რა გაარკვია ”ნაციონალურმა მოძრაობამ” 15 ნოემბერს, ”გადაფხრეწილი” გამოსვლებით - გზაპრესი

რა გაარკვია ”ნაციონალურმა მოძრაობამ” 15 ნოემბერს, ”გადაფხრეწილი” გამოსვლებით

სულ რამდენიმე დღის წინ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ საქართველოში აქციების ხანა, სავარაუდოდ, კიდევ დიდხანს გაგრძელდება. ასევე დიდი ხნის კამათისა და მსჯელობის საგანი იქნება აქციებზე მოსული ადამიანების რაოდენობა. 15 ნოემბერს, ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამართულ აქციას, ზოგმა მრავალათასიანი უწოდა, ზოგმა კი ირონიით აღნიშნა, რომ ეს პარტიისთვის გამართული შეკრება იყო. თუმცა, საინტერესო, სხვა რამ არის, - რისი შემოწმება თუ გადამოწმება უნდოდა ოპოზიციაში მყოფ პოლიტიკურ ძალას ამ აქციით...

გოგა ხაჩიძე, საპარლამენტო უმცირესობის წევრი:

- ხელისუფლების წარმომადგენლების მცდელობის მიუხედავად, სხვა კონტექსტში წარმოეჩინათ აქციის შინაარსი, თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ის მაინც გაიმართა. 15 ნოემბერს ერთად ვიყავით პარტიის წევრები და ჩვეულებრივი მოქალაქეები, ვინც ჩვენს პოზიციას იზიარებს. ჩვენ ხალხსა და ხელისუფლებას ვუთხარით, რომ არ შეიძლება ის პოლიტიკა გაგრძელდეს, რაც ახლა რუსეთთან დაკავშირებით მიმდინარეობს, რისი შედეგიც არის აფხაზეთში კატასტროფულად განვითარებული პოლიტიკური პროცესები...

- ბატონო გოგა, დავის საგანი გახდა აქციის მონაწილეების რაოდენობა...

- საქართველოში ეს საკითხი მუდმივად იქნება განხილვისა და კამათის საგანი. აქციაზე მართლაც ძალიან ბევრი ადამიანი იყო და თუ საერთაშორისო საინფორმაციო საშუალებების მიერ მოხსენიებული არგუმენტები აინტერესებთ, ბი-ბი-სის ცნობით, 30 ათასზე მეტი ადამიანი ესწრებოდა აქციას. მესმის, რომ ამან საქართველოს მთავრობას სიმშვიდე დაურღვია და თუ მათ დავამშვიდებ, ვეტყვი, რომ სულ რაღაც ხუთნი ვიყავით... ეს ხუმრობით, ისე კი, იმისათვის, რომ რეალობას არ მოსწყდნენ, კარგი იქნება, უცხოურ მედიას გადახედავენ. მხოლოდ აქციაზე მოსული ადამიანების რაოდენობის გასარკვევად კი არა, საერთოდ, ბევრ სხვა საინტერესო თემაზე გაიგებენ სიმართლეს. ეს კეთილი რჩევაა ჩემგან.

GzaPress

- ექსპრეზიდენტმა უკრაინიდან ჩართვისას აღნიშნა, რომ 100 ათასზე მეტი იყო...

- ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. მთავარია, რომ მართლაც ბევრი ხალხი იყო და სათქმელი ითქვა. რაც შეეხება გეგმებს, - ჩვენი ხელისუფლებისგან განსხვავებით, ძალიან მწყობრი და თანამიმდევრული გეგმები გვაქვს. ეს იქნება ქუჩის საპროტესტო აქციები, საპარლამენტო მუშაობა თუ საერთოდ, პოზიციის დაფიქსირება. ვწუხვარ, მაგრამ ჩვენს ხელისუფლებას ვერ შევპირდებით, რომ მათსავით მდორედ გავაგრძელებთ ცხოვრებას. ყველანაირი სამუშაო გეგმა წინასწარ გვაქვს დაგეგმილი და განსაზღვრული. 15 ნოემბრის აქციიდან გამომდინარე, საზოგადოება და ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ ჩვენ არ ვართ ის ოპოზიცია, რომელიც არაფრისმომცემ რადიკალიზმს ირჩევს და არ ვგავართ იმ ოპოზიციას, რომელიც ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნისას ამ გზას ირჩევდა და თვეობით აფერხებდა ქალაქის ცხოვრებას, კარვებით ცხოვრობდა თბილისში, საკმაოდ აგრესიულ განცხადებებს აკეთებდნენ ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით და რეალურად, არაფერი იცვლებოდა.

