ლევან კალანდაძის საქმიანი ცხოვრება და ოჯახი - გზაპრესი

ლევან კალანდაძის საქმიანი ცხოვრება და ოჯახი

ინტერესებზე, ოჯახზე - სამ შვილსა და შვილიშვილზე, ბიზნესში დღეს არსებულ პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე გვესაუბრება. საფინანსო-ეკონომიკური აკადემიის ფინანსებისა და საბანკო საქმის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, არაერთ საინტერესო თანამდებობაზე უმუშავია. მათ შორის - სახელმწიფო სამსახურში. ერთხანს ჟურნალისტობდა, უფრო ადრეულ წლებში კი სპორტით, თეატრალური სფეროთი და გეოლოგიით იყო გატაცებული.

- პრობლემები, რაც ბიზნესს აწუხებს, ბიზნესგარემოს გაუმჯობესებასთანაა დაკავშირებული, ჩემთვის არახალია, ახლობელია, რადგან წლების განმავლობაში ვმუშაობდი არასამთავრობო ორგანიზაციებში, მსხვილ ბიზნესსტრუქტურებში კონსულტანტად. აქედან გამომდინარე, როდესაც ირაკლი ლექვინაძისგან ბიზნესომბუდსმენის მოადგილის თანამდებობა შემომთავაზეს, დავთანხმდი. ბუნებრივია, მან ეს პრემიერთან შეათანხმა. სიმართლე გითხრათ, გარკვეული პერიოდი დაფიქრებისთვის დამჭირდა, რადგან სახელმწიფო სამსახური და მისი ჩარჩოები ცხოვრების კარდინალურად შეცვლის აუცილებლობას აყენებდა. თუმცა, ეს გამოწვევაცაა, საკითხებს შიგნიდან კიდევ უფრო სხვაგვარად დავინახავ. ბიზნესომბუდსმენის აპარატში რასაც მოველოდი, ის დამხვდა.

- რეალურად, რა პრობლემების წინაშე დგას დღეს ბიზნესი?

GzaPress- ბევრი ნაბიჯი გადაიდგა, რომ ბიზნესგარემოს გაუმჯობესების, საგადასახადო ტვირთისა და წნეხის შემცირების კუთხით გარკვეული საკანონმდებლო რეგულაციები გატარებულიყო. ეს მუდმივი პროცესია, მაგრამ გარკვეული პრობლემები ბიზნესსტრუქტურებს მაინც აქვთ - მსხვილ ბიზნესს მსხვილი პრობლემები აქვს, თუმცა მაინც უფრო მეტად ორგანიზებულია. მათ საკუთარი ლობისტური ორგანიზაციები, აუდიტორული კომპანიები აქვთ, მათი პრობლემა ინსტიტუციონალიზებულია, მაღალ ეშელონებში შეუძლიათ კონტაქტები და პრობლემის პირდაპირ მათთან მიტანა. მეორე მხარეა მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელსაც კომუნიკაციის პრობლემა წესით, არ უნდა ჰქონდეს, რადგან სახელისუფლებო სტრუქტურები, მათ შორის, მინისტრებიც, მაქსიმალურად გახსნილები არიან, მაგრამ მთავარი, სწორი და შედეგზე ორიენტირებული კომუნიკაციის აწყობაა. ასე რომ, დღესდღეობით ჩვენს აპარატს ამ ორი ძირითადი მიმართულებით უწევს მუშაობა. რაოდენობრივი თვალსაზრისით წვრილი და საშუალო ბიზნესის პრობლემა უფრო ბევრი და მრავალფეროვანია.

- რა ხასიათისაა ეს პრობლემები?

- როგორც აღვნიშნე, ბევრი მიმართულებით გარკვეული ნაბიჯებია გადასადგმელი, კომუნიკაცია აწყობილი რომ იყოს, გადაწყვეტილებების მიღება მარტივად ხდებოდეს და მეორეა, ეს თვითონ საკანონმდებლო აქტებში იყოს ასახული. ჩვენ გვაქვს ე.წ. თეთრი ლაქები, რომლებიც ბევრი მცდელობის მიუხედავად, ჯერ კიდევ ვერ არის სათანადო დონეზე სტანდარტიზებული. ბატონი გახარიას ბიზნესომბუდსმენობის დროს მის საქმიანობას ძალიან დადებითად ვაფასებდი, ბევრი პრობლემა მოხსნა. იმავე ლექვინაძის შემთხვევაშიც, ბევრი ისეთი თემა იყო, რომელშიც ირაკლის აქტიური მონაწილეობით პრობლემები მოიხსნა. თუმცა, ჩემთვის მნიშვნელოვანია არა კონკრეტული პრობლემების მოხსნა, არამედ მისი ინსტიტუციონალური, სისტემური გადაწყვეტა.

