"სომხეთის ჩიბურაშკის" დამარცხება თუ სტრატეგიული უკან დახევა - გზაპრესი

"სომხეთის ჩიბურაშკის" დამარცხება თუ სტრატეგიული უკან დახევა

11-დღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, რომელმაც ერევნის გარდა, სომხეთის სხვა ქალაქებიც მოიცვა, რამდენიმე დღის წინ არჩეული პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი თანამდებობიდან გადადგა, ოპოზიციის ლიდერმა, ნიკოლ პაშინიანმა კი ვადამდელი არჩევნები მოითხოვა.

ახლა მთავარია, რამდენად მიუახლოვდებიან ფინიშს საპროტესტო აქციის ლიდერები, რას მოუტანთ თერთმეტდღიანი აქცია, რისთვისაც იბრძოლეს... პირველი - სარგსიანის გადადგომა მიღწეულია და მეორეც, ახალარჩეულმა პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა, რომელიც არჩევნებში სარგსიანის ფავორიტი იყო, პარლამენტი დაითხოვა...

ახლა ქვეყანას პრაქტიკულად, ვიცე-პრემიერი კარენ კარაპეტიანი მართავს. რა მოხდება შემდეგ, რამდენიმე დღეში გაირკვევა. აქციის მონაწილეები ჯერჯერობით არ იშლებიან; ადგილობრივების თქმით, სომხეთში მიმდინარე მოვლენები კორუფციით, ადამიანის უფლებების შეზღუდვითა და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებით შეწუხებული ხალხის ძლიერი პროტესტით იყო განპირობებული.

ადგილობრივების თქმით, საპროტესტო პროცესები, არც ერთი გარეშე ძალის - დასავლეთის ან რუსეთის მხრიდან მართული არ ყოფილა. თუმცა, სომხეთის მოსახლეობის პროტესტი იმ დემოკრატიული ღირებულებების მხარდაჭერას გამოხატავდა, რომელთაც დასავლეთი იცავს და რუსეთი ეწინააღმდეგება... საქმე ის არის, რომ ამის შესახებ თამამად საუბრობენ ახალგაზრდები. უფროსი თაობის წარმომადგენლები ჯერ კიდევ ლოიალური არიან რუსეთის მიმართ და მათი საწინააღმდეგო არაფერი აქვთ, მაგრამ კრემლის პოლიტიკას ვერ ეგუებიან, რადგან პუტინი და მისი ხელისუფლება წლების განმავლობაში ამუხრუჭებდა სომხეთის განვითარებას...

სომეხი ანალიტიკოსების აზრით, სომხეთში რუსეთის ჩრდილიდან გამოსვლის შეუქცევადი პროცესი დაიწყო. თუმცა, ყარაბაღის სადავო საკითხის გათვალისწინებით, სომხეთს რუსეთის მარწუხებიდან თავის დაღწევა გაუჭირდება ისევე, როგორც სარგსიანის გავლენებისგან, რომელსაც ადგილობრივი საზოგადოება "ჩიბურაშკას" უწოდებს და რომელიც პირველ ეტაპზე ფორესტ გამპთან ბრძოლაში დამარცხდა...

ადგილობრივი ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ ხალხისგან უარყოფილი სერჟის დამარცხება არც ისე იოლია და არ არის გამორიცხული, რომ მან უბრალოდ, სტრატეგიული უკან დახევა განახორციელა. "საეჭვოდ სწრაფად და გულჩვილად დანებდა სერჟი, რაც მის ხასიათში არ ჯდება. ჭადრაკის მრავალგზის ჩემპიონმა შესაძლოა, პაიკობიდან ისევ ლაზიერობამდე იბრძოლოს, მით უფრო, რომ პატარა სომხეთს, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს, თითქმის 25 წელი მართავდა ჩიბურაშკა..."

GzaPressსტეფან გრიგორიანი, სომეხი პოლიტოლოგი:

- ის, რომ სარგსიანი გადადგა, ძალიან კარგია, მით უფრო, რომ პროცესები უსისხლოდ დასრულდა... მან ბევრჯერ მოატყუა ხალხი. ბოლოს თქვა, რომ პრემიერ-მინისტრობაზე პრეტენზია არ ექნებოდა, თუმცა, ასე არ მოხდა. როგორც ჩანს, ძალაუფლება გაუტკბა და კონსტიტუციის თავის თავზე მორგებას შეუდგა. ხალხი მაშინ გამოხატავს პროტესტს, როდესაც ხელმძღვანელობა ასე თავხედურად იქცევა... ყველა ასაკის ადამიანი ვნახე ერევნის ქუჩებში და მაშინ მივხვდი, რომ სარგსიანის წასვლის დრო იყო.

