"ძალიან დიდი საექსპორტო პოტენციალი გვაქვს და მალე ექსპორტიორი ქვეყანა გავხდებით" - გზაპრესი

"ძალიან დიდი საექსპორტო პოტენციალი გვაქვს და მალე ექსპორტიორი ქვეყანა გავხდებით"

სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარება კვლავ რჩება ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად. სწორედ ამიტომ, ხელისუფლების პრიორიტეტია ამ დარგის ხელშეწყობა. სფეროში არსებული სიტუაციის, სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული საგაზაფხულო სამუშაოებისა და უახლოეს პერიოდში განსახორციელებელი პროექტების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გიორგი ხანიშვილი გვესაუბრა. მისი თქმით, სოფლის მეურნეობის ყველა მიმართულება ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდება და ყოველ წელს ძალაში შედის ახალ-ახალი პროექტები, რომლებიც დაინტერესებულ ადამიანებს ახალ შესაძლებლობებს უჩენს. ბატონ გიორგისთან შეხვედრამდე კი შევეცადე გამეგო, რა იყო ძირითადი პრობლემები ყველაზე უხვმოსავლიანი მხარეებისთვის და კახეთსა და ქართლში მცხოვრებ ვალერი ირომაშვილსა და გიორგი ბუჟღულაშვილს დავუკავშირდი.

ვალერი ირომაშვილი:

- ის შხამქიმიკატები, რომელსაც ხარისხის ქარხნული სერტიფიკატი აქვს, საკმაოდ ძვირია და გლეხს მისი შეძენა უჭირს. სხვებს კი ვერაფერი გავუგეთ - რაც აწერია, იმ დოზებით ვწამლავთ, მაგრამ შედეგს მაინც ვერ ვიღებთ, დოზას თუ გავზრდით, ეს გაზრდილი ნორმაც ზიანს აყენებს მოსავალს. ძალიან ჭირს ტექნიკაც, განსაკუთრებით - კომბაინები. მისი არარსებობა სამუშაო პროცესს საგრძნობლად აფერხებს. მოსავლის აღებისას დედოფლისწყაროში მიდიან, სადაც ბევრი სამუშაოა, გურჯაანის სოფლებისთვის კი მხოლოდ ერთი კომბაინი რჩება. ხორბალი კიდევ იტანს დაგვიანებას, მაგრამ თუ ქერის აღება დააგვიანე, ჩათვალე, რომ მოსავალი ნახევრდება. ამ ეტაპზე კახეთში უკვე მთავრდება საგაზაფხულო ქერის დათესვა, კულტივაციებია ჩასატარებელი და მზესუმზირისა და სიმინდის თესვა დაიწყება. აქაც ისევ ტექნიკის - სათესების პრობლემა იჩენს თავს. მექანიზატორის სათესით რომ დავთესავ, კულტივაციას ვეღარ ვატარებ ძველი კულტივატორით, რადგან იმ სათესს თავისივე ზომის კულტივატორი უნდა. არადა, ახალ სათესს სასუქის შემრევიც აქვს და ძალიან კარგია. ზოგჯერ კვირაზე მეტი დამჭირვებია ლოდინი. ამასობაში კი გვიანდება, ყველაფერს თავისი დრო აქვს.

GzaPress

გიორგი ბუჟღულაშვილი:

- მათ, ვისაც ხეხილის ბაღები გვაქვს, ყველაზე მეტ პრობლემას უხარისხო წამალი გვიქმნის. ვიღაც დაიჭირეს კიდეც, თურმე მარილს ლილას აყრიდა და შაბიამნად ასაღებდა. უხარისხო შხამქიმიკატები მოსავალს გვიფუჭებს, ვერ მოგვყავს ხარისხიანი ხილი და ამიტომ მყიდველი უცხოურ ხილს ეტანება, რადგან გარეგნულად ბევრად სჯობს ჩვენსას. ამიტომ ვთვლი, რომ ხარისხის კონტროლი უნდა გამკაცრდეს. რაც შეეხება საგაზაფხულო სამუშაოებს, ახლა გასხვლის პერიოდია და შეწამვლასაც მალე დავიწყებთ. ეს ბოლო წელია, ფაროსანამაც შეგვაწუხა. ვიცი, რომ სახელმწიფო ამ კუთხით აქტიურად მუშაობს და იმედი მაქვს, ეს პრობლემა მოგვარდება. კარგი იქნება, თუ გადამმუშავებელი ქარხნები აშენდება. ძირითადად, თვითონ გვიწევს რეალიზაციაზე ზრუნვა - სახლიდანაც ვყიდით და ვაჭრებსაც ვაბარებთ.