საბოლოოდ, გრძელვადიან პერსპექტივაში, ბიზნესომბუდსმენის აპარატი ისეთი სტრუქტურა არ უნდა იყოს, კონკრეტული პრობლემური ბიზნესქეისის საქაღალდეამოჩრილი ომბუდსმენი ან მოადგილეები სხვადასხვა სტრუქტურაში დარბოდნენ. ჩვენ ისეთი მოდელი უნდა შევქმნათ, რომ სისტემა პრობლემის ავტომატურ რეჟიმში მოგვარებას უზრუნველყოფდეს. ამას დიდი დრო დასჭირდება, თუმცა ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ სტრიმი აქეთ უნდა იყოს მიმართული. ადამიანის ჩარევა მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი.

- ამ ეტაპზე რა არის უპირველესი და ყველაზე მნიშვნელოვანი საზრუნავი ბიზნესომბუდსმენის აპარატისთვის?

- რამდენიმე მიმართულებაა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი სასამართლოსთან დაკავშირებული თემებია. აქ გარკვეული ობიექტური ფაქტორებიცაა, რასაც გვერდს ვერ ავუვლით და თვალს ვერ დავხუჭავთ, მაგრამ ის, რომ სასამართლო სისტემა ქვეყნის ბიზნესგარემოსთვის ჯერ კიდევ აქილევსის ქუსლია, ფაქტია. ბიზნესგარემო საინტერესო, მიმზიდველია, მაგრამ ყველა გარემოება, რომელიც ბიზნესის წინსვლას, ბიზნესებს შორის ურთიერთობას ამარტივებს, ძალიან მნიშვნელოვანია. ისიც მესმის, რამდენად ბევრი საქმე აწერია თითოეულ მოსამართლეს. როცა ბიზნესებს შორის დავა მიმდინარეობს, სისხლხორცეულადაა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების სწრაფად მიღება, რადგან ამ დროს, ფული ცდება. დრო კი ყველაზე ძვირად ღირებული აქტივია ბიზნესისთვის. სასამართლოსთან კომუნიკაცია დავიწყეთ, ვცდილობთ გარკვეულ მოდელზე შევთანხმდეთ, რომ დაჩქარებულ რეჟიმში გადავიტანოთ ყველა მეტ-ნაკლებად პრობლემური ქეისი და ამავდროულად, შევქმნათ მექანიზმი, კონკურეტული მიმართულების დავების სისტემური ცვლილებისა. ვადების შემცირებაა მნიშვნელოვანი. ჩვენ ამას არავის ვაძალებთ, სასამართლო თავადაა დაინტერესებული, რომ გარკვეულ მოდელზე შევჯერდეთ, რომ პრობლემური მდგომარეობა მათთვისაც მაქსიმალურად ადვილად გადაწყდეს.

- რამდენად გახსნილები არიან სტრუქტურები თქვენთან თანამშრომლობისას?

- როცა ამ სამსახურში მოვდიოდი, ვფიქრობდი, რომ გარკვეულ სტრუქტურებთან "ჭიდაობა" მოგვიწევდა, თუმცა, მსიამოვნებს, როცა სამინისტროებთან საუბრისას, ანტაგონისტური ან მტრული დამოკიდებულება არ იგრძნობა. 10 წლის წინ, მათ ვერ დაელაპარაკებოდით, "საკუთარი ხედვა" ჰქონდათ, ახლა კი შემოქმედებითი მიდგომა შეიცვალა. მზად არიან თანამშრომლობისთვის და გამოსავლის ძიებისთვის. ჩვენი ფუნქცია ოქროს შუალედის მოძიებაა. კონცეპტუალურად ხელისუფლებას თემები სწორად აქვს დალაგებული, ჩვენ უბრალოდ ამ ხედვის ინსტიტუციონალური გამყარებები გვჭირდება. სახელმწიფოს კეთილდღეობა საბოლოდ ბიზნესის კეთილდღეობაზეა დამოკიდებული. მე და ირაკლი თამაშის წესებზე შევთანხმდით, თუ სახელმწიფო სტრუქტურებთან პრობლემა იქნება, ჩვენ ჩუმად არ ვიქნებით, რადგან ჩვენ სახელმწიფო სტრუქტურებისადმი ვალდებულებებით დამძიმებული ადამიანები არ ვართ, ბიზნესიდან მოსული ადამიანები ვართ და ეს პრობლემატიკა ჩვენთვის კარგადაა ნაცნობი. ადრე თუ გვიან, ისევ ბიზნესში წავალთ და იმისთვის, რომ ეს სასიამოვნო პროცესი იყოს, საჭიროა, დღეს გარკვეული საფუძველი სისტემურ ცვლილებს ჩაეყაროს.

