მძინარე ხელისუფლება და მწევარივით ენაგადმოგდებული ექსპრეზიდენტი - გზაპრესი

მძინარე ხელისუფლება და მწევარივით ენაგადმოგდებული ექსპრეზიდენტი

ასეთია მოთხოვნა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებას 12 არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთა შორისაა "საერთაშორისო გამჭვირვალობა", საია და "ატლანტიკური საბჭო" უყენებს. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: "პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის მიერ რუსეთის ხელისუფლებისადმი გაგზავნილი მიმართვა, სადაც ის სოხუმთან და ცხინვალთან პირდაპირ დიალოგზე და საქართველო-რუსეთის ურთიერთობების მოსაწესრიგებლად "გონივრული ნაბიჯების" გადადგმაზე საუბრობს, რთულად გასაგები და ბუნდოვანი გზავნილების შემცველია, რაც საზოგადოებაში დაბნეულობასა და უმწეობის შეგრძნებას იწვევს".

კვირიკაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებასთან ერთად, არასამთავრობოები ასევე საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის შექმნილ აბაშიძე-კარასინის ფორმატსაც აკრიტიკებენ და საოკუპაციო ძალების მიერ, ახალგორში საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის უკანონო დაკავებისა და მისი სიცოცხლის ხელყოფის თემასაც ეხმაურებიან. მათი აზრით, ჩვენი ხელისუფლება რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმისა და მისი კონტროლის ქვეშ მყოფი სტრუქტურების დანაშაულებრივ ქმედებებზე შესაბამის რეაგირებას ვერ ახდენს. საინტერესოა, რას ფიქრობენ ამ თემასთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ცნობილი პერსონები და რიგითი მოქალაქეები.

მაია ხოზრევანიშვილი, ისტორიკოსი:

- ჩემი აზრით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან მიმართებაში ალოგიკურ პოლიტიკას ახორციელებს. ვერ ვხვდები, კვირიკაშვილი რუსეთის მხრიდან რა გონივრული ნაბიჯების გადადგმას ელის, როდესაც კრემლის მიერ წაქეზებული სეპარატისტები წამებით კლავენ ჩვენს მშვიდობიან მოქალაქეებს, მოსკოვი კი ისედაც გაუბედურებულ ოჯახს ცხედარს არ უბრუნებს. ასევე ვერ ვხედავ ლოგიკას, აბაშიძე-კარასინის ფორმატის არსებობაში. მე ჯერ არ მინახავს ამ მოლაპარაკებების შედეგი. თუ არის და ხელისუფლება გვიმალავს, ეს არ ვიცი.

მზია არსოშვილი, ბუღალტერი:

- არ ვიცი, მაინც რას ითხოვენ საქართველოს ხელისუფლებისგან. რუსეთი მთელი მსოფლიოს პრობლემაა. ამერიკამ ვერაფერი უქნა და ეს ერთი ციდა ქვეყნის ხელისუფლება რას გახდება? ხომ გაგიგონიათ, დათვი რომ მოგერევა, ბაბაია დაუძახეო. ასეა ახლა ჩვენი საქმე.

კახაბერ გულიაშვილი, მენეჯერი:

- გასაგებია, რომ რუსეთი პოლიტიკური ხულიგანია და ზესახელმწიფოები ვერაფერს ხდებიან მასთან, მაგრამ გამუდმებით იმაზე აპელირება, მაინც ვერაფერს გავხდებით და პროცესები თავის ნებაზე მივუშვაო, არასწორი მგონია. ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის შემთხვევაში მკვლელობასთან, კრიმინალთან გვაქვს საქმე. კვირიკაშვილს "რკინის ქალამნები" უნდა ჩაეცვა და მსოფლიო შეეყარა. ის კი რას აკეთებს? ცდილობს, მოსკოვს კოჭი გაუგოროს.

გია ესვანჯია, მეწარმე:

- არ მომწონს "ქართული ოცნების" პოლიტიკა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ღიად არ უცხადებს პროტესტს დასავლეთს და რუსულ კურსს არ ირჩევს. რა სიკეთე მოგვცა დასავლეთმა? არაფერი, მხოლოდ პრობლემები შეგვიქმნა ისეთ დიდ ქვეყანასთან, როგორიც რუსეთია.

ქეთი დოლიძე, რეჟისორი:

- ჩემი ერთადერთი პოზიცია ამ ყველაფერთან დაკავშირებით ის არის, რომ კვირიკაშვილის პოლიტიკას ვემხრობი თავიდან ბოლომდე.

ნიკა რურუა, კულტურის ყოფილი მინისტრი:

- "ქართული ოცნების" მიერ რუსეთის მიმართ გატარებულ პოლიტიკას უარყოფითად ვაფასებ. საქართველო საგრძნობლად დასუსტდა საერთაშორისო სცენაზე, რაც ძალიან უარყოფითად აისახება ჩვენსა და ჩვენი თანამოქალაქეების ყოველდღიური დაცულობის ხარისხზე. ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის დაუსჯელი მკვლელობის ფაქტები ამის პირდაპირი შედეგია.

