საარსებო მინიმუმი, რომელიც ქართულ რეალობას ვერ ასახავს - გზაპრესი

საარსებო მინიმუმი, რომელიც ქართულ რეალობას ვერ ასახავს

რამდენი უნდა იყოს საარსებო მინიმუმი საქართველოში? ამ საკითხზე ჩვენს საზოგადოებაში დიდი ხანია, კამათობენ. ფაქტია, რომ ოქტომბერში ეს მაჩვენებელი გაიზარდა და მაქსიმუმს მიაღწია - 160,6 ლარი გახდა. "საქსტატის" მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში საარსებო მინიმუმი 12 ლარით, ხოლო სექტემბერთან შედარებით 4,8 ლარით გაიზარდა. საარსებო მინიმუმის ზრდას, როგორც წესი, პროდუქტებზე ფასების ზრდა განაპირობებს. 2014 წლის შემოდგომაზე, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სოფლის პროდუქტები 20-დან 100 პროცენტამდე გაძვირდა. გაორმაგებულია ფასები კარტოფილსა და პომიდორზე, 25-პროცენტიანი ზრდა კი, ხორცსა და ყველზეც აღინიშნა, რასაც საარსებო მინიმუმის ზრდაც მოჰყვა.

GzaPress"ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი, ქეთი კრიალაშვილი მიიჩნევს, რომ საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში გაცილებით მეტი უნდა იყოს:

- უნდა ვაღიაროთ, რომ 160,6 ლარიც ვერ ასახავს რეალობას. ჩავატარეთ კვლევა და საარსებო მინიმუმი ალტერნატიული მეთოდებით გამოვთვალეთ. თითქმის 315 ლარი მივიღეთ. ჩვენთვის გაუგებარია, როგორ ითვლის "საქსტატი" საარსებო მინიმუმს. როგორც ჩანს, ისინი სასურსათო კალათაში შემავალი ზოგიერთი პროდუქტის ფასს არ ითვალისწინებენ და არც აკვირდებიან.

- უფრო დაწვრილებით აუხსენით ჩვენს მკითხველს, როგორ ანგარიშობენ საარსებო მინიმუმს.

- საარსებო მინიმუმი მოიცავს ორი სახის კალათას - ეს არის სასურსათო და არასასურსათო კალათა. ჩვენს სასურსათო კალათაში შედის 40 დასახელების პროდუქტი, რომელიც მთლიანი საარსებო მინიმუმის 70%-ს უდრის, საბოლოო თანხას კი ამ პროდუქტების ფასების მიხედვით ანგარიშობენ. საქართველოში კალორიების მინიმალური რაოდენობა, რომელიც ადამიანმა უნდა მიიღოს, თვეში 2 300 კილოკალორიით განისაზღვრება. სასურსათო კალათაში შემავალი პროდუქტების ფასი ითვლება, მერე კი ამ თანხას ემატება არასასურსათო კალათის შემადგენლობაც. ასე დგინდება საარსებო მინიმუმი, რომელიც საქართველოში ძირითადად, სასურსათო კალათის ღირებულებას ითვალისწინებს. თითქოს დაუჯერებელია, მაგრამ არასასურსათო კალათისთვის თვეში 30% ანუ საშუალოდ, 45-50 ლარია განსაზღვრული. ამ თანხაში შედის: ტრანსპორტირების ხარჯი, კომუნალური გადასახადები, პირადი ჰიგიენის საშუალებები, ტანისამოსი, მედიკამენტები - ერთი სიტყვით, ყველაფერი, რის გარეშეც თანამედროვე ადამიანის არსებობა წარმოუდგენელია. უცნაურია, რომ ყველა ამ კომპონენტისთვის ადამიანმა 40-50 ლარი უნდა იმყოფინოს, დანარჩენი 110 ლარი კი მთელი თვის განმავლობაში სურსათის შესაძენად გამოიყენოს. ჩვენს სამომხმარებლო კალათაში 70% ეთმობა სასურსათო ხარჯებს, ხოლო 30% - არასასურსათო ხარჯებს და ეს შეფარდება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ევროპულ მოდელს თუ დავეყრდნობით, იქ ყველაფერი პირიქითაა: ბევრ ქვეყანაში სასურსათო კალათის წილი 50 პროცენტზე ნაკლებია. თანაც, არასასურსათო კალათაში შესულია არა მარტო ის 5 კომპონენტი, რომელიც ზემოთ ჩამოვთვალე, არამედ ადამიანისთვის აუცილებელი ისეთი კულტურული ღონისძიებების ღირებულება, როგორიცაა, მაგალითად, თეატრში ან კინოში წასვლა. "ქართული" საარსებო მინიმუმი კი მართლაც არსებობისათვის არის საკმარისი.

