ეს არის შეგნებული "წკიპურტი" თბილისის მისამართით - გზაპრესი

ეს არის შეგნებული "წკიპურტი" თბილისის მისამართით

წინა მთავრობის ყოფილი წევრების უკრაინულ ხელისუფლებაში "ჩანერგვასთან" დაკავშირებით, თბილისში განსხვავებული მოსაზრებები ვრცელდება. ზოგი უარყოფითად აფასებს, ზოგი - პირიქით. შეგახსენებთ, რომ უკრაინის მინისტრთა კაბინეტში სამი მინისტრი უცხოეთიდანაა მიწვეული და მათ უკვე უკრაინის მოქალაქეობა მიენიჭათ. პოლიტოლოგები, სოსო ცინცაძე და თორნიკე შარაშენიძე ამ საკითხზე საკუთარ შეხედულებებს გვიზიარებენ.

სოსო ცინცაძე:

GzaPress- უკრაინის მთავრობაში უცხოელი კადრების დანიშვნას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: ის, რომ უკრაინაში საშინელი საკადრო შიმშილია და პროდასავლური პოლიტიკოსები, მენეჯერები, ადმინისტრატორები აღარ არიან, ვინაიდან, თავისი მმართველობის პერიოდში ვიქტორ იანუკოვიჩმა ეს ფენა საერთოდ მოსპო, მათზე მოთხოვნა არ იყო და ის, რაც მემკვიდრეობით ახალ ხელისუფლებას დაუტოვა, მხოლოდ კორუმპირებული, პრორუსული, ბიუროკრატიული ფენაა. ეს არის ობიექტური მიზეზი. მეორე მიზეზი ისაა, რომ დღეს უკრაინასა და ევროპაშიც ჯერ კიდევ მაღალია "ნაციონალების" რეპუტაცია, როგორც რეფორმატორების, ამაზე მთელი ცხრა წლის განმავლობაში მუშაობდნენ - წიგნები იწერებოდა, სატელევიზიო გადაცემები ეძღვნებოდა, ფართო პროპაგანდა იყო და უცებ გამოჩნდა, რომ ეს არის რეზერვი - დაუსაქმებელი, მაღალკვალიფიციური, პროდასავლური მენეჯერები, რომლებმაც თავიანთი ეფექტიანობა საქართველოში უკვე დაამტკიცეს. რამდენად ობიექტური ან სუბიექტურია ეს შეხედულება, სხვა საკითხია, მაგრამ რეალურად ისინი ასე თვლიან. გარდა ამისა, ეს იანუკოვიჩის ერთპიროვნული გადაწყვეტილება არ არის, გავლენა მხოლოდ სააკაშვილმა ან კლიჩკომ კი არ იქონიეს, ჩემი აზრით, დასავლეთისა და ამერიკის რეკომენდაციაცაა, რადგან ვიცით, როგორია უკრაინაზე ამერიკის გავლენა. ფაქტია, კადრები არ ჰყავს, ხომ ხედავთ, რა ხდება არმიაში?! ამიტომ, უცხოელების მიწვევა ბუნებრივია. როცა სააკაშვილს ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზეს, ვთქვი კიდეც, რომ უარს იტყოდა, რადგან მას ეს თანამდებობა უკრაინის დღევანდელ არასტაბილურ მთავრობაში ხელს არ აძლევს, გარედან მრჩევლის ფუნქცია უფრო აინტერესებს. "ნაციონალური მოძრაობისათვის" ეს დიდი პროპაგანდისტული, იდეოლოგიური, პოლიტიკური მხარდაჭერა თუ არა, პლუსი ნამდვილადაა, რასაც პარტიის აქაური წარმომადგენლები სათავისოდ აუცილებლად გამოიყენებენ. "აი, ხალხი, რომელიც საკუთარ სამშობლოში დაფასებული არ არის, მაგრამ უცხოეთში აფასებენ!" - ეს ყველგან და ყოველთვის მომგებიანი თემა იყო. მოკლედ, ამ ფაქტში უჩვეულოს ვერაფერს ვხედავ. ისე, ერთ რამეს ვიტყოდი, საქართველოში საკადრო სელექცია მუდმივად აქილევსის ქუსლი იყო, პროფესიონალები არც დღეს არიან დაფასებულები, არც ადრე იყვნენ, ეს სუფთა აღმოსავლური, კლანური, შინაურულ-პარტიულ-ნათესაური გენეტიკური სენია, ნეპოტიზმი, რომელიც აქ ყოველთვის ყვაოდა. ამ მხრივ, დღევანდელი უკრაინა უფრო ვესტერნიზებული აღმოჩნდა.

- რამდენად მართებულია "მეგობარ ქვეყანაში" ბრალწაყენებული პირების წამყვან თანამდებობაზე დანიშვნა?