გიორგი ხანიშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე:

- გასული 2017 წელი ძალზე წარმატებული იყო მესაქონლეობის თვალსაზრისით, ექსპორტზე გავიდა ცხვარი, თანაც იმ რაოდენობით, რომ ადგილზე დეფიციტის საფრთხეც კი გაჩნდა. ახალი ბაზრების გახსნა ფერმერისთვის ბადებს შესაძლებლობას, რომ უფრო მეტი აწარმოოს და მიაწოდოს როგორც ქვეყნის შიდა, ისე გარე ბაზარზეც. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს რამდენიმე ძირითადი სსიპი, რომელიც სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. მათ შორის უპირველესია პროექტების მართვის სააგენტო, რომლის მეშვეობითაც დაახლოებით 50-მდე პროექტი ფინანსდება და რომელიც კონცენტრირებულია სხვადასხვა მიმართულების დიდ პროექტებზე. მაგალითად, ასეთი პროექტია "დანერგე მომავალი", რომლის ფარგლებშიც წვეთოვანი სისტემებისა და ნერგების შეძენაში ეხმარებიან იმ ფერმერებს, რომელთაც ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიებით სურთ ბაღების გაშენება - მათ ნერგების 70%-ს და სარწყავი წვეთოვანი სისტემების 50%-ს საჩუქრად ვაძლევთ. ერთ-ერთი დიდი და ყველაზე წარმატებული პროექტია შეღავათიანი აგროკრედიტი, რომლითაც ფერმერებს საშუალებას ვაძლევთ, რომ მათ მიერ ბანკში აღებული სესხების საპროცენტო განაკვეთის დიდი ნაწილი ჩვენ დავუფინანსოთ 6 წლის მანძილზე. წელს დაემატა ე.წ. დანიდას პროექტიც. ეს არის დანიის მთავრობის მიერ მოცემული გრანტი - 35 წლამდე მამაკაცები და 40 წლამდე ქალბატონები საჩუქრად მიიღებენ 40%-იან გრანტს. პროექტის ღირებულების ზედა ზღვარი 150.000 ლარია და ახალგაზრდა ფერმერებზეა ორიენტირებული. მზადდება პროექტი, რომელიც ეხება დასავლეთ საქართველოში კენკროვანი კულტურების განვითარებას. ესეც სოციალური დატვირთვის მატარებელი პროექტია, რადგან ძირითადად მცირემიწიანებზე იქნება ორიენტირებული. ასევე, მუშავდება დიდი პროექტი, რომელიც დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, წყალტუბოს რაიონში ითვალისწინებს მწვანილის დიდი პლასტერის შექმნას. გაკეთდება სასათბურე მეურნეობა და მოხდება მწვანილის მიწოდება ევროპული ბაზრებისთვის. იცით, რომ ჩინეთის ბაზარი 2018 წლის 1-ლი იანვრიდან უბაჟო რეჟიმს გვთავაზობს, გვაქვს ხელსაყრელი პირობები ევროკავშირის და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებთან. ეს არის დაახლოებით 2 მილიარდნახევრიანი ბაზარი. ასე რომ, საქართველოში წარმოებული მაღალხარისხიანი პროდუქცია არა მარტო ქართველ მომხმარებელზეა გათვლილი, არამედ ხელსაყრელ პირობებს ქმნის ინვესტორისთვისაც. ამ პროექტების პოპულარიზაცია უწყვეტად მიმდინარეობს ჩვენი ვებგვერდებისა თუ მედიის საშუალებით. აქტიური მუშაობა მიდის მეფუტკრეობის, რძის გადამმუშავებელი საწარმოებისა და მთის მესაქონლეობის განვითარების მიმართულებით. მიმდინარე წელს რძის გადამმუშავებელი საწარმოების დაარსება იგეგმება ბევრად უფრო მასშტაბურად, ვიდრე გასულ წლებში იყო. საუბარია წალკაში, დმანისსა და ახალქალაქის რაიონზე, სადაც 3-3 კოოპერატივი დაფუძნდება. ძალიან წარმატებულად იმუშავა გასულ წელს ყურძნის გადამუშავების მიმართულებით შექმნილმა კოოპერატივებმაც, კახეთში უკვე 3 ამუშავდა და რეალიზებაც გაუკეთეს. ასევე, თაფლის წარმოების სეგმენტში მეორე დონის კოოპერატივს ვაკეთებთ - გორში იხსნება თაფლის გადამმუშავებელი საწარმო, რომელიც საქართველოში კოოპერატივების წარმოებული თაფლის ჩამოსხმას, ბრენდინგს მოახდენს. 29 კოოპერატივი დავაარსეთ მაღალმთიანი რეგიონების ასათვისებლად, ტექნიკის ნაწილი უკვე გადავეცით და ნაწილი კიდევ გადაეცემათ. სამწუხაროდ, არის პროექტები, მაგალითად ჩაის, აგროდაზღვევის პროექტი, რომლებმაც სურვილის მიუხედავად, დიდ მასშტაბებს ვერ მიაღწია.

