- ბოლო დროს, ქართულ პოლიტიკაში საკმაოდ ბევრი მოულოდნელი და ხმაურიანი რამ მოხდა. თქვენი აზრით, რა განვითარებას პოვებს ეს ყველაფერი უახლოეს მომავალში და როგორ აისახება სხვადასხვა პარტიის საქმიანობაზე?
- გარდა იმ ფაქტისა, რომ ზოგიერთი რეპლიკის გამო, საქართველოს კურსი ეჭვქვეშ დადგა, სხვა დანარჩენი, მგონი, პოზიტიურიც კია და ამას უკვე ხელისუფლებაც ამბობს: პოლიტიკა მრავალფეროვანი ხდება, რაც მისასალმებელია. ნაძალადევ ერთობას დიფერენცირებული ჯგუფების არსებობა ჯობია და ჯგუფების სიმრავლე დემოკრატიისთვისაც კარგია. თუმცა, ის ფაქტი, რომ პროკურატურის მოქმედების გამო, დარტყმა სახელმწიფოს ავტორიტეტზე, მის იმიჯზე გაკეთდა, მგონი, არც ერთი პარტიისა და პოლიტიკოსისთვის არ არის მოსაწონი. მხარეების გამოსვლა - ალასანიას რა ლექსიკითაც უპასუხა ღარიბაშვილმა, - ზედმეტი ემოციების შედეგია და კიდევ ერთი გაკვეთილია იმის დასანახავად, რომ პოლიტიკაში ემოციები გამორიცხულია.
- "ნაციონალური მოძრაობა" აქტიურად ცდილობდა ერთადერთი და ძლიერი ოპოზიციის იმიჯის დამკვიდრებას და ფაქტობრივად, უალტერნატივოც იყო, რადგან სხვა პარტიების რეიტინგი, ვიცით, რომ კიდევ უფრო დაბალი იყო, ახლა კი, ძლიერ კონკურენტად საკმაოდ რეიტინგული ალასანია მოევლინა არახელწამოსაკრავი გარემოცვითა და პატივსაცემი ფიგურების მხარდაჭერით. რამდენად დააზარალებს "ნაციონალებს" პოლიტიკურ ასპარეზზე "თავისუფალი დემოკრატების" გამოჩენა?

- ისეთი მოსაზრებებიც გავრცელდა, თითქოს მთავრობასა და ალასანიას შორის დაპირისპირება ხელოვნურადაა აგორებული, "ნაციონალური მოძრაობის" დაკნინების მიზნით, რადგან ვიცით, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი სწორედ ამას მოითხოვს, მათ მიმართ აგრესიულადაა განწყობილი და ზოგი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასაც ითხოვს, რათა საკანონმდებლო ორგანოში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდეს. ამისთვის კი ისეთი ოპოზიციური ძალის არსებობა იყო საჭირო, რომელსაც ელექტორატი ნულპროცენტიან პარტიებზე მეტი ეყოლებოდა. როგორ ფიქრობთ, რამდენად ახლოსაა ეს ეჭვი სიმართლესთან?
- "ნაციონალური მოძრაობა", როგორც ოპოზიცია, ერთადერთი კი იყო, მაგრამ დიდად შედეგიანი - არა. მართალია, პოლიტიკური პარტიები არსებობს, მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეების ყურადღების მიქცევას ვერ ახერხებენ. "ნაციონალურმა მოძრაობამ" ისეთი 9 წელი გაიარა, რომ საზოგადოება კი აქცევს მათ ყურადღებას, მაგრამ ძირითადად, საჩხუბრად, პრეტენზიებით. ამ ფონზე, ღიმილის მომგვრელია, რა ჩანაფიქრსა და სცენარზეა საუბარი. რა საჭიროა სცენარი იმისთვის, რომ პარტია, რომელსაც ისედაც არანაირი ძალა არ აქვს, დაასუსტო? რატომ უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები? თუ უმრავლესობა არ არის ამით დაინტერესებული, არ მოხდება. მე კი მეეჭვება, დღეს ხელისუფლებას ეს ხელს აძლევდეს, რადგან "ქართული ოცნების" საუკეთესო პერიოდი ნამდვილად არ გახლავთ და იყოს ის ორმოცი კაცი პარლამენტში, რას უშლის ან რომ არ შემცირდეს, რა მოხდება?
- ფაქტია, მოსახლეობას აღიზიანებს. რას იტყვით იმ "ნაციონალებზე", რომლებმაც კოალიციის რიგები სულ ახლახან გაამაგრეს?
- ასეთი რამ ნებისმიერ პარტიაში და ნებისმიერ ქვეყანაში ხდება. როცა ესა თუ ის პარტია ხელისუფლებაში მოდის, სწორედ მაშინ გაწევრდებიან ხოლმე. ხალხის ეს ნაწილი, სამწუხაროდ, საქართველოში ძალიან დიდია. ნახავს, რომელ პარტიასთანაა სასარგებლო ყოფნა და მასთან დადგება, ვისთანაც მეტი ცხოვრებისეული ხეირი ექნება, ყოველგვარი პოლიტიკური იდეოლოგიის გარეშე. ასეთები ყველგან არიან და ეს ჩემში გაკვირვებას არ იწვევს.
- თუმცა, მარიკა ვერულაშვილი ასეთების რიგში ალბათ ნაკლებად შედის, არა?
