ფსიქიატრისა და ფსიქოლოგის შეფასება პრეზიდენტობის მსურველთა უპრეცედენტო რაოდენობასთან დაკავშირებით - გზაპრესი

ფსიქიატრისა და ფსიქოლოგის შეფასება პრეზიდენტობის მსურველთა უპრეცედენტო რაოდენობასთან დაკავშირებით

მოქალაქეები პირდაპირი წესით პრეზიდენტს ბოლოჯერ, 28 ოქტომბერს აირჩევენ. ოფიციალური ინფორმაციით, ცესკოში პრეზიდენტობის მსურველთა 46 განაცხადია შესული. კანდიდატად რეგისტრაციის მსურველებმა 10 დღის ვადაში საარჩევნო ადმინისტრაციაში მხარდამჭერთა ხელმოწერები უნდა წარადგინონ. ხელმოწერების წარდგენის ბოლო ვადა 18 სექტემბერია, რეგისტრაცია კი 28 სექტემბერს დასრულდება. არჩევნების ჩატარების ღონისძიებებზე, სახელწიფო 28 272 634 ლარს დახარჯავს.

წელს პრეზიდენტობის მსურველთა რაოდენობა რეკორდულია. 2013 წელს საქართველოს 23 საპრეზიდენტო კანდიდატი ჰყავდა, 2008-ში კი - 19.

დღეს ჩვენი 46 კანდიდატის ფონზე უბრალოდ, "სასაცილოდ" გამოიყურება სხვა ქვეყნების პრეზიდენტობის კანდიდატების რაოდენობა: 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა აზერბაიჯანში, სომხეთში, რუსეთსა და თურქეთში. აზერბაიჯანში წელს პრეზიდენტის პოსტისთვის 8 კანდიდატი იბრძოდა, სომხებს მხოლოდ ერთი კანდიდატი ჰყავდათ და ისიც მმართველი კოალიციის მიერ წარმოდგენილი. თურქეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ექვსმა კანდიდატმა იყარა კენჭი, რუსეთში კი - 8 კანდიდატი იყო წარმოდგენილი. 2015 წელს უკრაინაში 23 კანდიდატი იბრძოდა პრეზიდენტის პოსტისთვის. 2017 წელს საფრანგეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში 11 კანდიდატს 47 მილიონმა ფრანგმა მისცა ხმა.

რა მოვლენასთან გვაქვს საქმე? რატომ გვყავს ამდენი პრეზიდენტობის მოსურნე ადამიანი ქართველებს? ამის შესახებ ფსიქიატრი დავით ანდღულაძე და ფსიქოლოგი, პოლიტიკური ექსპერტი, რამაზ საყვარელიძე გვესაუბრებიან.

დავით ანდღულაძე, ფსიქიატრი, ფსიქოტერაპევტი: GzaPress- ზოგადად, პრეზიდენტობის კანდიდატთა რაოდენობა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. ხშირ შემთხვევაში მნიშვნელოვანი მოტივატორი ხდება კანონმდებლობით განსაზღვრული პრივილეგიები, მაგალითად, საარჩევნო კომპანიისთვის სახელმწიფოს მხრიდან გამოყოფილი თანხა, ასევე წვდომა მასმედიაზე, წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით კანდიდატისთვის გარანტირებული საეთერო დროის გამოყოფა. ქვეყანაში შექმნილი მატერიალური და პოლიტიკური პრობლემები ძირითადად, ორი ტიპის ადამიანებს აღუძრავთ ხელისუფლებაში მოსვლის სურვილს. ერთი ნაწილი თავს მოვალედ თვლის, ქვეყნის გადარჩენა იტვირთოს და თავისი წვლილი შეიტანოს მდგომარეობის გაუმჯობესებაში, თუნდაც პირადი ინტერესების საზიანოდ, მეორე ნაწილი კი პირად გამორჩენაზეა ორიენტირებული. შესაძლოა, პირადი გამორჩენა იყოს არა მარტო მატერიალური, არამედ სახელის მოხვეჭა, წარმატებით ტკბობა, გარშემო მყოფთა მხრიდან აღიარება და დაფასება. დიდი ძალაუფლება მეტ უსაფრთხოებას განაცდევინებს ხელისუფალს. შემდეგი ფაქტორია არსებული ხელისუფლების მიმართ უკვე ნეგატიური საზოგადოებრივი აზრი. როცა ხელისუფალი უნიათოა, მოქალაქეთა უმეტესობას უჩნდება გულწრფელი განცდა, რომ თვითონ უკეთესად შეძლებს სახელმწიფოს მართვას და ეს მნიშვნელოვანი ბიძგია, საკუთარი კანდიდატურის წამოსაყენებლად. მაამებლობა, რაც გავრცელებული სენია, ხშირ შემთხვევაში ზღუდავს პიროვნებაში ობიექტური თვითშეფასების უნარს. თავის საქმეში მეტ-ნაკლებად წარმატებული ადამიანების ირგვლივ ხშირად იკრიბება მაამებელთა გუნდი, რომელიც უსაზღვროდ ადიდებს, პრაქტიკულად აღმერთებს ამ პიროვნებას, რაც მის გადაჭარბებულ თვითშეფასებას განაპირობებს. ასეთები კი, რასაკვირველია, პრეტენზიას აცხადებენ პირველობაზე. როცა მეტი სიზუსტით ეცოდინება ხალხს, რა ცოდნასა და უნარებს უნდა ფლობდეს საჯარო მოხელე, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს, რა ითვლება ამ საქმეში ნაკლად და რა - ღირსებად, მაშინ უკვე მჭედელი აღარ გამოიდებს თავს ხაბაზობისთვის და აღარც ხაბაზი - მჭედლობისთვის.

