ახალი ევროპული შემადგენლობა - გზაპრესი

ახალი ევროპული შემადგენლობა

, რომელიც ევროპის კომისიის ვიცე-პრეზიდენტიც იქნება. ეს სახელები ბევრს არ გვეუბნება, თუ ჯერ არ დავინტერესებულვართ: ვინ არიან დონალდ ტუსკი და ფედერიკა მოგერინი? რას უნდა ელოდოს ევროპა მათ ხელში? რის გამო აკრიტიკებენ ევროპის საბჭოს ახალ შემადგენლობას? ყველა კითხვაზე პასუხს სტატიაში იპოვით.

დონალდ ტუსკი

დონალდ ტუსკი 2007 წლიდან პოლონეთის პრემიერ-მინისტრია. ის ამიერიდან ევროკავშირის სამიტებს გაუძღვება. 57 წლის ტუსკი საქმეს პირველი დეკემბრიდან შეუდგება და თანამდებობაზე ორწელიწადნახევარი იმუშავებს.

დონალდ ტუსკმა პოლიტიკური აქტივობა სტუდენტობისას დაიწყო - იგი ანტიკომუნისტურ სოლიდარულ მოძრაობაში იყო გაერთიანებული. სტუდენტურ ცხოვრებაში აქტიურად იყო ჩართული, ასევე ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას. ტუსკი ერთ-ერთი იყო, ვინც დააარსა ლიბერალურ-დემოკრატიული კონგრესი და გახდა მისი პრეზიდენტი 1991 წელს. იმავე წლის არჩევნებში პარტიამ ხმების 8% დააგროვა და 37 ადგილი მოიპოვა სეიმში (პოლონეთი) სლოგანით: "არც მარჯვნივ, არც მარცხნივ - პირდაპირ ევროპისკენ!" წლების განმავლობაში პარტიის პოპულარობა დაეცა და მათ 1993 წელს ხმების მხოლოდ 4% მოაგროვეს. შემდგომ პარტია დემოკრატიულ გაერთიანებას შეუერთდა და ორივე პარტიას ერთად ეწოდა თავისუფალი გაერთიანება, სადაც ტუსკი ლიდერი იყო. მან ეს პრივილეგია დაკარგა და 2001 წელს თანამოაზრეებთან ერთად ჩამოაყალიბა "სამოქალაქო პლატფორმა". 2005 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მას ლეხ კაჩინსკიმ სძლია: ტუსკმა 46% დააგროვა, კაჩინსკიმ კი - 54%. 2007 წელს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკს მთავრობის წარდგენა სთხოვა - ის პრემიერ მინისტრი გახდა. 2011 წლის არჩევნებზე ის მეორედ აირჩიეს. ტუსკი ერთადერთი პოლონელი პრემიერ-მინისტრია, რომელიც პოლონეთში კომუნიზმის დამხობის, 1989 წლის შემდეგ ორჯერ გახდა პრემიერ-მინისტრი. მან ქვეყნის ბიუჯეტი მინისტრად გახდომის შემდეგ 2014 წლამდე 425 მლრდ დოლარიდან 856 მლრდ დოლარამდე გაზარდა.

GzaPress

უკანასკნელ სამიტზე, სადაც ის ევროპის საბჭოს პრეზიდენტად აირჩიეს, მოკლე სიტყვა წარმოთქვა პოლონურად. შემდეგ გაიხუმრა: "დეკემბერში 100%-ით მზად ვიქნები". ის ინგლისრის ცოდნას გულისხმობდა. ტუსკს ყველაზე მეტად ენების არცოდნის გამო აკრიტიკებენ. მიუხედავად იმისა, რომ თავისუფლად საუბრობს მშობლიურ პოლონურ და გერმანულ ენებზე (სხვათა შორის, ამ უკანასკნელის ფლობის გამო გერმანულენოვანი ხალხი ტუსკს ხოტბას ასხამს), ბევრი კითხვა ისმის იმასთან დაკავშირებით, იცის თუ არა მან ინგლისური. მისი გარემოცვიდან გახმაურდა, რომ ენას სწავლობს, თანაც კარგად საუბრობს, მაგრამ ჟურნალისტებთან ინგლისურად ლაპარაკს ერიდება. მაგალითად, სამიტის დროს ზოგმა შეამჩნია, რომ ის ამ ენაზე ლაპარაკობდა. შესაბამისად, ამის გამოც დადის ხმები, თითქოს სინამდვილეში ინგლისური საკმაოდ კარგად იცის. ევროპულ პრესაში წერენ: "ამ ენასთან ძალიან დიდი პრობლემა დონალდ ტუსკს არ აქვს, თანაც, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, პირველ დეკემბრამდე, სანამ მოვალეობის ნშესრულებას შეუდგება, ანუ დარჩენილი სამი თვე შეუძლია, მომზადებისთვისაც გამოიყენოს. მაგრამ ფრანგულთან დაკავშირებით საქმე უფრო რთულადაა".