- და რა იყო ამის მიზეზი?

- სოფლის მეურნეობა საჭიროებს კვალიფიციურ კადრებს, ცოდნას, რომლითაც სამწუხაროდ, თავს ვერ მოვიწონებთ, რაც ცუდად აისახება შედეგებზე. მით უფრო, რომ სოფლის მეურნეობაში რისკები ისედაც მაღალია, მოსავლის მოსვლა-არმოსვლა დამოკიდებულია ამინდზე. 2017 წლის 25 აპრილს, ერთ ღამეს 40.000 ჰექტარი გაიყინა და მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ქართლიდან გურიამდე ხელი აიღო მოსავალზე, ხილის კულტურას ვგულისხმობ. ეს, ბუნებრივია, შიშს ბადებს, მაგრამ არის მოსავლიანი წლებიც, სწორად წარმართული ბიზნესის პირობებში 200-300%-იან რენტაბელობას ვიღებთ. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ ჩვენთვის აუცილებელია კოპერირების სისტემის დანერგვა, რადგან ეს ნიშნავს სწორ კონკურენციას. ძალზე რთულია, დაარწმუნო ფერმერი, რომ სწორედ მათ გაერთიანებაშია ძალა; რომ ტექნოლოგიების დანერგვას, თესლის შემოტანას, ნაკვეთის სწორად დამუშავებას ერთად უფრო შეძლებენ და მალე იგრძნობენ ამ ერთობლიობის სიკეთეს.

- ახლახან ვიყავი ფშავში და როგორც ჩანს, იქაურები ბოლომდე ვერ გარკვეულან ამ საკითხში - უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ კოოპერატივის გამო. გვეუბნებიან, თუ მასში არ გაერთიანდებით, რძის ნაწარმს ვეღარ გაყიდითო...

- უკანაფშავში თვითონ ავედი და იქაურ მოსახლეობასაც გავესაუბრე. იქ სულ 32 ოჯახია, 169 კაცია, 599 სული საქონელი ჰყავთ. რა თქმა უნდა, თუ ვინმეს არ უნდა კოოპერატივში გაერთიანება, მას აქვს თავისუფალი არჩევანი. როცა უნდათ, მაშინ გაყიდიან ყველსაც, დამბალ-ხაჭოსაც და კარაქსაც, მაგრამ კოოპერატივის მეშვეობით უფრო იოლად გაუკეთებენ რეალიზაციას ამ პროდუქციას, უფრო მაღალფასიან სეგმენტშიც გავლენ და უფრო მეტ სიკეთეს მიიღებენ. ამ კოოპერატივს უკვე მივეცით ტექნიკა, უნდა აშენებულიყო დიდი გადამმუშავებელი საწარმო, რომლის 30%-ს 8 წლის მანძილზე გამოისყიდდნენ, დანარჩენს სახელმწიფო ჩუქნიდა მათ, მაგრამ მოსახლეობამ ინიციატივა არ გამოიჩინა. მათ არც ერთმანეთის სჯერათ და არც საჯარო მოხელეების ნდობა აქვთ. მიღებული ტექნიკის საფასურის გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ გადასახდელი აქვთ. უნდა გავიგოთ, რომ ეს არ არის სოციალური პროექტი. კოოპერატივი ჩვეულებრივი ბიზნესპროექტია და სახელმწიფოს აქვს შეღავათიანი პირობები. მაგალითად, ის ტექნიკა უკანაფშავის მოსახლეობას 10%-იანი თანადაფინანსებით გადაეცა. 90%-ს სახელმწიფო იხდის. კოოპერატივი ეს არის შესაძლებლობა, ადამიანებმა ერთად გააკეთონ ბიზნესი. სახელმწიფო ამ შემთხვევაში არაფერს არ განსაზღვრავს. თავისივე ბიზნესში შეტანილი ფული თვითონ მათვე მოუტანს შედეგს.