- ექსპერტულ საქმიანობას ამ ეტაპზე თავს დაანებებთ, ხომ?

- ძალიან ვწუხვარ, მაგრამ თავის დანებება მიწევს, რადგან საჯარო სამსახურს გარკვეული ჩარჩოები და შეზღუდვები აქვს. ერთადერთი, რასაც "წინა ცხოვრებიდან" ვინარჩუნებ და ვაგრძელებ, ჩემი ლექციებია. დანარჩენი, ყველაფერი დაკავშირებული ექსპერტულ საქმიანობასთან, საკონსულტაციო მომსახურებასთან, მათ შორის, სხვადასხვა ტელევიზიასთან, მსხვილ ბიზნესტრუქტურასთან, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, ყველასთან გავაუქმე, ხელშეკრულებები ოფიციალურად გავწყვიტე. ახლა ჩემი საქმიანობა საჯარო თემებს უკავშირდება და ჟურნალისტებთან ამ ფორმატში გავაგრძელებ ურთიერთობას, სხვა პრობლემებს წამოვწევ წინ. ბუნებრივია, ურთიერთობის გარკვეული ჩარჩოები მექნება, მაგრამ შევეცდები, მაინც აქტიური ვიყო. ბიზნესომბუდსმენის აპარატის აქტივობის მაღალი ხარისხი მედიასთან სწორი კომუნიკაციის აწყობა, მედიის მაქსიმალური ჩართულობა, საბოლოო ჯამში განაპირობებს იმას, რომ სახელმწიფო შეიძლება სწორი გზით წავიდეს ამა თუ იმ კონკრეტულ ქეისთან დაკავშირებით.

ჟურნალისტები ძალიან მიყვარს და ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ადრე მეც ჟურნალისტი ვიყავი, ერთ-ერთ ეკონომიკურ გაზეთში ვმუშაობდი სამი წელი, ვწერდი და ჟურნალისტის პურის ფასი, მისი შრომა ჩემთვის ძალიან კარგადაა ცნობილი. ვიცი, რამდენად რთულია ჟურნალისტური წარმოების, ინფორმაციის მოპოვების, დამუშავების და საბოლოო პროდუქტის შექმნის პროცესი.

- ეკონომიკის განხრით თქვენი პროფესიული არჩევანი რამ განაპირობა?

- სკოლის დამთავრების შემდეგ, ცოტა ეიფორიაში ვიყავი, ეკონომისტობას საერთოდ არ ვაპირებდი, უფრო რომანტიკული გატაცებები მქონდა - თეატრალური, გეოლოგია, სპორტი - კლდეზე მცოცავი და მთამსვლელი ვიყავი. თუმცა, მამაჩემის რჩევა გავითვალისწინე - მოდი, შვილო, რამე რაციონალური, კონკრეტული აირჩიე და მერე რაც გინდა, ის გააკეთეო. შესაბამისად, ეკონომიკა, ფინანსები ავირჩიე და ასე შემოვრჩი. მგონია, რომ მშობლების დახმარებით, სწორი გადაწყვეტილება მივიღე და თვითრეალიზაციის პროცესშიც უფრო მეტი შანსი და შესაძლებლობა მომეცა. ახლა რომ ვფიქრობ, გეოლოგია ან თეატრალური რომ ამერჩია, შეიძლებოდა საინტერესო ცხოვრება მქონოდა, მაგრამ დღეს ყველაფერი იმდენად საინტერესოა, ძველი ემოციებისა და გატაცებების სასწორზე დადებას აღარც ვისურვებდი. ისევ ამ გზით წამოვიდოდი.

- შემდგომ, ცხოვრების განმავლობაში რამდენად გამოიყენეთ ის გამოცდილება, ინტერესები, მიდრეკილებები, რაც მაშინ გქონდათ?

- ძირითადად, მედიასა და ჟურნალისტებთან ურთიერთობაში გამომადგა (იცინის). ვფიქრობ, კარგ კომუნიკაციას ვამყარებ. გაზეთში მუშაობისას, ჟურნალისტურ წრეებთან ძალიან კარგი ურთიერთობები ჩამომიყალიბდა და ეს მეხმარება, ბევრთან ვმეგობრობ, მთელი ამ წლების განმავლობაში მაქსიმალურად ვცდილობდი, ჟურნალისტი ჩემთვის პარტნიორი ყოფილიყო. ყოველთვის ორი პრიორიტეტი მქონდა და ორი კატეგორიის ადამიანს ვერ ვეუბნებოდი უარს ვერასდროს - ჟურნალისტებს და სტუდენტებს. ერთად ბევრ სხვადასხვა თემაზე ვმუშაობთ, უკვე წლებია. მომავალშიც, სწორედ ეს ადამიანები დამეხმარებიან აქაური პრობლემების საზოგადოებამდე მიტანაში, საზოგადოებრივი აზრის სწორად ფორმირებაში, რაც უკვე საფუძვლად ედება ხოლმე სახელმწიფო პოლიტიკას.