მიუხედავად ამ პრობლემისა, ევროპული პრესა ტუსკის არჩევით კმაყოფილია. იბეჭდება: "ტუსკის ახალი თანამდებობა თავად პოლონეთისთვის დიდი წარმატებაა. იქ მსგავსი წინსვლის დიდი სურვილი აქვთ, მითუმეტეს, პოლონეთის ევროკავშირთან მიერთების 10 წლის შემდეგ. ასე რომ, პოლონეთში ოპოზიციაც და მმართველი კოალიციაც ძლიერ მოხარულია. ტუსკი პოლონეთის პოლიტიკაში საკმაოდ წარმატებულია, რადგან პრემიერ-მინისტრად ორჯერ აირჩიეს, ეს კი პრეცედენტია მას შემდეგ, რაც პოლონეთში კომუნიზმი დაემხო. ქვეყანაში ოპოზიცია ძალიან ძლიერია, დიდი კონკურენციაა ოპოზიციასა და მმართველ `სამოქალაქო პლატფორმას" შორის, აქედან გამომდინარე, მისტერ დონალდი საკუთარ ბრძოლაში ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. მას შეთანხმების უმტკივნეულოდ მიღწევის უნარი აქვს, ასევე, ხალხს ძალიან მოსწონს, რადგან ტუსკი არ წარმოადგენს გაბრაზებული ან მყვირალა კაცის სახეს. მსგავს ქმედებას ურჩევნია, კომპრომისებზე წასვლაზე დაფიქრდეს".

ჰერმან ვან რომპეი, ევროპის საბჭოს ამჯამინდელი პრეზიდენტი, რომელიც დონალდ ტუსკმა უნდა შეცვალოს, საკუთარ მიმართვაში შესახებ მასზე წერს:

"თოთოეულ კოლეგას რამდენჯერმე ველაპარაკე, რომ დავრწმუნებულიყავით ჩვენი არჩევანის სისწორეში ტუსკთან დაკავშირებით. ყველა შევთანხმდით. დონალდ ტუსკი ევროპის საბჭოში ერთ-ერთი ვეტერანია, 2007 წლიდან პოლონეთის პრემიერ-მინისტრია, ასევე, ერთადერთია უკანასკნელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში, ვინც ამ თანამდებობაზე ორჯერ აირჩიეს. მან საკუთარ კოლეგებზე და მსოფლიოზე იმით მოახდინა შთაბეჭდილება, რომ მტკიცე და სარწმუნო გზით მოახერხა პოლონეთის მართვა ეკონომიკური კრიზისის დროს, მან შეძლო, სტაბილური ეკონომიკური ზრდა მოეტანა ქვეყნისთვის. ახალგაზრდობაში, 1980 წელს მშობლიურ ქალაქში, დანსკში სოლიდარულ მოძრაობაში იყო ჩართული. პოლონეთისთვის ეს იყო "პირველი ნაბიჯი ევროპულ გზაზე", როგორც თავად თქვა, როცა შარლემანის პრიზი მიიღო - ამ დროს იქ ვიყავი და ჩემთვის ძალიან ემოციური მომენტი იყო. მაშინ დაწყებულმა მოგზაურობამ ქვეყანა ევროპის გულამდე მიიყვანა, სადაც დღეს, 10 წლის შემდეგ პოლონეთი ამაყად დგას. ევროპის საბჭოში დონალდ ტუსკი ჩართული იყო ყველა რთულად გადასაწყვეტ საქმეში - რაც ევროპას ეხებოდა და ასევე, ისეთ კრიზისებთან დაკავშირებით, როგორიც ამჟამად უკრაინაშია".

ფედერიკა მოგერინი

მოგერინი პირველი ნოემბრიდან დაიწყებს მუშაობას და პოსტზე 5 წლის განმავლობაში დარჩება. ის იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრია.

ფედერიკა მოგერინი პოლიტიკურ ფილოსოფიას სწავლობდა რომში, დისერტაცია კი საფრანგეთში დაიცვა, სადაც ერასმუსის (საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამა ევროპის ქვენებს შორის) პროგრამით იყო წასული. 1988 წლიდან ის კომუნისტურ ახალგაზრდულ გაერთიანებაში მოღვაწეობდა, 1996 წელს კი სოციალურ-დემოკრატიულ პარტიაში გადავიდა. 2001 წელს მემარცხენე დემოკრატებს შეუერთდა, 2003 წელს კი საერთაშორისო კუთხით დაიწყო იმავე პარტიაში მუშაობა. საბოლოოდ, საგარეო საქმეები მას ჩაჰბარდა - დაეკისრა პასუხისმგებლობა ერაყთან და ავღანეთთან ურთიერთობებზე. ის ასევე თანამშრობლობდა ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიულ პარტიასთან. მას შემდეგ, რაც დაარსდა იტალიური დემოკრატიული პარტია, 2007 წელს ის გუნდს შეუერთდა. 2008 წელს ის დეპუტატების პალატის წევრად აირჩიეს. 2013 წელს იტალიის პრემიერ-მინისტრმა, რენციმ გამოაცხადა, რომ მოგერინი საგარეო საქმეთა მინისტრის ადგილზე დაიწყებდა მუშაობას.