- ფერმერები შხამქიმიკატების უხარისხობაზეც გამოთქვამენ უკმაყოფილებას. რამდენად მაღალია სახელმწიფო კონტროლი ამ თვალსაზრისით?

- ის მოსაზრება, რომ რაც ხარისხიანია, გლეხი ვერ შესწვდება, მცდარია. სახელმწიფო აკონტროლებს ნებისმიერი წამლის ხარისხიანობას, შემთხვევით არაფერი ხვდება ბაზარზე. მეც ფერმერი ვარ, წლებია, მოსავალი მომყავს და კარგად ვერკვევი ამ სიტუაციაში. თუ ფერმერი მობილიზებულია და აქვს შესაბამისი ცოდნა, როდის როგორ უნდა გამოიყენოს წამალი, ცუდ შედეგებს არ მივიღებთ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არ აკვირდებიან არც გამოყენების დოზებს, არც - დროს. არასწორ აგროვადებში შეიძლება 5-ჯერ მოწამლო ვაშლი, მაგრამ შედეგს მაინც ვერ მიიღებ. შეიძლება ამინდის გამო ვაშლის შეწამვლა ყოველ მეორე დღეს იყოს საჭირო. საკონსულტაციო ცენტრები ყველა მუნიციპალიტეტშია და დაკომპლექტებულია კვალიფიციური სპეციალისტებით. დაინტერესებულ ფერმერებს შეუძლიათ, მათგან მიიღონ სწორი რეკომენდაციები და კონსულტაციები. ფერმერებმა დაგვიანებით რამდენჯერაც უნდა შეწამლონ ხილი, შედეგს აღარ გვაძლევს. ამიტომ ძალიან ვთხოვ მათ, რომ აგროვადები და წამლის დოზები ზედმიწევნით დაიცვან. რაც შეეხება რეალიზაციის თემას, ისევ კოოპერატივების შექმნა თუ მოაგვარებს ამ საკითხს. სარდაფში რომ დააბინავებ ვაშლს და ელოდები, თბილისიდან როდის ჩამოვა ვინმე და იყიდის, დალპება მოსავალი, აბა, რა იქნება?

GzaPress- კახეთში მიწის დამუშავებისას თუ მოსავლის აღებისას სერიოზულ პრობლემას უქმნით ტექნიკის სიმცირე. ახლო მომავალში თუ მოგვარდება ეს საკითხი?

- ტექნიკის ნაკლებობა მართლაც ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა სოფლის მეურნეობაში. უფრო მეტი პრობლემაა მოსავლის ამღებ კომბაინებთან დაკავშირებით. ცხენის ძალაზე გათვლით თუ ავიღებთ, გამწევი ძალა მეტჯერ თუ არა, 3-4- ჯერ ნაკლები გვყავს, ვიდრე გვჭირდება. ამიტომ ვიწყებთ კიდევ ერთ პროექტს - ეს არის ლიზინგი და აგროკრედიტის ნაწილი ტექნიკის შესაძენად. დაახლოებით 75%-ს ვიხდით ჩვენ, რომ მოსახლეობამ შეძლოს და ტექნიკა შემოიყვანოს. თანამედროვე ტექნიკაზეა საუბარი. ვფიქრობ, ამ პროექტმა ეს სეგმენტიც უნდა შეავსოს და დეფიციტი თანდათანობით უნდა შემცირდეს.

