და მოიცავს ყველა იმ ქვეყანას, ვისთანაც ევროკავშირს უვიზო რეჟიმი აქვს.
საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა, ისევე როგორც კონკრეტულ სფეროებში მიღწეული პროგრესი, ამ ანგარიშში დადებითად არის შეფასებული. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის დასკვნით ნაწილში, სადაც შეჯამებულია რვა ქვეყანასთან განსაკუთრებით პრობლემატური მიმართულებები, საქართველო მოხსენიებული არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მოთხოვნების შემდგომი იმპლემენტაცია წარმატებით გრძელდება. თუმცა, არავინ უარყოფს, რომ ბოლო პერიოდის ტენდენციებმა შესაძლოა ეს პოზიტიური სურათი შეცვალოს. ოფიციალური მონაცემებით კი სტატისტიკა ასეთია: 2017 წლის სექტემბერში თავშესაფრის მსურველთა რიცხვი იყო 238, ოქტომბერში - 355, ნოემბერში - 444, დეკემბერში - 522, იანვარში კი - 745. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბოლო წლებში ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი შესამჩნევადაა გაზრდილი (და არა მარტო ქართველების ხარჯზე) - თუ 2010 წელს ეს რიცხვი 284.985 იყო, 2015 წლისთვის 1.393.875-ს მიაღწია. ამ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის რეჟიმით საქართველოს 200 000-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა. 2016 წელს განაცხადი შეავსო 625 მოქალაქემ, 2017 წელს კი მსურველთა რაოდენობა 1570-მდე, ანუ 35%-ით გაიზარდა. ქართველებისთვის ყველაზე სასურველ ქვეყნებს შორის შვედეთი და ისლანდია მოხვდა. ახალ გამოწვევებთან ერთად ისევ პრობლემად დასახელდა ორგანიზებულ დანაშაულში ქართველების მონაწილეობა. ქურდობა და ყაჩაღობა განსაკუთრებით ხშირია საფრანგეთში, იტალიაში, საბერძნეთში, გერმანიასა და ესპანეთში.
საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ეს სტატისტიკა შეჩერების მექანიზმს ვერ წარმოშობს, თუმცა უვიზო მიმოსვლის პოტენციური რისკების შემცირების მიზნით, საქართველოს მთავრობა განახორციელებს მთელ რიგ პრევენციულ ღონისძიებებს. ცვლილებები მოიცავს პრევენციულ ზომებს, მათ შორის ისეთს, როგორიცაა გვარის შეცვლასთან დაკავშირებული პროცედურების გამკაცრება, რეადმისიის ანუ დეპორტაციის ხარჯების თავად რეადმისიის პირებზე დაკისრება და ა.შ. ორგანიზებულ დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად ჩაერთვებიან პოლიციის ატაშეებიც.
GzaPressძნელია, მოსთხოვო სახელმწიფოებრივი აზროვნება მას, ვინც თავისი შვილის (თუ შვილების) ან საკუთარი თავის გადასარჩენად იღებს ასეთ გადაწყვეტილებას. ჩვენ დავუკავშირდით იტალიაში მყოფ ახალგაზრდა ქალს, რომელიც უკვე ნახევარი წელია, იქ ცხოვრობს და მუშაობს. ნათიამ გამიზნულად დაარღვია ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადა. თუ რატომ, ამას თვითონ გვიამბობს:
- 6 წლის შვილი მყავს, მარტოხელა დედა ვარ და მშობლებთან ერთად ვცხოვრობდი. შარშან ორივე - დედაც და მამაც სამსახურის გარეშე დარჩა. კონსულტანტის 400-ლარიანი ხელფასით როგორ გავწვდებოდი ყველა ხარჯს? 400 ლარით შევუქმნიდი შვილს მომავალს? სწავლა კი არა, თვიდან თვემდე კვებაშიც არ მყოფნიდა ეს ფული. რომ იტყვიან, სულზე მომისწრო ვიზალიბერალიზაციამ. ავიღე ბილეთი და ჩამოვედი იტალიაში. ბავშვი დედაჩემს დავუტოვე. თავიდან ძალიან გამიჭირდა ამ ყველაფერთან შეგუება. 2 თვე ვერ ვაცნობიერებდი, რა ხდებოდა ჩემს თავს. მიძნელდებოდა ფიქრი, რომ 5 წლის შვილი დავტოვე და ფაქტობრივად, უდედოდ სიცოცხლე ვაიძულე... ყოველდღე უმიზეზოდ ვტიროდი, კიდევ კარგი, ძალიან თბილი და გულისხმიერი ხალხი შემხვდა. ხედავდნენ ჩემს ტანჯვას, ესმოდათ ჩემი, თანამიგრძნობდნენ, ცდილობდნენ ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა, ესიამოვნებინათ და რაღაცით გავეხარებინე. 88 წლის მოხუცი მყავს, რომელიც საკმაოდ მხნედ გამოიყურება და მან მასწავლა იტალიური. ნელ-ნელა შევეგუე აქაურობასაც და ბედისწერასაც... 