სერჟი საკმაოდ ჭკვიანია, მაგრამ გარემოცვამ ეტყობა მაინც ვერ აუხსნა ვითარება კარგად. არადა, ვიცი, რომ ის მხოლოდ საკუთარ თვალებსა და ინტუიციას ენდობა... ერთდროულად 350 ადამიანი დააკავეს და არ დაინტერესებულან, ამით კიდევ რამდენი ადამიანის პროტესტს გამოიწვევდნენ და კიდევ რამდენის დაკავება მოუწევთ... თუმცა, მისი წასვლა მაინც არ ნიშნავს დანებებას - პოლიტიკური ბრძოლა დასრულდა გუშინ, მაგრამ ტექნიკური - გრძელდება. მეორე ნაწილში კი, სერჟი საკმაოდ ძლიერია, რადგან მას ძლიერი მხარდამჭერი - რუსეთი ჰყავს, რომელზეც პრაქტიკულად მიბმული ვართ. ასე რომ, ახლა გონივრული მოქმედება გვმართებს, რომ ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეზე ბოლომდე მიბმული არ აღმოვჩნდეთ... ახლა სომხეთში სერიოზული ცვლილებები უნდა დაიწყოს. სხვა შემთხვევაში ქვეყნის სათავეში ისევ სერჟის ხალხი მოვა და ტოტალურ სისტემაში მოგვიწევს ცხოვრება, რომლისკენაც რუსეთი გვექაჩება...

სერგეი ჩამანიანი, სომეხი ექსპერტი:

- დიდი ალბათობით, ძალაუფლება ოპოზიციურ ძალა "ელკის" ლიდერს გადაეცემა, რომელიც ამ საპროტესტო აქციების სულისჩამდგმელია და რომელსაც ასე ყოჩაღად გაართვა თავი. ახლა ჩამოყალიბდება დროებითი პარლამენტი, თუმცა, ღმერთმა ნუ ქნას, რომ მასში ისევ "რესპუბლიკური პარტიის" წევრები მოხვდნენ, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ყოფილი კომუნისტია და სერჟის დროს ბედნიერად ცხოვრობდნენ.

ფორმალურად, კონსტიტუციური პროცედურები ასეთი იქნება - ახალ მმართველობას არ დაამტკიცებს პარლამენტი იქამდე, ვიდრე ახალი, ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება. პაშინიანი ახალი პოლიტიკური ფიგურა და უპირობო ლიდერია, მაგრამ როგორი პრემიერ-მინისტრი იქნება, ამაზე საუბარი ჯერ ძნელი იქნება. ცნობისათვის, ამ თანამდებობისთვის ჩვენც გვყავს კანდიდატურა - ვიცე-პრემიერი. სომხეთის კონსტიტუციის თანახმად, პირველი ორი ვიცე-პრემიერი მართავს ქვეყანას, ხოლო პოლიტიკურ ლიდერობას თავის თავზე პაშინიანი აიღებს. თუმცა, არსებობს მეორე რეალობა, რომლის უთქმელობა უსამართლობა იქნება: ადამიანმა, რამდენიმეწლიანი ნიჰილიზმის შემდეგ, 11 დღეში პოლიტიკურ ცვლილებას მიაღწია, ამის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო, თავდაუზოგავად იბრძოლა და ამის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრი სხვა გახდება - ეს უბრალოდ, უსამართლობაა.

რა საგარეო კურსს აირჩევს სომხეთის ხელისუფლება ამ ყველაფრის შემდეგ და როგორი იქნება რუსეთის ხელისუფლების ნაბიჯები? ხომ არ გახდება ეს თავად სომხეთის ოპოზიცისაა და იდეის - სარგსიანის გაშვების გარშემო გაერთიანებული სომეხი საზოგადოებისთვის განხეთქილების საბაბი, რადგან ერთ ნაწილს მაინც მყარად სჯერა, რომ რუსეთის გარეშე სომხეთი, როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად დაიღუპება, მით უფრო, საგარეო ფაქტორების გათვალისწინებით; ეს არის კითხვები, რომელიც სომხეთში ბოლო დღეებში მთავარი განსჯის საგანია.