- ჩვენს ქვეყანაში პრეზიდენტების წინასაარჩევნო კამპანია უმთავრესად კონკურენტის დისკრედიტაციაზეა გათვლილი. თქვენი აზრით, რა ფენომენია ეს? - შესაძლოა, ამის მიზეზი იყოს კანდიდატებში რესურსის ნაკლებობა. როცა კანდიდატს საკუთარ ღირსებაზე ბევრი არაფერი აქვს სათქმელი, ისღა დარჩენია, სხვის არსებულ თუ არარსებულ ნაკლზე ისაუბროს და ამ ფონზე უკეთესად წარმოაჩინოს თავი. ასევე, გასათვალისწინებელია მოცემულ მომენტში საზოგადოების განწყობა. თუ საზოგადოებაში აგრესია ჭარბობს კონსტრუქციულობას, მაშინ მშვიდობიანი შენებისკენ მოწოდება ნაკლებად აღწევს ამომრჩევლის გულამდე.

- როგორ გგონიათ, რატომ რჩება ქართველი ამომრჩეველი ყოველ ჯერზე იმედგაცრუებული? ეს თავად ამომრჩევლის გადაჭარბებული მოლოდინის შედეგია თუ კანდიდატი იტყუება კარგად?

- ვფიქრობ, რაღაც დოზით ნებისმიერი ქვეყნის ამომრჩეველი რჩება იმედგაცრუებული, რადგან ვერ ხერხდება კანდიდატის საკმარისად კარგად გაცნობა. ვფიქრობ, ამ მიმართულებით საკმარისად არ მუშაობს მედია. ისე კი, ხალხი, არათუ პოლიტიკურ, პირად ცხოვრებაშიც ვერ აკეთებს სწორ არჩევანს. ხალხში ასევე შეინიშნება გმირის ან მესიის, მხსნელის ძიების ტენდენცია. ამომრჩეველს ურჩევნია თავი მოიტყუოს და დაიჯეროს, რომ ვიღაც უშველის ქვეყანას, ვიღაც მოახდენს სასწაულს, ხოლო საკუთარი მოქალაქეობრივი ვალდებულების შესახებ წარმოდგენა არ გააჩნია. აუცილებელია, მეტი ყურადღება მიექცეს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას.

რამაზ საყვარელიძე: - ვფიქრობ, რომ საქართველოში დღეს არსებული რეალობიდან გამომდინარე, პრეზიდენტობის კანდიდატთა მზარდი ტენდენცია ლოგიკურია. მატერიალურ სარგებელთან ერთად პრეზიდენტობის კანდიდატი პოლიტიკურ დივიდენდსაც იღებს. პოლიტიკურად აქტიურმა ადამიანებმა გათვალეს, რომ ამ საპრეზიდენტო არჩევნებზე უპარტიო კანდიდატი უფრო პოპულარული იქნებოდა და შანსის გამოყენება გადაწყვიტეს. დააკვირდით კანდიდატების სიას, უპარტიო კანდიდატები აშკარად ჭარბობს პარტიულს. საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენა მხოლოდ პარტიის პრეროგატივა რომ ყოფილიყო, დღეს ამდენი კანდიდატი არ გვეყოლებოდა.