700 ევრო მაქვს ხელფასი, ეს ჩემთვის იმხელა ფულია, მანდ რომ ვერც ვიოცნებებდი. მესმის საზოგადოების ერთი ნაწილის უკმაყოფილება - გვადანაშაულებენ ვიზის დამრღვევებს, ბრალს გვდებენ, რომ ჩვენ გამო შეიძლება ქვეყანამ დაკარგოს ასეთი მნიშვნელოვანი მონაპოვარი და აბსოლუტურად კარგად მესმის ეს ყველაფერი; ისიც კარგად მესმის, რომ თითოეული მოქალაქე ღირსეულად უნდა მოიქცეს და სახელმწიფოებრივად იაზროვნოს, იზრუნოს ქვეყანაზე, მაგრამ რა დროს სახელმწიფოებრივი აზროვნებაა, როდესაც ჩემს შვილს შია, ჩემი შვილი ავადაა და წამალს ვერ ვყიდულობ, სასურველ განათლებას ვერ ვაძლევ შვილს და ა.შ. განა თვითონ სახელმწიფო ზრუნავს ჩვენზე? აი, მე 34 წლის ვარ და არასდროს უზრუნია ჩემზე. ჰოდა, რატომ გვადანაშაულებთ და რატომ გვთხოვთ ჩვენ, კანონდამრღვევებს, რომ გავუფრთხილდეთ სახელმწიფოს იმიჯს?! იცით, ვის წინაშე ვგრძნობ პასუხისმგებლობასა და დანაშაულს? იმ ადამიანების წინაშე, ვისაც წლების მანძილზე უნახავი ოჯახის წევრების - დების, ძმების, შვილების, დედების ჩახუტების შესაძლებლობა მიეცათ! მე კი უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმის დარღვევით მათ ვუსპობ საყვარელი ადამიანების ნახვის უფლებას, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ...
ჩემმა მეორე რესპონდენტმა თავის თავზე იწვნია ვიზალიბერალიზაციის სიკეთე - შარშან ზაფხულში 8 წლის უნახავ ერთადერთ დასთან ჩავიდა საფრანგეთში და ამის გახსენებისას ახლაც ცრემლებით ევსება თვალები:
მაკა:
- იცით, როგორ ვიზრდებოდით დები? უერთმანეთოდ წუთითაც ვერ ვძლებდით. 8 წლის განმავლობაში ერთი დღეც არ მახსენდება, რომ ინტერნეტით არ დავუკავშირდეთ ერთმანეთს. საათობით ვლაპარაკობთ, ვიხსენებთ ბავშვობას, სტუდენტობას და ზოგჯერ ვიცინით, ზოგჯერ კი ისტერიულ ტირილს ვიწყებთ ორივე... მის მეტი სხვა დედმამიშვილი არ მყავს და ისიც ასე შორს! შარშან ზაფხულში წავედი საფრანგეთში. მართლა არ შემიძლია სიტყვებით მაშინდელი ემოციის გადმოცემა. ამ დღეებში ჩემი და მეორე ბავშვს ელოდება და ახლა უკვე დედა წაიყვანა 40 დღით. ჩემს სიძეს ვთხოვე, გეხვეწები, დედა-შვილის შეხვედრა გადაიღე და გადმომიგზავნე-მეთქი, მაინტერესებდა. ჩემს სიძეს ვერ გადაუღია: ერთმანეთი რომ დაინახეს, ისეთი ამბავი ატყდა, ვერ გავუძელი და სახლიდან წავედი, ცოტა ხნით ერთმანეთთან მარტო დავტოვე დედა-შვილიო... ამ ზაფხულს კიდევ ვაპირებ წასვლას ჩემი დისშვილის სანახავად და ძალიან მაშინებს ის ამბავი, რომ შეიძლება შეჩერების მექანიზმი ამოქმედდეს. არადა, რამდენმა დედამ ნახა წლობით უნახავი შვილი! ვიღაცამ დაარღია ლეგალურად ყოფნის ვადა ამა თუ იმ ქვეყანაში, ვიღაცამ დანაშაული ჩაიდინა, ვიღაცამ თავშესაფარი მოითხოვა და ამ ყველაფრის გამო სხვები უნდა დაისაჯონ? შეჩერების მექანიზმის ამოქმედების არდაშვება ხომ ჩვენს კეთილგონიერებაზეა დამოკიდებული? ევროპასთან ვიზალიბერალიზაცია მხოლოდ ახლობლებთან ჩახუტების პერსპექტივას კი არა, ეკონომიკურ განვითარებას, სოციალური გაჭირვების შემცირებასა და წლების შემდეგ ევროპის ბაზარზე დასაქმების უფლების მოპოვებასაც ხომ გულისხმობს? ამიტომ ვფიქრობ, რომ თითოეულმა მოქალაქემ უნდა გაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ხალხის წინაშე და უნდა დაიცვას უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ყველა წესი.
P.S. ინფორმაციის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტს.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა მიმდინარე, პოსტ თუ წინასაარჩევნო საკითხებზე თავის მოსაზრებებს გვიზიარებს.
"მახარებს, რომ თბილისში რუს ტურისტებს მიესალმებიან" - ანგელა მერკელის ვიზიტის შუქ-ჩრდილები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2527 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
0 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
2 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
0 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2438 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1201 კომენტარი