- ეს უკვე მათი გადასაწყვეტია, ვინაიდან, ცივილიზებულ მსოფლიოში ბრალის წაყენება დამნაშავეობად არ ითვლება. სასამართლოს არც ერთ მათგანზე (იგულისხმება სააკაშვილი და ადეიშვილი) განაჩენი არ გამოუტანია, ამიტომ იურიდიულად, უკრაინის მთავრობას მათთან ნებისმიერი თანამშრომლობის სრული უფლება აქვს. სხვა საკითხია, მეგობრულ, სოლიდარულ, პარტნიორულ ვარიანტში რამდენად გაუწევს ანგარიშს ოფიციალური კიევი ოფიციალურ თბილისს. მათთან ხომ თბილი, მეგობრული, პარტნიორული, სტრატეგიულ დონეზე აყვანილი ურთიერთობა გვაქვს და გამოდის, რომ საქართველოს მთავრობის იგნორირებას ახდენს? რატომ ხდება ეს? პეტრო პოროშენკო სულელი არ არის, რადაში ამ პროექტს ტყუილად არ წარადგენდა. პოროშენკოს მხრიდან ეს შეგნებული "წკიპურტი" იყო, ოფიციალური თბილისის მისამართით.

- როგორი პოზიცია უნდა დაიჭიროს ოფიციალურმა თბილისმა?

- არა მგონია, რომ უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობა უნდა გავწყვიტოთ, ათასნაირი დიპლომატიური ვარიაციაა - არაოფიციალურად გაკვირვება გამოხატოს ან უბრალოდ, რეაგირება არ მოახდინოს, მაგრამ აგრძნობინოს, რომ თბილისში მათი ქცევით გაოცებულები არიან და ა.შ. დიპლომატია იმიტომაცაა ხელოვნება და მეცნიერებამდე აყვანილი პროფესია, რომ მას რეაგირების ძალზე ფართო სპექტრი აქვს და ადგილობრივი ხელისუფლება წყვეტს, კონკრეტულ შემთხვევაში რომელი ვარიანტი უფრო მისაღებია.

თორნიკე შარაშენიძე:

- თქვენი აზრით, რატომ გახდა საჭირო უკრაინის მთავრობაში სხვა ქვეყნის ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიწვევა?

- დრო გადის და თვითონ ვერ აყენებენ საშველს რეფორმებს. უკვე რამდენი ხანი გავიდა და კვლავ საომარ მდგომარეობაში არიან. როგორც ჩანს, თვითონ უკრაინელებს რეფორმების გატარება უჭირთ, რადგან ის მკაცრ ზომებს მოითხოვს, საკუთარ ქვეყანაში კი, შესაძლოა, ამაში ნაცნობ-მეგობრები მოჰყვნენ, ამიტომაც, ამჯობინებენ, სხვა ქვეყნის მოქალაქეები მიიყვანონ ან მეორე ვარიანტია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, "ნაციონალებმა" რეფორმები გაატარეს, რაღაც შედეგები მიიღეს, ყოფილი საბჭოთა კავშირის გარემოს და თვითონ უკრაინას, ბუნებრივია, ქართველები უკეთ იცნობენ, ვიდრე ამერიკელები, ამიტომაც არჩევანი მათზე შეაჩერეს.

- თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ, რა რეფორმა ეკუთვნის, მაგალითად, ეკა ზღულაძეს ან სანდრო კვიტაშვილს?

GzaPress- საქართველოში ხომ პატრულის რეფორმა გატარდა, შესაძლოა, უკრაინაშიც იმავეს გეგმავენ. არ ვიცი, მე ასე მგონია. რაც შეეხება ჯანდაცვას, აქ ამ სფეროში განსაკუთრებული რეფორმები არ გატარებულა, სიტუაცია არც დღეს ყვავის და არც მაშინ ყვაოდა, ამიტომ, ამ საკითხში ლოგიკას ვერ ვხედავ.

- ზოგიერთს მიაჩნია, რომ საქართველოსა და უკრაინას ურთიერთობებზე ეს უარყოფითად აისახება. თქვენ როგორ ფიქრობთ?

- არა, რა თქმა უნდა, ეს სისულელეა. ეს ურთიერთობა, სამწუხაროდ, ისედაც გაფუჭებულია იმით, რომ ახალი ხელისუფლება ორი წელია, კიევში არ ჩასულა. მეტი რა უნდა გაუარესდეს? ახალი მთავრობა უკრაინას ბლოკადას ხომ არ გამოუცხადებს? თუ საქმე მოითხოვს, ხელისუფლება და ყოფილი "ნაციონალები" როგორმე გაიჭირვებენ და შეხვდებიან. აქამდე უნდა ყოფილიყო ყველაფერი ისე, რომ უკრაინას არ დასჭირვებოდა საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების წაყვანა. ამ ხელისუფლებას უნდა შეეთავაზებინა რაღაც.

- ანუ "ოცნებას" "ნაციონალებისთვის" უნდა ეჯობნა და საკუთარი კადრი შეეთავაზებინა?

- კი და გამოცდილებაც, მაგრამ, პრინციპში, როგორ შესთავაზებდა, მათთვის გამოცდილებაც პრობლემაა... უკრაინამ თავისი საქმე იცის და იმის გამო, რომ ყოფილი "ნაციონალების" დანიშვნა უნდათ, ამ ხელისუფლებისგან ჭკუის დარიგება, - არ გინდათ და არ გირჩევთო, მე მგონი, არ ღირს, კარგ შედეგს არ გამოიღებს. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე კი ამას არანაირი გავლენა არ ექნება, გამომდინარე იქიდან, რომ ეს მთავრობა, რა თქმა უნდა, პასუხს არ აგებს, სად იმუშავებენ ზღულაძე, კვიტაშვილი თუ ადეიშილი.

თამთა დადეშელი