- ვერულაშვილი საერთოდ, ნამდვილად არ არის მარტივი პოლიტიკური მოტივების მქონე პოლიტიკური ფიგურა. ვიცით, რომ ძალზე ერთგული "ნაციონალი" იყო, მაგრამ ამავე დროს, მათი აქტიური კრიტიკოსი გახდა ბოლო პერიოდში. ამიტომ, ვერულაშვილის შემთხვევაში, ეს უფრო კონცეფციის მიხედვით მოძრაობაა და არა - ხეირის.
- თავდაცვის ახალი მინისტრის დანიშვნას უმეტესად უარყოფითი შეფასებები მოჰყვა. როგორ აფასებთ ღარიბაშვილის ამ გადაწყვეტილებას?
- ვერაფერს ვიტყვი, არ ვიცნობ. როცა ვამბობთ, რომ მინისტრი სამოქალაქო პირი უნდა იყოს, ესეც ღიმილის მომგვრელია: ალასანია სამხედრო პირი არ იყო? უშიშროების სისტემაში არ მუშაობდა? მინისტრის მოადგილე იყო. იქ არ გაგვახსენდა და ახლა გაგვახსენდა, ხომ?
- ამ საკითხზე საუბრისა და ალასანიას მიმართ გამოხატული პოლიტიკური სიმპათიის გამო, ზოგიერთის მხრიდან კრიტიკის ობიექტი ბატონი სოსო ცისკარიშვილიც გახდა. როგორც მისი კოლეგა, რას იტყვით მის განცხადებებზე?
- მეც ბევრი ვერ მიტანს და შეუძლიათ, შეურთდნენ ერთმანეთს. სოსო ცისკარიშვილი ირაკლი ალასანიას მიმართ ყოველთვის იყო სიმპათიით განწყობილი, ამავე დროს, ცდილობდა, რაც შეიძლება კრიტიკულიც ყოფილიყო და მისი პოზიტიური შთაბეჭდილება გასაკვირი არაა. ირაკლი შესანიშნავი მინისტრი იყო. ასე რომ, სოსოს ეს დამოკიდებულება არ მიკვირს.
- "თავისუფალი დემოკრატების" ყრილობის შემდეგ, ბატონმა სოსომ აღნიშნა, აქ გოიმების მწვავე დეფიციტი შეინიშნებოდაო. თქვენი აზრით, ის გულისხმობდა, მთავრობაში გოიმები არიანო?
- ეს არ ვიცი, მაგრამ ის, რომ ირაკლი ალასანიას ის ფენა უჭერს მხარს, რომელსაც საბჭოთა პერიოდში ინტელიგენცია ერქვა ან "სვეტები", ჩანს მისი მომხრეებითაც, ცხადია, გუნდის წევრებითაც და თვითონ ირაკლის ტიპაჟითაც - ახალგაზრდული, ინტელიგენტური ტიპია. სოსოს უყვარს ხოლმე მკვეთრი ფრაზებით მსჯელობა, თუმცა, მაგალითად, მე არ დავეთანხმებოდი საზოგადოების მაგ ვარიანტით დაყოფას.
- რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მართავს და ერევა თუ არა იგი სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან საკითხებში და თუნდაც ასე იყოს, რა უარყოფით და დადებით მხარეებს ხედავთ ამაში?

- ...და თქვენი აზრით?
- ჯერჯერობით, არც ცუდისკენ, არც - კარგისკენ. ყოველ შემთხვევაში, ცდილობს, რომ ცუდი არ იყოს და უტაქტო გამოსვლისთვის თავისი დანიშნული ღარიბაშვილიც გააკრიტიკა. ბიძინა ივანიშვილი საკუთარი შეხედულებისამებრ მოქმედებს და იმ შეხედულებაში დაემთხვევი თუ - არა, სხვა საკითხია. მაგალითად, მე ბევრ რამეში ვერ დავემთხვეოდი, თუნდაც, კადრების შერჩევა ავიღოთ. ზოგიერთით თვითონაც უკმაყოფილოა და ეს სხვა საკითხია. მთავარია, მისი განზრახვა ცუდია თუ კარგი და სურვილი რომ ცუდი არ აქვს, ამ ადამიანს მანამდეც ეტყობოდა - ორი მილიონი ისე დახარჯა, სახელი იცოდნენ, მაგრამ სახე - არა. ამ პიროვნებასთან გვაქვს საქმე, მას შეეძლო, ნებისმიერ ქვეყანაში წყნარად და ბედნიერად ეცხოვრა; შემობრუნდა და საქართველოს ისტორია მხოლოდ იმიტომ შეცვალა, რომ არ უნდოდა, ეს ქვეყანა ყოფილიყო ისეთი, როგორიც "ნაციონალების" დროს იყო და ჩვენ ამ ადამიანში გვეპარება ეჭვი, საქართველოსთვის კარგი უნდა თუ ცუდი? რა ლოგიკით უნდა დაეჭვდე? სანამ საქართველო ყველაფერში ასეთი არამყარი იქნება, საკმარისი იქნება, ვიღაცამ შესძახოს და იმ შეძახილს იოლად აჰყვება, არანაირი პრინციპები, უახლესი ორი წლის მეხსიერება, ბიოგრაფიის გადახედვა, რამეზე დაფიქრება არ ენდომება, მანამდე, მეეჭვება, რომ ამ ქვეყნიდან რამე გამოვიდეს...
თამთა დადეშელი