GzaPress- თქვენს ოჯახზე რას გვეტყვით, როგორც ვიცი, სამი შვილი გყავთ, ხომ?

- დიახ და ერთი შვილიშვილი. ჩემი უფროსი ქალიშვილი 24 წლისაა, თავის მეუღლესთან ერთად, აშშ-ში ცხოვრობს და პატარა ანდრიუშა გვყავს, 5 წლის. ელენე პირველი კურსის სტუდენტია, საერთაშორისო ურთიერთობებზე სწავლობს, ილიაუნიში, ენების შესწავლითაა გატაცებული, ინგლისური ძალიან კარგად იცის, კორეულს სწავლობს, ფრანგულს, დიდი გეგმები აქვს. ახალგაზრდული ევროპარლამენტის წევრია და ჩემი ჰობი სესიებზე მისი გამოსვლებისა და მოხსენებების ყურება და წაკითხვა გახდა. როგორც მომავალ პოლიტიკოსს, ისე ვუყურებ. თემი ჯერ პატარაა - 10 წლისაა, სკოლაში დადის, მათემატიკა და კალათბურთი უყვარს. ჩემი შვილების დედები ცალკე ცხოვრობენ. დღესდღეობით, ჩემი მთავარი ინტერესი და პრიორიტეტი, შვილები არიან.

იმ თემების აქტუალურობა, რაზეც დღეს ვსაუბრობთ, სწორედ იმას უკავშირდება, რომ ეს ჩემი შვილებისთვისაა მნიშვნელოვანი, გადაწყვეტილებების მიღებისას სწორედ ჩემი შვილების მომავალს ვითვალისწინებ. მეც, ჩემი შვილებიც ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ ეს არის ქვეყანა, რომელსაც დიდი შესაძლებლობები, პოტენციალი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი უფროსი შვილი აშშ-ში ცხოვრობს და ელენეც კორეაში აპირებს წასვლას, იქ მუშაობას, კვლევების ჩატარებას, საბოლოოდ ყველანი შევთანხმდით, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც უნდა ვიცხოვროთ.

- რამდენად ხშირად ახერხებთ მათ ნახვას?

- მაქსიმალურად ვცდილობ, ჩვენ ყოველდღიური ურთიერთობა გვქონდეს. კვირაში 3-4 დღე ერთად ვართ, მაკო კი ჩემი მუდმივი ტკივილია, ყელში ბურთი მაწვება ხოლმე, როცა სკაიპით ველაპარაკები, რადგან სამი წელია არ მინახავს. იმედი მაქვს, როცა უფრო კარგად დალაგდებიან, სწავლის და შრომის პირობები უკეთ დაულაგდებათ, მათი ნახვის მეტი საშუალება მექნება.

- საქმიანი, დატვირთული გრაფიკის შემდეგ, განტვირთვას როგორ ახერხებთ და ახლა რა არის თქვენი ინტერესების ძირითადი სფერო, ჰობი?

- ადრე ეს გიტარაზე დაკვრა და სიმღერა იყო, რა თქმა უნდა, მეგობრებთან ურთიერთობა, ჩემი ძველი სპორტული გატაცებებიდან გამომდინარე - ლაშქრობები, მთაში სიარული, თხილამურები და ა.შ. დღეს რომ ვზივარ და ვფიქრობ, რეალურად რა არის ჩემი ჰობი, მივხვდი, რომ ეს შვილებია! ის ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე, რა თქმა უნდა, კვლავაც დარჩა და ჩემი ცხოვრების ნაწილია, ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ საბოლოოდ, ყველაზე დიდი ჰობი სწორედ ჩემი შვილები და ჩემი პატარა ანდრიუშაა. ყველაფერი სხვა უკვე მესამე და მეოთხეხარისხოვანი ხდება, ესენი იმდენად ნომერ პირველი პრიორიტეტები არიან, რომ სხვა რაღაცები აღარ მახსოვს. საბოლოო ჯამში, ადამიანები ალბათ გარკვეულ ასაკში მიდიან იმ დასკვნამდე, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება ადამიანისთვის არსებობდეს, მისი ოჯახია, გამოხატული შვილებში. ასე რომ, შვილები ჩემთვის ყველაფერია! მათთვის კარგი ცხოვრების, კარგი შესაძლებლობების, კარგი გარემოს მქონე ქვეყნის შექმნა, მის შენებაში მონაწილეობა - ესაა მთავარი. თუკი ქვეყანა, რომელიც მათ ძალიან უყვართ, კარგი იქნება, ჩემზე ბედნიერი ადამიანი სამყაროში არ იქნება.

თამთა დადეშელი