ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება - რა თანამდებობას დაიკავებს ექსპრემიერი? - გზაპრესი

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება - რა თანამდებობას დაიკავებს ექსპრემიერი?

როგორც დღეს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ოფისში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის პარტიის სათავეში დაბრუნება პოზიტიურად აისახება ქვეყანაზე.

"მინდა გაგაცნოთ ის მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც იგეგმება "ქართულ ოცნებაში". სრულიად ბუნებრივია ინტერესი მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესების მიმართ და ხალხს სჭირდება სიცხადე. ჩვენ, როგორც ხელისუფლებაში მყოფი მმართველი ძალა, ვგრძნობთ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ქვეყნისა და ხალხის წინაშე და მივიჩნევთ, რომ სახელმწიფოს განვითარებისა და ახალი გამოწვევების ფონზე დადგა აუცილებლობა მაქსიმალურად გავაძლიეროთ პარტია

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" და სიმტკიცე შევძინოთ ჩვენს გუნდს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარტიის შიგნით მიმდინარე დემოკრატიული პროცესები, ამავე დროს ჩვენ გვაერთიანებს მკვეთრად გამოხატული ღირებულებები, ერთიანი ხედვები როგორც საშინაო, ისე საგარეო მიმართულებით. ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენ როგორც მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ შევინარჩუნოთ ერთიანობა ფუნდამენტურ სახელმწიფოებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ერთ-ერთ უმძიმეს დროს ჩამოაყალიბა პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო", რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებაში. ყველასთვის ნათელია, თუ რამდენად დიდია ჩვენი გუნდისთვის მისი დამაარსებლის, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი. მინდა გითხრათ, რომ პირადად ჩემი და მთელი გუნდის სახელით მე შევთავაზე და ვთხოვე ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, რომ სათავეში ჩაუდგეს ჩვენს პარტიას და მოხარული ვარ, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა. მას ყველაზე მეტად ძალუძს გააძლიეროს მთავარი პოლიტიკური ბირთვი პარტიის თავმჯდომარის რანგში, შესძინოს მეტი და ახალი დინამიკა შემდგომი განვითარებისთვის, მეტი ეფექტურობისთვის და პროგრესისთვის, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებას და თვითმმართველ ორგანოებს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში გაიმართება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა, რის შემდეგაც გაიმართება ყრილობა.

"დარწმუნებული ვარ, რომ როგორც პოლიტსაბჭო, ისე საქართველოდან წარმოდგენილი დელეგატები, ერთხმად აირჩევენ ბიძინა ივანიშვილს ახალ თავმჯდომარედ და შესაბამისად არჩეული იქნება პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობაც. დარწმუნებული ვარ, ეს გადაწყვეტილება პოზიტიურად აისახება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე, ეს იქნება ახალი იმპულსი ჩვენი გუნდისთვის და პირადად ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრისთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.