- დაბოლოს, ისევ ფაროსანასთან დაკავშირებით გკითხავთ. რა გადაწყდა ფაროსანას წინააღმდეგ ბიოლოგიური მტრის - ე.წ. სამურაი-კრაზანას შემოყვანის თაობაზე?

- ამერიკელები 2016 წლის მერე პერიოდულად ჩამოდიან საქართველოში და პროცესს აკვირდებიან. ჩვენ შევიმუშავეთ სახელმწიფო სამოქმედო პროგრამა და სამოქმედო გეგმა, რომელიც მათ ისე შეაფასეს, როგორც ბრწყინვალე დოკუმენტი. არ ვაჭარბებ, ზუსტად მათ სიტყვებს ვიმეორებ. ვაიექსპერტებს არ ეზარებათ და ცდილობენ, ათასგვარი სისულელე მიჰყიდონ საზოგადოებას ისე, როგორც გენიალური ჭკუის ნაყოფი და რატომღაც საზოგადოებაც იჯერებს. განხილვაზე დასასწრებად ამერიკელებთან ერთად მოწვეული გვყავდა აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენლები, რადგან ეს მარტო ჩვენი კი არა, რეგიონული პრობლემაა. განვიხილეთ ბრძოლის მეთოდები და ცალსახად გამოიკვეთა, რომ მოკლევადიან პერიოდში ქიმიურ ბრძოლას ალტერნატივა არა აქვს, გრძელვადიან პერიოდში კი ბიოლოგიური პრეპარატებიც ანუ მწერებიც უნდა გამოვიყენოთ. დასავლეთ საქართველოში კვლავაც უფრო მასშტაბურად იქნება ფაროსანას პრობლემა. ამიტომ ძირითადი გასაკეთებელი მაინც თვითონ ფერმერებმა უნდა გააკეთონ, თხილის ბაღების მოვლას ვგულისხმობ. განვლილი 2 წლის მანძილზე, რადგან უხვნალექიანი წლები და მეტი სინესტე იყო, თავი იჩინა სოკოვანმა დაავადებებმა. ამიტომ აგროტექნიკური ღონისძიებები დროულად უნდა ჩაატარონ, თუ მოსავლის მიღება სურთ. გვსაყვედურობენ, ამდენი ხანი გავიდა და აქამდე რატომ არ შეისწავლეთ და ვერ მოაგვარეთ ეს პრობლემაო? ამერიკა უკვე 15 წელია, იკვლევს და ჯერაც ვერ გადაუწყვეტია, შეიყვანოს თუ არა სამურაი-კრაზანა ქვეყანაში. ასეთი გადაწყვეტილებები 1-2 დღეში არ მიიღება. სამურაი-კრაზანა ეს არის ბუნებრივი მავნებელი ფაროსანასთვის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ის შავი ფერის, სიგრძით 1-1,5 მილიმეტრი მწერია, რომელიც თავის კვერცხებს დებს ფაროსანას კვერცხებზე და 3 კვირის შემდეგ იჩეკება არა ფაროსანა, არამედ სამურაი-კრაზანა. მოკლედ, ის ფაროსანას კვერცხების პარაზიტია. მხოლოდ მრავალწლიანი სათანადო მეცნიერული დაკვირვებებისა და დასკვნების საფუძველზე შემოიყვანენ ქვეყანაში, რადგან ბიოლოგიური წონასწორობის დარღვევა ბუნებაში ძალზე დასაფიქრებელია. ამაზე მუშაობენ სხვადასხვა ქვეყნის ლაბორატორიებში. ჩვენც ვაკეთებთ ლაბორატორიას, რომელიც შვეიცარიაში არსებულის ანალოგი იქნება. ეს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, მცენარეთა დაცვაზე იმუშავებს, ხოლო კონკრეტული ამოცანა, პირველ რიგში, ფაროსანას პრობლემის გადაჭრა იქნება. გარდა ამისა, როგორც ამ მავნებლის, ისე შემოსაყვანი მავნებლის ბიოლოგიასაც შეისწავლიან. ბიოლოგიურ პრეპარატებსაც მრავალწლიანი დაკვირვება სჭირდება. როგორც უკვე გითხარით, ერთ და ორ დღეში არ ხდება ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.

ნინო ჯავახიშვილი