- გასაგებია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატები საარჩევნო მარათონში ჩართვით წაგების შემთხვევაშიც კი გარკვეულ გამორჩენას ელიან. თუმცა, ჩვენ სიაში ისეთი პერსონაც ბევრი გვყავს, რომლებიც არჩევნების მოგებაზე არიან ორიენტირებულნი. მაგალითად, შალვა ნათელაშვილს ნამდვილად აქვს გამარჯვების იმედი. მისი გუნდის წევრები ამბობენ, რომ საზოგადოება ახლა მაინც გააკეთებს სწორ არჩევანს.

- ნათელაშვილსა და მისი გუნდის წევრებს იმედი შეიძლება ჰქონდეთ, მაგრამ მათ არა აქვთ გამარჯვების შანსი.

- სალომე ზურაბიშვილის განცხადებები აგვისტოს ომთან დაკავშირებით, დიდი ხანია უკვე, ამომრჩევლის განსჯის საგანია. "ქართული ოცნება" რისკზე ხომ არ წავიდა, როდესაც მას დაუჭირა მხარი?

- კი, გარკვეული რისკი ნამდვილად იყო, რადგან ზურაბიშვილი პოპულარული პოლიტიკოსი არ არის. პოპულარული პოლიტიკოსი შეიძლება იყოს მხოლოდ პოპულისტი. ის კი არც პოპულისტია, შესაბამისად, არც პოპულარული. საზოგადოების განსჯის საგანი ის მართლაც აგვისტოს ომთან დაკავშირებული განცხადებების გამო გახდა, მაგრამ მოდი, კარგად გავაანალიზოთ, რა თქვა მან. ზურაბიშვილმა 2008 წლის ომში საქართველო კი არა, სააკაშვილი დაადანაშაულა. ამ მოსაზრებას იზიარებს "ქართული ოცნებაც". ამიტომ გადაწყვიტა მმართველმა გუნდმა რისკზე წასვლა. სხვა პრეტენზიები მე მგონი ამომრჩეველს ზურაბიშვილის მიმართ არა აქვს.

- როგორ არა, ქართულად ლაპარაკის მანერასაც უწუნებენ.

- შესაძლოა, ზურაბიშვილის ქართული ფონეტიკურად მართლაც გაუმართავია, მაგრამ რაც მთავარია, სემანტიკურად გამართულია. რუსმა ხალხმა უზარმაზარი იმპერიის შექმნა იმიტომ შეძლო, რომ მმართველის ეროვნული კუთვნილება პრიორიტეტი არ იყო. მთავარი იყო, მმართველს რუსული საქმე ეკეთებინა და სულერთი გახლდათ, რუსი იქნებოდა ის, ქართველი, გერმანელი თუ ებრაელი. ანალოგიური მიდგომა აქვთ ამერიკაშიც, რაღა ჩვენ უნდა გამოვეკიდოთ ზურაბიშვილის ფრანგულ კილოს?

- კიდევ არის ერთი საკითხი: როდესაც ოპონენტები ზურაბიშვილს რუსეთის აგენტობაში ადანაშაულებენ, არგუმენტად მოჰყვათ მისი ბიძაშვილი, პუტინის ახლო მეგობარი, ელენ დანკოსი, რომელიც ზურაბიშვილს კარიერის გაკეთებაში დაეხმარა... როგორ გგონიათ, ამომრჩეველზე ეს ბრალდებები რა გავლენას იქონიებს?

- ზურაბიშვილის გუნდის წევრებს შეუძლიათ, ამ "ბრალდების" ავტორებს ანუ "ნაციონალებს" შეახსენონ, რომ მათი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ბიძა, რომელიც "კაგებეს" გენერალი იყო, საქართველოს მთავრობის სხდომებს პრეზიდენტის მრჩევლის სტატუსით ესწრებოდა. ე.ი. აქ მხოლოდ ნათესაურ კავშირზე არ არის საუბარი. სააკაშვილმა "კაგებეს" გენერალს მთავრობაში მიუჩინა ადგილი.

- დაბოლოს, რას ფიქრობთ, ზურაბ ჯაფარიძე მაინც რა ფენომენია?

- (იცინის) არ ვიცი, ამ ადამიანს გარკვეული ნიშა კი აქვს დაკავებული ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, მაგრამ არცთუ სერიოზულ შთაბეჭდილებას ახდენს ამომრჩეველზე. ამიტომ საეჭვოა, მან რაიმე შედეგს მიაღწიოს.

ხათუნა ბახტურიძე