- ახსენეთ, რომ თქვენმა ორგანიზაციამ სპეციალური კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც საარსებო მინიმუმის რაოდენობა 315 ლარით განისაზღვრა. როგორ მიიღეთ ეს თანხა?

- დიახ, ალტერნატიული კვლევა ჩავატარეთ, რომლის მიმდინარეობისას აქცენტი სასურსათო კალათაზე კი არ გავაკეთეთ, არამედ პირიქით - არასასურსათო ნაწილზე. ვფიქრობთ, რომ უახლოეს 4-5 წელიწადში საქართველოში ასეთი მოდელი უნდა დამკვიდრდეს: სამომხმარებლო კალათაში სურსათის წილი მხოლოდ 45% უნდა გახდეს. ამ მეთოდს თუ გამოვიყენებთ, საარსებო მინიმუმის რაოდენობა ორჯერ მეტი იქნება. სხვათა შორის, არსებობს სხვა, ალტერნატიული მეთოდებიც და მათი გამოყენებით საარსებო მინიმუმი გაცილებით მეტი გამოდის, ვიდრე ჩვენ ვიანგარიშეთ. ახლა კი, დაწვრილებით მოგიყვებით ამ კვლევის შესახებ: კვლევის დროს თითოეული კომპონენტი ჩვენი ორგანიზაციის ექსპერტებმა დათვალეს, გავედით აგრარულ ბაზრებზე და ფასებს დავაკვირდით. თანაც, ყველა ნიუანსი გავითვალისწინეთ, თვით შევაჭრების კოეფიციენტიც კი: მოგეხსენებათ, როდესაც პენსიონერი ან სხვა, მინიმალური შემოსავლის მქონე პირი სურსათის ყიდვას აპირებს, ცდილობს, იქ წავიდეს, სადაც ყველაფერი უფრო იაფია და თან, შევაჭრების საშუალებაც აქვს. საარსებო მინიმუმის დაანგარიშებისას, დანახარჯის კოეფიციენტიც კი გავითვალისწინეთ: დავუშვათ, დიასახლისმა ერთი კილოგრამი კარტოფილი შეიძინა. ვიცით, რომ საბოლოო მოხმარებამდე მისი წონა იცვლება. ყველა ეს კომპონენტი გავითვალისწინეთ, გავიარეთ კონსულტაციები მედიკოსებთან, რომლებმაც სასურსათო კალათაში კვების რაციონი შეგვიცვალეს. ახლავე აგიხსნით, რატომ: ოფიციალურ სასურსათო კალათაში პურ-ფუნთუშეულის წილი საკმაოდ გაზრდილია, ჩვენ შევამცირეთ და სპეციალისტების რჩევით, ისეთი პროდუქტებით ჩავანაცვლეთ, რომ ადამიანი ჯანსაღად იკვებებოდეს. ჩვენი არგუმენტი ამ შემთხვევაში საკმაოდ მყარია: რაც უფრო სწორად იკვებება ადამიანი, მით უფრო მცირდება იმ დაავადებათა რიცხვი, რომელსაც არასწორი კვება იწვევს. უმჯობესია, სახელმწიფომ თავიდანვე იზრუნოს ამ საკითხზე, რადგან დანახარჯი, რომელიც არასწორ კვებას და მის მიერ გამოწვეულ დაავადებებს მოჰყვება, გაცილებით მეტია. ამასთანავე, გავითვალისწინეთ ჩვენი გეოგრაფიული არეალი და მივიჩნიეთ, რომ დღეში 2 300 კილოკალორია ჩვენი მოსახლეობისთვის საკმარისი არ არის, ამიტომაც ვიანგარიშეთ 2 500 კილოკალორია, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის რეკომენდებული. ამიტომ, ჩვენი სასურსათო კალათის შემადგენლობას კილოკალორიები დავამატეთ. სხვათა შორის, დავამატეთ მწვანილი, რომელიც საერთოდ არ არის შესული სასურსათო კალათაში, მაშინ, როცა ჩვენი კვების კულტურა და ქართული კერძები მის გარეშე წარმოუდგენელია. მგონი, საქართველოში თითზე ჩამოსათვლელია ხალხი, რომელიც მწვანილს არ მოიხმარს. ასევე მოვახერხეთ სხვადასხვა პროდუქტის გადანაწილება და სულ სხვა შედეგებამდე მივედით. კიდევ ერთი რამ შევძელით: სასურსათო კალათა ორ ნაწილად გავყავით: ზამთრისა და ზაფხულის სასურსათო კალათებად. ვფიქრობ, რომ ეს აუცილებელია, რადგან ზამთარში ადამიანს სხვა დანახარჯები აქვს, ზაფხულში - სხვა. ამავე დროს, ზამთრისა და ზაფხულის კომუნალური ხარჯებიც აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. საქართველო არ არის ისეთ არეალში, რომ ეს ხარჯები ერთმანეთისგან განსხვავებული არ იყოს.