რასაკვირველია, რუსეთი არ აყოვნებს და აბობოქრებულ სომეხ მოსახლეობას საგარეო საფრთხეებსა და "ორი ქვეყნის მეგობრობის მნიშვნელობას" ახსენებს.

ალექსეი მარტინოვი, მოსკოვის საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორი:

GzaPress- სერჟ სარგსიანის თანამდებობიდან წასვლა არანაირად არ აისახება ერევნისა და მოსკოვის ურთიერთობაზე. სომხეთში დაწყებული საპროტესტო ტალღა სარგსიანის მმართველობის სტილით იყო განპირობებული და არა რუსეთის მიმართ უკმაყოფილებით. აქციაზე გამოსული თითქმის ყველა სომეხი ამბობდა, რომ რუსეთის საწინააღმდეგო არაფერი აქვს. ეს უკვე კარგია, რაც მათ გონივრულ გადაწყვეტილებებზე მიანიშნებს. მიუხედავად იმისა, რომ "ფერადი რევოლუციისთვის" დამახასიათებელი გარკვეული ელემენტები იქაც გამოიკვეთა, ერევანმა მაინც დაამტკიცა, რომ ის კიევი არ არის, სადაც მაიდნის შემდეგ, ვითარება ომამდე მივიდა და ქვეყნის აღმოსავლეთში დღემდე ტყვიების ზუზუნი არ წყდება...

ახლა მთავარია, ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ვითარებას ერთბაშად დაამშვიდებს... როგორც ჩანს, ყოფილი პრეზიდენტი სარგსიანი დაიღალა. მან ვერ შეძლო იმ რეფორმების განხორციელება, რასაც მოსახლეობა ითხოვდა. ამას მოჰყვა მასობრივი პროტესტი. პაშინიანმა ეს ყველაფერი კარგად გამოიყენა, მან რეფორმების მოლოდინში სასოწარკვეთილი და იმედგაცრუებული ადამიანები სარგსიანის წინააღმდეგ დარაზმა და შედეგსაც მიაღწია. არადა, პარტიამ, რომელსაც პაშინიანი წარმოადგენს, საპარლამენტო არჩევნებში 5% აიღო. მას უკვე დათხოვნილ პარლამენტში სულ რამდენიმე დეპუტატი ჰყავდა, ახლა კი, მთელი ქვეყანა მხარს უჭერს და მზად არიან პრემიერ-მინისტრადაც აირჩიონ. ამიტომაც მგონია, რომ სარგსიანი დაიღალა. მას სადავეები ხელიდან გაექცა...

პაველ სალინინი, პოლიტიკური კვლევის ცენტრის დირექტორი:

- დე იურედ, სომხეთი ევროკავშირში არათუ შედის, მან უკვე ხელი მოაწერა ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებულ პარტნიორობას. თუმცა, რეალურად სომხეთის სტრატეგიულ პარტნიორად რუსეთი რჩება. იქ ძირითადად, რუსული კომპანიები მუშაობენ, ისინი დებენ ინვესტიციებს და ქმნიან სამუშაო ადგილებს... რომ არაფერი ვთქვათ, ელექტროენერგიით მომარაგებაზე - ვგულისხმობ "ინტერ რაო ესს", რომელიც პრაქტიკულად მთელ სომხეთს ამარაგებს. ამასთან, სომხეთის რკინიგზის სადგური, 100%-ით რუსეთის რკინიგზის სადგურის მფლობელობაშია. ამ დროისთვის სომხეთში, 1300-ზე მეტი რუსული კომპანია მუშაობს, რომლებმაც იქ 4 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩადეს.

მნიშვნელოვანია, რომ მას შემდეგ, რაც სომხეთი ევრაზიული კავშირის წევრი გახდა, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები გაიზარდა. კონკრეტულად, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში 38%-ით მოიმატა. სომხეთს უნდა ახსოვდეს, რომ რუსეთის ეკონომიკაზეა მიბმული და ამ ფონზე სომხეთის ევრაზიული კავშირიდან გასვლა, მისთვის თვითლიკვიდაციის ტოლფასია...

ლალი პაპასკირი