ნოდარ სარჯველაძე, ფსიქოლოგი:

- ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ 15 ნოემბერს გამართულმა მყვირალა და აგრესიულმა აქციამ, 90-იანი წლების დასაწყისი გამახსენა, ოღონდ, რა თქმა უნდა, ფორმით და არა - შინაარსით. ”ეროვნული მოძრაობის” მიტინგების დროს, ყველა ომახიანად გაიძახოდა რაღაცას და ომახიანი შეძახილებითა და ყვირილით ეგონათ, რომ მტერს დააფრთხობდნენ. ასევე, ეგონათ, რომ ასე უფრო დამაჯერებლები იქნებოდნენ. სინამდვილეში, ჭეშმარიტებას ყვირილი არ სჭირდება და დამაჯერებლობა ხმადაბლა და მშვიდად გამოხატულ აზრს უფრო აქვს. ”ნაციონალების” აქციაზე კი, მრავლად იყო ”გადაფხრეწილი” გამოსვლები და ისტერიკული ყვირილით, რაღაცის გადაფარვას ცდილობდნენ... გარდა ამისა, მათ დღის წესრიგს გადაუხვიეს და იმ დღეს ტრიბუნა აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე საუბრისთვის კი არა, მთავრობის ლანძღვა-გინებისთვის გამოიყენეს. ეს იყო ხელისუფლების საწინააღმდეგო აქცია და არა - რუსეთისგან თავდაცვის საწინააღმდეგო აქცია. საზოგადოებაზე ზემოქმედების ასეთი მეთოდი, არის პროვინციალიზმის გამოვლინება, რადგან ცივილიზებულ სამყაროში, როდესაც რაიმე ტიპის აქცია ან ღონისძიება იგეგმება, დღის წესრიგი არ ირღვევა.

- რაც შეეხება აქციის არსს, რა შეამოწმეს ამით ”ნაციონალური მოძრაობის” მესვეურებმა?

- ერთდროულად ბევრი რამ: ამ აქციის შემდეგ უნდა განისაზღვროს მათი, როგორც პოლიტიკური გუნდის მომავალი. ისინი დიდხანს იქნებიან ქართული პოლიტიკის არენაზე, რადგან ”ოცნებას” ხელს აძლევს მათი არსებობა, სულ მათზე ლაპარაკობს და სანამ სახელისუფლებო გუნდი მათზე ლაპარაკობს, ისინი ”რადარებიდან” არ გაქრებიან. თავის მხრივ, ”ნაციონალებიც” სულ ოცნებაზე ლაპარაკობენ. ასე რომ, ეს ორი პოლიტიკური გუნდი ერთმანეთს პოლიტიკურ სიცოცხლეს უხანგრძლივებს. ეს ერთგვარად შეთანხმებული თამაშია, თუმცა კი, ერთმანეთს ვერ იტანენ.

ზაზა ფირალიშვილი, ფილოსოფოსი:

- თავიდანვე ცხადი იყო, რომ 15 ნოემბერს განსაკუთრებული არაფერი მოხდებოდა. საუბარი ”სახელმწიფო გადატრიალებასა” და მსგავს თემებზე, უბრალოდ გადაჭარბებული იყო... ”ნაციონალურმა მოძრაობამ” ამ აქციით ხელისუფლებიდან წასვლიდან ორი წლის თავზე, საკუთარი ძალები დაათვალიერა ანუ მოსინჯა, თავისი მომხრეების მობილიზების რა პოტენციალი აქვს, რამდენად დასძლია დაბნეულობა და შიში.

- თუ აქვს იმ ვერსიას არსებობის უფლება, რომ მოქმედი ხელისუფლების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება შეაფასეს?

- რა თქმა უნდა, მათ აინტერესებდათ და მოსინჯეს, თუ რამდენად შორს არის წასული ხალხის უკმაყოფილება ახლანდელი ხელისუფლების მიმართ. ამასთან, აინტერესებთ, გადაფარა თუ არა ამ უკმაყოფილებამ მათ მიმართ არსებული უარყოფითი დამოკიდებულება, - ანუ რა ახსოვს საზოგადოებას და რა - დაავიწყდა ან დაივიწყა...

- ამ კითხვებს პასუხი გაეცა?

- დიახ, ნაწილობრივ... მართალია, ”ნაციონალები” შოკიდან გამოვიდნენ, მაგრამ უახლოეს წლებში მაინც ვერ შეძლებენ, საზოგადოებაში არსებული უკმაყოფილების გამხმოვანებლები იყვნენ. ამის უფლებას მათ მიმართ არსებული განწყობა არ მისცემს... თუმცა, ეს მათ ვერ შეაფერხებს, ”ნაციონალები” უახლოეს მომავალში განაგრძობენ აქციებს იმის გასარკვევად, თუ რამდენად არსებობს საპროტესტო ტალღის გაზრდისა და აგორების საფუძველი და რამდენად შეიძლება, თავად იქცნენ ამ პროტესტის გამომხატველებად.