- ე.ი. თქვენი მოდელი ძირეულად განსხვავებულია?

GzaPress- დიახ, ასეა. საქართველოში საარსებო მინიმუმს დღემდე ითვლიან 2003 წლის მეთოდით, რომელიც ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს შეიმუშავეს და მიიღეს. 2003 წელს ასე დათვლილი საარსებო მინიმუმი იყო 103 ლარი, შემდეგ ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობა" მოვიდა. მათ საარსებო მინიმუმის დათვლის წესს გადახედეს, მაგრამ ერთადერთი, რაც შეიცვალა, იყო ის, რომ იაფფასიანი პროდუქტების წილი გაზარდეს, ხოლო ძვირად ღირებული პროდუქტების - შეამცირეს. შესაბამისად, მოხდა ისე, რომ 2004 წლიდან საარსებო მინიმუმი 82 ლარამდე ჩამოვიდა, მერე კი, თანდათან დაიწყო მისი ზრდა და ასე მივედით 160,6 ლარამდე. როგორც დავრწუნდით, ეს ციფრიც ძალზე შორსაა რეალობისგან. სულ ვამბობთ - დღეს არსებული მეთოდი უნდა შეიცვალოს, მაგრამ "საქსტატს" არ აქვს იმის უფლება, რომ საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგია შეცვალოს, ეს ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენციაა.

- ინგლისში, საარსებო მინიმუმის დათვლისას, გოლფის თამაშისთვის საჭირო ხარჯებსაც კი ითვლიან, რაც ჩვენთვის ფუფუნებაა.

- ეს ჩვენთვისაა ფუფუნება, თორემ ადამიანმა შრომის უნარი რომ შეინარჩუნოს, გარემოსთან ადაპტირებული უნდა იყოს და თვითრეალიზაცია უნდა შეძლოს. ამიტომ, ერთ ოთახში კი არ უნდა იყოს ჩაკეტილი, მას უნდა ჰქონდეს ჯანსაღი პირობები და სრულყოფილი, შინაარსიანი ცხოვრებისთვის აუცილებელი თანხა. ვიღაცას შეიძლება, გოლფის თამაში უყვარდეს, ვიღაცას - კონცერტზე წასვლა და კლასიკური მუსიკის მოსმენა. მთავარია, რომ არასასურსათო კალათა არსებობს და საამისოდ 30% უნდა გამოვიყენოთ ანუ არ ითვალისწინებენ, რით თბება ადამიანი, მოიხმარს თუ არა ტელეფონს, ინტერნეტს, მუსიკას სახლში უსმენს თუ - საკონცერტო დარბაზში... ამ ყველაფრისთვის უნდა გამოიყენოს 30%, რომელიც ამ კომპონენტისთვის არის განკუთვნილი.

- არადა, ოფიციალური სტრუქტურები გვარწმუნებენ - საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგია მნიშვნელოვნად შევცვალეთო.

- ერთადერთი, რაც შეიცვალა, არის ის, რომ ამ 30%-ს საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯი გამოაკლდა - ეს არის უმთავრესი ცვლილება, რომელზეც აპელირებს ჯანდაცვის სამინისტრო. რეალურად, საარსებო მინიმუმი გაიზარდა, რადგან ადამიანებს დანახარჯი შეუმცირდათო. შეიძლება, სახელმწიფო უზრუნველყოფს სამედიცინო დახმარებას, მაგრამ საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდიკა საქართველოში მაინც მოძველებული და შესაცვლელია. არასწორი მეთოდოლოგიის ბრალია, რომ ჩვენს რეგიონშიც კი ყველაზე დაბალი საარსებო მინიმუმი გვაქვს. ეს მაჩვენებელი რუსეთშიც მეტია, მეზობელ აზერბაიჯანშიც და სომხეთშიც.

ხათუნა ჩიგოგიძე