GzaPressნინო ზურიაშვილი, ჟურნალისტი:

- მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენს ხელისუფლებას სძინავს. ამის თქმის საბაბს მაძლევს ის, რომ მმართველი გუნდი საერთოდ არ ახდენს რეაგირებას რუსულ პროპაგანდაზე, არ ინტერესდება, რომელი არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები და მედიასაშუალებები ფინანსდებიან რუსული ფულით. "ნაციონალების" დროს რუსული არხები მაინც იბლოკებოდა... უკრაინასა და მოლდავეთში ახლა დაიწყეს რუსული არხების დაბლოკვა, ჩვენთან კი პირიქით, ყველაფერი გახსნეს.

- ტელეარხების (თუნდაც ის რუსული იყოს) დაბლოკვა დემოკრატიული იქნებოდა?

- რა დემოკრატია? რუსული ტელეარხები მედიასაშუალებას არ წარმოადგენენ. ეს "მედიის" ფორმით შენიღბული საწამლავი, ტვინის სარეცხი საშუალებაა. "ქართული ოცნება" გზას უხსნის აღვირახსნილ რუსულ პროპაგანდას. დღეს მთელი მსოფლიო ფეხზე დგას, აღარ იციან, როგორ, რა ფორმით გაუწიონ რუსულ მონსტრს წინააღმდეგობა, ჩვენს ხელისუფლებას კი სძინავს. საქართველოში დღითი დღე იზრდება პრორუსულად განწყობილი ელექტორატი და ეს კარგს არაფერს მოგვიტანს.

GzaPressანდრო ბარნოვი:

- "ქართული ოცნება" თავიდანვე არასწორ გზას დაადგა. პირადად მე, არაერთხელ გავაფრთხილე, რომ მათი ლოიალური პოლიტიკა ჩვენი ქვეყნის პოზიციების შესუსტებას გამოიწვევდა. ერთხელ თუ დათმობდნენ, მერე და მერე მეტის დათმობა მოუწევდათ. სამწუხაროდ, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, განსაკუთრებით ტატუნაშვილის ამბავმა ცხადი გახადა საქართველოს უსუსურობა რუსეთთან მიმართებაში.

- ფიქრობთ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად საქართველოს ხელისუფლებას ყველა დიპლომატიური რესურსი ბოლომდე არ გამოუყენებია?

- დიპლომატიური რესურსი ერთ დღეში არც იქმნება და არც იკარგება, ის წლების განმავლობაში გროვდება. როდესაც არასწორ პოლიტიკას აწარმოებ, ბერკეტები ნელ-ნელა გეცლება ხელიდან. დღეს უკვე კრიტიკულ ვითარებაში ვართ და თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდებით.

კონსტანტინე გამსახურდია:

GzaPress- დეკლარირების მხრივ თითქოს ყველაფერი რიგზეა. "ქართული ოცნება" ღიად აცხადებს პროდასავლურ კურსს, მიილტვის ევროკავშირისკენ, ნატოში ინტეგრაციისკენ, ამავე დროს ცდილობს რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას. აი, ეს არის მათ მიერ დეკლარირებული, მაგრამ საკითხავია, სინამდვილეში რა ხდება. დიდ ბრიტანეთში მომხდარი ტერაქტისა და რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინის გამარჯვების შემდეგ ჩვენთვის საინტერესო პოლიტიკური ამინდი შეიქმნა. ახლა საქართველოს სჭირდება მართლაც პროფესიონალი და ეფექტიანად მოქმედი პოლიტიკოსები, "ქართული ოცნების" გუნდში კი ასეთებს ვერ ვხედავთ. ასეთი არ არის არც საგარეო საქმეთა მინისტრი, არც პრემიერ-მინისტრი... არადა, ჩვენ ახლა "გეოპოლიტიკის მგლები" გვჭირდება, რომლებიც ძალიან აქტიურად იმუშავებენ დასავლეთზე, ამერიკაზე, აზიაზე და ყველა ასპექტით გაიტანენ ჩვენს პრობლემას მსოფლიო არენაზე. ძალიან ხშირად ვაკრიტიკებდი მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ ვერ უარვყოფთ, რომ ის საჭირო სიტუაციაში ენაგადმოგდებული, მწევარი ძაღლივით დარბოდა და ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ რუსეთის მიერ საქართველოსთვის შექმნილი პრობლემა მთელი მსოფლიოსთვის გამხდარიყო აქტუალური. დღევანდელი ხელისუფლება კრედიტოფიცრებითა და ბანკირებით არის დაკომპლექტებული (ასე ისურვა ქვეყნის მთავარმა "დირექტორმა") და შედეგიც სახეზეა. ის ფაქტი, რომ მოსკოვი ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს არ უბრუნებს, იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთი საქართველოს ხელისუფლებას არაფრად აგდებს.

ხათუნა ბახტურიძე