- აქციაზე ”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა აფხაზეთთან დაკავშირებით ხელისუფლებას უუნარო და უხერხემლო უწოდეს... რას იტყვით ამაზე?

- აჯობებდა, ”ნაციონალურ მოძრაობას” ასეთი განცხადებების გაკეთებამდე კარგად გაეაზრებინა, რა მოხდა 2008 წელს ისეთი, რომ საერთაშორისო საზოგადოება საქართველოსა და უკრაინის პრობლემებს ერთ კონტექსტში იშვიათად განიხილავს...

GzaPress

სოსო ცისკარიშვილი, პოლიტოლოგი:

- 15 ნოემბრის აქციაზე ”ნაციონალურმა მოძრაობამ” ერთბაშად ბევრი რამ შეამოწმა, - მათაც ჰყავთ საღად მოაზროვნე ადამიანები და იმედია, მიხვდებოდნენ, რა ”უთხრა” ამ აქციაზე ქართველმა ხალხმა.

- რას გულისხმობთ?

- იმას, რომ ეს აქცია არ იყო ისეთი, როგორიც მათ უნდოდა, რომ ყოფილიყო; ყველაზე მეტად აინტერესებდათ, დაივიწყა თუ არა საზოგადოებამ მათ მავნებლობები... და კიდევ, აქციის იდეა ყოფილი პრეზიდენტისთვის ტრიბუნის მიცემის შანსი იყო. მან საკმარისი დრო დახარჯა, ახლანდელი ხელისუფლების წყევლა-კრულვაში. როგორც იტყვიან, გული მოიფხანა, მაგრამ მთავარი სხვა რამეა, - ”ნაციონალებმა” ვერ შეძლეს ახლის შეთავაზება. სხვადასხვა გარემოების გამო, ამისთვის მზად არ აღმოჩნდნენ. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ 15 ნოემბრის აქცია მომავალზე გათვლილი არ ყოფილა. მათი შეკრება ვერა და ვერ იქნება მომავალში საპროტესტო ტალღის აგორების მიზეზი.

- თუმცა, თავად არ ფიქრობენ ასე...

- დიახ, მათ ალბათ აქვთ გარკვეული თვითკმაყოფილება, მაგრამ იმედია, ყველას - არა. ამ ოპოზიციური ძალის მიერ ხელისუფლების კრიტიკა სრულიად არ განსხვავდებოდა ორღობეში მდგარი, გაცეცხლებული დედაკაცის წყევლისგან. ჩვენ კი ვიხილეთ, არაპოლიტიკური ფრაზებით მოსაუბრე, ძარღვებდაბერილი და გაცეცხლებული ადამიანები. შეიძლება ითქვას, რომ ”ნაციონალებმა” ერთხელ კიდევ ”გაიმიტინგეს”... სხვათა შორის, ვეცადე, პარალელი გამევლო შარშანდელ ნოემბრის აქციასა და ახლანდელს შორის, მაგრამ მსგავსება ვერ დავინახე. მათ აზროვნებასა და ცნობიერებაში ამ ერთი წლის განმავლობაში არაფერი შეცვლილა, მეტიც, - წელს ბევრად უფრო თავდაღმართში არიან, ვიდრე შარშან.

- ახლანდელ ხელისუფლებას ”უხერხემლო და უუნარო” უწოდეს, რასაც საზოგადოების ერთი ნაწილი მართლაც ეთანხმება...

- ”ხერხემალი” და ”უნარი” საზომი ერთეული არ არის, პოლიტიკური გუნდი მათი მუშაობის ეფექტიანობით აიხსნება, რისი პრობლემაც ნამდვილად აქვს დღევანდელ ხელისუფლებას და ამის წამოძახების შანსს ხელიდან არ გაუშვებენ... ისე კი, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ”ქართული ოცნება” და ”ნაციონალური მოძრაობა” ერთმანეთის გარეშე, ბევრად დაბნეულ ვითარებაში იქნებოდნენ... რაც შეეხება ”ნაციონალური მოძრაობის” მომავალს, ისინი დაღმართში არიან. ფაქტია, რომ ჯერაც ჯიუტად დგანან მცდარ პოზიციაზე, რადგან ამ ორი წლის განმავლობაში, რაც ოპოზიციაში არიან, ერთი შეცდომის აღიარებაც კი ვერ შეძლეს. საერთოდ, ეს არის გუნდი, რომელსაც თვითკრიტიკის უნარი არ აქვს. ეს კი პოლიტიკური ორგანიზაციისთვის დამღუპველია. სხვათა შორის, თვითკრიტიკის მიმართ მწყრალად არის ”ქართული ოცნებაც”, რომელსაც ერთი შეცდომის აღიარების პრეცეტენდიც კი არ ჰქონია. არადა, კარგი იქნებოდა, ”ნაციონალური მოძრაობის” შეცდომებზე მაინც ესწავლათ.

ლალი პაპასკირი