რენციმ დიდი წვლილი შეიტანა, რომ მოგერინიმ თანამდებობა მიიღო ევროპის საბჭოში - მან ევროპის კომისიის პრეზიდენტის, ჟან-კლოდ ჯანკერის დარწმუნება, რომ მოგერინი კანდიდატად აერჩიათ, სატელეფონო ზარით სცადა და ეს მშვენივრად გამოუვიდა კიდეც.

მის მოგერინიმ, რომელიც ტუსკისგან განსხვავებით, ინგლისურ ენას საფუძვლიანად ფლობს, აღნიშნა: "დიდი გამოწვევები გველის. ევროპაში და მის გარშემო ყველგან კრიზისია - ევროპის მიწაზე, უკრაინაში, ასევე, ერაყიდან და სირიიდან დაწყებული - ლიბიამდე".

GzaPressევროპული პარლამენტის პრეზიდენტმა, სოციალისტმა მარტინ შულცმა ფედერიკა მოგერინისთან თბილად ისაუბრა, საკუთარ თავს კი მისი "ფანი" უწოდა. ეს ძლიერი მინიშნებაა, რომ მოგერინი ევროპული პარლამენტის წევრებში საკმაოდ პოპულარულია.

მიუხედავად ამისა, არჩევის წინა თვეში ევროკავშირი მის კანდიდატურაზე ვერ შეთანხმდა, რადგან ბალტიის სახელმწიფოები და პოლონეთი მას ისე აფასებდა, როგორც საკმაოდ გამოუცდელს და ზედმეტად რბილს რუსეთის მიმართ.

მაგრამ პრესაში მოგერინიზე იწერება: "ის კარგადაა მომზადებული, ყველა საჭირო საბუთს კითხულობს, ენთუზიაზმი დიდი აქვს და ასევე, არაჩვეულებრივ მრჩეველებს იყვანს - შეგვიძლია, ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილები. მითუმეტეს, მან თავისი საჭიროება დაამტკიცა იტალიაში, სადაც კარგ პოლიტიკოსად მანამ არ გთვლიან, სანამ 100 წელი არ შეგისრულდება! ახლა მას შეუძლია, ანალოგიური დაუმტკიცოს არა მხოლოდ იტალიას, არამედ - ევროპასაც".

ჰერმან ვან რომპეიმ ფედერიკა მოგერინისთან დაკავშირებით განაცხადა: "ევროპის საბჭო დარწმუნებულია, რომ ის მარჯვე და ურყევი მედიატორი, მომლაპარაკებელი პირი და ევროპის ადგილის დამცავი იქნება მსოფლიოში. ის ამიერიდან წარმოადგენს ჩვენი გაერთიანების ახალ სახეს ინტერნაციონალურ პარტნიორებთან ყოველდღიურ მოლაპარაკებებში. ამაში მას დაეხმარება კეტრინ ეშტონის განვლილი გზა, განსაკუთრებით ახალი, პირველი კლასის დიპლომატიური სერვისი, რომელიც კეტრინმა შექმნა".

მოგერინის მიმართ კრიტიკა ნამდვილად გაისმის, კერძოდ, პრეტენზიები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, თითქოს იგი პრო-რუსულია და კრემლთან აქვს ახლო ურთიერთობა; ასევე, სერიოზულად არ იღებს რუსეთის სამხედრო მოქმედებებს უკრაინაში. ამაზე პროტესტს აცხადებდნენ ლიტვა, ლატვია, ესტონეთი და პოლონეთი. ლიტვის პრეზიდენტმა მას საზოგადოებაში "პრო-რუსიც" კი უწოდა. როცა ის პირველად იყო წარდგენილი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის თანამდებობაზე, ეს კანდიდატურა აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანამ დაბლოკა. მაგრამ ზოგი თვლის, რომ მოგერინის რუსეთთან დაახლოება არაფრით განსხვავდება გერმანიისა და საფრანგეთის დამოკიდებულებისგან რუსეთისადმი.

მისი მომავლის შესახებ გამოითქვა გარკვეული ეჭვები, არა მარტო რუსეთი-უკრაინის საკითხზე, არამედ იმაზე, თუ ევროპის როგორი დამცავი იქნება, იმის გათვალისწინებით, რომ ახალგაზრდობაში მოგერინი კომუნისტების იტალიურ ახალგაზრდულ ფედერაციაში ირიცხებოდა.

ჰერმან ვან რომპეი საკუთარი მიმართვის ბოლო აბზაცში წერს: "ვიცი, რომ ყველა საერთაშორისო საკითხთან დაკავშირებით დონალდ ტუსკი და ფედერიკა მოგერინი ერთად, შეთანხმებულად იმუშავებენ, რომ ევროპის ინტერესები და ღირებულებები დაიცვან. ჩემი გამოცდილებიდან ვიტყოდი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია".

ეკა აბაშიძე, ჟურნალი "გზა"